Accessibility links

logo-print
ქართული კოჰაბიტაციის ექსპერიმენტი, ანუ არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და დამარცხებული პოლიტიკური პარტიის ლიდერის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მყიფე თანაარსებობა საქართველოში დასრულდა და ამის გაფორმება საბოლოოდ მოხდა 22 თებერვალს. თუმცა, სავარაუდოდ, საქმე მხოლოდ ფორმალური კოჰაბიტაციის დასრულებით არ ამოიწურება და როგორც სიმპტომებს ეტყობა, სახეზეა ყოფილი მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ სწრაფი ტემპებით მარგინალიზების ტენდენციაც.

პროცესის კატალიზატორი გახდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 23 თებერვალს დაიბარებენ და ამავე უწყებაში მძიმე ბრალს წაუყენებენ თბილისის მერს გიგი უგულავას. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს - გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გახსნილია იმჟამინდელი ხელისულების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი უგულავაა. ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხის გამოყენებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობისთვის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც უგულავა იყო. თბილისის მერი უგულავა პასუხისგებაში მიცემულია შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობს გამოძიება.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა საკუთარი წყაროებით იცოდნენ საგამოძიებო სამსახურის ამ გადაწყვეტილების შესახებ და მათ იმავე დღეს კოორდინირებული პიარ-აქცია, ნამდვილი საინფორმაციო შტურმი მოაწყვეს ნაციონალური სატელევიზიო არხებით. თუმცა, ჩემი აზრით, სრულიად უშედეგოდ.

"თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან... თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ომზე, მე ვიყავი ომში და მზად ვარ კიდევ წავიდე; თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ციხეზე, მე მზად ვარ, ასევე წავიდე ციხეში; თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის სიკვდილზე, მზად ვარ წავიდე ამაზე, მაგრამ შიზოფრენიულ, გიჟურ, ჩანასახოვან დიქტატურას არასდროს არ შევეგუები", - განაცხადა 22 თებერვალს თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

აქ, როგორც იტყვიან, კომენტარიც კი ზედმეტია. წარმოიდგინეთ, რა ჯაფა დაადგებოდათ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს, რომ მათი ქვეყნების მთავრობებისათვის ჯეროვნად განემარტათ თბილისის მერის ეს ფრაზა?

მე მგონია, რომ ივანიშვილს უკვე აღარ სჭირდება არავითარი პიარი დასავლეთისათვის დასარწმუნებლად, თუ რა ძალასთან აქვს საქმე. უთარგმნონ გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის 22 თებერვლის, მთავრობის და საგამოძიებო ორგანოების მიმართ სიძულვილითა და ირონიით გამსჭვალული ფრაზები და დასავლეთი იქით შეეხვეწება ივანიშვილს, ესენი რაც შეიძლება ჩქარა მოაშორე აქედანო. რადგან თანამდებობის პირების საფინანსო დანაშაული ეს არის ის თემა, რომლის პოლიტიზება დასავლეთში აღიქმება სასამართლოზე ზეწოლად და ამავე მიზეზით, ბრალდებული პოლიტიკოსის თანამებრძოლების მხრიდან კომენტარებსაც კი არ ექვემდებარება.

საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ნორმალურ ქვეყანაში, რომელიმე პოლიტიკოსი არ მივიდეს გამომძიებელთან დაკითხვაზე და იგი სასამართლოს ძალით აიძულონ, ანდა რომელიმე ევროპული ქალაქის მერს საამაყოდ მიაჩნდეს, რომ მმართველი პარტიის აქტივისტების დასასაქმებელად ბიუჯეტის ხარჯზე შექმნა სპეციალური სამსახური, რითაც თურმე უმუშევრობის პრობლემა გადაუწყვიტა ათასობით ადამიანს. ასევე ძნელად იპოვით ნორმალურ ქვეყანას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი დაეთანხმოს იმ მერის მოადგილედ დანიშვნას, რომელსაც რამდენიმე საათში მძიმე ბრალდებას წაუყენებენ. უფრო მეტიც, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დედაქალაქის მერის მოადგილედ მუშაობს კიბერდანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებული პირი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის ციხიდან განთავისუფლებული.

აქ აშკარად გვაქვს საქმე პოსტსაბჭოურ ფენომენთან, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ პოლიტიკურ აზროვნებასთან, რომლისთვისაც ხელების ქნევა და პოლიტიკური თანამებრძოლისადმი ყველა სახის პოლიტიკური სოლიდარობა მთავრდება იქ, სადაც ამ უკანასკნელის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები იწყება. ამიტომ, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ უგულავამ, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა ევროპულ ცნობიერებაზე და ფასეულობებზე, მათი სახით საზოგადოებას საქმე აქვს ქართულ პოლიტიკურ ტრადიციაში ბოლო ხანს დამკვიდრებულ ქცევის ტიპთან, როდესაც ოპოზიცია ან ქუჩისკენ იყურებოდა, ანდა დესტაბილიზაციით და მსხვერპლად წარმოჩენით ცდილობდა ყურადღების მიპყრობას. „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში თარიღი, 19 აპრილია განსხვავებული, თორემ შეხვედრის ადგილი, რუსთაველის გამზირი, ამჯერადაც უცვლელია.

ცხადია, ანგარიშგასაწევია და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მხრიდან დამარცხებულ პოლიტიკურ ძალაზე სხვადასხვა ფორმით დიდი ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზება მაინც იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე მათი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იოცნებებდა. 19 აპრილისთვის დანიშნული მიტინგის თვენახევრით ადრე დაანონსებაც სრული სასოწარკვეთის გამოვლინებაა, რადგან ყოფილმა მმართველმა ძალამ არ იცის, თუ რას უპირისპირდება კონკრეტულად. ივანე მერაბიშვილის დევიზი - „შემოგვიერთდით, რათა ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის ნება ურყევია და ჩვენი მომავალი არის დასავლეთისაკენ და ჩვენი მომავალი არ არის რუსეთისაკენ” - დაცლილია შინაარსისაგან და აშკარად დროშია აცდენილი. თუ მაინც და მაინც, ასეთი მიტინგის ორგანიზება 25 თებერვალს უფრო უპრიანი იქნებოდა. თარიღიც სიმბოლურია და თანაც, რაკი იმ დღეს რუსთაველის გამზირზე ხალხს ირაკლი წერეთელიც აგროვებს, მიტინგიც უფრო შთამბეჭდავი გამოვიდოდა.

ახლა კი, როცა ივანე მერაბიშვილი თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა მერობის პერსპექტივით, კაცმა არ იცის, ვინ უხელმძღვანელებს 19 აპრილის მიტინგისათვის რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანის ორგანიზებას. ერთი სიტყვით, „ნაციონალური მოძრაობა“ სრული თვითგანადგურების წინაშეა და მან, შესაძლოა, დათქმულ მიტინგამდე ვერც კი გასტანოს. ასეთი ასიმეტრიული სტრატეგიით ყოფილი მმართველი პარტია არათუ ახალ მომხრეებს ვერ შეიძენს „პატრიოტული თუ აკადემიური წრეების“ სახით, არამედ იმათაც დაკარგავს, ვინც ჯერ კიდევ შემორჩა. და თანაც დაკარგავს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განუწყვეტელმა გზავნილებმა მათზე განხორციელებული დევნისა თუ ზეწოლის თაობაზე, როგორც ჩანს, უკვე ყველას ძალიან მოაბეზრა თავი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG