Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი ასკეტი


ერთ-ერთი მოარული მითის მიხედვით სტალინი, გახლდათ ასკეტი, რომლის სიკვდილის მერე გაცვეთილი ფრენჩ-შინელი და გახვრეტილი ჩექმები დარჩა. რაც შეეხება გახვრეტილ ჩექმებს, ამის შესახებ ნიშანდობლივია ბაიბაკოვის, ნავთობის წარმოების სახალხო კომისრის (მინისტრის), მოგონებები. როდესაც ბაიბაკოვი პირველად მოხვდება სტალინის კაბინეტში და მის გახვრეტილ ფეხსაცმელს დაინახავს, გაოგნებული სახალხო კომისარი ჰკითხავს ჯუღაშვილის მდივან პოსკრებიშევს, თუ რატომ ვერ გამოყოფდა საბჭოთა კავშირი ჩექმების ახალ წყვილს დიდი ბელადისათვის. პოსკრებიშევი აუხსნის ბაიბაკოვს, რომ სტალინს ჩექმები ფეხს სტკენდა და ამიტომ თვითონ ხვრეტდა მათ... პოსკრებიშევის პასუხი სრულად არ ასახავდა სინამდვილეს: სტალინი თავის თავს წარმოაჩენდა, როგორც რევოლუციონერული რომანტიზმით გაჟღენთილ ასკეტს და გახვრეტილი ჩექმებიც სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ფუფუნება არ უყვარდა, მისი შენახვა საბჭოთა მოქალაქეებს ყოველ წელს ოცეულობით მილიონი მანეთი უჯდებოდა. შეგახსენებთ, რომ მარტო სტალინის განკარგულებაში მყოფი აგარაკების რაოდენობა ორ ათეულს აღწევდა : „ვოლინსკოეს“ (ე.წ. ბლიჟნაია), „სემიონოვსკოეს“ (ე.წ.დალნაია), „ზუბალოვოს“, „ლიპკის“, „ნოვაია მაცესტის“, „პუზანოვკის“, „რივიერის“, „ბლინოვკის“, „ხოლოდნაია რეჩკის“, „რიწის“, „ახალი ათონის“, „სოხუმის“, „მიუსერის“, „ბორჯომის“, „წყალტუბოს“, „კორეიზის“, „გოლოვინკის“, „ტრაპეზნიკოვოს“, „იავეინაიას“ და „ვალდაის“ აგარაკების კარი მუდმივად ღია იყო დიდი ბელადისთვის.

ზოგიერთი ამ აგარაკთაგანი სტალინს ძალზედ უყვარდა. ზოგიერთ მათგანში კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეკვეთით და პირადად მისთვის იქნა აშენებული (მაგალითად, ვალდაის აგარაკი), სტალინს არასდროს უცხოვრია (არქიტექტორ მერჟანოვის მიერ გაკეთებული ვალდაის აგარაკის პროექტი ასლია სტალინის ყველაზე საყვარელი „ბლიჟნაიას“ აგარაკისა).

სტალინის ცხოვრებაზე გაწეული ხარჯებისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ, რომ „ბელადის გაქანება“ ეგვიპტელი ფარაონისას უფრო წააგავდა, ვიდრე რევოლუციური რომანტიზმით გამსჭვალული ასკეტი მბრძანებლისა. მაგალითად, 1951 წელს სტალინის მხოლოდ ბინაზე და აგარაკზე (არა ზემოთ მოყვანილ ოც აგარაკზე, არამედ იმ აგარაკებზე, სადაც იმ წელს ისვენებდა) დახარჯულ იქნა 26,3 მილიონი მანეთი. და ეს მაშინ, როცა კოლმეურნის საშუალო წლიური ხელფასი გახლდათ 1080 მანეთი. ანუ 1951 წელს სტალინის მარტო ბინების შენახვა სახელმწიფოს დაუჯდა იგივე თანხა, რაც 24 352 კოლმეურნის წლიური ხელფასი!

უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის შევეცდები საფრანგეთის მაგალითი მოვიყვანო: საფრანგეთში წლიური მინიმალური ხელფასი არის 17 600 ევრო. 24 352 ადამიანის მინიმალური წლიური ხელფასი დაახლოებით 429 მილიონი ევრო გამოდის. ეს თანხა დაახლოებით 40 მილიონით ნაკლებია ვიდრე ის ხარჯი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის და პარლამენტარის შენახვაზეა გამოყოფილი (საფრანგეთის პრეზიდენტის, პარლამენტარების, მათი მრჩევლების, მდივნების წლიური ხელფასები, ასევე ამ პოლიტიკოსების ცხოვრების, წარმომადგენლობითი, სამოგზაურო და სხვა უამრავი სახის ხარჯი არ აღემატება წელიწადში 389 მილიონს). ანუ გამოდის, რომ დღეს საფრანგეთის გადამხდელს დაახლოებით 10%-ით ნაკლები უჯდება საკუთარი პრეზიდენტის, პარლამენტის და მათი მომსახურე პერსონალის შენახვა, ვიდრე საბჭოთა მოქალაქეს უჯდებოდა ერთი სტალინის აგარაკების შენახვა.

ასე რომ, მკითხველს წესით არ უნდა გაუკვირდეს იმის აღმოჩენა, რომ ამბავი სტალინ ასკეტზე მორიგი ზღაპარია. ერთადერთი, რაც შეიძლება მკითხველისთვის (ისევე, როგორც ჩემთვის) გასაოცარი იყოს, ისაა, თუ როგორ მოახერხა ჯუღაშვილმა ქართული ზრაპრების მთავარი გმირი გამხდარიყო... ზღაპრებისა სტალინ მხედართმთავარზე, სტალინ ინტელექტუალზე, სტალინ მენეჯერზე, სტალინ მეცნიერზე და ა.შ.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG