Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

In Vano Veritas (ვანოშია ჭეშმარიტება)



"ცოტა ხანი მოისვენე, თორე მოგასვენებ!"
პრეზიდენტობის მაღალრეიტინგული
კანდიდატი დაბალრეიტინგულს

„მეორე ტურში საერთოდ არ მივიღებდი მონაწილეობას... 60 %-ზე ნაკლებიც რომ მიიღოს გიორგიმ, ჩემთვის ესეც შეურაცხმყოფელი იქნება.“
ბიძინა ივანიშვილი




საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბრამდე რომ გამართულიყო, მაღალი ალბათობით, არც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა უარს მეორე ტურზე და არც მისი რჩეული ფილოსოფოსი. ერთი წლის წინ მეორე ტური იქნებოდა სიმბოლო ქართველი ამომრჩევლის სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო შეგნებისა.

რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში?

უხეშად რომ ვთქვათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილები გაცვალეს: ის ოპოზიციად იქცა, ეს - ხელისუფლებად! თუ ერთი წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები გვაკითხავდნენ სახლში, გინდა თუ არა გვითხარით, ვის აძლევთ ხმასო, წელს იმავეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკეთებენ!

2012 წლის 1 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ მიუღებელი იქნებოდა მეორე ტური. აკი 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ყველაფერი გაკეთდა“ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორე ტურის გარეშე გაემარჯვა, თუმცა, როგორც ძველად იტყოდნენ, დრო გამოიცვალა: ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვისაა“ მეორე ტური ქვეყნის დემოკრატიულობის უტყუარი მაჩვენებელი!

რატომ არ უნდა ხელისუფლებას მეორე ტური? აკი მესიების დრო წარსულს უნდა ჩაბარდესო?

სწორედ მეორე ტური ნიშნავს იმას, რომ არ ხარ მესია! მეტიც, ნიშნავს იმას, რომ ლიდერი კი არ კეკლუცობს, მესიად ყოფნა არ მინდაო, არამედ ხალხი ეუბნება უარს მესიობაზე; ეუბნება, სხვაზე უკეთესი კი ხარ, მაგრამ არც შენგან ველით სასწაულებსო. ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს ისევე, როგორც აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები ერთი ცნობილი მწერალი კაცი:

„გულუბრყვილობაა იმ იმედით ცხოვრება, რომ ჩვენი მმართველები უკეთესი მომავლისკენ გაგვიძღვებიან. იმათ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ. ჰოდა, თუ იმ საკითხს მოაგვარებენ, რომ ერთმანეთს მშვიდობიანად შეენაცვლებიან, მათგან მეტს არც არაფერს მოვითხოვთ. მშვიდობიან შენაცვლებაში მხოლოდ ამას ვგულისხმობ: ძალაუფლება ისე გადასცენ ერთმანეთს, რომ ხალხს ძალადობისკენ არ მოუწოდონ“.

არაფერი ისე არ ვნებს ქართველ პოლიტიკოსს, როგორც მაღალ რიცხვებთან შეთამაშება. ყველაფერი ცუდი, რაც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მომხდარა, მაღალი პროცენტული მაჩვენებლების ბრალია: რაც უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა ხელისუფლებას, მით უფრო ნაკლებად ადეკვატური იყო მისი ქცევა!

სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა დიდი ნაწილი სასამართლომდეც კი არ მისულა, მართლმსაჯულებას დავუტოვოთ. როგორც ძველ რომში იტყოდნენ Nullum crimen sine lege (უდანაშაულოა, თუკი კანონი დუმს). შესაბამისად, გავიხსენოთ შედარებით ნაკლები ხარისხის „არაადეკვატურობები“, აი, თუნდაც, ზემოთ რომ რომი ვახსენეთ, მასთან დაკავშირებული. რომ არა საყოველთაო მხარდაჭერა და არჩევნებში მიღებული ხმათა 97%, რომელი იმპერატორი ტრაიანე იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ არჩევნებიდან არასრული ორი წლის თავზე თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი სვეტის მშენებლობა დაიწყო?

ძველი მსოფლიოს ისტორიიდან უნდა გვახსოვდეს რომაელთა სურვილი, ყველასთვის ეცნობებინათ საკუთარი გამარჯვებების შესახებ და თავიანთი ლაშქრობების ამბები მოეთხროთ როგორც თანამედროვეებისათვის, ასევე შორეული შთამომავლებისთვისაც. ამ მიზანს ემსახურებოდა ტრაიანეს უზარმაზარი სვეტი, რომელზეც დაკიაში გადახდილი ომებისა და მოპოვებული გამარჯვებების ქრონიკა იყო გამოსახული. რომაელთა მიბაძვით, ლამის 18 საუკუნის შემდეგ, ნაპოლეონმაც დაიდგა 44-მეტრიანი სვეტი ვანდომის მოედანზე.

რომში აღმართული სვეტის სიმაღლე 38 მეტრია, თბილისში აღმართულისა კი 35 მეტრი. ტრაიანემ და ნაპოლეონმა რატომაც ააგეს, უკვე ვთქვით, მაგრამ რისთვის გაისარჯა მიხეილ სააკაშვილი?

2006 წლის 23 ნოემბერს თავისუფლების მონუმენტის გახსნაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ჩაბმულია ახალ დიდგორის ომში:

„მონუმენტს, რომელსაც დღეს ვხსნით, თავისუფლების სახელი აქვს. მასზე წმიდა გიორგი არის აღმართული, რომელიც გველეშაპს ამარცხებს. წმიდა გიორგის ბრძოლა არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე... საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, მის ფეხზე დასაყენებლად და ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენ დიდგორის ბრძოლა დავიწყეთ და უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, რადგან ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილების მომავალია... ჩვენ გავიმარჯვებთ და გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ, მიზანმიმართულ, წელში გამართულ და ღირსების გრძნობით კვლავ აღვსილ საქართველოს წინ წმიდა გიორგი წარუძღვება.“

აბა, როგორია 21-ე საუკუნეში, ჯერ არმოგებული ომისა თუ არგადახდილი ბრძოლის ავანსად სვეტის აგება?

სწორედ ეს სვეტი არის სიმბოლო იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოს მაღალი რეიტინგით ფრთაშესხმულ პოლიტიკურ ლიდერს! ამასთან, რაც უფრო მაღალია რეიტინგი (არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა), მით უფრო მაღალია სვეტიც!

მაღალი რეიტინგი ხალხის ბედით თამაშის ცდუნებასაც აჩენს. გავიხსენოთ თუნდაც „ფოტოგრაფების საქმე“, რომელიც ლამის ერთი ერთზე ჯდება სტალინის ეპოქის დაჭერების ესთეტიკაში. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებმა (მათ შორის პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა) გამოძიებას აღიარებითი ჩვენებები მისცეს. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება ფოტოგრაფთა ჯაშუშობის უტყუარობაში სასამართლო პროცესზე დარწმუნდებოდა, თუმცა საქმეს ჯერ გრიფი „საიდუმლო“ დაედო, შემდეგ დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და სასამართლო პროცესიც აღარ გაიმართა.

ბედის ირონიით, ჯაშუშობაში ბრალდებული ეს ფოტოგრაფები ახლა ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესებს აშუქებენ. ვინ იცის, ვანო მერაბიშვილი რომ უბრალოდ კარგი მინისტრი ყოფილიყო და არა სისტემის ხერხემალი (ფაქტობრივად, „მესიის მახვილი“), სულ ცოტა, ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებულ უხერხულობას მაინც აირიდებდა.

გვაქვს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმესა და გამოცდილებაშია ჭეშმარიტება!

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო, როცა უკიდურესად კორუმპირებული პოლიცია რეგიონის მასშტაბით საუკეთესოდ აქცია, თუმცა ამ და სხვა არაერთი სიქველის მიუხედავად, მერაბიშვილის დაკავებას საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც „გაგებით“ შეხვდა.

ცხადია, „ფოტოგრაფების საქმე“ არ ყოფილა ერთადერთი ხინჯი უკონკურენტო პოლიტიკური ძალის პირველი მინისტრის შრომით ბიოგრაფიაში. წესით, წინამორბედთა შეცდომებზე მოქმედ მინისტრებს უნდა ესწავლათ, მაგრამ ნახეთ, რა უქნა ძალაუფლებამ ენერეგეტიკის მინისტრს. როგორ ფიქრობთ, ერთი წლის წინ გაბედავდა კახი კალაძე სამოქალაქო სექტორის აბუჩად აგდებას? გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა პროტესტის შედარებას ბაყაყების ყიყინთან?

როგორ ფიქრობთ, მმართველი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნების პირველ ტურში ხმათა 60% და მეტი რომ მიიღოს, ენერგეტიკის მინისტრის ვნებები დაცხრება თუ გაძლიერდება?

სწორედ მეორე ტურია პატივმოყვარეობის, შეცდომების დაშვებისა და უსამართლობის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება! მეორე ტური ერთგვარი ცივი შხაპია, რომელიც ძალაუფლებით გაბრუებულ პოლიტიკოსებს (პოლიტიკურ პარტიებს) აფხიზლებს. ასეც რომ არ იყოს, ჩვენმა საზოგადოებამ იმდენჯერ გამოსცადა საკუთარ მხრებზე „მაღალპროცენტიანი პრეზიდენტების“ სიმძიმე და, შესაბამისად, ლორდი ექტონის საქვეყნოდ ცნობილი გამონათქვამის („ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად!“) ჭეშმარიტება, რომ, წესით, მეორე ტურსა და „დაბალპროცენტიან პრეზიდენტს“ ალტერნატივა არც უნდა ჰქონდეს.

ტურიზმი კი არა, მეორე ტური გადაარჩენს საქართველოს!!
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG