Accessibility links

არ ვიცი რას დავაბრალო, - მზარდ პოლიტიკურ დაძაბულობას თუ იქნებ ჩემს ასევე მზარდ ასაკს, - მაგრამ მგონი შეხედულებების გადახედვა მიწევს. ის, რასაც ჯერ კიდევ ახლახან მანტრასავით ვუმეორებდი საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც - რომ ძალაუფლების ყველა წყაროს და განსაკუთრებით ხელისუფლებას ყოველთვის, ყველა ვითარებაში დიდი ეჭვით, სკეფსისით თუ კრიტიკით უნდა მოვეკიდოთ; რომ “ძლიერებს” არასოდეს არ უნდა ვენდოთ; რომ ფრთხილად თუ არ ვიქნებით, მაშინვე, ავტომატურად მანიპულაციის ობიექტად გადავიქცევით - არც იმდენად ტოტალური პრინციპი ყოფილა. უფრო სწორად, თვითონ პრინციპი უმნიშვნელოვანესია და ძალიან საჭირო - მაგრამ მგონი გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში.

ეს ბუნდოვანი და თან ცოტა არ იყოს პრეტენზიული შესავალი კი იმიტომ დამჭირდა, რომ ვშიშობ, მთავარი სათქმელი ზედმიწევნით მარტივი მაქვს: რამდენადაც უნდა ვაფასებდე სკეფსისის მნიშვნელობას, გარკვეულ, ძალიან ფუნდამენტურ დონეზე თურმე მირჩევნია სერიოზული ეჭვების გარეშეც შეგვეძლოს ჩემი ქვეყნის ხელისუფლების ნდობა. და თურმე ძალიან მაწუხებს ის, რომ მთავრობა, თავისი ნაბიჯებით, მისთვის ნდობის გამოცხადებას ასეთ ძირეულ პერსპექტივაშიც კი ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

მიხვდებოდით - ეს განცდა ლაფანყურის მოვლენებმა გამიჩინა. უფრო ზუსტად კი - საზოგადოების მიერ ამ მოვლენების აღქმამ. კვლევა არ ჩამიტარებია და ახლა მხოლოდ სუბიექტურ შთაბეჭდილებას გიზიარებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ვარაუდი, რომ „დივერსანტების“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის სახით საქმე ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ “დადგმულ” ამბავთან გვქონდა, მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს პირველივე წუთებში გაუჩნდა და ახლაც ფართოდ არის გავრცელებული. ხოლო ნდობის ასეთი ღრმა დეფიციტი უკვე სერიოზულ პრობლემას ნიშნავს. ეს აღარ არის ძალაუფლებასთან მიმართებით მოქმედი ის სკეფსისი თუ ეჭვი, რომელიც სასურველი და აუცილებელიც კია სამოქალაქო ცნობიერებისთვის. იმის მარტივად და ფართოდ დაშვება, რომ ქვეყნის მთავრობა, თავისი მიზნების გამო, ასეთი სისხლიანი და სახიფათო სცენარის დადგმაზე და ადამიანების, მათ შორის საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომლის, გაწირვაზეა წამსვლელი, მოქალაქეების დიდ ნაწილში გავრცელებულ ცინიზმზე, ნიჰილიზმზე და ხელისუფლებისგან ლამის ტოტალურ გაუცხოებაზე მიუთითებს.

რასაკვირველია, როგორც ალბათ ყველა რთულ ვითარებაში, ახლაც მხოლოდ ერთი ძალა არ გვევლინება “დამნაშავედ”. მთავრობის როლის და ქცევის ზოგადი კონტექსტიდან განცალკევებით განხილვა ნამდვილად არ მოგვცემდა სრულ სურათს. ამიტომ აქვე ვაღიაროთ, რომ პრობლემა მართლა კომპლექსურია. შეთქმულების თეორიების მიმართ ლტოლვა ჩვენს საზოგადოებას ზოგადად ახასიათებს; ოპოზიციური ფლანგის პოლიტიკოსებს კი ლამის ტრადიციად ექცათ ამ ლტოლვით მანიპულაცია და მისი გაძლიერება (ჭორად მოარული ხმები სიმართლეა - შაჰ-აბასის და თემურ ლენგის გეგმას განხორციელება ეღირსა. საქართველოს მოსახლეობა მილიონნახევრამდე დაჰყავთ და ამათშიც მხოლოდ 40 პროცენტი, ანუ 600 ათასი იქნება ქართველიო - ასეთი მარგალიტი შემოგვთავაზა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა სულ ახლახან). მოვლენების უკან მდგარ ძალებზე თუ გეგმებზე საუბარს არც “მოლაპარაკე თავები” აკლებენ – ექსპერტები, ინტელექტუალები, სხვადასხვა, ხშირად თავისივე დაარსებული კვლევითი ცენტრის, ინსტიტუტის თუ ფონდის თავმჯდომარეები თუ პრეზიდენტები. (გაიხსენეთ თუნდაც ამ წინასაარჩევნო პერიოდში რამდენჯერ გსმენიათ მტკიცებითი ტონით გაკეთებული განცხადებები - რომ, მაგალითად, “არჩევნების შედეგზე ამერიკა და რუსეთი მოილაპარაკებენ”; რომ “ამერიკამ მიშას უთხრა, წადიო“ ან რომ “მიშა და ბიძინა ერთმანეთს გაურიგდნენ”...) ისიც სამწუხარო რეალობაა, რომ დამოუკიდებელ მედიად გამოცხადებული ტელევიზიები და გაზეთები ხშირად ოპოზიციური ძალების სამსახურში დგანან და სერიოზული ჟურნალისტიკის ნაცვლად სენსაციებს, ვარაუდებს და ჭორებს გვთავაზობენ ხოლმე. ზოგჯერ კი, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლობის და პროპაგანდის მაგალითებსაც.

კიდევ ცალკე ამბავი, თუ საერთოდ ცალკე სამყაროა ის ფანტასმაგორიული თეორიების კასკადი, რომელიც ეკლესიის მესვეურებისგან მოედინება უწყვეტად. მარტო „დალესის გეგმა“ რად ღირს - შეთქმულების თეორიის ჟანრის კლასიკა, რომელიც ერების გახრწნა-გადაგვარების შესახებ შემუშავებულ გეგმაზე სრული სერიოზულობით მოგვითხრობს. მაგრამ მხოლოდ დალესი როდი გვებრძვის. ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე თხზავენ. ID ბარათი ინგლისურად “მე ვარ დემონს” ნიშნავს და ქართველი ხალხის გამოსაცდელად არის მოვლენილი; ელექტრონულ ბიოჩიპს მარჯვენა ხელში და შუბლში ჩაგვიდგამენ, რათა ის ჩვენი ორგანიზმით გამოვკვებოთ; ყველა პროდუქტზე შტრიხკოდით სამი ექვსიანი არის გამოსახული; კომპანიები ჩვენი სულების გასამრუდებლად მასიურად უშვებენ სუნამოებს და ესენციებს; ბოროტი ძალა ტოტალური კონტროლის სისტემას ქმნის, რომლის ერთ-ერთ პირველსახედ ევროკავშირი გვევლინება; ცრუ მესია კი ამასობაში ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იწყებს მოღვაწეობას...

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ აღარ გავაგრძელოთ და ვაღიაროთ - მიდგომა, რომ მოვლენების უკან გარკვეული ძალების, მთავრობების თუ ორგანიზაციების მიერ ფარულად შემუშავებული და, როგორც წესი, მზაკვრული გეგმები დგას, ჩვენს რეალობაში მართლაც მრავალფეროვანი გამოვლინებით გვხვდება. მაგრამ ალბათ გაგიგიათ ირონიული გამოთქმა - პარანოია რომ გაქვს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაც მართლა დაგდევს. როგორი ძლიერიც უნდა იყოს შეთქმულების თეორიების მიმართ ჩვენი კოლექტიური მიდრეკილება, ფაქტია, რომ ამ მიდრეკილებას სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორი აქვს ჩვენი მთავრობის ქცევის სახით. მეტიც - ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, ისეთი რეალობა შეგვიქმნა, რომელშიც უკვე ობიექტურად არის შეუძლებელი ზღვრის გავლება „ჯანსაღ სკეფსისსა” და “შეთქმულების თეორიებზე” დამყარებულ უნდობლობას შორის. ასეთ პირობებში მგონი ჩვენ კი არა, ყველაზე რაციონალური, “ცივი გონებით” აზროვნებას მიჩვეული საზოგადოებაც კი შეთქმულებებზე დაიწყებდა ლაპარაკს - საჯაროდ თუ არა, ვიწრო წრეში მაინც.

პირველი პრობლემა, რომელსაც ამ ჭრილში ალბათ ყველაზე ხშირად ახსენებენ ხოლმე, საზოგადოებასთან „კომუნიკაციაა“ - ან, მეორენაირად რომ ვთქვათ, „ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა“. არაპროფესიონალური, კოორდინაციას და დამაჯერებლობას მოკლებული, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი განცხადებები, რომლებიც ავტომატურად იწვევს ეჭვების და უნდობლობის ზრდას. ახლა არ შევეხები ლამის უკვე არქეტიპად ქცეულ, ძალიან მტკივნეულ და მასშტაბურ შემთხვევებს - მაგალითად, აგვისტოს ომს, როდესაც ცხინვალზე შეტევა ჯერ „რეგიონში კონსტიტუციის აღდგენის“ გადაწყვეტილებად გამოცხადდა, შემდეგ კი რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრის საპასუხო თავდაცვით ზომად. მხოლოდ ლაფანყურის შემთხვევაც საკმარისია - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველ ეტაპზე „დანამდვილებით“ და კატეგორიულად გაკეთებული განცხადებები, რომ 11 ლიკვიდირებულ შეიარაღებულ პირს შორის საქართველოს მოქალაქე არ იყო; შემდეგ კი - როცა უკვე ათასი ვარაუდი, ცნობა, ჭორი და ბოლოს დუისში გათხრილი საფლავების კადრებიც გავრცელდა - აღიარება, რომ სულ მცირე ორი მათგანი საქართველოს მოქალაქე ყოფილა. მე, პირადად, ეს კონკრეტული შემთხვევა პირველ რიგში არაპროფესიონალიზმი მგონია - ნაჩქარევად წარმოთქმული სიტყვები მაშინ, როცა გვამების ამოცნობის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მაგრამ მშვენივრად მესმის და ვერანაირად ვერ გავამტყუნებ მათ, ვისაც ამ ურთიერთგამომრიცხავმა და თან კატეგორიულ ტონალობაში გაკეთებულმა განცხადებებმა ბევრად უფრო სერიოზული ეჭვები გაუჩინა და „სცენარების“ არსებობის ვარაუდებიც გაუმყარა.

თუმცა, სამწუხაროდ, გაუმართავი და არაპროფესიონალური საინფორმაციო პოლიტიკა მხოლოდ ზედაპირია. საქმე კიდევ უფრო კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს - სამწუხარო რეალობასთან, რომელშიც სიმართლის, ნახევარსიმართლის, პროპაგანდის, დადგმის თუ სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა მართლა, ობიექტურად ძალიან რთულია. დამაბნეველი და უსიამოვნო მოგონებები ბევრი დაგროვდა - ხურჩის ავტობუსების დაცხრილვა, „მოგებული“ ომი, მოდელირებული ქრონიკა, დაკითხვისას „კიბიდან გადმოვარდნილი“ სოლომონ ქიმერიძე... აღარ ჩამოვთვლი - სიას თავადაც გააგრძელებთ. მთავარი ის არის, რომ ასეთი შემთხვევები, ერთობლივად, ეჭვებით გაჯერებულ კლიმატს ქმნის - არაჯანსაღ ატმოსფეროს, რომელშიც მოქალაქეების დიდ ნაწილში ფუნდამენტურ დონეზეა შერყეული ხელისუფლების მიმართ ნდობა.

ასეთ დროს, წესით, სიმართლის დადგენა იმ უწყებების პრეროგატივა უნდა იყოს, პოლიტოლოგები „ინსტიტუტებს“ რომ უწოდებენ ხოლმე - სასამართლოსი, პროკურატურის, მედიის... ჩვენს რეალობაში კი, მოგეხსენებათ, ამის იმედად დიდად ვერ ვიქნებით, ვინაიდან არც ერთი ეს ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს მთავრობისგან დამოუკიდებლად. გავლენიანი ტელევიზიები - ისინი, რომელთა მაუწყებლობაშიც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ სახელმწიფო უწყებების მხრიდან „სისტემატურ ჩარევაზე“ წერდა - მოდელირებულ ქრონიკას გვთავაზობენ, დაკითხვისას დაღუპული ქიმერიძის საქმეს ზომბებივით, იდენტურად აშუქებენ და შტატივზე დამაგრებული კამერით მზადყოფნაში ხვდებიან ხურჩაში ავტობუსის აფეთქებას. პროკურატურამ და სასამართლო სისტემამ კი ჩვენი ახლო წარსულის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი შემთხვევის, სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიებისას ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოც „გააოგნეს“ შეთანხმებული ქმედებით, რათა ”ამ საზარელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

ასეთ ვითარებაში - ეჭვებით, ვარაუდებით, პასუხგაუცემელი კითხვებით, ირაციონალური შიშებით გაჟღენთილ გარემოში - „შეთქმულების თეორიებზე“ დაფუძნებული აზროვნება სამწუხაროდ არსად გაქრება. ასე დავრჩებით - „გეგმების“, „სპექტაკლების“ თუ „დადგმების“ ძიებაში - მანამ, სანამ ჩვენი მმართველები ოდნავ უფრო სერიოზულად მაინც არ მოეკიდებიან ანგარიშვალდებულების პრინციპს. სხვა, უფრო ხმამაღალ კატეგორიებზე - მაგალითად, მმართველების მორალურ პასუხისმგებლობაზე - არაფერს ვამბობ. მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის და ჩემი ასევე მზარდი ასაკის პარალელურად, ვხვდები, რომ ეს ზედმეტი გულუბრყვილობა იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG