Accessibility links

logo-print

არანაირად არ მესმის, რატომ ატყდა ისტერიკა იმის გამო, რომ აფხაზები 25 წელიწადია, თავიანთი დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. ეს ჩვენი როგორც სამართლებრივი ცნობიერების, ასევე სრულიად გაუმართლებელი ქედმაღლობის ნიშანია.

1. ცხადია, რომ აფხაზებს, ისევე როგორც, მაგალითად, შოტლანდიელებს ან კატალონიელებს, აქვთ სურვილი, იყვნენ დამოუკიდებლები და ამისთვის იბრძოლონ კიდევაც. მეორე საკითხია, რომ, ამ სურვილის მიუხედავად, ის ფორმა, რომლითაც აფხაზეთი საქართველოსგან დამოუკიდებელი (მაგრამ რუსეთზე დამოკიდებული) გახდა, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, არასწორია. ამიტომაც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არავინ არ აღიარებს რუსეთის (+ ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ) გარდა. იმის აღიარება, რომ აფხაზებს აქვთ დამოუკიდებლობის ლეგიტიმური სურვილი, არანაირად არ ნიშნავს დე ფაქტო დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას. ეს არის ელემენტარული.

2. ის, რომ ჩვენ, როგორც აღმოჩნდა, ასე სასტიკად გვიჭირს ვაღიაროთ, რომ აფხაზები არის ხალხი, რომელსაც შეიძლება საერთოდ რაიმე დამოუკიდებელი ინტერესები ან მისწრაფებები ჰქონდეს, არა მარტო ჩვენს მათ მიმართ სრულიად გაუმართლებელ ქედმაღლობას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ ჩვენ იმპერიაში ცხოვრების წლების მანძილზე გავითავისეთ უმცირესობებთან (და მცირე ერებთან) მოპყრობის ფორმები. ჩვენ ისევე მიგვაჩნია, რომ აფხაზებს ამ ქვეყანაზე არაფერი ეკითხებათ, როგორც რუსებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ გვეკითხება არაფერი. ამიტომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზების შესახებ უნდა ველაპარაკოთ ყველას აფხაზების გარდა, ისევე, როგორც რუსებს აქვთ გადაწყვეტილი, რომ ჩვენს შესახებ ელაპარაკონ, მაგალითად, ამერიკას და ევროკავშირს, ხოლო ჩვენ გაგვაცნონ თავიანთი პოზიცია, როგორც ეს კარასინმა გაუკეთა გუშინ აბაშიძეს. ეს "იმპერიული სინდრომი" არის ა) საბჭოთა გადმონაშთი და ბ) მავნე პირველ რიგში ჩვენთვის. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი ამას ვერაფრით ხვდება.

3. ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან აფხაზების (და ოსების) მიმართ მთელი ჩვენი პოლიტიკა ზემოთქმულიდან გამომდინარეობდა: ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ერთადერთი ფორმა აფხაზების და ოსების სურვილებთან მოპყრობისა არის ძალა და არა, მაგალითად, მოლაპარაკება ან რეფერენდუმი. გაგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერმა კამერონმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წინ თქვა: თქვენ თუ დამოუკიდებლობას მისცემთ ხმას, მე თავს მოვიკლავო. ჩვენი პოზიცია იყო დიამეტრულად განსხვავებული. ჩვენ ვამბობდით: თქვენ თუ მოინდომებთ დამოუკიდებლობას, ჩვენ მოგკლავთო. ამით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვაკეთებდით ზუსტად იმავეს, რასაც რუსეთი გვიკეთებდა ჩვენ. ასეთი იყო გამსახურდიას პოლიტიკა, შევარდნაძის და სააკაშვილის პოლიტიკა. ასეთი იყო საპატრიარქოს პოლიტიკა: პატრიარქმა დაწყევლა ქართველის მკვლელი ქართველი, რითაც დასაშვებად ან, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად დასაძრახად ჩათვალა ქართველის მიერ არაქართველის მოკვლა. ჩვენ არ აღმოგვაჩნდა არც სამართლებრივი და არც ადამიანური კულტურა იმისათვის, რომ ჩვენი უმცირესობების ლეგიტიმური ინტერესები გვეღიარებინა და მათთან სამართლებრივ ჩარჩოებში გველაპარაკა. როგორც ჩანს, ამისი კულტურა არც ახლა გვაქვს.

4. ყველაფერი ამით ჩვენ იდეალურად ვაკეთებდით იმას, რაც უნდოდა რუსეთს. ჩვენ გავეხვიეთ რუსეთის მიერ დაგეგმილ დადგმულ და ინსტრუმენტალებულ კონფლიქტებში. ოღონდ ის, რომ ჩვენ ამ კონფლიქტებში გავეხვიეთ, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან არც ჩვენ და არც, სხვათა შორის, აფხაზებსა და ოსებს. აქვე დავამატებ, რომ სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელი მგონია დაღუპული ქართველი ჯარისკაცებით სპეკულირება. ჯარისკაცი ნებისმიერ შემთხვევაში თავის მოვალეობას ასრულებს და მისი სიცოცხლეც და სიკვდილიც ქვეყნისათვის ძვირფასია. ჩვენი ჯარისკაცების საფლავები იმიტომ კი არ არის ძვირფასი ჩვენთვის, რომ ისინი აფხაზეთში რუსებს და არა აფხაზებს ებრძოდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის მთლიანობისათვის იბრძოდნენ. კარგი იქნებოდა, რომ ეს ომი არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან იყო, მათ სიკვდილს თავიანთი ქვეყნისათვის სამუდამოდ აქვს თავისი საპატიო ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

5. მგონი, როგორც იქნა, დადგა ის დღე, როდესაც აფხაზებმა ნელ-ნელა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ რუსეთზე ორიენტაცია არ არის უპირობოდ კარგი. ეს დიდი სიახლეა. აქამდე ისინი რიტორიკულ დონეზე მაინც ამბობენ, რომ ქართულ მდინარეში დახრჩობას რუსულ ოკეანეში დახრჩობა ურჩევნიათ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მგონი ეს იდეა სულაც არ მოსწონთ. ეს ცვლილება მოითხოვს ცვლილებას ჩვენი მხრიდანაც. თუ გვინდა, რომ ამოვიდეთ რუსული ინტერესების სფეროდან, ჩემი აზრით, აუცილებელია ვაღიაროთ, რომ აფხაზ ხალხს აქვს თავისი ლეგიტიმური ინტერესები და რომ ეს ლეგიტიმური ინტერესები შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი სამართლებრივ ჩარჩოებში (გავიმეორებ, რომ აღიარებასთან ამის გაიგივება არის ყველანაირი თვალსაზრისით არასწორი).

6. მე არა მგონია, რომ საქართველოს მთავრობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს აფხაზეთის მიმართ (ისევე, როგორც რომელიმე სხვა სფეროში გარდა სურვილისა, გაანადგუროს ნაციონალური მოძრაობა და შეამციროს უცხოელების რაოდენობა საქართველოში). მაგრამ სრულიად იმპულსურ დონეზე ღარიბაშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელშიც ის ლაპარაკობს აფხაზი ხალხის სურვილზე, იყვნენ დამოუკიდებლები, სწორი მგონია.

7. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ყველაფერი ზემოთქმული არ ცვლის არც არაღიარების აქტიურ პოლიტიკას, არც გულისხმობს რაიმე კომპრომისებს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG