Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტელექტუალები და ძალაუფლება


1972 წელს ფრანგულ ჟურნალ L’Arc-ში გამოქვეყნდა იმ დროს ორი ყველაზე ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის ჟილ დელოზისა და მიშელ ფუკოს საუბარი თემაზე – „ინტელექტუალები და ძალაუფლება“. ამ საუბარში ფილოსოფოსების მიერ ჩამოყალიბებული აზრები დასავლეთის ქვეყნებში ინტელექტუალის საზოგადოებრივი ფუნქციის ახლებურად გააზრების მოდელად იქცა, რომელსაც თავისი აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. აქ მიშელ ფუკო პოლიტიზირებული ინტელექტუალის ორ ტიპს გამოყოფს: „შეჩვენებულს“, ანუ რომლის ჩახშობასაც სხვადასხვაგვარი გზებით ცდილობენ ძალაუფლების სტრუქტურები და „სოციალისტს“, ანუ რომელმაც იცის ჭეშმარიტება და შეუძლია იმისი დანახვა და პოლიტიკური გააზრება, რაც სხვებს, ანუ არაინტელექტუალებს არ ძალუძთ.

„ინტელექტუალი სიმართლეს ეუბნებოდა იმათ, ვინც მას ჯერ კიდევ ვერ ხედავდა და ლაპარაკობდა მათი სახელით, ვისაც არ შესწევდა სიმართლის თქმის უნარი: ინტელექტუალობა უდრიდა სინდისზე დამყარებულ შეგნებულობასაც და მჭევრმეტყველებასაც“ – ამბობს ფუკო და იქვე იმასაც ამატებს, რომ სწორედ ეს ფუნქცია დაკარგა თანამედროვე ინტელექტუალმა და თავად იქცა ძალაუფლების ნაწილად, მის ინსტრუმენტად. ასეთ ვითარებაში, თანაც 1968 წლის რევოლუციური მოვლენების ფონზე, ფუკოს ინტელექტუალი რიგით მებრძოლად წარმოუდგენია, რომელიც არა რომელიმე პოლიტიკური მიმართულების სახელით ან დავალებით იბრძვის რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, არამედ თავად ძალაუფლებას უპირისპირდება:

„ბრძოლა ძალაუფლების წინააღმდეგ, ბრძოლა მის გამოსავლენად და შესარყევად იქ, სადაც ის ყველაზე უხილავი და ცბიერია. არა ბრძოლა რაიმეს “შესაგნებად” (უკვე კარგა ხანია, რაც შეგნება როგორც ცოდნა მასების მიერაა ათვისებული, შეგნება როგორც სუბიექტი კი - ბურჟუაზიის მიერაა მითვისებული), არამედ ბრძოლა ძალაუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად და მის ასაღებად – ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამისთვის იბრძვის, და არა განზე დგომით, მათთვის ჭკუის დასარიგებლად.“

1989 წელს კი რუსულ ჟურნალ „ტეატრში“ გამოქვეყნდა მერაბ მამარდაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტერვიუ, რომელსაც სახელად მამარდაშვილისავე ერთი ფრაზა - „ეშმაკი გვათამაშებს, როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთ“ – ეწოდა. მამარდაშვილი ამ ინტერვიუში, ისევე, როგორც მისი სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდის არაერთ საჯარო გამოსვლაში, სწორედ ინტელექტუალთა, ინტელიგენციის მორალური და პროფესიონალური პასუხისმგებლობის თემაზე საუბრობდა. მისი თქმით, „აზროვნების სიზუსტე იმ ადამიანის ზნეობრივი ვალდებულებაა, ვინც აზროვნებასთან ნაზიარებია,“ ანუ ინტელექტუალს, გამომდინარე მისი პროფესიონალიზმიდან, ევალება „ზუსტი“ აზროვნება. ეს სულაც არ ნიშნავს ინტელიგენტისა თუ ინტელექტუალის გამორჩეულობასა და მასებზე აღმატებულებას, არამედ ერთადერთი ინსტანცია, რომელიც მას ავალდებულებს, მისი პროფესიული ეთიკაა. საბჭოთა კავშირის ისტორია კი მას ინტელიგენციის ღალატის მაგალითად მიაჩნდა, როდესაც ინტელექტუალებმა სწორედ საკუთარ პროფესიას უღალატეს და იდეოლოგიის ინსტრუმენტებად იქცნენ.

თუმცა საბჭოთა პერიოდში, მიუხედავად მძიმე იდეოლოგიური წნეხისა, არსებობდნენ არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ ჯგუფები, სკოლები, რომლებიც ყველაზე მძიმე პირობებშიც კი ახერხებდნენ საკუთარი სააზროვნო და შემოქმედებითი ავტონომიურობის შენარჩუნებას და ყოველგვარი დისიდენტობისა თუ იატაკქვეშა საქმიანობის გარეშე, შეფარულად მაინც ანალიზსა და კრიტიკას არსებული სისტემისა. სამაგალითოდ იური ლოტმანის მიერ დაარსებული „ტარტუ-მოსკოვის სკოლად“ წოდებული ჯგუფის გახსენებაც კმარა, რომლის მნიშვნელობა უკვე XX საუკუნის 70-იან წლებშიც ფართოდ გასცდა ლოკალურ-საბჭოთა მასშტაბებს და გასული საუკუნის ჰუმანიტარული აზროვნების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ეს კი იმის მაგალითია, რომ ინტელექტუალს, რომელიც არ ღალატობს საკუთარ პროფესიას და არ უჩნდება სურვილი, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალისა თუ სისტემის სახელით იმოქმედოს, მისი წარმომადგენელი იყოს - მათ შორის „ინტელიგენციის“, როგორც სოციალური ფენის - ყოველთვის, ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი აქვს საშუალება, რომ საკუთარი სუვერენულობა შეინარჩუნოს.

საქართველოში, არც საბჭოთა და არც თანამედროვე, პოსტსაბჭოთა ხანაში ინტელექტუალები, ცალკეული, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არათუ არ ყოფილან სუვერენულები, არამედ მათ არც კი უცდიათ გამიჯვნოდნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, არ ყოფილიყვნენ რომელიმე გავლენიანი ინსტიტუციის კალთებს შეფარებული და მისი ინტერესების გამომხატველი. არ უცდიათ, შეექმნათ საკუთარი ინტელექტუალური გარემო თუ სივრცე, საიდანაც თუნდაც მეტ-ნაკლები მიუკერძოებლობით შესაძლებელი იქნებოდა საზოგადოებრივი ცნობიერების კატასტროფული დეგრადაციისათვის ცოტაოდენი წინააღმდეგობის გაწევა.

სწორედ ინტელექტუალური სივრცის არარსებობამ ჩაუგდო მთელი კულტურული სფერო თანამედროვე საქართველოში ძალაუფლების ორ მთავარ ინსტანციას: პოლიტიკურ ელიტებს და ეკლესიას, რომლებმაც კულტურა მასების ინდოქტრინაციისა და მანიპულაციის იდეოლოგიურ ინსტრუმენტად აქციეს. ასეთ პირობებში პოლიტიკურად აქტიური ინტელექტუალების ფაქტობრივად ერთადერთ ფუნქციად მთავრობისა თუ ოპოზიციის პოლიტიკის ადვოკატობა და მათი ქმედებების ინტელექტუალურ ხარისხში გამოსახვა იქცა. ამით ინტელექტუალი თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური თეოლოგია, რომელიც თავისი რჩეული პოლიტიკური ლიდერისგან მესიას ქმნის, ხოლო მისი მოწინააღმდეგისაგან კი პირსისხლიან ტირანსა და ურჩხულს. ამგვარი „დიალექტიკა“ საბოლოო ჯამში წარმოშობს იმ სტერეოტიპებსა და ცრურწმენა-წარმოდგენებს, რომლებითაც შემოსილები არიან საქართველოს პოლიტიკური ლიდერები.

„პოლიტიკური თეოლოგობის“, ანუ, ერთი პოპულარული ჟარგონით რომ ვთქვათ, „გამპრავებლობის“ შედეგი კი ისაა, რომ როგორც სააკაშვილზე, ასევე ივანიშვილზე მკვიდრდება სრულიად ფანტასტიური წარმოდგენები, რომლებიც მათი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების იდეოლოგიურ სურვილებსა და ფანტაზიებს უფრო გამოხატავენ, ვიდრე რეალობას. ინტელექტი მთლიანად რეალობის დამახინჯებისაკენაა მიმართული და ამით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, ის ბოლოს მხოლოდ თავად ინტელექტუალის რეპრეზენტაციულობის საშუალებაღაა, ანუ ცოდნის ჩვენებით, რომელსაც საუბრის საგანთან თითქმის არანაირი კავშირი არა აქვს, ერთი მხრივ, მოსაუბრის განათლებულობას აჩვენებს, რამაც მის ნალაპარაკებს, რომლისაც შეიძლება თვითონაც არ ჯერა, დამაჯერებლობა უნდა შესძინოს.

მაშინ, როდესაც სააკაშვილის პოლიტიკის დამცველ ინტელექტუალთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო და, გია ნოდიას თუ არ ჩავთვლით, ძირითადად ოდიოზური ფიგურებითღა შემოიფარგლება, ივანიშვილით აღფრთოვანება სულ ახალ სიმაღლეებს იპყრობს და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დღითიდღე ფართოვდება ულტრანაციონალისტური და რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ჯგუფების ხარჯზე, შესაბამისად მისი „პოლიტიკური თეოლოგიის“ მიმართულებაც სულ უფრო მეტად ობსკურანტულ შინაარსებს იძენს. ამ თვალსაზრისით სიმპტომატურია გადაცემა „სუბიექტური აზრის“ უკანასკნელი კვირის გამოშვებები, ხოლო 20 ივლისის გადაცემა, ჩემი აზრით, თვით ქართულ სატელევიზიო მედიაშიც კი ინტელექტუალური უხამსობის ჯერ-ჯერობით უმაღლეს და უკანასკნელ საფეხურად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემთვის პირადად ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ფარსის მთავარი მსახიობია არა გადაცემის ავტორი შალვა რამიშვილი, რომელიც ინტელექტუალობისგან ერთობ შორს იმყოფება, არამედ ზაზა შათირიშვილი.

გადაცემა, რომელიც თაიგული იყო ყველაზე პრიმიტიული ქართული შოვინისტური სტერეოტიპებისა და ცრურწმენების, - დაწყებული არმენოფობიიდან, სრულიად უხამსი ჰომოფობიით დაგვირგვინებული, რომლებიც ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი კოდებისა და ხელოვნურად შეკოწიწებული კონტექსტების მეშვეობით ინტელექტუალური საუბრის ეფექტს ქმნიდა, ნიმუშად გამოდგება იმ მოვლენის დასახასიათებლად, რასაც ინტელექტუალობის თვითდისკრედიტაცია შეიძლება ეწოდოს. ის აგრეთვე ილუსტრაციაცაა იმისა, თუ როგორ ყალბდება რეალობა ინტელექტის შეგნებულად უმართებულოდ და წმინდად პოლიტიკური მიზნებით გამოყენებით. სამაგალითოა მიხეილ სააკაშვილის, როგორც ურჯულოსა და ქართული ტრადიციების მტრის ხატი, რომელიც ზუსტად შეესატყვისება სხვაგვარი ზედსართავებითა და შეფასებითი ტერმინებით გამოხატულ იმ ხატს, რომელსაც პრეზიდენტის მომხრეები ქმნიან: სააკაშვილი, როგორც მოდერნიზატორი და რეფორმატორი, დასავლური და სეკულარული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსი. ამით ორივე მხარე საგულდაგულოდ ჩქმალავს იმ ფაქტს, რომ სწორედ სააკაშვილის მმართველობისას და მისი უშუალო ხელშეწყობით მიაღწია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის არნახულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებას, სწორედ სააკაშვილის პოლიტიკურ რიტორიკაში ავიდა საქართველოსა და ქართველების განსაკუთრებულობისა და სხვებზე აღმატებულობის იდეა ისეთ სიმაღლეებზე, როგორიც მას ზვიად გამსახურდიას მესიანიზმის შემდეგ აღარ ღირსებია.

გადაცემიდან გავიგეთ შემაშფოთებელი ფაქტიც, რომ თურმე სააკაშვილის პოლიტიკური იდეალები რუსეთის იმპერატორი პეტრე I და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი ქემალ ათათურქი ყოფილან. ეს პიროვნებები კი იმითაც გამოირჩევიან ისტორიაში, რომ მათ საკუთარ ხალხს მენტალობა შეუცვალეს. სააკაშვილის გუნდსაც, რომელსაც ქართული ტრადიციები სძულს, ჰქონია ახალი ქართველის შექმნის მცდელობა და რა მივიღეთ? ამ ხანგრძლივად უპასუხოდ დარჩენილ რიტორიკულ კითხვას მოჰყვება ინტელექტუალური ოხუნჯობის მთავარი მარგალიტი, რომელმაც თავისი უხამსობითა და პრიმიტიულობით მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც კი დაჩრდილა. ესაა თანამედროვე ქართველი ინტელექტუალისა თუ არაინტელექტუალის სააზროვნო უნარ-ჩვევების ლაკმუსის ქაღალდი, მაგიური სიტყვა „ელჯიბიტი“ (LGBT), ანუ, უფრო გასაგები ქართულით რომ ვთქვათ, „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ ადამიანთა თემა. „დავკარგეთ აფხაზეთი და მივიღეთ ელჯიბიტი და მისი მოყვარული პრეზიდენტი!“

ამგვარი უკბილობა ისეთივე სააზროვნო სიღატაკის მაჩვენებელია, როგორიცაა სააკაშვილის სიცუდის არგუმენტად მისი სომხობა, და მსმენელში ყველაზე მდარე სახის ქსენოფობური ვნებების გაღვივებისკენაა მიმართული. ზაზა შათირიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ იმავე გადაცემაში საჯაროდაც განაცხადა, რომ მისთვის, როგორც მორწმუნე-ქრისტიანისათვის, თანაც კათოლიკესათვის, მიუღებელია „ელჯიბიტი“. არგუმენტაციის ამგვარი უკანასკნელი ინსტანციის მოხმობით, მართლაც რითი განსხვავდება ფილოსოფოსის განსჯანი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ფანატიკოსის აზროვნებისაგან? მხოლოდ იმით, რომ ზაზა შათირიშვილს ამერიკის უნივერსიტეტებში მეგობარი კოლეგები ჰყავს, თუ კათოლიკეთა რწმენა, რომ სული წმინდა ძისგანაც გამოვალს ავტომატურადვე იმასაც გულისხმობს, რომ ის კათოლიკე ძეებსა და ასულებშიც შევალს?

ერთ ინტერვიუში ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ მას „მეუფე იობისადმი, როგორც პატრიოტი ადამიანისადმი, თანაგრძნობა“ აქვს. თანამედროვე ქართული ობსკურანტიზმის გამორჩეული ლიდერი და შეთქმულებათა წამყვანი თეორეტიკოსი - რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი, რომლის ქადაგებები და მოძღვრებანი არა თეოლოგიის, არამედ ფსიქიატრიის საგანი უფროა, სააკაშვილის ოპოზიციის კოლექტიური მოძღვარია, რაც მხოლოდ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომელიც ვერ ახერხებს სააკაშვილის რეალურ ოპონენტობას და მის ალტერნატივად სხვა ვერაფერი წარმოუდგენია, გარდა შუა საუკუნეების სიბნელისა. ამით კი ოპოზიციაც და მისი ინტელექტუალი იდეოლოგებიც მხოლოდ არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობენ. ინტელექტუალთა ძალაუფლებით ცდუნებისა და მის კალთებში ყოფნისაკენ ლტოლვის შედეგი კი ის დამახინჯებული რეალობაა, რომლითაც მხოლოდ თავად ძალაუფლება (იმისგან დამოუკიდებლად, სამთავრობოა ის თუ ოპოზიციური) სარგებლობს ადამიანების კიდევ უფრო უკეთესად მანიპულაციისათვის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG