Accessibility links

logo-print
ეს ალბათ ყველაზე უხერხული პოსტია, რაც კი დამიწერია (და, იმედია, აწი რასაც დავწერ). უცნაური ამბავია წერილობით დაპირისპირება პოზიციასთან, რომელსაც ბოლო პერიოდის საჯარო დისკუსიებში ჩემი უახლოესი ადამიანი - დედა (ირმა სოხაძე) - იცავს თავის კოლეგებთან ერთად. ნამდვილად არ ვიცი, რა გამომივა ან როგორ იქნება ეს პოსტი აღქმული. მაგრამ თემა ძალიან მაინტერესებს და ამიტომ მაინც გადავწყვიტე დავწერო.

ალბათ მიხვდებოდით რაზეც ვლაპარაკობ - “რუსეთთან კულტურული კავშირების”, უფრო კონკრეტულად კი, მათი “აღდგენის” ამბავზე. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენში ამ თემებზე ღია საუბარი დაიწყო, მე დადებითი მოვლენა მგონია - ცხადია, რომ დისკუსია ყოველთვის სჯობს ცალმხრივ პროპაგანდას და ზედაპირულ ლოზუნგებს. თუმცა, მეჩვენება, რომ ამ მძაფრი ემოციებით და ვინ-უფრო-მაგარი-პატრიოტია სულისკვეთებით გაჟღენთილ საუბრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი რჩება სათანადო ყურადღების მიღმა. და ეს პოსტი სწორედ ამ გარემოებების აქცენტირებას ისახავს მიზნად.


ბაზარი და გულები

ჯერ მარტივ საკითხზე - მსუბუქ შეუსაბამობაზე, რომელიც ძირითადად რუსეთში ტურნეების მოსურნეთა რიტორიკაში იჩენს ხოლმე თავს. ერთი მხრივ, გვესმის მტკიცება, რომ კულტურა მხოლოდ საქმოსნობის ერთ-ერთი ფორმაა - შემოსავლის წყარო, თუ გნებავთ ბიზნესის სახეობა, რომელიც იქით მიილტვის, სადაც “ბაზარი” და “მყიდველი” ეგულება. მეორე მხრივ კი, ვისმენთ რომანტიკულ განცხადებებს კულტურის ექსპორტის გზით საზოგადოებების დაახლოების და “რუსეთის აუდიტორიის გულების გათბობის” თაობაზე. ეს პოზიციები ერთმანეთთან აშკარა შეუსაბამობაში მოდის - “ჩვეულებრივი” საქმოსნობით, მაგალითად, რუსეთის ბაზრებზე ციტრუსების ან მინერალური წყლის გატანით დაკავებულ ხალხს თავში არასოდეს მოუვა იმის თქმა, ამით ვინმეს გულებს გავუთბობ ან სახალხო დიპლომატიას გავაჩაღებო. ეს შეუსაბამობა კი, ჩემი აზრით, ორ რამეს ამტკიცებს: (1) კულტურის და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან რთულია; (2) კულტურა არ წარმოადგენს “ჩვეულებრივ ბიზნესს” და მისი აღქმა თუ გავრცელებაც მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო კანონებს.

მეტიც - “კულტურა” არც მხოლოდ ცალკეული საგნების თუ ტექსტების ნაკრებია, იქნება ეს რომანი, ნახატი, სიმღერა თუ რომელიმე ვოკალურ-ინსტრუმენტული კოლექტივი. საქმე ბევრად უფრო ფართო ცნებასთან გვაქვს - განცდებთან, ემოციებთან, აზრებთან და შეხედულებებთან დაკავშირებულ პროცესთან. სივრცესთან, რომლის მთავარ დანიშნულებასაც მნიშვნელობების წარმოქმნა და მინიჭება წარმოადგენს საგნებისთვის თუ პროცესებისთვის. სწორედ კულტურა გვაძლევს გარემოს აღსაქმელად საჭირო კოდებს თუ სიმბოლოებს. კულტურა ქმნის იმ კონტექსტებს, რომლებიც მოვლენების ინტერპრეტაციისთვის არის აუცილებელი.

და სირთულეც, ჩემი აზრით, ზუსტად აქ იჩენს თავს. საქართველოსა და რუსეთს შორის “კულტურულ კავშირებს” მდიდარი კონტექსტი, თუ გნებავთ, თავისი “კულტურა” აქვს, რომელიც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ისტორიულ პროცესებთან - იქნება ეს საქართველოზე რუსული იმპერიული დომინაცია თუ საბჭოთა სივრცეში მოქმედი ძალაუფლების სტრუქტურები. სხვა კონტექსტი, სხვა მნიშვნელობები ან სხვა “დისკურსი” არ არსებობს - პოსტსაბჭოთა ოცწლეულს ამ მხრივ თვისებრივი გარღვევა არ მოუტანია. დღევანდელი, ენთუზიაზმით წამოწყებული კავშირების “აღდგენის” მთავარი პრობლემაც სწორედ ის არის, რომ სიახლეს ვერც ის გვთავაზობს წარსულის ან, მით უფრო, აწმყოს ასახვის, ან შეფასების თვალსაზრისით. ქართული ფოლკლორული წარმოდგენის კრემლის დარბაზში შესრულება ან “სულიკოს”, “თბილისოს” თუ რუსული რომანსების სიმღერა პირველ რიგში სწორედ ამ, უკვე დამკვიდრებულ კოდებს გაააქტიურებს - აუდიტორიის გამთბარი გულებიდან ბევრში ძველი, საბჭოთა დროის ნოსტალგიას გააღვივებს და მორიგ ჯერზე გამოიხმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური დომინაციის შემნიღბავ, დახავსებულ და ტრაფარეტულ მითებს “ორი ერის ძველი ძმობისა და მეგობრობის” შესახებ.

ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ნოსტალგიური კონტექსტი ავტომატურად გარდაუვალია ქართველი არტისტების ყველა გამოსვლისთვის რუსეთში. მაგრამ ახალი მნიშვნელობების დამკვიდრება ალბათ ახლებური კულტურული ფორმებით იქნება შესაძლებელი. “ვოლშებნოე მნოგოგოლოსიე ი ოგონ გრუზინსკოგო ტანცა” - როგორც ანსამბლ “რუსთავის” საგასტროლო აფიშაზე ვკითხულობთ - რამდენადაც შესანიშნავია, იმდენადვე ჯდება იმპერიულ სტერეოტიპში, რომელიც საქართველოს წარმოსახავს ეთნიკურ, ეგზოტიკურ, დროში გაყინულ და ტრადიციულ სანახაობად. ძველი კულტურული კოდების შესაცვლელად კი ალბათ ცოტა სხვა რამ არის საჭირო - უფრო ახლებური, უფრო უჩვეულო და, თუ გნებავთ, უფრო “პოლიტიკური” ხელოვნება. გამოხატვის ფორმები, რომლებიც ოდნავ მაინც აირეკლავს დღევანდელ დღეს და ვითარებას. არა იმიტომ, რომ, როგორც გვარწმუნებენ, რუსეთს უნდა “დავუმტკიცოთ”, ამ წლების განმავლობაში როგორ საოცრად განვვითარდით, არამედ იმის გამო, რომ ეს, უბრალოდ, უფრო ადეკვატური იქნება, თუკი მართლა გვსურს წარსულზე რეფლექსია და, მით უფრო, სამომავლო ურთიერთობებზე ორიენტირება.

მაგრამ ეს, სამწუხაროდ, უიმედო ამბავს ჰგავს. ახლებური კონტექსტების შემქმნელი ან ახალი მნიშვნელობების წარმომშობი კულტურული ფორმები საექსპორტოდ კი არა, ჩვენივე, შიდა მოხმარებისთვის წარმოადგენს ძალიან დიდ დეფიციტს. აგერ ქართული “ალტერნატიული” პოეზიის სიმბოლო, ლამის ქართველ ბიტ-პოეტად მიჩნეული ბატონი კოტე ყუბანეიშვილი, ყველაზე მდარე და გაცვეთილ სნობიზმს ვერ სცდება და დღევანდელი ვითარების მოკლე აღწერას ასე გვთავაზობს - “ვაკელებს პროლეტარები ებრძვიან”. (ერთადერთი, მგონი, “ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრია” ის იშვიათი პროექტი, რომელიც ნამდვილად ატარებს კონტრკულტურულ იმპულსს. თუმცა ჯერჯერობით საკმაოდ ლოკალურს.) აღარაფერს ვამბობ სუფთად პოლიტიკური მესიჯების მატარებელ პრაქტიკებზე, რომლებიც, როგორც “არა-ოკუპაციას” ლოზუნგის ქვეშ ახლახან ჩატარებულმა კულტურულმა აქციამ კიდევ ერთხელ ზედმიწევნით ნათლად გვაჩვენა, ვერა და ვერ სცდება პათეტიკაშერეულ, ლოზუნგურ და სალონურ სულისკვეთებას. ამიტომაც - ბევრი რომ არ გავაგრძელო - პირადად მე ეს კულტურული ურთიერთობების “აღდგენის” კამპანია უმეტესწილად ნოსტალგიით გაჟღენთილი ამბავი მგონია, რომელმაც ყველაზე დიდი იმის მიღწევა შეძლოს, რომ დღევანდელობის კულტურული გამოწვევები და, მით უფრო, პოლიტიკური პრობლემები “ძველი მეგობრობის” დამტკბარი და ილუზორული ფასადით შენიღბოს. ეს არის და ეს.


ართქმული ამბები

თუმცა, როგორც რუსული ანდაზა გვასწავლის, “ნეტ ხუდა ბეზ დობრა” (ან “ვ კაჟდოი შუტკე დოლია პრავდი”, ვერ გადავწყვიტე რომელი უფრო უპრიანი იქნება). ჩემი აზრით, რუსეთთან კულტურული კავშირების შესახებ ჩვენში გაჩაღებული ეს დისკუსია შეიძლება, რომ ღირებული გამოდგეს, თუკი მოვახერხებთ მორალიზმის და ემოციების მიღმა გასვლას და უფრო სიღრმისეული თუ უფრო რაციონალური ტონალობის მიგნებას. მე უკვე დიდი ხანია მეჩვენება, რომ რუსეთზე და მასთან საქართველოს კავშირებზე დისკუსიებში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი რჩება თითქმის უთქმელი. არადა მათ შესახებ მსჯელობის დაწყება საინტერესო უნდა იყოს.

პირველ რიგში ალბათ იმის აღიარება, - თან, ვიმეორებ, მშვიდად აღიარება, - რომ მოსკოვთან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური თუ სამხედრო კონფლიქტების მიუხედავად, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილის თვალში - “ინტელიგენციის” მიღმაც - “რუსეთი” ბევრად უფრო ახლობელ სივრცეს თუ იდეას წარმოადგენს, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა თუ კულტურა. კი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. მაგრამ ეს ამბავი ერწყმის რუსეთთან კულტურული სიახლოვის განცდას. ცხადია, რომ აქ თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც თაობების, ისე სოციალური კლასის საკითხი - ახალგაზრდებს, მით უმეტეს მათ, ვისაც მშობლებმა საკმარისი კულტურული ან ეკონომიკური კაპიტალი მისცეს დასავლეთში სწავლისთვის და მოგზაურობისთვის, ეს განცდა ნაკლებად აქვთ. მაგრამ ზოგადად მგონი აშკარაა, რომ “უცხოს”, თუ “სხვას” - და, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში “ქართულ ეროვნულობას დამუქრებულ მტერსაც” კი - ჩვენს კოლექტიურ წარმოსახვით სივრცეში, მაგალითად, თურქეთი ან თუნდაც “დასავლეთი” უფრო წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი.

ამას ბევრი მიზეზი აქვს - მათ შორის ყველაზე მარტივი ალბათ ის, რომ ორასწლოვანი კულტურული, ენობრივი თუ სხვა სახის კავშირის გაწყვეტა ადვილი არ არის, რაც უნდა მწვავე იყოს პოლიტიკური ფონი. უფრო კონკრეტულად კი, ჩემი აზრით, ეს დიდწილად არის იმ გარემოების შედეგი, რომ ჩვენს კულტურულ სივრცეში მოქმედი ალბათ ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი - მართლმადიდებელი ეკლესია - სწორედ რუსულ სივრცესთან ინარჩუნებს ახლო კავშირს.

ახლა არ ვსაუბრობ ილია მეორის მოსკოვში ვიზიტებზე. არც მის განცხადებებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ძმურ ურთიერთობებებში „ვიღაცის“ შურის გამო ხელოვნურად გაჩენილი მტრობის ან მისი აღმატებულება ვლადიმირ პუტინის სიბრძნის თუ სითბოს შესახებ (ისე კი ამაზე ალბათ ცალკე წერილი შეიძლება დაიწეროს. მაგალითად, იმის ანალიზი, თუ რა გამოდის, როცა ერთი მხრივ ვამბობთ, რომ “ის, რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი - ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი”. მეორე მხრივ კი, პუტინს “ბრძენ პიროვნებად” ვაცხადებთ). არც ამ ტენდენციის უკიდურესად გროტესკულ გამოვლინებებზე ვწერ - მაგალითად, მეუფე იობის ეპარქიის გამოცემა „ქვაკუთხედში“ დაბეჭდილ, სკანდალურად ცნობილ მეტაფორაზე, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯარის მიერ აღმართული ბლოკ-პოსტები “ზეციური მარწუხები” იყო, რომლებსაც საქართველოს დასავლეთისკენ სვლა უნდა დაებრკოლებინა. მხედველობაში ბევრად უფრო ზოგადი სურათი მაქვს - რომ ეკლესიის სახით, საქმე გვაქვს დიდწილად იზოლაციონისტურ ინსტიტუტთან (როგორც ვიცით, საქართველოს ეკლესია ოფიციალურად გამოსულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდანაც და ევროპის ეკლესიათა კონფერენციიდანაც), რომელიც ანტიდასავლური - ან, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის მიმართ მძაფრი სკეფსისით განმსჭვალული - პოზიციებით გამოირჩევა, მართლმადიდებელ სამყაროში კი სიახლოვე - ისტორიიდან გამომდინარე - რუსულ სივრცესთან აქვს.


მთავარი არდასმული შეკითხვა

აქ კი მივადექით მთავარ შეკითხვას, რომელიც ჩვენს რეალობაში ძალიან აშკარად დგას - მაგრამ რომელსაც ჯიუტად ვარიდებთ თავს მთელი ამ წლების განმავლობაში. მაინც როგორ შეესაბამება ერთმანეთს ერთი მხრივ პოლიტიკურად დეკლარირებული და მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი პროდასავლური ორიენტაცია, მეორე მხრივ კი ის ფაქტი, რომ ინსტიტუტი, რომელსაც, უკლებლივ ყველა გამოკითხვით, მოსახლეობა ყველაზე დიდ ნდობას უცხადებს, დასავლეთს ხშირად გამოსახავს მორალური მანკიერების წყაროდ - დენაციონალიზებულ სივრცედ, რომელიც ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულობას ემუქრება? არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რომელსაც - კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - ემოციების, ურაპატრიოტიზმის, მორალიზმის და ქედმაღლური „ზაპადნიკობის“ გარეშე სჭირდება განსჯა. პირადად მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თუმცა ველი, რომ ამაზე ჩემზე კომპეტენტური ხალხი - ინტელექტუალები, ექსპერტები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები და სოციოლოგები - დაიწყებს ლაპარაკს.

სასაუბრო კი მართლაც ბევრია. მაგალითად, კიდევ ერთი შეკითხვა - რამდენად არის განპირობებული ჩვენს რეალობაში არსებული ქსენოფობიური, ანტილიბერალური და ანტიდასავლური განწყობები სწორედ რუსეთის საეკლესიო სივრცესთან სიახლოვით? ისტორიულ ასპექტებს თავი დავანებოთ - იქნება ეს დიდწილად რელიგიით ნასაზრდოები რუსული მესიანიზმი თუ ერეტიკოს ევროპასთან დაპირისპირებული მოსკოვის, როგორც “მესამე და უკანასკნელი რომის”, მეტაფორა. დღევანდელობის მაგალითიც საკმარისია - რუსეთის საეკლესიო წრეებში კვლავაც უხვად შეხვდებით სენტიმენტს, რომ “უცხოელი დემონები” ებრძვიან “წმინდა რუსეთს”. რუსეთის პატრიარქი ლიბერალიზმს მსოფლიო ბოროტებას ადარებს და აცხადებს, რომ ის კოლაფსს და აპოკალიფსს მოიტანს. ამასთან, როგორც ალბათ ისტორიის ყველა ეტაპზე - საბჭოთა ეპოქის ჩათვლით - რუსეთის ეკლესია კვლავ სახელმწიფოს სამსახურში დგას და დასავლეთთან კრემლის იდეოლოგიურ დაპირისპირებასაც უმაგრებს ზურგს. ეს დაპირისპირება კი, მოგეხსენებათ, სხვა ბევრ ასპექტთან ერთად, დღეს უკვე “პუტინის დოქტრინად” წოდებულ პოლიტიკას მოიცავს - იმ გეოსტრატეგიული მდგომარეობის მაქსიმალურად აღდგენას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად იქნა დაკარგული.

ჩვენში ბოლო პერიოდში დაწყებულ დისკუსიას თეორიულად შეუძლია ბიძგი მისცეს ამ კითხვებზე მსჯელობას. ოღონდ საამისოდ ისტერიული ფონის გადალახვაა საჭირო. სანამ ერთნი „რუსეთთან კოლაბორაციონისტების და სამშობლოს მოღალატეების“ მხილებით არიან დაკავებულნი, მეორეებს კი ყველგან „ეკლესიის და პატრიარქის მტრები“ ელანდებათ, ამ დისკუსიიდან არაფერი გამოვა. ასე დავრჩებით - იმის განხილვაში, გაათბობს თუ ვერ გაათბობს გულებს „ოგონ გრუზინსკოგო ტანცა“ და მაინც რას იზამს ეს სითბო რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“ ილუზორულ პროცესში...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG