Accessibility links

logo-print

სტალინს ძალზე უყვარდა სცენარების რედაქტირება არა მარტო რეალურ ცხოვრებაში (ვგულისხმობ დიდი ტერორის „საჩვენებელ პროცესებს“), არამედ მხატრულ ლიტერატურაშიც: 1942 წლის ზაფხულში, როცა წითელი არმია დღეში 10 000-მდე სამხედროს კარგავდა და საბჭოთა კავშირის ბედი ბეწვზე ეკიდა, სტალინი მოიცლის იმისთვის, რომ კორნეიჩუკის პიესა „ფრონტის“ ფინალური სცენა გადააკეთოს, მასზე რეცენზია დაწეროს, პიესა და რეცენზია გაზეთ პრავდაში გამოაქვეყნოს და შემდეგ კრემლში გამოიძახოს ფრონტების მთავარსარდლები, რათა აზრი ჰკითხოს ამ დრამატურგიულ ნაწარმოებზე (სტალინი ალბათ თვლიდა, რომ ფრონტების მთავარსარდლებს იმ წუთას უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ ჰქონდათ).

მიუხედავად ამ „დრამატურგიული“ გატაცებისა, სტალინი მოკვდება ისე, რომ საკუთარ ფინალს არ მოამზადებს და ქვეყანას არ დაუტოვებს მემკვიდრეს: „სტალინი მოკვდა დაუგეგმავად, დირექტიული ორგანოების მითითების გარეშე. სტალინი მოკვდა პირადად ამხანაგ სტალინის მითითების გარეშე. ამ თავისუფლებაში, სიკვდილის ამ თავნებობაში იყო რაღაც ფეთქებადი, რაც ეწინააღმდეგებოდა თვით ამ სახელმწიფოს იდუმალ არსს (...) ამ სიკვდილში იყო ელემენტი თავისუფალი მოულოდნელობისა, რომელიც უსაზღვროდ უცხო იყო სტალინური სახელმწიფოსათვის“ - დაწერს ვასილი გროსმანი, სტალინისტური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დამკვირვებელი.

ომის შემდგომი პერიოდის სტალინის ძალიან ნიშანდობლივი სურათი აქვს დახატული გენერალ ნიკოლაი ნოვიკოვს: „ეს არ იყო ის სტალინი, რომელსაც მე ხშირად ვხვდებოდი ომის დროს 40-იან წლებში. 1947 წლის 15 აპრილს ჩემ მიერ ნანახი სტალინი იყო მოხუცებული, ღრმად მოხუცებული და დაღლილი ადამიანი“. ნოვიკოვი არ აჭარბებდა, სიბერე და მრავალი ავადმყოფობა სულ უფრო და უფრო არაშრომისუნარიანს ხდიდნენ სტალინს: თუ 1946-1949 წლებში სტალინი აგარაკებზე სამთვენახევარს ატარებდა, 1950-1951 წლებში უკვე ეს დრო ოთხთვენახევრამდე გაიზრდება. სტალინის შრომისუნარიანობის მკვეთრ დაცემას მოწმობს ასევე კრემლში სტალინის მომნახულებელთა ჟურნალის ჩანაწერები: თუ 1939-1940 წლებში სტალინი წელიწადში იღებდა დაახლოებით 2000 ადამიანს, 1951-1952 წლებში ეს რიცხვი 500-მდე ეცემა. 1952 წლის იანვარში სტალინის პირადი ექიმი ვინოგრადოვი აღნიშნავს სტალინის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას (ამ დიაგნოზის დასმა ძალზედ ძვირად დაუჯდება თვით ვინოგრადოვს). ჯუღაშვილი იძულებული იქნება, სიგარეტის წევას თავი დააანებოს და კიდევ უფრო ჩამოსცილდეს სამუშაოს.

ეს სურათი გადაღებულია გორის ერთ-ერთ ეკლესიაში 2013 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების მე-60 წლისთავზე.

ეს სურათი გადაღებულია გორის ერთ-ერთ ეკლესიაში 2013 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების მე-60 წლისთავზე.

მიუხედავად ხანგრძლივი ავადმყოფობისა (მაგალითად, 1951 წლის 9 აგვისტოდან 1952 წლის 12 თებერვლამდე სტალინი საერთოდ არ გამოჩნდება კრემლში), ჯუღაშვილი სიკვდილის ბოლომდე წამითაც არ უშვებდა ხელიდან ძალაუფლების სადავეებს. პოლიტბიუროს „ძველი გვარდიის“ წევრებს - მოლოტოვს, ბერიას, მალენკოვს და მიქოიანს - წყალი ჰქონდათ შემდგარი: სტალინს ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული ან მათი ოჯახის წევრები, ან მათი პროტეჟეები. „ძველი გვარდიის“ კიდევ უფრო დასუსტების მიზნით სტალინს დაწყებული ჰქონდა პოლიტბიუროს მორიგი „გადახალისება“, რის შედეგადაც, 1952 წლის ოქტომბერში, პარტიის XIX ყრილობაზე, გაოგნებული საბჭოთა ხალხი ბელადის ახალ რჩეულებს აღმოაჩენს: ანდრიანოვს, არისტოვს, ჩესნოკოვს, იგნატიევს, მელნიკოვს, მიხაილოვს, კოსიგინს, პერვუხინს, საბუროვს, შკვერნიკს, შკირიატოვს, და აშ.

ხალხის გაოგნების მიზეზი (ეს კარგად აქვს აღწერილი კონსტანტინე სიმონოვს) გახლდათ ის, რომ პრეზიდიუმის (პოლიტბიუროს) ახალ, დაახლოებით 4-ჯერ გაზრდილ, შემადგენლობაში ადგილი აღარ მოიძებნება სტალინის მემკვიდრედ მიჩნეული მოლოტოვისთვის და „ძველი გვარდიის“ სხვა ზოგიერთი წევრისათვის. ამგვარად, „პრეზიდიუმ-პოლიტბიუროს გადახალისება-გაოთხმაგებით“ სტალინი ყველას ატყობინებდა, რომ არ აპირებდა არც მემკვიდრის დანიშვნას და საერთოდ არც თვით სიკვდილს.

1952 წლის 5 ოქტომბერს გახსნილი პარტიის XIX ყრილობა კიდევ ერთი რამით იქნება ღირსშესანიშნავი: 3 და 4 ოქტომბერს გაზეთი „პრავდა“ გამოაქვეყნებს სტალინის ბროშურას „სოციალიზმის ეკონომიური პრობლემები საბჭოთა კავშირში“. ამ „ნაშრომში“ (რომელიც პარტიის XIX ყრილობაზე შერაცხული იქნება „თეორიულ შედევრად“ და „ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმად“), სტალინი ამტკიცებდა, რომ სოფელი განიცდიდა არნახულ კრიზისს (დიაგნოზი აბსოლუტურად მართალი იყო) და რომ საჭირო იყო სოფელი და ქალაქი, წარმოება და კოლმეურნეობა, გადასულიყო უფულო პროდუქტების ცვლაზე (მკურნალობის მეთოდი აბსოლუტურად აბსურდული იყო).

და აი, მაშინ, როცა გამოუსწორებელი ულტრამემარცხენე მარქსისტი ქვეყანას სთავაზობდა მკვეთრ ვირაჟს მარცხნივ და ახალ ავანტიურას, ე.წ. კომუნიზმისკენ ნახტომის განხორციელებას უქადდა, აი, ზუსტად მაშინ დალევს ჯუღაშვილი სულს „და სოფელი, რომელიც სტალინის თუჯის მძიმე ხელის ქვეშ იტანჯებოდა, შვებით ამოისუნთქავს“- აღნიშნავს ვასილი გროსმანი.

ჰეგელის მიხედვით, ისტორია შობს ისეთ ადამიანებს, როგორებიც მას სჭირდება: „პიროვნებები ხელს ვერ უშლიან იმის მოხდენას, რაც უნდა მოხდეს“ - ამტკიცებდა გერმანელი ფილოსოფოსი. მაგრამ დღეს, როდესაც ადამიანი სტალინის ცხოვრებას შეჰყურებს, სავარაუდოდ უჩნდება სურვილი, ასე უპასუხოს გერმანელ ფილოსოფოსს: „არსებობენ პიროვნებები, რომლებიც წერენ ისტორიის ისეთ ფურცლებს, რომლებიც არასდროს უნდა დაწერილიყო“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG