Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღე, როცა სტალინის პირველი ძეგლი ჩამოაგდეს


საბჭოთა კომუნისტური იმპერიის უკიდეგანო ტერიტორიაზე ამ ექვსი ათეული წლის წინ განვითარებულ მოვლენებს უცხო დამკვირვებელი შეიძლებოდა საგონებელში ჩაეგდო: 1956 წლის ადრეულ გაზაფხულზე იმპერიის ერთ ნაწილში მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა დესტალინიზაციის გამო, რასაც კრემლმა ტანკებით უპასუხა. იმავე წლის გვიან შემოდგომაზე იმავე იმპერიის (ფართო გაგებით) სხვა ნაწილში მოსახლეობამ დესტალინიზაციის შეჩერებისა და ხელახლა დაწყებული რესტალინიზაციის წინააღმდეგ გაილაშქრა. მოსკოვის პასუხი ამჯერადაც ისეთივე იყო − ტანკები.

თუ 1956 წლის მარტში ახალგაზრდები გვირგვინებით რთავდნენ სტალინის ძეგლს და შავარშიიანი წითელი დროშების ფრიალითა და ლენინ-სტალინის ფოტოებით ხელში თბილისის ქუჩებში დარბოდნენ (ზოგ ფოტოსურათზე კაცი მოლოტოვსა და კაგანოვიჩსაც კი მოჰკრავდა თვალს), ბუდაპეშტში სტუდენტები იკრიბებოდნენ პოეტ შანდორ პეტეფის ქანდაკებასთან და, უნგრელთა სულიერი მამის ლექსების კითხვით შთაგონებულნი, სტალინის ძეგლის დასანგრევად მიეშურებოდნენ. კარდინალურად განსხვავებულ ამ ორ მოვლენას კრემლმა, როგორც უკვე აღვნიშნე, თბილისსა და ბუდაპეშტში ტანკების შეყვანითა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით უპასუხა.

სტალინის ყვავილებით შემკული ძეგლი თბილისში (1956 წლის მარტი)
სტალინის ყვავილებით შემკული ძეგლი თბილისში (1956 წლის მარტი)

თუ სტალინის სიკვდილმა და პარტიის მეოცე ყრილობამ (რომელზეც სტალინის კულტის მეტად შერჩევითი დაგმობა მოხდა), საბჭოთა კავშირში გამოაღო ერთი ციდა სარკმელი, საიდანაც ქვეყანაში გაზაფხულის სუსტი სიო შეიჭრა, კრემლის მიერ ახლად დაპყრობილ უნგრეთში ეს სიო დიდი პოლიტიკური ძვრების მაუწყებელ ქარიშხლად გადაიქცა.

21 ოქტომბერს ბუდაპეშტელ სტუდენტთა მანიფესტაცია გადაიზარდა აჯანყებაში ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დამკვიდრების მოთხოვნით. კომუნისტური უნგრეთის მსახურმა პოლიციამ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა. აჯანყების პირველი „მსხვერპლი“ გახდა იოსებ ჯუღაშვილი, უფრო ზუსტად კი მისი ბრინჯაოში ჩამოსხმული 6,5-ტონიანი და რვამეტრიანი ქანდაკება, რომელიც ათმეტრიან კვარცხლბეკზე იყო წამოჭიმული ბუდაპეშტის ცენტრში.

1956 წლის 23-24 ოქტომბრის ღამეს სტალინის ძეგლის დემონტაჟის თვითმხილველნი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდი სიხარულით იხსენებდნენ ამ სიმბოლურ გამარჯვებას: „სტალინის ძეგლის განადგურება ხუთ საათს გრძელდებოდა. (...) რას არ ვესროდით ამ საზიზღარ ქმნილებას, რომელსაც თავიდან ძვრა ვერ ვუყავით. ეს ბრძოლა ძალიან წააგავდა ლილიპუტების ჭიდილს გულივერთან“ − იხსენებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. „ოცდახუთი თუ ოცდაათი სატვირთო მანქანა მოვიყვანეთ, თოკები გამოვაბით სტალინს და მერე, ერთი-ორი-სამი და... წავიდაააა. მაგრამ სტალინის მაგივრად სატვირთო მანქანების საბარგულები ამოძრავდა“ − იგონებდა ამ ღირსშესანიშნავი აქციის კიდევ ერთი თვითმხილველი. „ასე გაგრძელდა, სანამ ვიღაცას არ მოუვიდა საუცხოო იდეა, ავტოგენით შერკინებოდა სტალინის ჩექმებს. იდეა მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა! (...) საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ: ეს საზიზღარი ქმნილება ძირს დაემხო!“

ის, რაც სტალინის ძეგლისგან დარჩა (ბუდაპეშტი, 1956 წლის ოქტომბერი)
ის, რაც სტალინის ძეგლისგან დარჩა (ბუდაპეშტი, 1956 წლის ოქტომბერი)

ისტორიამ შემოგვინახა მრავალი ფოტოსურათი (და მცირეოდენი კინომასალაც კი), რომლებიც კარგად ასახავს ეიფორიას, ამ სიმბოლური გამარჯვების შემდეგ უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში რომ სუფევდა. თუმცა, ეიფორიას სულ მალე დაესვა წერტილი: ამ ამბის გაგრძელება ბევრად უფრო ტრაგიკული გამოდგა, ვიდრე შვიდი თვით ადრე, საქართველოში განვითარებული მოვლენებისას − 24 ოქტომბერს ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები შეიჭრა და დაიწყო ქუჩის ბრძოლები მოქალაქეებსა და საბჭოთა ჯარს შორის. ორკვირიან ბრძოლებში დაღუპულ ორიათასამდე უნგრელს მოგვიანებით 500-მდე დახვრეტილიც დაემატა. დააპატიმრეს 35 ათასზე მეტი პირი, ათიათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, ხოლო 200 ათასამდე უნგრელმა (ძირითადად ერის ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებმა), ემიგრაციაში წასვლა არჩია.

თბილისსა და ბუდაპეშტში განვითარებულ მოვლენებამდე ერთი საუკუნით ადრე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა დაწერა, ერთი და იგივე მოვლენა ქვეყანას ჯერ ტრაგედიის, ხოლო შემდეგ ფარსის სახით ევლინებაო. 1956 წელს, ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბუდაპეშტში განვითარებული მოვლენების მოწმე რომ გამხდარიყო, ეს ფილოსოფოსი, ალბათ, იტყოდა, რომ ზოგჯერ პირიქითაც ხდება: ანუ მოვლენები ჯერ ფარსის, შემდეგ კი ტრაგედიის სახით ევლინება სამყაროს...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG