Accessibility links

logo-print
პირადად მე ბოლო და გადამწყვეტი შოკი მაშინ მივიღე, როცა სოციალურად უმწეო ოჯახში არასათანადო კვებით და გამოფიტვით გარდაცვლილი ერთი წლის ბავშვის შესახებ წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება. უფრო ზუსტად კი განცხადება, რომლითაც საპატრიარქო ბავშვის გარდაცვალებით გამოწვეულ საზოგადოებრივ პროტესტს გამოეხმაურა. არც ერთი სიტყვა თანაგრძნობის, სინანულის ან მწუხარების გამოსახატად. მხოლოდ განზე გამდგარი და ცივი მსჯელობა - რომ არასაკმარის ქველმოქმედებაში საპატრიარქოს დადანაშაულება „შხამიანი ისრების დამიზნებაა“, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი ლარი სწორად იხარჯება და რომ თურმე „საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული. არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური.“ და იქვე მთავარი თავზარი - ფრაზა: „კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო“. პასუხისმგებლობის გულგრილად მოხსნა, უმწეო, გარდაცვლილი ბავშვისგან ცივად დისტანცირება და მისი „სხვად“ და „მუსლიმად“ წარმოჩენა.

კაცმა რომ თქვას, დიდად შოკისმომგვრელი, ალბათ, არც ეს განცხადება უნდა ყოფილიყო იმ ინსტიტუტისგან, რომელიც საკუთარი ძალაუფლების გამყარებისთვის ძირითადად ეთნონაციონალისტურ მითებს იყენებს; რომლის სინოდიც მოუნათლავ ჩვილებს დადგენილებით აგზავნის ჯოჯოხეთში და რომლის ერთ-ერთ წარმომადგენელს, საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატების ხელმძღვანელს, შეუძლია წარბშეუხრელად ილაპარაკოს „ბავშვების თვალებში ჩამალულ ბოროტმოქმედზე“ და „ეშმაკისგან ჩაღვრილ ბოროტ თესლზე“. მაგრამ რელიგიური უმცირესობისგან ასე გამიჯვნამ და ჩვენი უამრავი თანამოქალაქის უკიდურესი გაჭირვების მიმართ გულგრილობის დემონსტრირებამ ეს განცხადება ჩემთვის მაინც ძალიან დამთრგუნველად აქცია.

ხოლო იქ, სადაც პატარა ბავშვს წარმოაჩენენ „უცხოდ“, რადგან მისი ოჯახი რელიგიურ უმცირესობას ეკუთვნის, რა გასაკვირია, რომ სხვა უმცირესობა პირდაპირ შეირაცხოს სიძულვილის ობიექტად. მით უმეტეს მაშინ, როცა უმრავლესობისგან ამ ჯგუფის განმასხვავებელი ნიშანი სექსუალობას უკავშირდება და „ცოდვად“ არის მიჩნეული. როგორ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ მათ სიყვარულით მოეპყრობიან, გაიხსენებენ, რომ უცოდველი არავინაა, უთანაგრძნობენ დისკრიმინაციის გამო, ყოველ ნაბიჯზე რომ გვხვდება. ცხადია, რომ ასე არ და ვერ იქნება. „ერის“ კოლექტიური სხეულის იმ სურათში, საქართველოს ეკლესია რომ გვთავაზობს, განსხვავებულის ადგილი არ არის - ხოლო ჰომოსექსუალი ამ გარიყულ „განსხვავებულებს“ შორის, ალბათ, ყველაზე მეტად დემონიზებული არსებაა.

17 მაისს კი ის ვიხილეთ, რაც მსოფლიოს ისტორიაში, საუბედუროდ, უკვე ბევრჯერ მოჰყოლია ერის კოლექტიური სხეულიდან რომელიმე ჯგუფის გარიყვას და „უცხოდ“, თუ „მტრად“ წარმოჩენას. წლების მანძილზე გაღვივებული სიძულვილი უკონტროლო და აღვირახსნილ ძალადობაში გამოვლინდა, პოგრომის თითქმის ყველა კლასიკური ატრიბუტით - როცა ეიფორიაში ჩავარდნილი ბრბო რაიმე ნიშნით განსხვავებულ ჯგუფს ადამიანებად ვეღარ აღიქვამს, მათზე ბარბაროსული აღტკინებით ნადირობს და დარწმუნებულია, რომ ეს უკონტროლო ძალადობა რაღაც „საფრთხის“ მოგერიებისთვისაა აუცილებელი. საპატრიარქო ამ პოგრომის უშუალო წამახალისებელი და განმახორციელებელი იყო - რაც მან ძალიან აშკარად გვითხრა როგორც პატრიარქის მიერ ჯერ კიდევ 16 მაისს გავრცელებული განცხადებით, ისე ქორეპისკოპოს იაკობის ქადაგებით, რომელიც თავისი ინტონაციით, პათოსით და ტერმინოლოგიით ქუჩურ მუქარას უფრო ჩამოჰგავდა: ცოტა ჭკვიანად იყვნენ, იმ ხალხში არ შევეშალოთ ვინც პასუხს არ მოსთხოვს, მაგათი პარპაშის დრო უნდა დამთავრდესო. გამარჯვების აღნიშვნის დაგვირგვინება იყო სამებაში გადახდილი „სამადლობელი პარაკლისი“ - მაშინ, როცა თბილისის ცენტრში ჯერ კიდევ დათარეშობდნენ სასულიერო პირების მიერ დაგეშილი მოძალადე ჯგუფები.

ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან სამწუხაროა. განსაკუთრებით ალბათ იმ ადამიანებს ტკივათ, ვისთვისაც ქრისტიანობა ძვირფასია, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს - მაგრამ თან იმის დანახვის უნარიც შესწევს, რომ მის რელიგიას დღეს ინტენსიური სიძულვილის თუ ძალადობის კულტივაციისთვის იყენებენ. ჩემი მთავარი სადარდებელი კი ცოტა სხვაა. ამ დღეებში ბევრი წერს და მეც ვეთანხმები, რომ 17 მაისი, შესაძლოა, მთელი ქვეყნისთვის გახდეს თვისებრივი და ძალიან სახიფათო გარდატეხის მომტანი თარიღი.

17 მაისს განვითარებული მოვლენები, ჩემი აზრით, ეკლესიის მხრიდან ხელისუფლებისთვის ნასროლ ხელთათმანს წარმოადგენს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. ეს ბრძოლა უკვე წლებია მიმდინარეობს: საპატრიარქო თანდათან ჩამოყალიბდა თავისებურ ფეოდალურ წარმონაქმნად, სახელმწიფოში სახელმწიფოდ, თავისი ქონებით, მიწებით, საგადასახადო შეღავათებით თუ ბიზნესსაქმიანობით. მაგრამ აქამდე მას ასე ღიად და დემონსტრაციულად არასოდეს განუცხადებია, რომ კანონზე მაღლა უნდა იდგეს და როგორც მას სურს, ისე უნდა იყოს ყველაფერი. პრობლემა მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ ჰომოფობიას. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესია პირდაპირ განაცხადს აკეთებს საჯარო, საერო, წესით რელიგიისგან თავისუფალი სივრცის დაპყრობაზე და გვაჩვენებს, რომ, თუკი მოისურვებს, მოქალაქეებისთვის იმ უფლებების და თავისუფლებების წართმევაც შეუძლია, რომლებიც მათ კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული.

სწორად გავიგოთ: ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჰომოფობია მძლავრობს, ყველამ ვიცით. ვიცით, რომ ქართველი ვაჟკაცებისთვის „პიდარასტების“ საჯარო და მგზნებარე სიძულვილი აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთარი „კაცობის“, როგორც ასეთის, დამტკიცების საქმეში. გასაგებია, რომ უმრავლესობის ფაქიზი მორალური აღქმისთვის, შესაძლოა, აღმაშფოთებელი ყოფილიყო იმის წარმოდგენა, რომ არა-ჰეტეროსექსუალი ადამიანები ღიად შეიძლება გამოჩნდნენ და დისკრიმინაციის გაპროტესტებაც გაბედონ. მაგრამ მთავარი სხვა რამეა - ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია, როგორი მიუღებელიც უნდა ყოფილიყო ბევრისთვის, იყო კანონიერი და ემყარებოდა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. შესაბამისად, მისი ძალადობრივად ჩაშლა წარმოადგენდა კანონის, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების უხეშ და დემონსტრაციულ დარღვევას - დანაშაულს, რომელმაც ძალიან სახიფათო ტენდენციას შეიძლება დაუდოს საფუძველი.

ამასთან, ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი სიგნალი იმ მართლაც პროგრესული და ჰუმანური განცხადებების პასუხად, რომლითაც პრემიერი სამი დღით ადრე გამოვიდა - რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ჩვეულებრივი და თანასწორი მოქალაქეები არიან, და რომ საზოგადოება ამას ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს. ივანიშვილის პირობა, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციას სამართალდამცველი სტრუქტურები დაიცავდნენ და საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს არ მისცემდნენ მისთვის ხელის შეშლის საშუალებას, იმაში გამოიხატა, რომ პოლიციამ უმწეო და დაუცველი აქტივისტები გავეშებული ბრბოს მხრიდან ჩაქოლვისგან იხსნა. სხვა მხრივ პოლიცია უუნარო გამოდგა არათუ აქციის ჩატარების უზრუნველსაყოფად, არამედ იმ ჯგუფური, უკონტროლო და აღტკინებული აგრესიის მოსაგერიებლად, რომლითაც საათების განმავლობაში იყო მოცული ქალაქის ქუჩები. მეტიც - როგორც აქციაზე გადაღებულ ვიდეოებში ვნახეთ, პოლიციამ ფიზიკურად ვერ შეაკავა მოძალადეები, რიგ შემთხვევებში კი მათ საკუთარი ხელით გაუხსნა მსხვერპლისკენ მიმავალ გზაზე აღმართული ჯებირები.

პოლიციის მიმართ კითხვა ბევრია: რაოდენ ადეკვატურად იყო აღჭურვილი? რამდენად საკმარისი რაოდენობით გამოყვანილი? ხომ არ აჯობებდა, ორი აქციის მონაწილეები ავტობუსების ჩაყენებით განეცალკევებინათ? რა საშუალებების გამოყენება შეეძლოთ აგრესიის ჩასაცხრობად?.. ვითარებას ირონიულ ელფერს სამი კვირით ადრე, 1 მაისს განვითარებული მოვლენებიც ანიჭებს, როცა სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით გამართული აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს და აქციის მონაწილე სტუდენტების „განსაკუთრებულ აგრესიაზე“ გვიყვებოდნენ დიდი აღშფოთებით. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, რომ 1 მაისს პოლიციამ „საკმარისზე მეტი მოითმინა“ და რომ აქციის დაშლა და მისი მონაწილეების დაპატიმრება სახელმწიფოში „ქაოსის“ აღსაკვეთად იყო საჭირო, ზედმიწევნით გროტესკულად გამოიყურება 17 მაისის სცენების ფონზე. ვინ იფიქრებდა - საპოლიციო ძალის დემონსტრირება და მინისტრის დიდაქტიკური განცხადებები ბევრად უფრო ადვილი აღმოჩნდა „კაპიტალიზმის უსამართლობით“ შეწუხებულ, ორ ათეულ ახალგაზრდასთან მიმართებით, ვიდრე მღვდლების ხელმძღვანელობით მოქმედ ათიათასობით გავეშებულ აგრესორთან.

მაგრამ ყველა ამ კითხვაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სხვა, ზოგადი და მთავარი შეკითხვა, რომლის პასუხიც უახლოეს დღეებში, თუ საათებში გამოიკვეთება. შეძლებს თუ არა ხელისუფლება მისთვის ნასროლი ხელთათმნის აღებას და გამოწვევაზე ერთადერთი სწორი პასუხის გაცემას - რომ ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რომ კონსტიტუცია ხელშეუხებელია, და რომ ანაფორა, ან მრევლის წევრობა არ წარმოადგენს კანონისგან იმუნიტეტს. ცხადია, ეს არ იქნება ადვილი - გავლენიან და საკრალიზებულ ინსტიტუტთან, საპატრიარქოსთან დაპირისპირება, თანაც „პიდარასტების“ უფლებების გამო, ხელისუფლების პოპულარობას, სავარაუდოდ, არ გაზრდის. მაგრამ თუ 17 მაისის ძალადობის ბაკქანალიისთვის პასუხს არავინ აგებს - ოღონდ რეალურად და არა ფორმალურად, მხოლოდ ერთი-ორი რიგითი ხულიგნის დაჯარიმებით - ეს უკვე იმის პირდაპირი აღიარება იქნება, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად უუნაროა რელიგიურ ექსტრემიზმთან და მასშტაბურ ძალადობასთან დაპირისპირების საქმეში.

ახლა ესაა ყველაფერზე მთავარი. ამ შეკითხვაზე პასუხს როცა გავიგებთ, მერე უკვე სხვა უამრავი საფიქრალი და სადისკუსიოც გვექნება. იმ კოშმარულ სურათზე, 17 მაისს რომ ვიხილეთ, ალბათ ყველამ უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობის ჩვენ-ჩვენი წილი. პირველ რიგში პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელსაც ურყევ ტრადიციად ჩამოუყალიბდა რელიგიური პოპულიზმი და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ეკლესიასთან ფლირტი. ამჟამინდელმა მმართველმა ძალამ, იმისთვის რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად არ მოერიდა ყველაზე მდაბალი, ქსენოფობიური განწყობების კიდევ უფრო მეტად გაღვივებას; რომ თავის რიგებში, პროგრესულ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურებთან ერთად, ქსენოფობების, ჰომოფობების და უპრინციპო პოპულისტების მთელ გალერეას ითავსებს (მარტო დავით საგანელიძე და მის მიერ 17 მაისს გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები რად ღირს დარბეული და არშემდგარი აქციის მონაწილეთა მიერ მოწყობილი „პროვოკაციის“ შესახებ); იმისთვის, რომ აგრესიული ფაშისტოიდის, მალხაზ გულაშვილის თანამოაზრეებს „პოლიტპატიმრის“ საპატიო სტატუსი მიანიჭა, მუსლიმ ქართველებს კი გადაადგილების და ლოცვის თავისუფლება „ორი დღესასწაულით და მიცვალებულის დაკრძალვით“ შემოუფარგლა; და იმ ბუნდოვანი, გაუგებარი, უმრავლესობის ტირანიის გამამყარებელი ლოზუნგის დამკვიდრებისთვის, რომ „უმცირესობის უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე“.

შექმნილ ვითარებაში ლომის წილი მიუძღვის წინა ხელისუფლებასაც. იმის გამო, რომ „დასავლური ღირებულებების“ ცნება საკუთარ თავთან გააიგივა, თავისი ძალადობრივი, უსამართლო და ავტორიტარული ნაბიჯებით კი ამ ცნების გაუფასურება და მასზე ინტენსიური უკურეაქცია გამოიწვია; იმის გამო, რომ საკუთარ თავს „ევროპული ფასეულობების“ განსხეულებად წარმოაჩენდა, არადა მისი მმართველობის პირობებში სისტემური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენდა ადამიანის წამება - ევროპულ ღირებულებებთან ალბათ ყველაზე კატეგორიულად შეუთავსებელი მოვლენა; იმის გამო, რომ ცხრა წლის განმავლობაში ჩახშობილი ჰქონდათ სადისკუსიო სივრცე, კულტურული ცვლილების სახელით საფრთხობელებს და „ჩარეცხილ მუმიებს“ დასდევდნენ, „მოდერნიზაციად“ კი ბუტაფორიულ ბრჭყვიალა ფასადებს ასაღებდნენ. და კიდევ ბევრი რამის გამო, რომელთა ჩამოთვლაც ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს. სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან „ძალადობით“ აღშფოთება საქართველოს ბევრი მოქალაქის თვალში არადამაჯერებლად და ფარისევლობად აღიქმება (ცალკე ამბავია ცნობები წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ჰომოსექსუალებზე თვალთვალის, შანტაჟის, გადაბირების მიზნით მათი დაშინების შესახებ. რაც გვესმის, თუნდაც იმის ნახევარიც თუ სიმართლეა, „ნაციონალურ მოძრაობას“, წესით, ძალიან უნდა ეუხერხულოს იმის თქმა, რომ მისი მმართველობის პირობებში სექსუალური უმცირესობების უფლებები „უკეთესად იყო დაცული“).

ისიც ცხადია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკოსებით არ შემოიფარგლება. შემზარავი რეალობა, 17 მაისს რომ დავინახეთ უწინარესად, ჩვენი - „საზოგადოების“ - მარცხია. აუცილებლად უნდა შევეცადოთ იმაზე ფიქრს, მაინც როგორ მივედით აქამდე და რის ბრალია, რომ უმრავლესობას, როგორც დავინახეთ, არ აქვს სოლიდარობის მინიმალური განცდა, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს მოქალაქეების თანაცხოვრება. საზოგადოებრივი დისკუსიის არარსებობაში დიდია პოლიტიკურად აქტიური ნაწილის წვლილიც - ე.წ. „ლიბერალების“ ელიტიზმის და „ენჯიოების ენის“; ე.წ. „მემარცხენეების“ და „ლიბერტარიანელების“ ვიწრო იდეოლოგიური დოგმების; იმის, რომ რელიგიური ნაციონალიზმის და ობსკურანტიზმის კრიტიკა არაპოპულარულია - და უმრავლესობა ამას სწორედ კონფორმისტული მოსაზრებებით არიდებს თავს.

თუმცა, ყველა ამ საკითხზე დისკუსია და ანალიზი სამომავლო საქმეა. ჯერჯერობით ყურადღების ცენტრში ხელისუფლებაა - აიღებს თუ არა ის მისთვის ნასროლ ხელთათმანს, რომელიც ჯერაც მიწაზე გდია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ღრმავდება შიში, რომ ის ამ გამოწვევას ვერ უპასუხებს. არადა, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს საკმარისზე მეტი ნდობა და პოპულარობა საიმისოდ, რომ კანონი, კონსტიტუცია, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები ობსკურანტიზმისგან და თეოკრატიული კონფიგურაციებისგან დაიცვას. სულ უფრო შემაშფოთებელი რეალობის მიუხედავად, იქნებ ცოტა ხანს კიდევ ვიქონიოთ იმის იმედი, რომ ის არ შეუშინდება ამ ნაბიჯის გადადგმას. ნაბიჯის, რომელზეც საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს, გადარჩენაა დამოკიდებული. გადაჭარბების გარეშე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG