Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ბუნტიდან თებერვლის რევოლუციამდე


ყველა მონარქიის მბრძანებლობა ერთმანეთს ჰგავს და ყოველი მონარქიის დაცემა თავისებურია და რომანოვების იმპერიის დაცემის ორიგინალურობა მის ელვისებურ სისწრაფეში გამოიხატება: 1917 წლის დასაწყისში რუსეთის მონარქია თვალის ერთ დახამხამებაში გაქრება. სულ რაღაც სამიოდ დღეში - 27 თებერვალსა და 2 მარტს შორის - რომანოვების 300-წლიანი დინასტია ქვიშის კოშკივით ჩამოიშლება.

თუმცა 23 თებერვალს (გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 8 მარტს) დაწყებული რუს მუშა ქალთა მანიფესტაცია არაფერს მსგავს არ უქადდა ოთხსაუკუნოვან ცარისტულ მონარქიას. „ჯერ კიდევ საღამოს 26 თებერვალს ჩვენ შორს ვიყავით აზრისგან, რომ მომავალი ორი-სამი დღე ქვეყანას ასეთ კოლოსალურ და მსოფლიო მასშტაბის მოვლენებს მოუტანს“, - აღიარებს მოგვიანებით ვლადიმერ ნაბოკოვი, რუსული წარმოშობის ამერიკელი მწერლის მამა და 1917 წლის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.

„დუმა განაგრძობდა რუტინული საკითხების განხილვას. გარეგნულად თითქოს სიმშვიდე სუფევდა“, - ასე აღწერს თებერვლის ბოლო დღეებს დუმის თავმჯდომარე მიხაილ როდზიანკო.

„რუსი ყოველთვის გთავაზობს პარადოქსულ სპექტაკლს, უცნაურ ნარევს უკიდურესი მორჩილებისა და ამბოხისა“, - აღნიშნავს თავის დღიურში 1917 წლის 28 თებერვალს რუსეთში საფრანგეთის ელჩი.

და მართლაც, 1917 წელს რომანოვების იმპერია გახლდათ ერთი დიდი პარადოქსი: ურბანიზაციის გზაზე დამდგარი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტს გლეხობა წარმოადგენდა; პლანეტის ყველაზე დიდი ქვეყანა დასახლებული მიწის არმფლობელი გლეხობით; მოდერნიზაციის გზაზე დამდგარი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა; სახელმწიფო, სადაც მეფე, ტრადიციულად მიწიერი ღმერთი, აბსოლუტურად დესაკრალიზირებული იყო და სადაც ნიკოლოზ მეორეზე პორნოგრაფიული პამფლეტები და წარმოდგენები არაყსა და ბურახზე უფრო პოპულარული გახლდათ ქალაქის ბაზრებში.

დაბოლოს,1917 წელს ეს იმპერია ჩართული იყო დიდ ევროპულ ომში ისეთი ჯარით, რომლის ჯარისკაცების მასას არა თუ არ სურდა ომის გაგრძელება, არამედ არც ესმოდა, რისთვის ომობდა.

აი, ასეთი პარადოქსების ქვეყანაში 23 თებერვალს, პეტროგრადად ქცეულ (რათა ანტიგერმანული პატრიოტული გრძნობებისთვის პატივი ეცათ) პეტერბურგელი ქალი მუშები დაიწყებენ მანიფესტაციას ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ქალებს ჯერ კაცი მუშები, შემდეგ ჯარისკაცები (ვოლინისა და პავლოვსკის პოლკები), შემდეგ კი უკვე კაზაკები აუბამენ მხარს.

ამ ისტორიის დასასრული ყველასთვის ცნობილია: 27 თებერვალს, შუადღის 2 საათისათვის, დემონსტრანტები, ჯარისკაცების მეთაურობით (და არა მუშებისა, როგორც ამას მოგვიანებით ბოლშევიკები ამტკიცებდნენ) აიღებენ ტავრიდის სასახლეს, სადაც დუმის ადგილსამყოფელი გახლდათ. როდესაც ეს ამბავი მოგილიოვამდე მიაღწევს, (სადაც მთავარსარდალ ნიკოლოზ მეორის შტაბი იყო განთავსებული), მონარქი გადაწყვეტს დედაქალაქში დაბრუნებას... არა იმისთვის, რომ კონტროლიდან გამოსული სიტუაცია გამოესწორებინა (რაც არ იყო რთული), არამედ იმისთვის, რომ მეუღლისა და შვილების გვერდით ყოფილიყო... მოგილიოვიდან პეტროგრადამდე შუა გზაში, საკუთარ მატარებელში გაჩხერილი ნიკოლოზ მეორე, მემარჯვენე (მათ შორის მონარქისტ) პოლიტიკოსების შეგონების შედეგად გადაწყვეტს ტახტიდან გადადგომას...

აი, ასე, გარნიზონის რამდენიმე ბატალიონის დეზერტირობა საკმარისი გახდება, რომ ქალების მოწყობილი მანიფესტაცია გადაიქცეს არა მორიგ რუსულ ბუნტად, რომელიც სისხლში იქნებოდა ჩახშობილი (როგორც ეს 1905 წელს მოხდა), არამედ „სისხლის მდინარეების“ მომტან თებერვლის რევოლუციად.

1917 წლის თებერვალში რუსეთში განვითარებული მოვლენები არ წარმოადგენდა გამონაკლისს, რომელიც წესს ადასტურებდა. თებერვლის რევოლუცია იმეორებდა ტრადიციად ქცეულ წესს: რუსეთში ხელისუფლება არასოდეს დამხობილა გადატრიალების გზით. მისთვის ბოლოს მოღებას ყოველთვის განაპირობებდა მისივე სულელური შეცდომები.

ჩვენ ხშირად გვიყვარს საუბარი ისტორიის გენიოსებსა თუ დემიურგებზე და გვავიწყდებიან „ისტორიის უბრალო იდიოტები“, რომლებსაც ხშირად უფრო დიდი როლი მიუძღვით განვითარებულ მოვლენებში...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG