Accessibility links

logo-print
როგორც ჩვენში ხშირად მომხდარა ხოლმე, სამწუხაროდ, მხოლოდ შვიდი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ დაიწყო საზოგადოებაში იმაზე მსჯელობა, თუ რატომ მოხდა ეს ტრაგედია, შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება და რატომ უნდა იყოს ყველაზე სახიფათო ჰელმანდის პროვინციაში 1600-მდე ქართველი ჯარისკაცი, მაშინ, როცა ნატოს წევრმა ბევრმა ქვეყანამ (აშშ-მა, თურქეთმა, საფრანგეთმა, კანადამ და სხვებმა) მნიშვნელოვნად შეამცირეს ქვედანაყოფები და გადაიყვანეს ისინი უფრო უხიფათო პროვინციებში?

ამ საკითხებზე მსჯელობის დროს ყველაზე ერთმნიშვნელოვანი და მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი რეაქცია ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, რომელსაც ყბადაღებულ ჰიპოთეტურ სამომავლო დივიდენდებზე კი არ დაუწყია დემაგოგია, არამედ გამოუვალი მდგომარეობით ნაკარნახევ მძიმე ვალდებულებაზე გაამახვილა ყურადღება. „თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ, მაშინ ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როცა მავთულხლართები 200 მეტრით კი არა, შესაძლოა, 100 კილომეტრით გადაიწევა სადმე. ამიტომ ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გავუწიოთ“, - ასე გამოეხმაურა უსუფაშვილი ახალგაზრდების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელმაც 7 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გაყვანის მოთხოვნით.

ამ განცხადებით რაღაც აშკარად დადგა თავის ადგილზე. თუმცა ერთი შეხედვით მაინც ცოტა გაუგებარია, რა პირდაპირ კავშირშია უიარაღო ევროპელი დამკვირვებლების საქართველოში ყოფნა, ნატოს დროშით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციასთან. მაგრამ ბატონ უსუფაშვილს ვერც შეედავები: საერთაშორისო ურთიერთობებში ხომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერგანმსაზღვრელია.
თუ მოიხმარ, უნდა გასცე კიდეც. და პარლამენტის თავმჯდომარემაც მიგვანიშნა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა არა ქართველების „ლამაზი თვალებისთვის“, არამედ სწორედ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნის ხარჯზე მოავლინეს უიარაღო დამკვირვებლები საქართველოში.

მაგრამ ბატონ უსუფაშვილს არ დაუკონკრეტებია, ეს მისი პირადი აზრია, თუ ასეთი გარიგება დოკუმენტურადაც არის გაფორმებული. ისიც საინტერესოა, თუკი ევროკავშირის მონიტორების საქართველოში ყოფნა პირდაპირ უკავშირდება ქართველი ჯარისკაცების ყოფნას ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, მაშინ რატომაა, რომ ქართული ქვედანაყოფის რაოდენობა ავღანეთში ბოლო 4 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა, ევროპელი დამკვირვებლების რაოდენობა კი საქართველოში 2008 წლის შემდეგ უცვლელია და თანაც, საქართველოს ხელისუფლება ყოველ წელს გულის ფანცქალით ელოდება მისიის მანდატის ამოწურვას?

მაგრამ ასეთი შეკითხვების დასმა საქართველოში, ანდა ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების, დისციპლინისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ გამოთქმული კრიტიკა, სულ უფრო აღიზიანებს როგორც უმცირესობაში გადასულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისე უმრავლესობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“.

მეტიც, ამ დღეებში გამოიკვეთა საშიში ტენდენცია, რომელსაც ადრე ნამდვილად არ ჰქონია ადგილი მედიასთან მიმართებაში. „ნიუ იორკ ტაიმსში" ქართველ სამხედროებზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორს სიამოვნებით გადავაყლაპებდი გაზეთსო,“ - ამის თაობაზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, არც მეტი არც ნაკლები, საზოგადოებივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ნიუ-იორკ ტაიმსში“ 7 ივნისს გამოქვეყნებული სტატია მართლაც მძიმე წასაკითხია. ავტორები კერძოდ წერენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში აკლიათ სიფრთხილე, რომ მათ მიმართ მოსახლეობა არის არაკეთილგანწყობილი, ქართველი ჯარისკაცები არიან უხეშები ავღანელებთან მიმართებაში და რომ ადგილობრივი მოსახლეები მათ აიგივებენ რუსებთან, რომლებიც ავღანეთის მოსახლეობაში „საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კვლავ მტრებად აღიქმებიან.“

ცხადია, ქართულ ბაზაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის მეორე დღეს ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ გამოცემაში ასეთი პუბლიკაციის გამოქვეყნებამ ბევრი აღაშფოთა საქართველოში. მაგრამ ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, აშკარაა, რომ ქართული ქვედანაყოფი მძიმედ ამოიღეს მიზანში თალიბებმა. ამაზე მეტყველებს სამი კვირის განმავლობაში ორი სისხლიანი თავდასხმა და 10 დაღუპული ჯარისკაცი, რაც სერიოზულ ანალიზსა და დაფიქრებას საჭიროებს როგორც საქართველოს პოლიტიკური, ისე სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან.

სამწუხაროდ, სამხედრო ხელმძღვანელობას არ სურს არავითარი კრიტიკის გაგონება და არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს იმ სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მსხვერპლის გაზრდა, ყოფილი ხელისუფლების მიერ ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის გაუაზრებელმა გაორმაგებამ გამოიწვია. ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ დილეტანტური უწოდა მსჯელობას, თითქოსდა ჯარისკაცთა რაოდენობის შემცირებით დანაკარგიც შემცირდება. ამ უცნაური არითმეტიკის ასახსნელად კი ნახსენები იქნა ლატვია, რომლის დანაკარგიც 28 კაციან ქვედანაყოფზე, თურმე, 6 ჯარისკაცს შეადგენს.

ძნელია, სამხედრო საკითხებზე ეკამათო შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ქართველ გენერალს. ოღონდ ცოტა უცნაურია, რატომ შეამცირეს მაშინ ქვედანაყოფები ავღანეთში აშშ-მა, საფრანგეთმა, თურქეთმა, კანადამ და იმავე ლატვიამ, რომელიც ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში 2003 წლიდან მონაწილეობდა და დანაკარგი ჰყავს არა 6, არამედ 4 ჯარისკაცი მთელი 10 წლის განმავლობაში? თანაც, იმ ლოგიკით, რომ „რაოდენობის შემცირებით დანაკარგი არ მცირდება“, უფრო მოსალოდნელია, რომ 2014 წლამდე, ანუ ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერი ოპერაციის საბრძოლო ფაზის დასრულებამდე, საქართველომ კი არ შეამციროს, არამედ გაზარდოს ავღანეთში მყოფი სამხედრო კონტინგენტი.

ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ. ალბათ უფრო პირველი, ვიდრე მეორე, რომელიც ოქტომბრამდე დარჩენილ დროში სულ უფრო კარგავს გავლენას. თუმცა, რაც დრო გადის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პათოსი, საერთაშორისო ვალდებულებებზე ზოგადად და კერძოდ ქართულ სამხედრო მისიაზე ავღანეთში, სულ უფრო ემსგავსება მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის რიტორიკას:

„ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს, უკან ვერავინ დაგვახევინებს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 7 ივნისს, 7 ქართველი ჯარისკაცის ავღანეთში დაღუპვის თაობაზე გაკეთებულ ტელემიმართვაში.

თანაც, პრემიერ-მინისტრმა ეს განაცხადა იმ დროს, როდესაც საქართველო ყოველდღე რამდენიმე ასეული მეტრით იხევს უკან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში აღმართული უკანონო მავთულხლართების წინ.

საერთოდ, ბრძოლის ველიდან უკან დახევა ტაქტიკური მოსაზრებით, მოწინააღმდეგისათვის კვალის ასარევად, საკუთარი ძალების მოსაკრებად და უფრო უკეთ გადასაჯგუფებლად, არ ნიშნავს ბრძოლის ველიდან გაქცევას. თანაც, რაოდენ მწარეც უნდა იყოს ამის გახსენება, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქართული ჯარი, საკუთარ მიწაზე, საკუთარი ბრძოლის ველიდან არაერთხელ გაქცეულა სირცხვილით, პირველ ყოვლისა იმ მხედართმთავრების გამო, რომლებიც ჯიუტად მოითხოვდნენ წინსვლას იქ, სადაც ტაქტიკური უკანდახევა სტრატეგიულად უფრო მომგებიანი იქნებოდა.

თავის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ასეთი შეცდომები ჯერ არ აქვს. თუმცა, თუ მთავრობის მეთაური ყურს დაუგდებს არა საღ აზრს, არამედ იმ მხედართმთავრებს, რომლებიც აგერ ჩვენს თვალწინ ამტკიცებენ, რომ ავღანეთში ქვედანაყოფის გაორმაგება თურმე არათუ არ ზრდის, არამედ პირიქით ამცირებს საბრძოლო დანაკარგის რისკს, მაშინ მასაც და საქართველოსაც, სამწუხაროდ, წინ არაერთი განსაცდელი და სამარცხვინო უკანდახევა ელოდებათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG