Accessibility links

logo-print


“If God did not want them sheared, he would not have made them sheep.”
Calvera

“ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?!”
გურამიშვილი



ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას რომ თვალი გადაავლო, აუცილებლად იფიქრებ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საკუთარი ამომრჩევლები მიამიტი იდიოტები ჰგონიათ.

საარჩევნო პლაკატებს რომ შეხედო, ასეთი სურათი დაგხვდება: მესამე ნომერი,პრინციპულობის და სამართლიანობის სიმბოლო ქ-ნი ბურჯანაძე სამართლიანობის აღდგენას გვპირდება ყველასათვის (ოღონდ გაუგებარია, თავის თავს და ოჯახის წევრებსაც თუ გულისხმობს), ახალნაცმოელი ბ-ნი ბაქრაძე, რომელიც „მოსახლეობას“ კრიტიკულ პერიოდებში იხსენებს და ომის დროს წალდებით და თოხებით აგზავნიდა რუსულ ტანკებთან შესარკინებლად, ახლა მოგვიწოდებს, ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა. სავარაუდო პირველი ნომერი ბ-ნი მარგველაშვილი კი გვეპატიჟება, “ერთად განვაგრძოთ წინსვლა”. განსაკუთრებით მომხიბვლელი აქ სიტყვა “გავნაგრძოთაა”, რომელიც ვერ გაიგებ, მორიდებული კომპლიმენტია წინამორბედი ხელისუფლების მიმართ თუ სამართლიანობის თავისებური აღდგენა. ყველაფერთან ერთად, მარგველაშვილი ბუტიაც აღმოჩნდა და შეგვაშინა, თუ პირველ ტურში არ ამირჩევთ, მეორეში კენჭს არ ვიყრი და აი, მაშინ ნახავთ, რაც მოგივათო.

ვიღაცისათვის ასეთი წინასაარჩევნო ულტიმატუმი შეიძლება მისაღები და გასაგები იყოს, ან სულაც მეტაფორად მოეჩვენოს, მაგრამ მე ამომრჩევლის შეურაცხყოფა მგონია. ეს მარტო მარგველაშვილს არ ეხება. საარჩევნო კამპანია, როგორც ყოველთვის, უკიდურესად პერსონალიზებულია და ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს. სინამდვილეში ჩვენ ადამიანს კი არ უნდა ვირჩევდეთ, რომელიც შეიძლება კარგი ან ცუდი მეოჯახე ან მზარეული იყოს, იყოს ქართველი ან სომეხი, ქრისტიანი ან მუსლიმანი, ჰეტერო- ან ჰომოსექსუალი და ა.შ., არამედ უნდა ვირჩევდეთ გასაკეთებელ საქმეს, პროგრამას, რომელსაც უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ეყოლება კონკრეტული განსახიერება, რომელიც ამ პროგრამის შესრულება-შეუსრულებლობაზე აგებს პასუხს.

ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატები არ ცდილობენ გვითხრან ან აგვიხსნან, რატომ უნდა ავირჩიოთ, რა საქმეს წარმოადგენენ, რა სიკეთის გაკეთებას აპირებენ, არამედ გვეუბნებიან, რომ დანარჩენები მათზე უარესები არიან: ამორალურები, ზნედაცემულები, ნაკლებად ან საერთოდ არ უყვართ სამშობლო, ოჯახი, ტრადიცია და დედა-ეკლესია. პოლიტიკური თემების და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მაგივრად აქტუალური ისევ ბანაკებად დაყოფაა: ვართ “ჩვენ” და “ისინი”. “ჩვენ”, მართალია, ცუდები ვართ, მაგრამ “იმათ” ხელში აპოკალიფსი მოხდება და საერთოდ ყველაფერი დამთავრდება, ამიტომ ხმა ჩვენ უნდა მოგვცეთ. ეს ლოგიკა ცნობილი მექსიკელი ბანდიტი კალვერას ლოგიკაა ფილმიდან “შესანიშნავი შვიდეული”: მე ცუდი ვარ, მაგრამ ჩემზე უარესიც არსებობს, ამიტომ ისევ მე გერჩივნოთ.

ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ასე გვექცევიან, მათი ბრალი არ არის, უფრო ჩვენი, ამომრჩევლების ბრალია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რაც უნდა ცუდები და არაფრისმაქნისები იყვნენ, რამდენადაც უნდა აგვიგდონ აბუჩად საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის სრულიად უსუსური და არაფრისმთქმელი ლოზუნგებით, ამომრჩეველს მაინც სხვა გამოსავალი არ ექნება, 27 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან მივა და გააკეთებს უკვე ჩვეულებად გადაქცეულ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის.

სულაც არ გამოვრიცხავ იმას, რომ მარგველაშვილი და ბაქრაძე (შესაძლოა ბურჯანაძე და ათასპატრონგამოცვლილი თარგამაძეც კი, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოში ყველაზე აქტუალური და მწვავე პრობლემის, ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ და რომელსაც, თუ არ მეშლება, ყოფილმა პარლამენტარმა ელენე თევდორაძემ ენამოსწრებულად “ზმეიონიშა” შეარქვა) ვიღაცას კარგი ჰგონია და მის პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს. ამ ადამიანების არჩევანს მე ვერ შევეხები. მე იმ გადაუწყვეტელი 20 %-ის პოზიციაზე ვლაპარაკობ, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, არცერთი კანდიდატი მისაღები არ არის სწორედ იმიტომ, რომ მის პოლიტიკურ შეხედულებასთან და ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.

არ იფიქროთ, თითქოს არჩევნების ბოიკოტისაკენ მოგიწოდებდეთ, პირიქით. უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ფაქტობრივად, ეს არჩევანი არ არის და გამოუვალ მდგომარეობასთან შეგუებაა. წარმოიდგინეთ, რომ მაღაზიაში ღვინის საყიდლად მიხვედით, გამყიდველი კი სამი სახეობის ძმარს გთავაზობთ და გარწმუნებთ, აი, სახლში მიდი, ძმარი წყალში გახსენი, ცოტა სიტკბო დაუმატე და ღვინის გემოს მაინც მოგაგონებს, თორემ სულმთლად ისე დარჩებიო. ვიღაცას შეიძლება ეს აზრი ჭკუაში დაუჯდეს, მაგრამ მე გამიჭირდება ამას არჩევანი დავარქვა. იმიტომ, რომ მეტი და ნაკლები ბოროტება არ არსებობს. ან არის ბოროტება, ან არ არის. გერმანელი ფილოსოფოსი თეოდორ ადორნო ასეთ არჩევანზე იტყოდა: არ არსებობს მართალი ცხოვრება სიყალბეში. შენ თუ გგონია, რომ, ვთქვათ, ჩერნენკოს და ანდროპოვს შორის არჩევანი არჩევანია, შენი საქმეა, ცხადია, მაგრამ მე ასე არ მგონია.

ცუდსა და უარესს შორის არჩევანის აპოლოგეტები გვეუბნებიან, რომ ბუნებაში მაინც სხვა არაფერი არ არსებობს: არსებობს მარტო ცუდი და უარესი, მეტი ან ნაკლები ბოროტება (ყველგან და ყოველთვის ასე იყო) და ამიტომ სხვას, პრინციპში, ვერაფერს აირჩევ. ნებისმიერი მოთხოვნა, აირჩიო კარგი, არის უტოპიზმი და იდეალიზმი.

ეს მოსაზრება მცდარია: ცუდის და უარესის ალტერნატივა არ არის იდეალური. ცუდის ალტერნატივა არის კარგი. და კარგი არის შესაძლებელი. მე მგონია, ვინც თვლის, რომ პოლიტიკაში კარგი შეუძლებელია, განწირულია ყოველთვის ცუდში (ან უარესში) საცხოვრებლად. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, 2003 წელს ქართველ ამომრჩეველს ჰქონდა სრულიად რეალური არჩევანი ცუდს (ძირგამომპალ კორუმპირებულ სისტემას) და კარგს (ან, ყოველ შემთხვევაში, კარგის მოლოდინს) შორის. ის, რომ ეს კარგი კარგად ვერ შენარჩუნდა, ცალკე ამბავია და ახლა შორს წაგვიყვანს.

კარგის უტოპიად შერაცხვა პოლიტიკაში დამღუპველია, იმიტომ რომ ეგრე ვერასოდეს ამოხვალ ჭაობიდან (იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველაფერი ჭაობი გგონია).

ხმის მიცემაც და არმიცემაც სამოქალაქო აქტია. ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ არასასურველი კანდიდატისათვის ხმის მიცემა დიდ მამულიშვილობას ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმ კანდიდატს თითქმის არაფერში არ ეთანხმები, შენ საერთოდ არ წარმოგადგენს და არანაირად არ გამოხატავს შენს შეხედულებას იმაზე, როგორი უნდა იყოს ქვეყანა? საზოგადო საქმე არ არის ცუდი კანდიდატის “გაპრავება” შენი ბიულეტენით, ეს არის საზოგადო საქმისათვის პირდაპირი ზიანის მიყენება.

ცუდს და უარესს შორის თუ აირჩევ, მუდმივად ერთი და იმავე არჩევანის წინაშე იქნები, ოღონდ ცვლადი პერსონაჟებით. პირადად მე მომბეზრდა.

რა არის გამოსავალიო, სამართლიანად იკითხავ. დავუბრუნდეთ ისევ ღვინის და ძმრის მეტაფორას: ა) დაველოდოთ როდის გაჩნდება მაღაზიაში ღვინო, მაგრამ შეიძლება უსასრულოდ ველოდოთ. ბ) ვიყიდოთ ყურძენი და ღვინო დავწუროთ. გ) ყურძენი თუ არ იყიდება, ჯერ დავრგათ ვენახი. ნებისმიერ შემთხვევაში, ლოდინი შეიძლება დაგვჭირდეს, მაგრამ არ გვექნება იმედგაცრუების და საკუთარი უძლურების, სრული ფატალიზმის გრძნობა არჩევანის არქონის გამო.

უნდა ჩამოვაყალიბოთ ის, რა გვგონია კარგი და ფასეული და მერე შევეცადოთ ამ კარგის განხორციელებას.

იქამდე კი წავიდეთ არჩევნებზე, მაგრამ ხმა არ მივცეთ იმათ, ვისაც ჩვენ არა მოქალაქეებად, არამედ ელექტორალურ რესურსად მივაჩნივართ, რომელსაც იოლად შეგიძლია ღვინის მაგივრად ძმარი შეასაღო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG