Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი და ახალი პოლიტიკა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტმა უნივერსიტეტები და სტუდენტობა 25 წლის შემდეგ საყოველთაო ყურადღების შუაგულში დააბრუნა. მაგრამ რაც 115-ე აუდიტორიაში მოხდა, ყველას გაგაოცებთ საკმაოდ სცილდება ქართული მასმედიის ხანმოკლე და სკანდალზე მომართულ ინტერესს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთმანეთს დაეჯახა ძველი და ახალი პოლიტიკა.

ძველი პოლიტიკა

როგორია ეს ძველი პოლიტიკა? სტუდენტები, შეგახსენებთ, ითხოვდნენ სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას იმიტომ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში სახელმწიფოს ჩარევის ინსტრუმენტად გადაქცეულიყო. პროტესტებმა გამოააშკარავა, რომ უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერი“ მუშაობდა. „ოდეერი“ (ეს რუსული აბრევიატურაა და მოქმედი რეზერვის ოფიცერს ნიშნავს) სპეცსამსახურების თანამშრომელია, რომელიც არაოფიციალურად აკონტროლებს სხვადასხვა დაწესებულებას, ამ შემთხვევაში - უნივერსიტეტს. „ოდეერის“ ინსტიტუტი გვიჩვენებს, რომ მართვის პრაქტიკის თანმიმდევრულობა საქართველოს სსრ-დან დღემდე არ შეწყვეტილა. „ოდეერების“ გარდა ძველი პოლიტიკის სახეს მოქალაქეების პირად ცხოვრებაზე თვალთვალიც გვიჩვინებს. პირადი ცხოვრების კონტროლი საბჭოთა დროიდან არა თუ შემორჩენილი, არამედ მას შემდეგ განვრცობილი და განვითარებული კიდევ ერთი ძალაუფლებრივი პრაქტიკაა. სახელმწიფო უკანონოდ უთვალთვალებს საკუთარ მოქალაქეებს, შემდეგ კი ამ თვალთვალის „მოსავალს“ ან შანტაჟისთვის და დამორჩილებისთვის იყენებს, ან მოქალაქეთა დისკრედიტაციისათვის და მათი პოლიტიკური სივრციდან გაძევებისთვის. სწორედ პოლიტიკური სივრცის დახურვაა ძველი პოლიტიკის მთავარი მიზანი. ეს მიზანი ჩვენს ტერმინოლოგიაშიცაა შენარჩუნებული. ჩვენ მთავრობას ჯერაც „ხელისუფლებად“ მოვიხსენიებთ. ხელისუფლება ჩვენთვის განუყოფელი და ცენტრალურია. ხელისუფლების განუყოფლობა, ცენტრალურობა, იერარქიულობა, მოქალაქეთა არალეგალური (სპეცსამსახურების საშუალებით) კონტროლი - არის ძველი (ეს ძველი ამ შემთხვევაში ტოტალიტარულის და პოსტტოტალიტარულის სინონიმია) პოლიტიკის მოკლე აღწერა. საბჭოთა კავშირის დაშლამ ეს სისტემა ვერ დაანგრია. ვერ დაანგრია ვერც სხვადასხვა სექტორულმა რეფორმამ, ვერც არჩევნების ხარისხის გაუმჯობესებამ. მთავარ, ძალაუფლების სტრუქტურის საკითხში, ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყნად ვრჩებით. საქართველო დღესაც გაუმჭვირვალედ და იერარქიულად იმართება, ოღონდ ამ გაუმჭვირვალობას და იერარქიულობას 2013 წლიდან არაფორმალურობაც დაემატა. საქართველოს პოლიტიკის მთავარ საკითხებს დღეს სოლოლაკის თავზე, შუშის სამხეცეში სასახლეში წყვეტს პოლიტიკურ და ინტელექტუალურ კომპეტენციას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას მოკლებული თვითნება და თავისნათქვამა ოლიგარქი.

ახალი პოლიტიკა

სტუდენტობის (სამწუხაროდ, ძალიან მცირე) ნაწილი სწორედ ამ ძველ, დრომოჭმულ, თავიდან ბოლომდე კორუმპირებულ, ვამპირულ და ვამპირივით ძნელად მოსასპობ სისტემას დაუპირისპირდა. სტუდენტების სიმცირემ არ უნდა შეგვაშინოს, იმიტომ, რომ ცოტა, მაგრამ კარგად ორგანიზებულმა სტუდენტებმაც კი გამარჯვება შეძლეს. ახალი პოლიტიკა სწორედ ესაა, თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც საკუთარი მოთხოვნების ჩამოყალიბებას, გამოხატვას და განხორციელებას ახერხებენ. თსუ-ს სტუდენტები ასეთი ჯგუფის ერთადერთი მაგალითი არ არიან. ცოტა ხნის წინ ჭიათურის მაღაროელებმა მოახერხეს თვითორგანიზება, თავიანთი მოთხოვნების ჩამოყალიბება, მხარდამჭერების მობილიზაცია და, მართალია, მცირე, მაგრამ წარმატების მიღწევა. იმაზე უფრო ადრე ქალთა მოძრაობამ მოახერხა ქალების უფლებების საჯარო და საყოველთაო მნიშვნელობის საკითხად გადაქცევა. კიდევ უფრო მცირე ლგბტ თემმა უკიდურესად დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად თვითორგანიზება და საკუთარი უფლებების მოთხოვნა შეძლო. მთავარი ის იყო, რომ ამ ჯგუფებმა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, „ხმა ამოიღეს“, გამოეყვნენ უხმო, მორჩილ, მთმენელ მასას, რომელიც ყოველთვის სხვის იმედადაა. რადგანაც იმედი ვახსენე, ბარემ ვიტყვი, რომ ვერ დავეთანხმები ჩემს მეგობრებს, რომლებიც სტუდენტობას ერთადერთ იმედად ისახავენ. ძალიან შორს ვარ რომელიმე ჯგუფის - მუშები იქნებიან, „მწვანე მუშტი“, ქალთა მოძრაობა თუ „აუდიტორია 115“ - რომანტიზაციისაგან და მათი ჩვენი დროის ახალ გმირებად გადაქცევის სურვილისაგან. ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმეს, თუნდაც ამ ჯგუფების იმედად, იმიტომ, რომ იმედად ყოფნა სწორედ ისაა, რაც ძველ პოლიტიკას ახასიათებს. იმედი (ოცნებასთან ერთად) ძველი პოლიტიკის ნაწილია და გვეუბნება, რომ ვიღაცა აუცილებლად რაღაცას გააკეთებს ჩვენს მაგივრად. ეს პოლიტიკურადაც და ინტელექტუალურადაც წამგებიანი პოზიციაა. პირიქით, სტუდენტური გამოსვლები და მათი წარმატება გვიჩვენებს თვითორგანიზაციის ძალას და ძალაუფლების ახალ, არაიერარქიულ სახეს. ამის გაკეთება ყველას შეგვიძლია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მგონია, რომ თვითორგანიზებული ჯგუფები საქართველოში ახალი პოლიტიკის სახეა და უპირისპირდება არა მარტო ძველ, იერარქიულ პოლიტიკას. თვითორგანიზების „ძალაუფლება“ უპირისპირდება ძველ „ხელისუფლებას“. მაგრამ ახალ პოლიტიკას ერთი საფრთხეც ემუქრება. ეს საფრთხეა მისი კორუმპირებადობა „ხელისუფლების“ მიერ. 1995 წელს მაშინდელმა „მოქალაქეთა კავშირმა“ მოახერხა, შეიწოვა და, უკვე საკუთარ თავში გათქვეფილი, პარლამენტში შეიყვანა ყველა დამოუკიდებელი ცენტრი (მათ შორის პოპულარული „მწვანეთა პარტია“, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა). ვერ დავუკარგავ ვერაფერს, რაც ჟვანიამ და ჟვანიას მიერ პოლიტიკაში მოყვანილმა ადამიანებმა გააკეთეს, მაგრამ სწორედ რადგანაც სისტემის, ძველი პოლიტიკის ნაწილები გახდნენ, სისტემის რეფორმირება ვერ მოახერხეს. ახალ დამოუკიდებელ ჯგუფებსაც იგივე საფრთხე ემუქრებათ.

სად „კეთდება“ ძველი და ახალი პოლიტიკა?

ქართულში დამკვიდრდა უცნაური გამოთქმა „პოლიტიკაში წასვლა“. მის შინაარსს რომ დავუკვირდეთ, მივხვდებით, რომ „პოლიტიკაში წასვლა“ პარლამენტში (პარტიულ სიაში) მოხვედრას ან რომელიმე სამთავრობო თანამდებობაზე დანიშვნის სინონიმია. ეს სიტყვათშეთანხმებაც გვიჩვენებს, როგორ ჩავეფალით ძველი პოლიტიკის ჭაობში. მე მგონია, რომ პოლიტიკა სულაც არ იწყება მთავრობაში ან პარლამენტში (პირიქით, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტი ისეთი ადგილია, სადაც პოლიტიკის გარდა ყველაფერი კეთდება). რატომ? სწორედ იმიტომ, რომ პარლამენტი ძველი პოლიტიკის, ძველი ყაიდის პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ოკუპირებული. ძველი ყაიდის პარტია ისეთი პარტიაა, რომელიც ამომრჩევლის ინტერესების გარშემო კი არ იქმნება და მოქალაქეთა ჯგუფებს კი არ წარმოადგენს, არამედ ძველი თუ ახალი სახელისუფლებო ცენტრების გარშემოა „ზემოდან“ შექმნილი, როგორც წესი, რომელიმე თბილისურ კაბინეტში. საქართველოში პოლიტიკაზე წარმოდგენების არარელევანტურობის ერთ - მაგრამ საკმაოდ თვალსაჩინო - მაგალითს მოგიყვანთ. საქართველო მსოფლიო ლიდერია როგორც პოლიტიკური პარტიების რაოდენობით, ასევე ერთ სულ მოსახლეზე პარტიების რაოდენობით. ხუთმილიონიან საქართველოში 220 პოლიტიკური პარტიაა, ხოლო საქართველოს 20 000 მოქალაქეზე 1 პარტია მოდის (შედარებისათვის, 298 000 000-იან ამერიკაში 32 პოლიტიკური პარტიაა, ხოლო ერთი პარტია აშშ-ის 9 მილიონ მოქალაქეზე მოდის). პარტიული პოლიტიკა საქართველოში მკვდარია. ისაა უბედურება, რომ პარტიული პოლიტიკა მაოხრებელი მკვდარია, ვამპირია, რომელიც სიცოცხლეს ახალგაზრდა სისხლით იხანგრძლივებს.

წინასაარჩევნოდ იმიჯშელახული პარტიები ახალ სახეებზე ნადირობას იწყებენ, ხოლო „ახალი სახეები“ პარტიებზე. ეს პროცესი, რომელმაც პარტიული პოლიტიკა შიგნიდან, თემატურად კი არ უნდა გადაახალისოს, არამედ გარეგნულად, ზედაპირულად „ახალი სახეების“ საშუალებით განახლების სიმულაცია მოახდინოს, უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა. ისიც დამკვიდრდა, რომ „ახალი სახეების“ სწრაფი ცვეთის შემდეგ, როდესაც ისინი პარტიისათვის საკუთარ მოკლევადიან ფუნქციას შეასრულებენ და მათი გამოძევების შეუქცევადი პროცესი დაიწყება, დაწყევლიან ხოლმე იმ დღეს, როდესაც შეცდნენ და „პოლიტიკაში წავიდნენ“, უბრუნდებიან თავიანთ ძველ პროფესიებს, ითვისებენ ახალს (მაგ. მევენახეობას) ან სულაც პოლიტიკურ არარაობაში იკარგებიან.

ამის „განსაჭვრეტად“ ნათელმხილველობა არაა საჭირო. პოლიტიკოსი (ან ადამიანი, რომელიც წარმოიდგენს, რომ პოლიტიკოსია), რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი პოზიცია, არ აქვს საკუთარი პოლიტიკური წონა, არ არის დამოუკიდებელი, არ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და პოლიტიკური პარტიისათვის დროებითი ფირნიშის ფუნქციას ასრულებს, საკუთარი ეგოს ოთხწლიანი მასაჟის გარდა დიდ სარგებელს ვერ მოიტანს. „პოლიტიკაში წასვლა“ სულაც არ ნიშნავს პარლამენტში (ან „თანამდებობაზე“) მოხვედრას - პირიქით. „იქ“ მოხვედრა პოლიტიკისგან შორსაა, სამაგიეროდ ახლოსაა ჩვენს ახალ ეროვნულ იდენტობასთან, რომელსაც სნობიზმი და არივიზმი ჰქვია.

პოლიტიკა, გავიმეორებ, არ იწყება პარლამენტში. პოლიტიკა იწყება საბაზისო სტრუქტურებში და დამოუკიდებელ ჯგუფებში. ამიტომაც ადამიანს, რომელსაც აინტერესებს პოლიტიკა და არა პარლამენტში სკამის ცვეთა ან საკუთარი თავით ტკბობა საპარლამენტო სხდომების ტრანსლაციისთვის, წესით და რიგით, სხვა ადამიანებთან არა ხელისუფლების ხიბლის ან პარლამენტარის მსუყე სარგოს, არამედ ფასეულობების გარშემო უნდა ერთიანდებოდეს. ძველი ყაიდის პარტიები, სამწუხაროა, მაგრამ ნაკლებად არიან ფასეულობებზე ორიენტირებული. კონიუნქტურული რხევა მათ ხან მარცხნივ გადააგდებს, ხან მარჯვნივ, ხან საერთოდ გაუგებარ ადგილას დააყენებს. მიზანმიმართული პოლიტიკური გეგმის დასახვა (და, მით უმეტეს, მისი განხორციელება) პარტიულ პოლიტიკას არ შეუძლია. (ამის კარგი მაგალითია კანონი თვითმმართველობის შესახებ, რომელიც, პარლამენტმა, საქართველოს კიდევ ერთი არაფორმალური მმართველის, პატრიარქის მოთხოვნით დასაჭურისებული ფორმით მიიღო. კიდევ უკეთესი მაგალითია დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც უნდა განგვიმარტოს და დაგვიკანონოს, რომ ოჯახად კაცის და ქალის ერთობა უნდა ჩავთვალოთ. არ გამიკვირდება, თუკი პარლამენტი მალე მიიღებს კანონს, რომელიც დაადგენს, რამდენი ცალი ანგელოზი ეტევა მახათის წვერზე).

მათგან განსხვავებით, დამოუკიდებელ ჯგუფებს შეუძლიათ კონკრეტული მიზნების დასახვა (არაა საჭირო, ეს მიზნები ყველა საკითხს მოიცავდეს) და (როგორც ვნახეთ) მიღწევა. მათ არ სჭირდებათ პოლიტიკაში წასვლა, ისინი უკვე პოლიტიკაში არიან და ცოცხალ პოლიტიკაში ყოფნით მეტს აღწევენ, ვიდრე ეს რომელიმე პარლამენტარს შეუძლია, სწორედ იმიტომ, რომ მათ (რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს) მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ნებისმიერ პარლამენტარს. თუკი დამოუკიდებელი ჯგუფები ამა თუ იმ საკითხის გარშემო გაერთიანებას მოახერხებენ, ეს მათ ძალაუფლებას კიდევ უფრო გაზრდის და მათ არა მარტო ლოკალურ, არამედ საქვეყნო ძალად გადააქცევს.

შევაჯამებ: თუკი ჩვენ გვინდა, როდისმე მაინც ჩამოვიბერტყოთ მხრებიდან ტოტალიტარული მემკვიდრეობის მძიმე ტვირთი, მაშინ პოლიტიკური სისტემის რადიკალური რეფორმირება მოგვიწევს. ეს რადიკალური რეფორმა ძველი პოლიტიკის ნგრევაზე გადის (ქართველი ენათმეცნიერის, ნიკო მარის პარადოქსული აზრი, რომ ნგრევა უფრო ძნელია, ვიდრე შენება, ამ შემთხვევაში მართალი გამოდგა). იქამდე, სანამ გაუმჭვირვალე, იერარქიული, არაფორმალური მმართველობის სისტემიდან, „ხელისუფლებიდან“ და მისი პრაქტიკებიდან („ოდეერები“, თვალთვალი და მსგავსნი) არ გადავალთ სისტემაზე, რომელშიც ძალაუფლება ქვევიდან, თვითორგანიზებული ჯგუფებიდან მიდის ზევით და აძლევს ლეგიტიმაციას მთავრობასა და პარლამენტს, მანამდე ჩვენი უბედურება მხოლოდ ჩვენივე სიზარმაცეს, არაორგანიზებულობას და სხვის იმედად ყოფნას უნდა დავაბრალოთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG