Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი თავისუფლება


ზოგ ახლო მეგობარს, ზოგ ნაცნობს და ზოგ უცნობს ბოლო დროს წყენა და პრეტენზია შევამჩნიე: ეს გინდოდა„თ“? ამაზე აგებ„თ“ პასუხს? „ეს“, მათი აზრით, ნაციონალების აშენებული და ოცნების დანგრეული ქვეყანაა, „თ“ კი სავარაუდოდ იმ ხალხს გულისხმობს, რომელსაც ჟანრის კრიზისში მყოფი კომიკოსის გავლენის ქვეშ მოქცეულები „შუაშისტებს“ ეძახიან.

სხვების არ ვიცი და მე კიდევ ერთხელ და გასაგებად მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების” ამომრჩეველი არ ვყოფილვარ, 1 ოქტომბრამდეც მიმაჩნდა და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის გაგრძელება საქართველოს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა, მაშინ როდესაც ახლა სწორი საფუძვლის ჩაყრის საშუალება მაინც გვაქვს. ცხადია, რომ რისკი/რისკები ოხრადაა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებივით არ მგონია, რომ ახალი მთავრობა რუსეთში ან საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნებს.

რა იყო ნაციონალების პრობლემა? (უფრო სწორად რატომ იყვნენ „ნაციონალები” პრობლემა ჩემთვის) მოდით, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ნაციონალურ მოძრაობას მონოპოლიზირებული ჰქონდა ხელისუფლების სამივე შტო, მედიაში და ბიზნესში კი „საკონტროლო პაკეტს” ფლობდა. საქართველო მიექანებოდა ერთპარტიული თვითმმართველობის და იდეაში ერთი კაცის ტირანიისკენ (ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გვარს არ დავასახელებ).

რა გვაქვს ახლა: ჯერჯერობით „შედარებითი” თავისუფლება, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა (დეპუტატების, მთავრობის წევრების, მოსამართლეების და ჟურნალისტების ჩათვლით) კარგად არ იცის როგორ მოიხმაროს. ეს „შედარებითი” თავისუფლება მხოლოდ იმ გაგებითაა თავისუფლება, რომ ახალი მთავრობის ზეწოლა მოქალაქეებზე, პრესაზე და ბიზნესზე ნაკლებია, ვიდრე წინასი - ანუ სავსებით ნეგატიურია. თავისუფლებას რომ სწავლა უნდა, ტრუიზმია, მაგრამ ეს ტრუიზმი, როგორც ჩანს, ბევრისათვის მაინც უცნობია.

წინა ტრუიზმს კიდევ ერთს დავუმატებ: თუ გინდა, რომ სიარული ისწავლო, ნაბიჯი უნდა გადადგა. ნაბიჯს რომ გადადგამ, შეიძლება დაეცე და შეიძლება ცხვირი მოიტეხო კიდევაც. მაგრამ ეს ნაბიჯი თუ არ გადადგი, სიარულს ვერასოდეს ისწავლი.

რა ნაბიჯია ეს ნაბიჯი? ეს არის ნაბიჯი გათავისუფლებიდან თავისუფლებისაკენ. ჩვენ კი ახლა სწორად იმ „უადგილო ადგილას” ვართ, რომელიც დამოუკიდებლობას (გათავისუფლებას) და თავისუფლებას შორის არის. ეს ნაბიჯი სულაც არ არის „ავტომატური”. მის გადადგმას ვცდილობთ 1991 წლიდან მოყოლებული და ჯერ ვერ გადაგვიდგამს, იმიტომ, რომ აქამდე ყოველთვის არათავისუფლებას ვუბრუნდებოდით. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ამ ნაბიჯს ახლა გადავდგამთ. მაგრამ გვაქვს (კიდევ ერთი) შანსი. ახლა კი იმასაც ვიტყვი, რა მგონია, რომ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს შანსი ბოლოს და ბოლოს გამოვიყენოთ.

მოდით, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ თავისუფლება, ამჯერად არა ნეგატიური, არამედ პოზიტიური თავისუფლება, არ ნიშნავს „აკეთო ის, რისი ხოშიც გაქვს”, როგორც ეს ბევრ ჩემს თანამემამულეს ესმის.

გერმანელი ფილოსოფოსი ჰანა არენდტისათვის თავისუფლება პოლიტიკური ცხოვრების წესია. თავისუფლება, ამ გაგებით, არის რაღაც, რაც მხოლოდ საჯაროდ შეიძლება არსებობდეს. თავისუფლება ადამიანების მიერ ადამიანებისათვის შექმნილი საჯარო სივრცეა (და - კიდევ ერთხელ, ამ გაგებით, არ წარმოადგენს თანდაყოლილ თვისებას). ეს თავისუფალი სივრცე ის სივრცეა, რომელიც ადამიანს, როგორც ადამიანს და როგორც მოქალაქეს „გამოაჩენს”, მას ხილულს, „განხორციელებულს”, დაფასებულს ხდის და მნიშვნელობას ანიჭებს. ფრანგი განმანათლებელი ფილოსოფოსის შარლ მონტესკიეს (1689-1755) და ირლანდიელი ფილოსოფოსის ედმუნდ ბერკის (1729-1799) კვალდაკვალ ჰანა არენდტს თავისუფლება ესმის, როგორც „საჯარო თავისუფლება”. „საჯარო თავისუფლება” ან „საჯარო ბედნიერება” კი არის საზოგადო საქმეში, რეს პუბლიკა-ში, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა.

თავისუფლების დაფუძნება ხდება ინსტიტუტებით (პოლიტიკური ფორმით), რომელიც ამ თავისუფლების (მოქალაქეების სახელმწიფო საქმეში მონაწილეობის) მუდმივი რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. ეს კი ჩვენ არ გაგვიკეთებია, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური ფორმა აქამდე თავისუფლების რეპროდუქციაზე კი არა, მის მოსპობაზე იყო აწყობილი.

სწორედ ამ თავისუფალების სივრცის დაფუძნება ვერ შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის ლიდერებსაც, მართალია, ჰქონდათ პრეტენზია, ყოფილიყვნენ დამფუძნებელი მამები, ოღონდ, მათთვის და ჩვენთვის სამწუხაროდ, ამერიკელი დამფუძნებელი მამებისაგან განსხვავებით წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას ნიშნავს თავისუფალი სახელმწიფოს დაფუძნება. და რადგანაც თავიანთი ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვეს, ახლა იგივე სხვა მთავრობით/მთავრობებით უნდა ვცადოთ. მთავრობა, როგორი კარგი ან ცუდიც არ უნდა იყოს, ამ ამოცანისათვის საკმარისი არ არის და ამიტომაც ახლა მეორე პრობლემაზე ვისაუბრებ.

დღეს „ოცნების” მხარდამჭერთა ერთი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის” „მიწის პირიდან აღგვას” ითხოვს. ამ მოთხოვნას ისინი ვერც თუ დიდად ოსტატურად ნიღბავენ მოსაზრებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივი პარტია” იყო. „პარტიის გასამართლებას” კი იმიტომ ითხოვენ, რომ ესმით: ახალმა მთავრობამ ყველა ჩინოვნიკიც რომ დაიჭიროს, პარტიის უკიდურესად დასუსტებას კი შეძლებს, მაგრამ გაუქმებას და განადგურებას მაინც ვერა. ამ მოსაზრების იურიდიულ უაზრობას თავს თუ დავანებებთ (ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულები პარტიას არ აქცევს დამნაშავედ), ის სწორედ იქითკენაა მიმართული, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა წლების განმავლობაში: ერთპარტიულობის დამყარებისაკენ. „არა”, გვეუბნებიან ამ მოსაზრების დამცველნი, „კოალიცია ხომ პარტია არ არის, ის მრავალპარტიულია და ბუნებრივად პლურალისტური”. რამდენად პლურალისტულია კოალიცია, კარგად დავინახეთ, როდესაც ერთ-ერთმა წევრმა პარტიამ პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატის არათუ წამოყენება, მასზე მსჯელობა „გაბედა”. კოალიციის მომავლის პროგნოზირება „ნაციონალების” „განადგურების” შემდეგ არ არის რთული: შემდეგ მტრად ჯერ, ვთქვათ, ალასანიას პარტია გამოცხადდება, მერე რესპუბლიკელები და შედეგად მივიღებთ მორიგ ერთპარტიულ მმართველობას.

პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეს მოსაზრება ისევ და ისევ ერის „ერთსულოვნების” „აღდგენას” ცდილობს. იმავეს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა” თავისი ანტიოკუპაციური კამპანიით, რომელსაც ოკუპაციასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს და, ფაქტიურად, ნაციონალური მოძრაობის პატრიოტული პარტიის იმიჯის გაძლიერებას ემსახურება ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, ცდილობს იმ წერტილის მოსინჯვას, საიდანაც „ნაცმო” ისევ შეძლებს „მთელ ერს” ჩაუდგეს სათავეში, რადგანაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოკუპაციის მომხრე საქართველოში ძალიან ცოტაა. ეს კი, ფრჩხილებში დავამატებ, იმას გვიჩვენებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სწავლის უნარი დაბალი აქვს და ისევ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკური ინიციატივის ხელში ჩაგდებას.

სწორედ ეს „ერთსულოვნებაა” დამღუპველი თავისუფალი სივრცისათვის (ამ აზრსაც ჰანა არენდტს დავესესხები). „ნაციონალების” და „ოცნების” ერთსულოვნების მქადაგებლები ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ: თავისუფლების დაფუძნება (თავისუფალი პოლიტიკური სივრცის გაგებით) შესაძლებელია არა მაშინ, როდესაც „ყველა ერთ აზრზე დგას” ან „უმცირესობა უმრავლესობის აზრს ემორჩილება”, არამედ მაშინ, როდესაც ამ სივრცეში და სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა უკლებლივ ყველას აქვს (თეორიულად მაინც. იმიტომ, რომ ამ თეორიას და პრაქტიკას შორის განსხვავებაზე საუბარი ახლა უფრო შორს წამიყვანდა, ვიდრე დღეს ვაპირებ წასვლას).

თუ გვინდა, რომ ასეთი თავისუფალი სივრცის დაფუძნება შევძლოთ, მაშინ, მაგალითად, უნდა ვაღიაროთ, რომ „ნაციოანლური მოძრაობა” არის სრულიად ლეგიტიმური ოპოზიცია და რომ ეს ოპოზიცია მონაწილეობას იღებს ქვეყნის მართვაში. მაგრამ ეს აღიარება თავისთავად არანაირად არ არის საკმარისი თავისუფალი სივრცის დაფუძნებისათვის. ამისათვის ხელისუფლების ცენტრალური სტრუქტურის შეცვლაა აუცილებელი: დღეს ხელისუფლება ზევიდან ქვევით, ცენტრიდან დაბალი რგოლებისაკენ მიდის. თუ გვინდა, რომ ხელისუფლებაში საყოველთაო მონაწილეობას მივაღწიოთ, - და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სწორედ ეს არის პოლიტიკური თავისუფლება, - მაშინ ხელისუფლების სტრუქტურა უნდა გადმოვაყირაოთ. ამისათვის კი თვითმმართველობის ძირეული რეფორმაა აუცილებელი, ისეთი, რომელიც თვითმმართველობას სრულ პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობას მისცემდა ისე, რომ ძალაუფლება ზემოდან ქვემოთ კი არა, ქვემოდან, თვითმმართველობის რგოლებიდან ზემოთ, ცენტრალური ხელისუფლებისაკენ იქნებოდა მიმართული. შესაძლოა, სოფლებისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება აქეთკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს.

მე მგონია, რომ ნებისმიერი სხვა გზა, საბოლოო ჯამში, ისევ ერთპარტიულობის რეციდივებს გამოიწვევს. ძალაუფლების არა მარტო ჰორიზონტალურ დონეზე, არამედ ვერტიკალურზე დანაწილება კი საუკეთესო გარანტია იქნება იმისათვის, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ ხელში არასოდეს მოხერხდეს და ვეღარავინ მოახერხოს ჩემი და თქვენი თავისუფლების შელახვა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG