Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაფანგი ქალაქში


„რას ვიფიქრებდი, ასფალტთან ერთად მახესაც თუ აგებდნენ!“, გადარჩენილი მოქალაქის შეძახილი


რა დათვლის, რამდენი საფრთხე ემუქრება დიდი ქალაქის სატრანსპორტო კვანძებსა თუ ურბანულ ლაბირინთებში დაკარგულ ქვეითადმოსიარულეს, რომელიც არ უშინდება სიცხეს, მტვერს, გამონაბოლქვს, უხეირო მშენებელთა საბედისწერო შეცდომებს, და ჯიუტად ცდილობს ყველაზე გავრცელებული მათემატიკური ამოცანის უმთავრესი პირობის შესრულებას: A პუნქტიდან B პუნქტში მისვლას!
გადასასვლელი ხიდი იუსტიციის სახლთან
გადასასვლელი ხიდი იუსტიციის სახლთან

ერთია ობიექტური წინაღობები (რთული რელიეფი, კლიმატური პირობები, სტიქიური განაშენიანება და ა.შ.) და მეორე - ტექნიკური წუნით შესრულებული სამუშაო, რომლის მიზეზი, შესაძლოა, არაპროფესიონალიზმი ანდა გულგრილობა იყოს. ძნელი სათქმელია, რა არის იმ ხიფათის მიზეზი, რომელიც სანაპიროზე, იუსტიციის სახლის წინ აშენებულ მიწისზედა გადასასვლელზე შემდგარ ადამიანს ემუქრება. გადასასვლელი, რომლის მაქსიმალური სიმაღლე ათ მეტრზე ნაკლები არ იქნება, სამი ნაწილისგან შედგება: კიბეზე აღმასვლა იწყება სტანდარტული ზომის საფეხურებით, თუმცა სულ მალე (თხემთან მიახლოებისას) საფეხურის სიმაღლე იკლებს, ხოლო სიგრძე იმატებს, რაც, სიარულს, რბილად რომ ვთქვათ, ართულებს და უხერხულს ხდის. თხემზე ასვლისას საფეხურები ილევა და კიბეც გლუვი ხდება, თუმცა ექსტრემუმის გავლის შემდეგ, კვლავ იწყება უცნაური ზომისა და სიმაღლის საფეხურები, რომელთა დაძლევისას რიტმის დაცვა (ანუ თანაბარი ნაბიჯების გადადგმა) შეუძლებელია, უხურხულობა კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება უხეშად გაკეთებულ გადაბმის წერტილში, ანუ იქ, სადაც დაბალ საფეხურს მოულოდნელად, კვლავ მაღალი, უფრო სწორად, ღრმა საფეხური ცვლის.
იუსტიციის სახლთან გადასასვლელი ხიდის კიბე
იუსტიციის სახლთან გადასასვლელი ხიდის კიბე

განა ძნელი დასადგენია, რომ კიბის საფეხურების განლევა კომფორტულია, როცა მოძრავ ესკალატორზე უძრავად დგახარ, მაგრამ საოცარ დისკომფორტს განიცდი, როცა სხვადასხვა ზომის უძრავ საფეხურებზე გამოზომილი ნაბიჯით გადაადგილებას ცდილობ?! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის იუსტიციის სახლი მიუწვდომელი ფანტომია: სანაპიროზე ორმხრივად მქროლავი სატრანსპორტო ნაკადი არასოდეს წყდება (აკი, მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი სიამაყით აცხადებდა, სანაპიროს რეკონსტრუქცია ისეთნაირად გაკეთდა, რომ მეტეხის ხიდიდან გმირთა მოედნამდე ერთი შუქნიშანიც კი არ დაგვაყოვნებსო), ხოლო გიგანტური გადასასვლელი უხერხული კიბეებით პანდუსის გარეშეა დაპროექტებული!

თუმცა, თუ იუსტიციის სახლიდან გზის მეორე მხარეს გადასვლას მოვახერხებთ (აკი, სუვოროვმაც შეძლო ალპების გადალახვა!) და მტკვრის ქუჩით ორბელიანის მოედნისკენ დავიძრებით, ისეთ რამეს ვნახავთ, უპანდუსობას ბავშვურ უმანკოებად მოგვაჩვენებს. საუბარია იმ საოცარ კიბესა და პანდუსზე (ნამდვილ ხაფანგ-სატყუარაზე), რომელიც „პირიმზის“ შენობის რეკონსტრუქციისას „მაღალი საერთაშორისო სტანდარტის“ შესაბამისად გაკეთდა!
პანდუსი-ხაფანგი "პირიმზის" შენობასთან
პანდუსი-ხაფანგი "პირიმზის" შენობასთან

ორბელიანის მოედნიდან პუშკინის ქუჩით თავისუფლების მოედანზე რომ მოხვდეთ, მიწისქვეშა გადასასვლელით უნდა ისარგებლოთ. საქმე შედარებით მარტივად იქნება, თუკი აღმართს გზის მარცხენა მხრიდან, ანუ ძველი თბილისის გალავნის ნაშთების თავზე გამართული „საჰაერო ტროტუარით“ აუყვებით, მაგრამ თუ ტურისტი ხართ, ან დიდი ხანია ქვეითად არ გიმოგზაურიათ ქალაქის ამ ნაწილში და ეროვნული მუზეუმის მხრიდან მოინდომებთ პუშკინის სკვერამდე მისვლას, დიდ განსაცდელში აღმოჩნდებით: აღმართის ნახევრის დაძლევის შემდეგ, ეროვნული მუზეუმის შენობასთან აღმოაჩენთ, რომ გზის რეკონსტრუქციის (დავიწროების) შემდეგ ამ ადგილზე ტროტუარი საავტომობილო გზაშია განლეული და, წესით, თუ თავი გიყვართ, უკან, ორბელიანის მოედანზე უნდა დაბრუნდეთ, თუმცა, ცხადია, ბევრი „მოგზაური“ არ ერიდება ხიფათს და კედელზე განრთხმული (ვითარცა საკუთარი სხეულის ჩრდილი) აგრძელებს გმირულ აღმასვლასა თუ დაღმასვლას.
გზაში განლეული ტროტუარი
გზაში განლეული ტროტუარი

ასევე ნამდვილი გმირობაა საჭირო გმირთა მოედნის ესტაკადის მარყუჟიდან თავის დასაღწევად. ვერის პარკის მხრიდან ბეტონის სერპანტინს, საავტომობილო გზის პარალელურად, ქვეითად მოსიარულეებისათვის მიუყვება ბილიკი, რომელიც მარცხნიდან ბეტონის დაბალი კედლით, ხოლო მარჯვნიდან ლითონის მოაჯირით არის დაცული. ცხადია, ამგვარ ღარში მოქცეული, თავს უსაფრთხოდ გრძნობ (ბობსლეისტივით) და გულდამშვიდებით მიუყვები გზას, რომელიც ნელ-ნელა ეშვება თამარ მეფის გამზირის (ცირკის შენობის) მხარეს და მთავრდება ორსაფეხურიანი კიბით, რომლის ჩავლის შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, მაღალი სიჩქარით მქროლავი ავტომობილების სავალ ნაწილზე აღმოჩნდები!!! თანაც - არც შუქნიშანი, არც საგზაო ნიშანი, რომელიც მძღოლებს სიჩქარის შენელებას აიძულებდა. გმირთა მოედნის ამ ნაწილში მოხვედრილ ქვეითად მოსიარულეს მწირი არჩევანი აქვს: ან დაბრუნდეს უკან, ან საკუთარი რისკის ფასად გადაირბინოს გზაზე, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, ავტომობილები მოუყვებიან. როგორც წესი, არჩევანი გადარბენის სასარგებლოდ კეთდება, რადგანაც უკან დაბრუნება და ახალი მარშრუტის მოძებნა (რომელიც, სხვათა შორის, არ არსებობს) ბევრს ეზარება, გადასარბენი გზა კი, ბედად, არც ისე ფართოა. თუ იყოჩაღებ და მძღოლიც ნამეტანი არ გამოიდებს თავს თქვენს გასასრესად, ბედნიერად დაასრულებთ თავგადასავალს...
კიბე თავზეხელაღებულთათვის
კიბე თავზეხელაღებულთათვის

„ზებრა მაინც გაეკეთებინათ!“ - ეს არის პირველი აზრი, რომელიც სამშვიდობოზე გაღწევისა და დაბნეულობის გავლის შემდეგ შეიძლება მოგვივიდეს თავში, მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, დავასკვნით, რომ „ზებრამ“, ანუ ქვეითადმოსიარულეების უპირატესობის აღმნიშვნელმა შავ-თეთრმა ზოლმა, შესაძლოა, იმ სატყუარას როლი ითამაშოს, რომელიც ხაფანგში მსხვერპლის მოსაზიდად იდება. ქვეითად მოსიარულე (მით უფრო, თუ დალაგებული ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტია) თამამად შეაბიჯებს დაზოლილ ასფალტზე, რომელიც, მისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ქართველ მძღოლებს ისევე აღაგზნებს, როგორც მშიერ ლომს ველზე მოხტუნავე ცოცხალი ზებრა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG