Accessibility links

logo-print

6 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა მაუწყებლის რეფორმის გეგმა. მაუწყებლის კრიზისიდან გამოსაყვანად ახალ ხელმძღვანელობას განზრახული აქვს ახალი შენობის მოწყობა და თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, ცხრა რეგიონული ოფისის შეძენა და აღჭურვა, მულტიმედიური საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბება, სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება და ა.შ.

ეს გეგმა არხის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა წინადადების სახით, რომელიც დაინტერესებულმა საზოგადოებამ უნდა განიხილოს და, სასურველია, არა მარტო დაიწუნოს, არამედ განსხვავებული წინადადებებიც გამოთქვას. მაუწყებლის ბედით დაინტერესება მართლაც ძალიან დიდი გამოდგა, რამაც გენერალური დირექტორის მრჩევლის, ჟურნალისტ ია ანთაძის ირონიული შენიშვნაც გამოიწვია. ერთი მხრივ, ანთაძეს „გულით უხარია, რომ „მსოფლიოს ქართველობა ვეღარ ძლებს პირველი და მეორე არხის გადაცემების გარეშე“, მეორე მხრივ კი გული სტკივა, „რომ ჯერ კიდევ 5 თებერვალს „რუსთავს“ და „იმედს“ ცალ-ცალკე ჩვენზე თითქმის 15-ჯერ მეტი მაყურებელი ჰყავდა და პირველი არხის ყურებადობის წილი საერთო სურათში მხოლოდ 1,85% იყო.“ სანამ ზოგად შეფასებაზე გადავიდოდე, იმასაც ვიტყვი, რომ ასეთი მიდგომა თავისთავად გვიჩვენებს, რამდენად შორსაა ახალი ხელმძღვანელობა მაუწყებლის მიზნისა და დანიშნულების გაგებისაგან.

პირადად მე არ ვუყურებ არათუ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ არც „რუსთავი 2“-სა და „იმედს“, არც ARD-ს, BBC-სა თუ CNN-ს, და ინფორმაციის მიღებას ინტერნეტით ვამჯობინებ. მიუხედავად ამისა, ცხადია, არ ვამტკიცებ, რომ ტელევიზია საჭირო არ არის და ვერც იმის უფლებას მივცემ თავს, არ მაინტერესებდეს, იარსებებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი იმისგან დამოუკიდებლად, მომწონს ის თუ არა, ვუყურებ მას თუ არ ვუყურებ.

რატომ არის ასე და რატომ მიმაჩნია საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვნად ყოველი ჩვენგანისთვის (მის მაყურებელთა რიცხვისგან დამოუკიდებლად), ქვემოთ მოგახსენებთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის წინადადებები საკამათოა რამდენიმე კუთხით:

1. არსებული მდგომარეობის ანალიზი, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება მემარჯვენე ლიბერალების ანალიზისაგან: ძირითადი არგუმენტი გვეუბნება, რომ არხი არაკონკურენტუნარიანია, მაყურებელი სხვა არხებს არჩევს. აქედან გამომდინარე, დასკვნაც ძალიან ახლოა მემარჯვენე ლიბერალებთან: არხი უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი. განსხვავებულია მიდგომები: მემარჯვენე ლიბერალები გვეუბნებიან, რომ არხი უნდა გაიყიდოს, არხის ახალი ხელმძღვანელობა კი გვეუბნება, რომ არხის მუშაობა, ფაქტობრივად, უნდა შეჩერდეს ორი წლით, უნდა მოხდეს თანამშრომლების ოპტიმიზაცია (რაც,თუ მიკიბვ-მოუკიბავად ვიტყვით, სამსახურიდან დათხოვნას ნიშნავს), ტექნიკური გადაიარაღება და 2019 წლიდან − ახალი ცხოვრების დაწყება.

რაც შეეხება თანამშრომლების „ოპტიმიზაციას“, მის გამოსახატად გენერალურმა დირექტორმა თუ მისმა მრჩევლებმა ერთობ უცნაური სურათები აირჩიეს: ორი მატარებელი, რომლებსაც თითქოს მაუწყებლის წარმატებული რეფორმა უნდა გამოეხატა, თანამშრომლებისადმი ორიენტალისტური კლიშეებით დატვირთული უკიდურესად ქედმაღლური დამოკიდებულების მაჩვენებელი უფრო გამოდგა.

გახდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენტუნარიანი ამ ყველაფრის შემდეგ, არ ვიცით. პირველი პრობლემა საკუთრივ საკითხის დასმაშია: უნდა იყოს თუ არა საზმაუ კონკურენტუნარიანი საბაზრო კონკურენციის თვალსაზრისით, თუ მისი დანიშნულებაა ყურადღების გამახვილება და გაშუქება სწორედ იმ საკითხებისა, რომლებიც არ არის „რეიტინგული“? ამ შეკითხვაზე საზმაუს ახალ ხელმძღვანელობას პასუხი, როგორც ჩანს, უკვე გაცემული აქვს. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, საზმაუ ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას კერძო არხებს − არათუ დიდებს, არამედ პატარებსაც კი. ბრძოლას, რომელსაც ის იწყებს, დღესვეა წაგებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია არ მდგომარეობს მის კონკურენტუნარიანობაში. ამასვე გვეუბნება კანონი და მაუწყებლის წესდება.

მოდით, კანონშიც ჩავიხედოთ. საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის „პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით შექმნილი საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.“

საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას, მიზნებსა და ამოცანებს თვითონ მაუწყებელი ასე განსაზღვრავს: დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა; საზოგადოებისთვის კულტურული ფასეულობების მიწოდება; საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა; მრავალფეროვნებისა და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა; სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილისთვის ადექვატური ცოდნის მიწოდება მეცნიერების სხვადასხვა დარგში; ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და ა.შ. ეს ყველაფერი საზოგადოებრივ მაუწყებელს მკვეთრად განასხვავებს კერძო მაუწყებლებისაგან, რომელთა ლამის ერთადერთი მისია, მიზანი და ამოცანა კომერციული მოგებაა.

მაინცდამაინც რთული არ უნდა იყოს იმის გაგება, რომ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი პაექრობაში ჩაებმება მოგებაზე მომუშავე ტელევიზიებთან, მას ძალიან მალე მოუწევს უარის თქმა საკუთარ მიზნებსა და ამოცანებზე. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია და მოწოდება საკამათო იყო გენერალური დირექტორისთვის, მისი მხრიდან უფრო კეთილსინდისიერი იქნებოდა, ამის შესახებ თანამდებობის დაკავებამდე ეთქვა და არ გამხდარიყო ისეთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი, რომლის მიზანი სხვებისთვის კონკურენციის გაწევა კი არა, საზოგადოებრივი ინტერესების მრავალმხრივი ასახვაა.

2. დავუშვათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის წინადადებებში მართლაც არის რაციონალური მარცვალი და მაუწყებელს მართლაც სჭირდება რეფორმა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს პოლიტიკური შემადგენელი. არხის ახალი ხელმძღვანელობა არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური. მას ეჭირა და უჭირავს პოლიტიკური მხარე. აქამდეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში თითქმის გარდაუვალია ხელისუფლების ყველა შტოს მისწრაფება მონოპოლიზაციისადმი. მაუწყებლობის ორი წლით „შეჩერება“ (თანაც, უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნების წინ), რაც დახურვის ევფემიზმია, სხვა არაფერია, თუ არა მეოთხე ხელისუფლების მონოპოლიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან იზღუდება სივრცე, სადაც განსხვავებული აზრის არტიკულაცია უნდა ხერხდებოდეს.

XS
SM
MD
LG