Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემამჩნიე, ევროპა!


ის დღე მარტო იმიტომ არ გამხსენებია, რომ გარეთ ცივა და ქარია და ზაფხული მენატრება; მენატრება ის, რომ არც ციოდეს და არც ცხელოდეს და, მაგალითად... იმერეთის ნიავი უბერავდეს.

ზუსტად იმერეთის ნიავი, „გრილი, როგორც...“ მერე როგორ არი? აღარ მახსოვს.

ჰოდა, ზამთრის ამ ცივსა და ქარიან საღამოს ქუთაისი გამახსენდა. მონატრებული ქუთაისი...

ჰო, და ის დღე სწორედაც სიმღერამ გამახსენა. მაგრამ სულ სხვა სიმღერამ და სიმღერაში ნათქვამმა სულ სხვა სიტყვებმა...

ქუთაისში, ბესიკ გაბაშვილის პარკში, ზაფხულის ერთ თბილსა და ჩვეულებრივ საღამოს, სახელდახელო ფიცარნაგი აეგოთ.

„შემამჩნიე ევროპა, ასე უპონტოდ ყოფნა მეყოფა!..“

ამ ფიცარნაგზე ორი ახალგაზრდა კაცი იდგა და ევროპას უმღეროდა.

რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვხვდი იმ დღეს ქუთაისში. ან რამ მიმიყვანა „გორას პარკში“.

ბიჭები იდგნენ და მღეროდნენ მაგრად! გულშიჩამწვდომად. მღეროდნენ ისე, რომ ნელა-ნელა გაქრა გვერდით მდგომი დიდი და ბრჭყვიალა ეშმაკის ბორბალი (პარკია მაინც); ისე, რომ გადაფარა ბავშვების ღრიანცელი და ბორბლის გონდოლებში ადგილებისთვის ბრძოლა; ისე, რომ გაარღვია ქუთაისის მუქი ლურჯი დაბინდული ცა და ავიდა სადღაც. სადღაც, ძალიან შორს, მაგრამ ევროპას მაინც ვერ მისწვდა...

ეს იყო „ჯგუფი 13“ − ირაკლი და თორნიკე კაცაძეები, და კიდევ: გრიგოლ ყიფიანი და რობი სანტირიანი. იმ დღეს ქუთაისში„ინოვაციების ზონის“ პროექტის დახურვა იყო. პროექტს კი ერქვა „ღია ქალაქი“.

მანამდეც მსმენოდა მეგობრებისგან, მაგარ პროექტს აკეთებენ ქუთაისშიო. დისკუსიებიო, აზრთა გაცვლა-გამოცვლაო... რა შეიძლება, ამას ჯობდეს? აზრები, კარგი ხალხი და მუსიკა, თანაც ქუთაისში!..

იმ დღეს ფეისბუკზე ეწერა, Izone გეპატიჟებათ მუსიკალურ ივენთზეო. ჰო, ასე ევროპულად ეწერა. ევროპულ-ქართულად.

ქუთაისისგან „ევროპული“ არ გამკვირვებია.

არც როკი გამკვირვებია ქუთაისისგან...

იმ საღამოსაც, როცა გორას, ანუ ბესიკ გაბაშვილის, პარკში ასასვლელი საბაგირო გზა მოიშალა, ქუთაისური როკის გამობრძმედილი ლომები დინჯად მიუყვებოდნენ ფუნიკულიორის უსასრულო კიბეს.

მაინც ავიდნენ. და ისხდნენ ჯიგრულად, და ბოლომდე. უსმენდნენ სტუმარსა თუ მასპინძელს. ხან ჩაიღიმებდნენ, ხან ცერს შემართავდნენ, ხან − ნეკა თითსა და საჩვენებელს ერთად...

ბიჭები კი იდგნენ ფიცარნაგზე და მღეროდნენ: „შემამჩნიე ევროპა, ასე უპონტოდ ყოფნა მეყოფა!“

მანამდე იმღერა ჩიჩომ. ჩიჩო მაგარია და მიყვარს. ბევრს უყვარს! ჩიჩოს გამოც ღირდა ამხელა გზაზე წამოსვლა.

ისე დაღამდა და ისე გაქრნენ მოჟრიამულე ბავშვები გორას პარკიდან, არც გამიგია. ვერ მოვწყდი ამ ქუთაისურ „ინოვაციებს“. ღია ცის ქვეშ ხომ სულ სხვანაირად ისმინება მუსიკა. ღია ცის ქვეშ, საერთოდ, სხვანაირად ისმის ყველაფერი... თავზე გადგას ქუთაისის სავარდო და სამაისო ცა, ევროპაზე მომღერალი ბიჭების მიღმა კი ჩანს ტაძარი, რომელიც ერთხელ უკვე შეამჩნია ევროპამ, მაგრამ, იმდენი ვქენით, მგონი, ხელიც ჩაიქნია...

„უპონტოდ ყოფნა“ − სიმღერას ერთი სიტყვით შეუძლია ყველაფრის თქმა. „უპონტოდ“ ყოფნა უბედურებაა. ვინმემ უნდა შეგამჩნიოს, ვინმემ ამოგიყვანოს. მაგრამ, ევროპამ რომ შეგამჩნიოს, ამისთვის ჯერ შენმა ქვეყანამ უნდა დაგინახოს.

იმ ღამეს, ქუთაისის გრილი ნიავით შებერტყილ გორაზე, დავფიქრდი „პონტზე“ და „შემჩნევაზე“, იმაზე, რომ, სინამდვილეში, ცოტას თუ უნდა ამ ხალხის დანახვა, ცოტა თუ ცდილობს ამის გაკეთებას; იმაზე, რომ არსებობს ქვეყანა და ხალხი ამ ქვეყანაში, ვისაც „დანახვა“ შეუძლია და ევალება კიდეც; იმაზე, სად არის ეს ხალხი ან საით იყურება.

აქ არიან მარგალიტები. აქ, თელავში, ზუგდიდში, თბილისში, სხვაგან... სადღაც, შემთხვევით მოწყობილ ფიცარნაგზე, ან დიდი ძალისხმევისა და დარწმუნების ფასად გამართულ პატარა ფესტივალებზე. აქ არიან და ელიან, არ კარგავენ იმედს და მოთმინებას, არ ტყდებიან, უკან არ იხევენ. ეგაა, რომ ერთ დღესაც შეიძლება მიხვდნენ, რომ ცხოვრება გავიდა...

„შემამჩნიე ევროპა, ასე უპონტოდ ყოფნა მეყოფა!“ − მღეროდნენ ბიჭები ქუთაისის ბესიკ გაბაშვილის პარკში. მღეროდნენ მთელი გულით და სურვილით. ამ სიმღერამ გაარღვია ქუთაისის დაბინდული, მუქი ლურჯი ცა და ავიდა სადღაც ძალიან შორს, უსასრულობაში...

„ყურადღება! პარკი იკეტება, დატოვეთ ტერიტორია!“ − გაისმა რეპროდუქტორიდან მკაცრი ხმა და მანამდე არ გაჩერდა, სანამ გორას პარკი ბოლო კაცმა არ დატოვა.

წასვლა არ უნდოდათ... მაგრამ გარშემო ბნელოდა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG