Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მტაცებლები ურბანულ გარემოში


მტაცებლები, რომელთა შესახებაც ამ ბლოგ-პოსტში ვილაპარაკებთ, შესაძლოა, სულაც არ არიან ხორცის მჭამელები. შესაბამისად, მათ წარმომადგენლებს ვერ ნახავთ მტაცებელთა ფილოგენეტიკური ხის ვერც ერთ ტოტზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი იმდენ ბოროტებას სჩადიან და ისეთ რამეს ანადგურებენ, რომ, საბოლოო ჯამში, სიხარბითა და დაუნდობლობით ყველაზე მძვინვარე და გაუმაძღარ მტაცებლებზე უარესები არიან!

ალბათ მიხვდით, საზოგადოებრივი სივრცის მიტაცებაზეა საუბარი, სივრცისა, რომელიც ყველას ეკუთვნის და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ქალაქის წარსულს, აწმყოსა და მომავალს აკავშირებს.

სივრცე შეზღუდულია, მტაცებელთა რაოდენობა კი – არა, თუმცა მათი კლასიფიკაცია მაინცაა შესაძლებელი. დავიწყოთ წვრილფეხობით, რომელმაც განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ქალაქს ე.წ. „შევარდნაძის პერიოდში“, როცა ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ან გარაჟს აშენებდა, ან მიშენებას აკეთებდა. სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს ტყე-პარკებში ჯიხურების, კოტეჯებისა და საზკვების ობიექტების ჩადგმის ტრადიცია, რამაც კულმინაციას რიყის ტერიტორიაზე მიაღწია: ძველი თბილისის გულში გაჩნდა N რაოდენობის რესტორანი ფაცხებით, ოდებით, კოშკებითა და ეროვნული „ტაშნილოვკის“ სხვა მარგალიტებით. ამგვარი მართვადი ურბანული ქაოსი იყო 2004 წლამდე, სწორედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაჩნდნენ ისეთი სოციალური ჯგუფები, რომელთა წარმომადგენლებსაც მასშტაბური მშენებლობების დაფინანსება და საზოგადოებრივი სივრცის ორგანიზებულად მიტაცება (ანდა საზოგადოებრივ სივრცეზე ძალადობა) შეეძლოთ. აქაც შესაძლებელია სამი პირობითი ჯგუფის გამოყოფა: ხელისუფლება, მსხვილი ბიზნესი, ეკლესია.

პარკი რიყეზე. უკან: პრეზიდენტის რეზიდენცია
პარკი რიყეზე. უკან: პრეზიდენტის რეზიდენცია
ის, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, ძალიან ჰგავს არქიტექტურის ცნობილი ისტორიკოსის ვლადიმირ პაპერნის წიგნში („კულტურა 2“) აღწერილ ვითარებას. ავტორის განმარტებით, „კულტურა 2“ ეს არის ხელოვნური კონსტრუქცია იმის გამოსახატად, თუ როგორ იმართებოდა საბჭოთა კულტურის მექანიზმი 1932-1954 წლებში, როცა პირველი მწერალი, ბიოლოგი, მხატვარი, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და არქიტექტორი ქვეყნის პირველი პირი, ამხანაგი სტალინი იყო. პაპერნის წიგნში ნიმუშად მოტანილია 1934 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული წერილის ფრაგმენტი, რომლის ავტორი საბჭოთა არქიტექტორთა გაერთიანება, ხოლო ადრესატი იოსებ სტალინია.

„ჩვენ, სსრკ-ს არქიტექტორები შევიკრიბეთ რა საკავშირო ყრილობაზე, მოგესალმებით თქვენ, ჩვენი სოციალისტური სამშობლოს პირველ არქიტექტორსა და მშენებელს, მუშათა კლასის უდიდესი ისტორიული გამარჯვებების ორგანიზატორს, მსოფლიო პროლეტარიატის საყვარელ ბელადსა და საბჭოთა ინტელიგენციის საუკეთესო მეგობარს“, ვკითხულობთ წერილში.

თანამედროვე საქართველოშიც სწორედ „პირველი არქიტექტორი“ წყვეტს რა, სად და როგორ აშენდეს. „პირველი არქიტექტორი“ არჩევს მასალას, ფერს და ა.შ. ამასთან, როგორც წესი, „მოძრაობა ხდება“ იდეიდან გამოხატულებამდე: „ჩვენ ვართ გამჭვირვალე მთავრობა და ჩვენი შენობებიც გამჭვირვალე უნდა იყოს“. აკი პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა კიდეც, რომ არქიტექტორობა მისი საოცნებო პროფესიაა, თუმცა კლასიკური „კულტურა 2“-ისგან განსხვავებით თანამედროვე საქართველოში „პირველი პირი“ ერთადერთი არ არის, ვინც პირველ არქიტექტორობას იჩემებს. ცხადია, ასევე „პირველი არქიტექტორია“ ყველაზე მდიდარი ქართველი (აწ უკვე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსიც) ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში (ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ხელყოფით) მინის სასახლე ააშენა და გზის ნაწილი საკუთარი ეზოს ქვეშ გვირაბში მოაქცია.

ძველი თბილისი. უკან: ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი
ძველი თბილისი. უკან: ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი
ასევე „პირველი არქიტექტორია“ საპატრიარქო, რომელსაც უზარმაზარი გავლენით (მათ შორის პოლიტიკასა და ბიზნესზე) შეუძლია იქ ააშენოს ნებისმიერი ზომისა და ფორმის საკულტო ნაგებობა, სადაც გადაწვეტს. ამ კონტექსტში მრავლისმეტყველი ფაქტია „პირველ არქიტექტორთა“ ინტერესებისა და ამბიციების გადაკვეთა რიყეზე, სადაც წინა მთავრობის მიერ განაშენიანებულ ტერიტორიას ალტერნატიული პროექტით დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილი. რიყესთან დაკავშირებით განსხვავებული გეგმები აღმოაჩნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც, რომელიც ეკლესიის აშენების წინადადებით გამოვიდა.

საზოგადოებრივი სივრცის მიტაცების ქრესტომათიული მაგალითია პრემიერ-მინისტრის ვაჟის ხმისჩამწერი სტუდიის მშენებლობა სოლოლაკში, ბოტანიკური ბაღის მისადგომებთან, სადაც ჩაიკეტა ბოტანიკურ ბაღამდე მისასვლელი გზა, განადგურდა მცენარეული საფარი და კლდის ნაწილი.

სამწუხარო რეალობა ისეთია, რომ საზოგადოებრივი სივრცის ბედს წყვეტენ არა სპეციალისტები (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ურბანისტები), არამედ „პირველი არქიტექტორები“. შედეგად ქალაქის ისტორიულ ნაწილში ჩნდება ლანდშაფტისა და ძველი ქალაქისათვის შეუფერებელი მასალისა და კონსტრუქციის შენობები, რომელთა ესთეტიკური ღირებულება სხვა სივრცესა და გარემოში შესაძლოა მაღალიც ყოფილიყო, მაგრამ ქალაქის ისტორიულ ნაწილში - კიტჩია! ისევე, როგორც კიტჩია ოქრო (კარგი მასალა სამაჯურისთვის, ყელსაბამისთვის, საყურისთვის და ა.შ.), თუკი მას კბილად ვაქცევთ!

რა გასაკვირია, რომ არ გვინდოდეს ოქროს კბილებით „გალამაზებული“ თბილისი, რომელიც დემნა შენგელაიას თქმით, თავისი აზრითა და მნიშვნელობით უფრო მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე ქართული ქალაქი. სხვაგან კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ აქ?

ერთი სიტყვით, ნუ გვტენით ოქროს, მით უმეტს ნუ გვტენით პირში!
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG