Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი – ქალაქი-პალიმფსესტი


პალიმფსესტი – ეტრატ-ხელნაწერი, რომელზედაც ძველი ტექსტი გადაფხეკილია და ახალია დაწერილი.



ძველი ალბომი სხვენივითაა – თუ მტვერზე ალერგია არ გაქვს, თუ ხელის დასვრა არ გეზარება, წარსულში მოტოვებულ ბევრ საგანს ახლებურად დაგანახვებს.

როცა შევიძინე, 1958 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ ალბომს “თბილისი – საქართველოს სსრ დედაქალაქი” ყდაც გვარინად დასვრილი ჰქონდა და – ფურცლებიც, 250 გვერდზე კი მტვრის თხელი ფენა საბჭოთა თბილისის ყოფისა თუ ლანდშაფტის ამსახველ ბევრ საინტერესო ფოტოს მალავდა.

„საინტერესოში“, ცხადია, უნიკალური და აქამდე უცნობი ფოტო არ მიგულისხმია. სხვენზე ნაპოვნი, ერთ დროს მოძულებული ნივთის მსგავსად, ძველმა, თუმცა კარგად ნაცნობმა საგნის ფოტომაც შეიძლება მოგხიბლოს და ჩაგაფიქროს.

ფოტო ალბომიდან "თბილისი – საქართველოს სსრ დედაქალაქი", 1958 წ.
ფოტო ალბომიდან "თბილისი – საქართველოს სსრ დედაქალაქი", 1958 წ.
აი, მაგალითად, მეტეხის ხიდის ეს ფოტო. თითქოს, არაფერია, მკვიდრად ნაგებმა ამ ხიდმა კარგად გაუძლო მტკვრისა და დროის დინებას და დღესაც ისეთივე დგას, როგორიც შორეულ 1951 წლის 1 მაისს, როცა საიზეიმო ვითარებაში გაიხსნა, მაგრამ ძველი ალბომის მთელი ხიბლიც ის არის, რომ ამ ფოტოზე გამოსახული ნაგებობა, რაღაც იდუმალებით, განსხვავდება იმისგან, რაც ახლა მეტეხის ციხესთან მტკვრის ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. თუმცა, თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ საქმე მხოლოდ იდუმალებაში როდია. გახსნისას მეტეხის ხიდს ოთხი 11-მეტრიანი შპილი (მაღალი პირამიდის ფორმის სვეტი) ამშვენებდა. მეტიც, ეს შპილები თავის ადგილზე იდგა 1962 წელსაც, როცა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ მხატვრული ფილმი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გადაიღო. მეტეხის ხიდის შპილები კადრში ჩანს ორჯერ: ერთხელ, როცა ილარიონმა ჩააკითხა ზურიკელას თბილისში (ილარიონის გამოჩენამდე კამერა აღმა მიუყვება მტკვარს და მეტეხის ხიდის ქვეშაც გადის), მეორედ კი ღამით, როცა ზურიკელა ცირასთან ერთად ღამის თბილისში სეირნობს.

კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
ერთი სიტყვით, შპილები, ზედ დამაგრებული ლამპიონებით, კარგა ხანი იდგა ხიდის თავსა და ბოლოში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აიღეს. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ გორგასლის ძეგლის დადგმის (1966 წ.) შემდეგ შპილებმა ცხენის ფლოქვებს უწიეს?

როგორც უნდა ყოფილიყო, შპილების მოშლა მტკივნეულად განიცადა ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა და მტკვრის სანაპიროს რეკონსტრუქციის ერთ-ერთმა ავტორმა კანდიდ ჩარკვიანმა, რომელსაც 2004 წელს გამოცემულ მოგონებების წიგნში „განცდილი და ნააზრევი“ ჩაუწერია:

„... ხიდის ორივე ფასადი შემოსილია სუფთად გათლილი ბაზალტის ქვით, რაც ფერით ეხამება მტკვრის ამ უბანზე გადმომზირალ კლდეებს. არ შემიძლია გულისტკენა არ გამოვთქვა ამ ხიდის ერთ-ერთი თვალში საცემი სამკაულის გამო. ხიდზე დაყენებული იყო ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული ოთხი თერთმეტმეტრიანი ლამპიონი მხატვრულად შესრულებელი ლითონის სანათურებით. როგორც ჩანს, შემდგომში ვიღაცას ისინი არ მოსწონებია და დაუნგრევიათ. ვფიქრობ, საარქიტექტორო სამმართველოს მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა სხვა დროის სპეციალისტთა ნააზრევისა და ნახელავისადმი...“

უცნაურია კანდიდ ჩარკვიანის წუხილი შპილების მოშლის გამო. საქმე ის არის, რომ სწორედ კანდიდ ჩარკვიანის სახელსა და მეტეხის ხიდის მშენებლობას უკავშირდება თბილისის ერთ-ერთი მშვენების – ზედ მტკვრის პირას აშენებული შაჰ-ისმაილის მეჩეთის დანგრევა. მეცნიერთა ნაწილმა (სტალინის გარდაცვალების შემდეგ) მე-16 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის გამო კანდიდ ჩარკვიანს უსაყვედურა, თუმცა, როგორც მოგონებების წიგნიდან ირკვევა, ჩარკვიანმა შენიშვნა არ მიიღო:

კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
„როცა 1958 წელს საქართველოში დავბრუნდი, პროფესორმა სარგის კაკაბაძემ პირველი შეხვედრისთანავე ამ მეჩეთის აღება მისაყვედურა. შემდეგაც დროდადრო გავიგონებ ხოლმე წუხილს მუსლიმანთა ამ საკულტო ნაგებობის ბედის გამო. უნდა გამოვტყდე, ჩვენ მაშინ არ მიგვაჩნდა, რომ ეს ნახევრად მიწაში ჩაფლული უმნიშვნელო ზომის ნაგებობა თავისი მყვირალა ფერებით ქალაქისათვის დიდ არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენდა. ახალ ხიდს კი ფართო, მაღალნიშნულიანი მისასვლელები ესაჭიროებოდა. მისი განლაგებაც, მდინარის კვეთის თავისებურებებისა და ადგილის რელიეფის გამო, როგორც ვნახეთ, ზუსტად იყო ფიქსირებული და გადაწევა რომელიმე მიმართულებით არ შეიძლებოდა. ამან გამოიწვია ხიდის მიმდებარე რამდენიმე ძველი შენობის აღება. მათ რიცხვში მეჩეთიც მოჰყვა. სხვანაირად არ ხერხდებოდა და ამ დანაკარგს უნდა შევრიგებოდით, მით უმეტეს, რომ მუსლიმთა დიდ მსოფლიო არქიტექტურას ამით ბევრი არაფერი დააკლდება.“

როგორი არგუმენტია?

ალბათ, სულ ცოტა, უხერხულია, წუხდე ხიდის შპილების მოშლის გამო და არაფრად მიგაჩნდეს მე-16 საუკუნეში აშენებული მეჩეთის განადგურება, ისევე როგორც უხერხულია, ორიოდე წლის წინ მტკვარზე გადებული ხიდის (ლითონის კონსტრუქციის) შესაძლო აღების გამო ატეხო განგაში, მაგრამ მშვიდად დაანგრიო იმელის შენობა ან გუდიაშვილი მოედანი. არაფერს ვამბობ სხვა, საუკუნის წინანდელ შენობებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ატარებდნენ, მაგრამ ფლობდნენ ნებისმიერი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს განძს – სიძველეს, რომლის მნიშვნელობის შესახებაც ჯერ კიდევ 1919 წელს წერდა მხატვარი დავით კაკაბაძე ესეიში „ძველი ტფილისი“:

მეტეხის ხიდი დღეს
მეტეხის ხიდი დღეს
„სიძველის ფაქტურას ქმნის დრო, რომლის მიზეზით ყოველივე ფორმის გარეგანი გარსი იცვლება. სწორედ ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ ნამდვილი ძველი საგანი ყოველთვის განირჩევა ახალი მისი მიბაძვისაგან. ფაქტურის სახის შესწავლა და დაკვირვება არასდროს არ შეაცდენს ადამიანს ძველი და ახალი საგნების გარჩევაში. წმინდა მხატვრული გრძნობის გარდა სიძველისადმი სიყვარულს ჩვენ გვკარნახობს წარსული ცხოვრების და კულტურის ცოდნა. ჩვენი წინაპრების სული კიდევ დარჩენილია სხვადასხვა ნაშთებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. სიძველის ნაშთებში ჩვენ ვკითხულობთ წარსულის ცხოვრებას.“

ძველი შენობების დანგრევა და მათ სანაცვლოდ ახლების შენება ძალიან ჰგავს ეტრატის მორიგი ფენის აფხეკას, რაც დროთა განმავლობაში გამოუსადეგარს ხდის პალიმფსესტს, ანუ მისი საშუალებით შეუძლებელი ხდება ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. ასეა ქალაქიც: რაც უფრო ინტენსიურად გავფხეკთ, რაც უფრო მეტად გავასუფთავებთ სიძველისგან, მით უფრო უტყვი, უაზრო და უსულო იქნება ის. ცხადია, ფხეკისგან გაცვეთილი ეტრატის ნაცვლად გვინდა ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი ალბომი, რომელიც გარდა იმისა, რომ სამარადჟამოდ გაძლებს, დროთა განმავლობაში ახალ ფურცლებსაც დაიმატებს, თუმცა არ შეელევა მის ძველსა და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რომელშიც, დავით კაკაბაძეს რომ დავესესხოთ, წინა თაობების სულია დარჩენილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG