Accessibility links

logo-print
თუ გაინტერესებთ, მაინც რას გულისხმობენ ადამიანები, როცა ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, აუცილებლად უნდა უყუროთ ამერიკულ ტელესერიალს The House of Cards1. და თუ პოლიტიკა არ გაინტერესებთ, მსახიობების თამაშით მაინც დატკბით - როგორც New Yorker-მა თქვა, ამ სერიალში კევინ სპეისი (რომელიც თამაშობს მთავარ გმირს, კონგრესმენ ფრენსის ანდერვუდს) არის ზვიგენი, რომელიც თამაშობს ზვიგენს (“ზვიგენი” ამერიკაში იმ ადამიანების აღსაწერად გამოიყენება, რომლებსაც აქვთ უნარი, გააცურონ და გამოიყენონ სხვები, ან გარკვეული სფეროს ექსპერტები, პროფესიონალები არიან).

ერთი სიტყვით, ეს “პროფესიონალები” ალბათ იმათაც შოკში ჩააგდებენ, ვისაც ისედაც არ აქვს კარგი წარმოდგენა ვაშინგტონის ინტრიგებზე და ფინანსურ და პოლიტიკურ ხლართებზე. ფრანსის ანდერვუდზე არანაკლები სოციოპათია მისი მეუღლე კლერი, რომელიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, საქველმოქმედო ორგანიზაციას მართავს.

მოკლედ, ამ სერიალში აშშ-ის კონგრესში ერთი გადაწყვეტილების მიღების ამბავს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. კონგრესმენი ანდერვუდი აქტიურად ლობირებს ერთ კანონპროექტს, რომლის კენჭისყრაზე დაყენებამდეც იგი ხვდება ორ კოლეგას, რომელთა ხმებიც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. მათ ანდერვუდი მოუწოდებს: “მხარი დაუჭირეთ თქვენს ოლქს, ხმა მიეცით სინდისის კარნახით, არ გამაკვირვოთ” (“Vote your district, vote your conscience, don’t surprise me”) და შემდეგ ამატებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამი პირობიდან არის “არ გამაკვირვოთ.” მეორე დღეს იგი მეუღლეს, კლერს სთხოვს ამ ორი ხმის მოპოვებაში დახმარებას. მართლაც, კლერი შეხვდება კონგრესმენებს, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მკაფიოდ სთხოვოს ხმის მიცემა, კლერი ეტყვის, რომ ხმა მისცენ მათივე სინდისის კარნახის მიხედვით. კანონპროექტი ჩავარდება. და გადამწყვეტი სწორედ იმ ორი კონგრესმენის ხმა აღმოჩნდება.

ეს მაგალითი იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ: 1. პოლიტიკური მანიპულაციები კომპლექსურია და თითქმის არასდროს არის შესაძლებელი მათი ბოლომდე ახსნა; 2. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები არ არიან (მაგალითად, ამომრჩეველი) საბოლოოდ რეზულტატი, ანუ კანონპროექტის ჩავარდნა, არის უფრო დიდი პრობლემა (და ზოგ შემთხვევაში მთელი პროცესის ერთადერთი ხილული ნაწილი), ვიდრე შიდა ბრძოლები. 3. სინდისის ხმა გადაწყვეტილებების მიღების დროს იშვიათად ან არასდროს ისმის.

საქართველოში 2013 წლის ბოლო დღეები ორი დიდი იმედგაცრუებით გამოირჩეოდა. პირველი მთავარი პროკურორის თემას უკავშირდებოდა, ხოლო მეორე საზოგადოებრივ მაუწყებელს. მთავრობამ ავად თუ კარგად შეძლო ადეკვატური გადაწყვეტილება მიეღო მთავარ პროკურორთან დაკავშირებით, ხოლო პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების სამაგალითოდ დაწყებული პროცესის ჩიხში შეყვანით გამორჩეული სკეპტიკოსებიც კი გააკვირვა.

პარლამენტმა კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისიის ბრწყინვალე მუშაობას ჩრდილი მიაყენა და ასეთი პროცესების მიმართ ძლივს წარმოქმნილი საზოგადოებრივი ნდობა წყალს გაატანა, როცა კომისიის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ცნო დასახელების ღირსად (ნაცვლად ექვსისა). ოცდაშვიდ კანდიდატს შორის იყვნენ ლელა გაფრინდაშვილი, ჯანა ჯავახიშვილი, იაგო კაჭკაჭიშვილი, ნინო ლომჯარია, ნინია კაკაბაძე, დავით მჭედლიძე და გიორგი ლობჟანიძე. ცინიზმი არ მჩვევია, ამიტომ არავის გთავაზობთ პარლამენტის წევრთა 150-მდე არაფრისმთქმელ სახელსა და გვარს შორის იპოვოთ ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე, ვიმეორებ, ლელა გაფრინდაშვილს, ჯანა ჯავახიშვილს, იაგო კაჭკაჭიშვილს, ნინო ლომჯარიას, ნინია კაკაბაძეს, დავით მჭედლიძეს და გიორგი ლობჟანიძეს.

რა გეგმა აქვს პარლამენტს? ნუთუ მართლა იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა (ამომრჩევლებისა თუ პარლამენტის წევრების, მნიშვნელობა არ აქვს) ერთ ღამეში გააცნობიერებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლების ისტორიულ მნიშვნელობას? თუ ერთი-ორი ადამიანის სინდისზე უნდა იყოს ეს ყველაფერი? ამ კითხვაზე კარგი პასუხი აქვს ერთ არაჩვეულებრივ ქალს, ცირა ელისაშვილს. წინა წლის სექტემბერში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თაოსნობით გამართულ კონფერენციაზე TEDxTbilisi City 2.0 მან არაჩვეულებრივი სიტყვა თქვა თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ფრაზა იყო: “პროფესიონალიზმი, რომელიც სინდისის ხაზზე არ გადის, საშიშია, ძალიან საშიში.” ცირამ ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ რამე გადარჩენილა თბილისში, ეს ყოველთვის ადამიანების “ცალ ხელზე ჩამოსათვლელ” რაოდენობას გაუკეთებია, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ, რომ ამ საქმიდან შეიძლებოდა არც არაფერი გამოსულიყო.

ერთი სიტყვით, გასული წლის ბოლოს, პარლამენტის წევრებმა დაგვანახეს, რომ სინდისის კარნახის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილებებისთვის არა აქვთ მთავარი ინგრედიენტი - სინდისი. თუმცა, მაინც იმედი მაქვს, პარლამენტში “ცალ ხელზე ჩამოსათვლელი” ადამიანების რაოდენობა მაინც გვყავს, რომლებიც მომავალში მაინც დაგვიცავენ ასეთი ბინძური პოლიტიკური მანიპულაციებისგან. თუ არა და, ეს უსინდისობა და სიმხდალე ძალიან სწრაფად გადააქცევს პარლამენტს კარტის მყიფე სახლად, რომელიც, სხვათა შორის, ქუთაისში დახარჯავს ფუჭად ჩვენს, გადასახადის გადამხდელების ფულს თუ თბილისში, საერთოდ აღარ ექნება მნიშვნელობა.


1 კარტის სახლი - ორგანიზაცია ან გეგმა, რომელიც ძალიან სუსტია და ადვილად ინგრევა.
XS
SM
MD
LG