Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას ჩამომინისტრება


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის პოსტიდან გათავისუფლდა, მაგრამ პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ჯერჯერობით კვლავ რჩება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. ჯერჯერობით-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ თუ ალასანიას ბუნდოვანი განმარტებებით ვიმსჯელებთ, მგონი, თავად ალასანიაც არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რომ კოლიზია მხოლოდ მისი ჩამომინისტრებით დასრულდეს. „მინდა კონცენტრირებული ვიყო ძირითადად და მთლიანად სამხედრო შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, თავდაცვის რეფორმაზე და ამის გამო მოვიხსნა სხვა ფუნქციები და, კერძოდ, ვიცე-პრემიერის ფუნქცია. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. მე ეს ვიცოდი და ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას“, განუცხადა ბედს შეგუებულმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს და იქვე სთხოვა „მეოთხე ხელისუფლებას“, რომ ამ გადაწყვეტილებისათვის არ მიეცა „გარკვეული სხვანაირი ინტერპრეტაცია“.

ირაკლი ალასანიას გულწრფელობა დასაფასებელია, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის ზოგიერთი მინისტრის, კონკრეტულად კი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მიმართ დაგროვილი უკმაყოფილების გათვალისწინებით, სწორედაც რომ ამ ფაქტისათვის „სხვანაირი ინტერპრეტაციის“ მიუცემლობაა ძნელი.

ჯერ ერთი, თუ „სხვანაირი ინტერპრეტაციისა“ და პოლიტიკური ოპონენტების გულის გახარება არ უნდოდა, მაშინ ან ალასანიას არ უნდა ელაპარაკა საჯაროდ სატელევიზიო სივრცეში პრემიერ-მინისტრთან თავის „მძიმე საუბარზე“, ანდა პრემიერ-მინისტრს მაინცდამაინც სკანდალური სატელევიზიო ინტერვიუს მეორე დღეს არ უნდა გამოეცა ის ბრძანება, რომლითაც ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ დაკარგა ვიცე-პრემიერის პოსტი.

ესეც რომ არ იყოს, მომიტევეთ, მაგრამ, უბრალოდ, ძალიან არასერიოზულად ჟღერს არგუმენტი, რომლის თანახმადაც ისე გამოვიდა, რომ ვიცე-პრემიერობიდან ალასანიას მოხსნა თურმე არმიაზე ზრუნვით ყოფილა ნაკარნახევი.

იქნებ ვინმემ განმარტოს დალაგებულად, თუ რა ისეთი მძიმე ტვირთია ვიცე-პრემიერის პოსტი საქართველოში, რომ ამან თავდაცვის მინისტრს ძირითად საქმიანობაში - სამხედრო უწყების მართვაში - შეუშალოს ხელი? პირიქით, თუკი ნორმალურ ქვეყანასთან გვაქვს საქმე და მინისტრს მხოლოდ ფორმალურად, რაღაც კონიუნქტურული მოსაზრების გამო არ უჭირავს პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი, ეს სწორედ უწყების კარგად მართვისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ანუ ირაკლი ალასანიას, როგორც ვიცე-პრემიერს, ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვით ბევრად უფრო ოპერატიულად და ხარისხიანად შეეძლო მოეგვარებინა უწყების წინაშე მდგარი ფინანსური, მატერიალური თუ საორგანიზაციო პრობლემები. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე ირაკლი ალასანიას გავიცეპრემიერება სწორედ შეიარაღებული ძალების მიმართ ახალი ხელისუფლების ხაზგასმული ყურადღების გამოხატულებად იქნა აღქმული.

მაგრამ რაკი საქართველოში პოლიტიკური კოჰაბიტაციის რთული პერიოდია და, შესაბამისად, თავდაცვის მინისტრს ცალკე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულება უხდება და ცალკე, ალბათ, პრეზიდენტს და უშიშროების საბჭოს მდივანსაც უნდა გაუწიოს ჯეროვანი ანგარიში, შესაძლოა, ირაკლი ალასანიას ჩამომინისტრებაში მართლაც არაფერი იყოს ტრაგიკული, მით უფრო, რომ, როგორც ირკვევა, ბატონ ალასანიას მართლაც სჭირდება მეტი კონცენტრირება საქმეზე და დაფიქრება - კრიტიკაზე.

თავდაცვის მინისტრს უკვე დაუფარავად აკრიტიკებენ სოციალურ ქსელებში ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მხარს უჭერდნენ და დიდ მოლოდინებს უკავშირებდნენ მის დანიშვნას. ოპონენტების უკმაყოფილებას ძირითადად ალასანიას საქართველოს პრეზიდენტის ოფისთან ზედმეტად მჭიდრო კოჰაბიტაცია და მინისტრის საკადრო პოლიტიკა იწვევს.

ალასანიას, კერძოდ, საყვედურობენ, რომ 100-დღიანი მინისტრობის განმავლობაში არც გენერალურ შტაბში და არც სამოქალაქო ოფისში მაღალ თანამდებობაზე არ დაუნიშნავს არცერთი მაღალი რანგის ოფიცერი, ვინც მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელი იქნებოდა. ალასანიას და თავდაცვის სამინისტროს ბრალს სდებენ იმაში, რომ ყოვნდება შეიარაღებული ძალების რიგებიდან პოლიტიკური მოტივით გაგდებული იმ ასობით ოფიცრის საქმის შესწავლა, რომელთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის დაპირებაც უხვად მოდიოდა „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან.

აქედან ზოგიერთი საყვედური, შესაძლოა, საფუძვლიანიც იყოს, ზოგი კი - არა, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მას შემდეგ, რაც ჩამომინისტრდა, ოპონენტები შეეცდებიან სულ უფრო მეტი წერტილოვანი დარტყმა მიაყენონ ირაკლი ალასანიას, როგორც ყველაზე სუსტ რგოლს ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტში. ამიტომ მე, როგორც საქართველოს ჯარის ერთ-ერთ უბრალო გულშემატკივარს, მინდა ვურჩიო პრემიერ-მინისტრს, რომ კიდევ ერთი ბრძანება გამოსცეს, რომლითაც ირაკლი ალასანიას მედიასთან ურთიერთობასაც აუკრძალავდა. ამით თავდაცვის მინისტრს კიდევ უფრო მეტი დრო გამოუთავისუფლდება იმისათვის, რომ „ძირითადად და მთლიანად“ მოახდინოს კონცენტრირება „შეიარაღებული ძალების განვითარებაზე“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG