Accessibility links

logo-print
თავდაპირველი, ეიფორიული და გულუბრყვილო ენთუზიაზმი მალევე ჩაქრა. ფრაზამ “რა ბედნიერება და როგორი დემოკრატიაა, რომ გულწრფელი პრემიერი მედიას პირადად და ხშირად ხვდება - აბა სააკაშვილი ხომ არასოდეს იზამდა ამას” - სწრაფად შეიძინა უხერხული ელფერი ივანიშვილის დიდაქტიკური ტონის, გაღიზიანებული განწყობის და ჟურნალისტებისთვის თითის ქნევის გამო. უხერხულობის განეიტრალება ოდნავ შეცვლილი ფრაზებით სცადეს, მაგალითად - “მაინც ბედნიერება და დემოკრატიაა, რომ პრემიერის დაწუნებულ ჟურნალისტებს არ ავიწროვებენ და არ აშანტაჟებენ - აბა სააკაშვილის დროს ხომ ვერ გადაურჩებოდნენ ამას”. მაგრამ ივანიშვილის და მედიის მუშაკების ამ ეტაპისთვის ბოლო შეხვედრამ - დიდაქტიკასთან ერთად უკვე შეურაცხყოფამ, ჟურნალისტებისთვის “ფოსტალიონების”, “დაგოიმებულების” და “მიშას მონატრებულების” წოდებამ - საბოლოოდ გაართულა საქმე. აშკარა გახდა, რომ ამას დემოკრატიასთან ბევრი არაფერი აქვს საერთო. პირიქით - ეს შეხვედრები ძალიან დაემსგავსა უფროსთან, “დირექტორთან” ანგარიშის ჩასაბარებლად და თავის სამართლებლად მისული ქვეშევრდომების სცენებს. თანაც ბრაზიან და ავტორიტარ უფროსთან, რომელიც, მართალია, ამბობს, რომ სურს მედია ხელისუფლების მიმართ “კრიტიკული” იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ იმ ფორმით, რომელიც მისთვის იქნება მისაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტი საჯაროდ და მკაცრად გაიკიცხება, რათა მომავალში უფრო ფრთხილად მოიქცეს.

დიახ, დემოკრატიასთან ამას მართლაც არაფერი აქვს საერთო. განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში ჟურნალისტებთან ასეთი ფორმით, ტონით და სიტყვებით მოლაპარაკე ხელისუფალი ზედმიწევნით რთული წარმოსადგენია. ჩვენთან კი, როგორც ვხედავთ, ამან რეგულარული ხასიათი მიიღო და ლამისაა ახალ ტრადიციად ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, მგონი დადგა დრო, გავცდეთ ზედაპირულ შეფასებებს თუ მიჯირყვნა-მიჭირხვნის თემაზე დაძაბულ ხუმრობას და რამდენიმე არცთუ მარტივი კითხვის დასმა ვცადოთ. მაგალითად, რას გვეუბნება ეს შეხვედრები ძალაუფლების იმ ზოგად დინამიკაზე, რომელიც ჩვენს რეალობაში განსაზღვრავს სახელმწიფოს და მედიის ურთიერთმიმართებას? რეალურად, რამდენადაა დაძლეული საბჭოთა ავტორიტარიზმის ინერცია? მაინც რამდენად შორსაა ქართული მედია მისი მთავარი, დემოკრატიული ფუნქციებისგან - ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლისგან და საზოგადოების კეთილსინდისიერად ინფორმირებისგან?

ამ და მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა კი ალბათ ერთი ზოგადი აღიარებით უნდა დავიწყოთ: ის, რომ დღეს საქართველოში ხელისუფალს მედიასთან ასეთი ტონით და სიტყვებით შეუძლია ლაპარაკი, პირველ რიგში თავად მედიის “ბრალია”. უფრო სწორად, იმის ბრალი, რომ მედიას ჩვენს ქვეყანაში არ მოუპოვებია ის დამოუკიდებელი, ინსტიტუციური ფუნქცია, რომელიც პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის აუცილებელ დისტანციას გააჩენდა და პოლიტიკური ლიდერის მხრიდან ასე მოქცევას უბრალოდ სტრუქტურულად გახდიდა შეუძლებელს. მედიის თეორიის თითქმის ყველა სახელმძღვანელოს შესავალშივე ამოიკითხავთ მარტივ ჭეშმარიტებას - დემოკრატიულ წყობაში მედია პოლიტიკური კლასისგან განცალკევებით ფუნქციონირებს და ძალაუფლებასაც დამოუკიდებლად ფლობს. ჩვენ კი აქამდე ძალიან ბევრი გვაკლია.

მთავარი პრობლემა ზედაპირზე დევს და მედიის მფლობელების თემას უკავშირდება - როგორც ვიცით, გავლენიან მედიას ჩვენში, როგორც წესი, ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი ან პოლიტიკური ამბიციების მქონე პირები ფლობდნენ. თუმცა დღევანდელი მანკიერი ვითარება, პოლიტეკონომიურის გარდა, კულტურულ განზომილებასაც მოიცავს: საბჭოთა პოლიტიკური კულტურისგან მემკვიდრეობით მიღებული, ავტორიტარული ინსტინქტებისგან სრულად გადაჩვევის შეუძლებლობას. პოლიტიკოსებისგან დისტანცირების ნაცვლად, მედია - ყოველ შემთხვაში, გავლენიანი, სამაუწყებლო მედია - პოლიტიკური ელიტების დანამატად, მათი ძალაუფლების “გამტარად” დარჩა და, საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკოსების ხელში ბრმა და მავნებლურ იარაღადაც გვევლინებოდა ხოლმე. დაახლოებით ისევე, როგორც ეს „ვრემიასა“ და „ახალგაზრდა კომუნისტის“ ძველ და ტკბილ დროს იყო.

ეს ვითარება მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნდა. წარსულს თუ შევყევით, ძალიან შორს წავალთ. მაგრამ შევარდნაძის პერიოდის სულ მცირე ორი ტელემარგალიტის, ვალერი ასათიანის შესახებ რუსთავი 2-ზე შეთითხნილი ფანტასმაგორიული ბრალდებების და პირველ არხზე ელდარ შენგელაიაზე ჟურნალისტების მხრიდან გაერთიანებული ძალებით თავდასხმის არგახსენება მაინც არ შეიძლება. თუმცა ეს ყველაფერი, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ „ჟურნალი“ იყო. მდგომარეობა თვისებრივად დამძიმდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში. სადღაც 2007 წლის ნოემბრიდან პოლიტიკური კლასის სამსახურში ჩამდგარი მედიის სამოქმედო არსენალში უკვე ცალსახად არაეთიკური და, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ბინძური მეთოდებიც შევიდა. რომელი ერთი გავიხსენო? ტელეარხების მიერ ფარული ჩანაწერების ეთერში გამოჭენების მდიდარი ტრადიცია; წმინდად საბჭოთა სულისკვეთების ფილმი “ნოემბრიდან ნოემბრამდე”; მასობრივი ტერორის გამომწვევი “მოდელირებული ქრონიკა”; შტატივზე მომლოდინე კამერით გადაღებული ხურჩის დადგმული ტერაქტი; პოლიციაში დაღუპული სოლომონ ქიმერიძის ამბის სამი წამყვანი ტელეარხის (იმედის, რუსთავის 2-ის და საზოგადოებრივის) მიერ სიტყვასიტყვით იდენტური, პროპაგანდისტული გაშუქება; თუ წელს, თებერვალში, ჯერ რუსთავი 2-ის და შემდეგ სხვა ტელეარხების მიერ ბუტა რობაქიძის მკვლელობის უმძიმესი ვიდეომასალის ტირაჟირება. სისხლით მოთხვრილი ახალგაზრდის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველი კადრების დილიდან ღამემდე ტრიალი, რაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა - როგორმე მკვლელობის იმ ვერსიის გამყარებას, რომელიც წინა ხელისუფლებისთვის იქნებოდა ხელსაყრელი.

ლამის ნაცმოძრაობის მომსახურე პერსონალად ქცეული ტელევიზიების მიერ დამკვიდრებული ზოგიერთი ეს “ნორმა”, თავის მხრივ, მრუდე სარკესავით აისახებოდა სხვა, შედარებით ნაკლებად გავლენიან მედიასაშუალებებში, რომლებიც თავს “დამოუკიდებელ” და “მიუკერძოებელ” მედიად წარმოაჩენდნენ, მაგრამ, როგორც წესი, ისინიც პოლიტიკური კლასის, ოღონდ უკვე ოპოზიციურის, ინტერესების სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. ცალმხრივობას და აუდიტორიის მანიპულაციის სურვილს მედიის ამ ნაწილთანაც ვხვდებოდით, თუმცა, ცხადია, ვერაფერი გაუტოლდებოდა “მოდელირებული ქრონიკის” გრანდიოზული უსინდისობის მასშტაბს.

გასახსენებელი აქაც ბევრია - დაწყებული ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტით, “ციხის კადრების” საჯაროზე გამოტანის მომენტით. რამდენადაც კარგად უნდა გვესმოდეს არგუმენტი, რომ ამ კადრების მოპოვებისთანავე გასაჯაროება პოლიტიკური დევნის გაძლიერების და უფრო მეტი ადამიანის დაპატიმრების გარდა სხვა შედეგს არ მოიტანდა, უსიამოვნო განცდას მაინც ყოველთვის შექმნის იმის გააზრება, რომ ამ საზარელი დანაშაულის ამსახველი მასალა ვიღაცებს თაროზე ჰქონდათ შემოდებული და, “მეცხრე არხის” მეშვეობით, ადამიანთა წამება წინასაარჩევნო პოლიტიკურ იარაღად გადააქციეს. მაგრამ ესეც იქით იყოს, ყოფილი ოპოზიციური მედიის ქმედებებიდან კიდევ უფრო ერთმნიშვნელოვნად პროპაგანდისტული ნაბიჯებიც გვახსოვს. თუნდაც შარშანდელი არჩევნების წინა ღამის დამზაფვრელი ტელეეთერი რად ღირდა - კახეთიდან პირდაპირი რეპორტაჟები, ადამიანის თვალისთვის ერთ-ერთი ყველაზე თავზარდამცემი სურათის, ჩვილი ბავშვის გვამის, ბევრჯერ და დიდხანს ჩვენება და ხელაღებული, ისტერიული და დაუსაბუთებელი განცხადებები, რომ ბავშვის დახრჩობა ნაცმოძრაობის კისერზე იყო.

ცხადია, პოლიტიკური კლასის ხელში ბრმა იარაღად ყოფნის ფუნქცია მთელ მედიაზე და ყველა ჟურნალისტზე არ ვრცელდებოდა. გამონაკლისებიც იყო - ამორალობის ფსკერზე დაშვებული “რეალტივის” ფონზე “ნეტგაზეთიც” გამოდიოდა, “ალისტრახოთა” მავნებლობის პარალელურად კი საგამოძიებო სტუდია “მონიტორიც” მუშაობდა. მაგრამ პროფესიონალიზმის ეს და სხვა იშვიათი გამონათებები მთლიან, სტუქტურულ პრობლემას ვერ ჭრიდა. გავლენიანი მედიასაშუალებები იმდენად მჭიდროდ იყვნენ გადაბმული პოლიტიკურ ელიტებთან, - და, ცხადია, ამ ელიტებთან ალიანსში მყოფ ბიზნეს-წრეებთან, - რომ “მედია”, როგორც დამოუკიდებელი და პოლიტიკური კლასისგან განცალკევებით მოქმედი ინსტიტუტი, ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ ვერ შედგა.

ამ სტრუქტურულ პრობლემებს კიდევ სხვა, პიკანტურ განზომილებას მატებდა “კულისებსმიღმა” დინამიკა - ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს შორის არაფორმალური, არაინსტიტუციური და ხშირად ქარაფშუტული ურთიერთობები. ერთობლივი მოგზაურობები, კოქტეილები, სადილები, „ჩოხა-ფართები“ და „შლაპა-ფართები“. აღარაფერს ვამბობ ვულგარულობის და სიტუტუცის მწვერვალ “მას-მოდაზე” – წელიწადში ერთხელ მოდელებად გადაქცეულ ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსების წინაშე, პოდიუმზე, კეკლუცად ყელმოღერებულები რომ გადი-გამოდიოდნენ და “შპილკა” ქუსლებით მოხდენილად უთხრიდნენ ძირს პროფესიულ ღირსებას თუ ჟურნალისტიკის ყველა სტანდარტს.

სწორედ ამ ფაქტორებმა ერთობლივად შექმნა ჩვენი დღევანდელი ვითარება, სადაც მედია პოლიტიკური კლასის დაქვემდებარებულ ინსტიტუციად გვევლინება, როგორც სტრუქტურული, ისე სიმბოლური თვალსაზრისით. და სწორედ ეს ვითარება ხდის შესაძლებელს სცენარს, რომელშიც ხელისუფალი - ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი - მედიას დირექტორის პოზიციიდან ელაპარაკება, თითს უქნევს და შეურაცხყოფის მიყენებასაც არ ერიდება. მკაფიოდ უნდა ვთქვათ: ის, რაც ჩვენს მედიაში წლების განმავლობაში ხდებოდა, მნიშვნელოვნად სცილდებოდა პოლიტიკოსთა “გავლენებს” ან ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ სარედაქციო სიმპათიას, როგორც ამას, მაგალითად, მომავალი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი გვიმტკიცებდა ხოლმე. “რომელიღაც არხებში მეტი გავლენა იყო მთავრობის და რომელიღაცაში არა, ეს არის პლურალიზმი... მერე აუდიტორიამ უნდა განსაჯოს, რომელი არხი უნდა, იმის მიხედვით, თუ მისი პოლიტიკური გემოვნება როგორია,” - წარბშეუხრელად მსჯელობდა ის გადაცემაში “აქცენტები” რამდენიმე თვის წინ. სინამდვილეში საქმე „პლურალიზმთან“ კი არა, მედიის თითქმის აბსოლუტურ ინსტუმენტალიზაციასთან, მის ბლაგვ იარაღად გამოყენებასთან გვქონდა, პოლიტიკოსების მიერ ძალაუფლების მოპოვება-გამყარების მიზნით წარმოებულ, კვაზიმაკიაველისტურ და ხშირად ამორალურ ბრძოლაში.

აქვე კიდევ ერთ ასპექტსაც უნდა შევეხოთ - იმ არასწორ და არაკეთილსინდისიერ არგუმენტს, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული მედია პრობლემას არ წარმოადგენს და რომ დასავლეთში, კერძოდ, „ამერიკაშიც ასეა“. კი, ამერიკაში, მაგალითად, ტელეარხი Fox News-ი მკაფიოდ მემარჯვენე პოზიციებზე დგას და მკაცრად კონსერვატორი მიმომხილველების მოსაზრებებს უთმობს ეთერს; MSNBC კი პირიქით, ლიბერალური ორიენტაციისაა და მეტ-ნაკლებად მემარცხენე შეფერილობის ჟურნალისტურ კომენტარს გადასცემს. მაგრამ ამგვარი მედიაპოლიტიკის არსებობის პარალელურად, მეინსტრიმული ჟურნალისტიკის მთავარ მოვალეობად დასავლეთში მაინც სარედაქციო ნეიტრალობა და პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან დისტანცირება ითვლება. და, რაც მთავარია, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც უნდა ჰქონდეს, დასავლეთში, საქართველოსგან განსხვავებით, მედია “მედიად” რჩება და არა პოლიტიკოსების ხელში არსებულ იარაღად. იქ, სადაც მედია პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, დამოუკიდებელ ინსტიტუტს წარმოადგენს და არა პოლიტიკოსთა ძალაუფლების “დამატებას”, არ მოხდება მოდელირებული ტელეომები და ტელე-ტერაქტები. იქ ვერ ჩამოყალიბდება ისეთი მანკიერი მედიარეალობა, რომელსაც ჩვენ მიგვაჩვიეს.

ამიტომაც დღეს - პოლიტიკური და კულტურული რეალობის განახლებასთან ერთად - ჩვენი, ჟურნალისტების მთავარი ამოცანა სწორედ ამ მანკიერებისგან „გადაჩვევა“ უნდა იყოს. პოლიტიკურ კლასთან მიმართებით იმ დაქვემდებარებული როლის გადალახვა, რომელიც ათწლეულების მანძილზე განსაზღვრავდა მედიის ფუნქციას - როგორც საბჭოთა, ისე პოსტ-საბჭოთა პერიოდში.

ეს არ იქნება ადვილი. ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი ჟურნალისტური ჩვევები და ინსტინქტები ღრმა კულტურულ კოდებადაა დალექილი და უამრავი ფორმით იჩენს თავს. აგერ შევარდნაძის პერიოდის ჟურნალისტური ტრადიციის ვარსკვლავის და ამჟამად მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, კოკა ყანდიაშვილის წარმოდგენით, კარგი მედია ის მედია ყოფილა, რომლის სარედაქციო პრიორიტეტებს შორის ხელისუფლების პიარ-აქციებს უჭირავს წამყვანი ადგილი. „საინფორმაციო გამოშვებებმა ორ საათზე აჩვენეს, რომ მინისტრმა გლეხებს მიულოცა კარგი რთველი, სამ საათზე კი უკვე აღარ,“ - შემოგვჩივლა მან გადაცემა „პოზიციაში“ რამდენიმე დღის წინ და იქვე განგვიმარტა: „გაშუქების დოზაზეა პრობლემა - ერთხელ აჩვენებენ მინისტრის ბრიფინგს და ხუთჯერ რაღაც ძალიან არამნიშვნელოვან ამბავს“. რეალურად კი ყანდიაშვილი მედიას აქ დიდწილად ძველი ინსტინქტების გამყარებისკენ მოუწოდებს - მინისტრების „რთველში სიარულს“ და მსგავს სცენებს ინტენსიურად სწორედ საბჭოთა ყაიდის, ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი მედია აშუქებს (გავიხსენოთ სააკაშვილის მქუხარე და ხანგრძლივი გამოსვლებისთვის თუ მთავრობის თეატრალიზებული სხდომებისთვის მიძღვნილი მთელი საინფორმაციო გამოშვებები). პროფესიონალმა, ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქციის შემსრულებელმა ჟურნალისტმა კი იცის, რომ ღირებული ინფორმაცია სხვაგან უნდა ეძებოს - უწინარესად იმ თემებსა თუ პრობლემებს შორის, რომლებზეც თავად მთავრობა გაჩუმებას ამჯობინებს და რომლებიც, როგორც წესი, ბრიფინგების, პრესკონფერენციების თუ პიარაქციების მიღმა რჩება ხოლმე.

დღევანდელი ცვალებადი პოლიტიკური გარემოს ფონზე გარკვეული ტრანსფორმაცია თითქოს მედიაშიც ხდება. ბევრი რამ ბუნდოვანი და შემაშფოთებელია - მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები, მათ შორის ორი გადაცემის ღიად პოლიტიკური ნიშნით დახურვა და დიდწილად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით დაკომპლექტებული ახალი „მრჩეველთა საბჭო“. მაგრამ ზოგადი ტონალობა, მგონი, ცოტა მაინც გაუმჯობესდა. ყოველ შემთხვევაში, მოდელირებული პროპაგანდის რეგისტრს ამ ეტაპზე გავცდით.

მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, მედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საფრთხე ყოველთვის იარსებებს იმ ახალ პოლიტიკურ რეალობაშიც, რომელიც, როგორც გვპირდებიან, „ქარიზმატული ლიდერებისგან და მესიებისგან თავისუფალი იქნება“. თავად ჟურნალისტებმა უნდა ვიღონოთ რამე, რომ თანდათან, დროთა განმავლობაში, მივაღწიოთ იმ პროფესიულ და ინსტიტუციურ მდგომარეობას, რომელშიც უკვე სტრუქტურულად გახდება შეუძლებელი ხელისუფალთა წინაშე გაკიცხულების და დაგოიმებულების როლში აღმოჩენა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG