Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გადაურჩა თბილისი


მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი
და მივაგნებ ყველა სახლის კარებს“...


ზედმეტად თავდაჯერებული
ფოსტალიონის სიმღერა



აი, როგორი ყოფილა მწერლობისა და მწერლის ჭეშმარიტი ძალა!

ორმა, თუნდაც კარგმა მწერალმა (საკრებულოს წევრებმა ზაალ სამადაშვილმა და ლაშა იმედაშვილმა), როგორ გადაწონა ლამის 50-კაციანი საკრებულოს პოლიტიკურად მუდამ სწორ პოზიციაზე მდგომი უმრავლესობა? როგორ დაანებეს შეუმცდარი პოლიტიკური ალღოს მქონე „ხმოსნებმა“ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ვეფხისტყაოსნის ტოპონიმიკის (მულღაზანზარი, ხატაეთი, გულანშარო...) სოფელ დიღომში გაცოცხლება? ან სად გაგონილა ლიტერატურული პერსონაჟების (ტარიელი, ავთანდილი, ნურადინ-ფრიდონი, დავარი, ნესტან-დარეჯანი, როსტევანი და ა.შ.) სახელების ქუჩებისათვის მინიჭება? ამ მასშტაბით სად გაგონილა, თორემ, ცოდვა გამხელილი სჯობს და, თბილისში აქამდეც არსებობდა ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაჟის, ავთანდილის სახელობის ქუჩა: თუ ოთარ ტყეშელაშვილის „თბილისის ქუჩებს“ („საბჭოთა საქართველო“, 1986 წ.) ვენდობით, მთაწმინდაზე წავკისის ქუჩასა და წავკისის მეორე შესახვევს შორის მდებარე ეს ქუჩა (უწინ ტერასისა) 1902 წლის თბილისის გეგმაზეც ყოფილა დატანილი.

არავინ დავობს იმაზე, რომ ვეფხისტყაოსანი მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია და, რომ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების თბილისელთა ყოველდღიურ ყოფაში შეტანით არაფერი გაფუჭდება, თუმცა არც ის არის საკამათო, რომ ქუჩების „გასაჩენად“ მხოლოდ კარგი ტექსტი და პოლიტიკური ნება არ კმარა. იმავე ოთარ ტყეშელაშვილის მტკიცებით, თუ ქუჩას სათანადო შინაარსისა და ცნების გამომხატველი სახელი არ ეწოდა, მოსახლეობაში ვერ დამკვიდრდება და ბევრ უხერხულობას გამოიწვევს. აკი იოსებ გრიშაშვილიც წერდა: „ყოველ ქუჩას თავის ისტორია აქვს. ქუჩაც ადამიანივით ცოცხლობს, იცვლის ფერს, სახეს და ადამიანივით კვდება... ყველა ქუჩას თავისი მოგონება აქვს.“

რა მოგონება უნდა ჰქონდეს ფატმანის, რამაზის ანდა უსენის ქუჩას თბილისს მიკუთვნებულ სოფელ დიღომში?

თბილისს აქამდეც არ აკლდა უშინაარსო, თითიდან გამოწოვილი ტოპონიმები (რევოლუციონერებისა და საეჭვო მნიშვნელობის საზოგადო მოღვაწეების გვარები, სოფლებისა და დაბების დასახელებები და ა.შ.), თუმცა რეალობას აცდენილი „სახელდების“ ამგვარი მასშტაბი, როგორიც დიღმელებს დაატყდათ თავს, მართლაც უპრეცედენტოა. არადა, თბილისის ქუჩებისათვის სახელის ორგანიზებულად მიკუთნება ლამის ორი საუკუნის ისტორიას ითვლის.

თავდაპირველად თბილისის ქუჩებისათვის სახელის მიკუთვნება უშუალოდ თბილისის გუბერნატორის ხელთ იყო. შემდეგ ეს უფლება ქალაქის მმართველობას გადაეცა, თუმცა კონტროლს კვლავ გუბერნატორი უწევდა და გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ მისი თანხმობით შედიოდა. თბილისის სათათბირომ 1898 წლის მაისში მიიღო დადგენილება „ქუჩებისათვის სახელწოდების მიმკუთვნებელი აღმასრულებელი კომისიის“ შექმნის შესახებ. კომისიამ ტრანსფორმირება განიცადა გასაბჭოების შემდეგ, თუმცა მუშაობის პრინციპი იგივე დარჩა: კომისიაში შედიოდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც სწავლობდნენ და სხდომებზე განიხილავდნენ საკითხებს ამა თუ იმ ქუჩისათვის სახელის მიკუთვნების ან გადარქმევის შესახებ, ადგენდნენ სათანადო ღონისძიებათა პროექტებს, რომლებიც ეგზავნებოდა თბილისის საქალაქო საბჭოს განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.

თუმცა, ამჟამად განსხვავებული მოდელი მოქმედებს. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკრებულოს ხუთი წევრისგან შედგება, მათ შორის მხოლოდ ერთია ხელოვნებათმცოდნე. დანარჩენი ოთხიდან ერთი მსახიობია (თავმჯდომარე), ერთი მწერალი (ყოფილი თავმჯდომარე), ერთი თეოლოგი და ერთიც ყოფილი ფეხბურთელი. ამასთან, როგორც ჩანს, თბილისის საკრებულოში ჰუმანიტარების სიმრავლეც (ორ მწერალს პლუს ერთი ისტორიკოსი ჯაბა სამუშიას სახით) მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ლიტერატურამ, სათანადო გაფილტვრის გარეშე, შეაღწიოს ქალაქის ტოპონიმიკაში, ამ შემთხვევაში ვეფხისტყაოსნიდან თბილისის ქუჩებში. აქ, შეიძლება გაგვახსენდეს იდეა ქალაქის წიგნივით წაკითხვისა, რომელიც იაპონელ ხუროთმოძღვარ კიშო კუროკავას ეკუთვნის: „21-ე საუკუნის არქიტექტურაში უფრო მეტად იქნება ლიტერატურა. შესაძლოა, ადამიანმა ქალაქი წაიკითხოს, როგორც წიგნი.“ კუროკავას ინტერვიუდან აღებული ეს ფრაგმენტი შეტანილი აქვს ტარიელ ჭანტურიას თავის წიგნში „დინოზავრიდან დიზაინამდე“, სადაც, თემასთან კავშირში, ასევე ნახსენებია შოთა ჩანტლაძის ცნობილი ლექსი „ქალაქი - ჩემი მაგიდის წიგნი“, რომელიც ასე იწყება:

„ქალაქი ჩემთვის წიგნია —
სქელტანიანი,
ეპოქალური და მოსაწყენი.
ეს წიგნი დასტამბულია მაღალხარისხოვან ასფალტზე;
პროსპექტი — ერთი ნაწილია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან.
ქუჩა — თავია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება მრავალი თავისაგან,
შესახვევი — ქვეთავია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება უამრავი ქვეთავისაგან.
ჩიხი — ეპიგრაფია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება მრავალი ეპიგრაფისაგან...“
და ა.შ.

ცხადია, არქიტექტურა შეიძლება იყოს „ლიტერატურული“ - პოეტური ან პროზაული, თუმცა, შეუძლებელია ტოპონიმიკის შეცვლით განაშენიანების თვისებრივად გარდაქმნა ან, მით უმეტეს, „გაპოეტურება“. არადა, საკრებულოს წევრი ორი მწერლის (თუნდაც ირიბი) ძალისხმევით ვეფხისტყაოსნის დიღმის თავზე დაბერტყვა აშკარად ამის მცდელობაა. და თუ გავიხსენებთ იმას, რომ რამდენიმე წლის წინ თბილისის საკრებულოს ცნობილი გინეკოლოგი ლადო კახაძე თავმჯდრომარეობდა, მივხვდებით, თუ რას გადაურჩა თბილისი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG