Accessibility links

logo-print
დამოუკიდებლობიდან მოყოლებული საქართველომ რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბება დღემდე ვერ მოახერხა. ის ყოველთვის რეაქტიული და ემოციაზე დამყარებული იყო. ემოციონალიზაცია, სულ ერთია, დადებითი თუ უარყოფითი, რუსეთს განსაკუთრებულობის აურას ანიჭებს, რომელიც მას სინამდვილეში არ გააჩნია. სულ ერთია, რუსეთს „ისტორიულ მეგობრად“ მივიჩნევთ თუ „ისტორიულ მტრად“, ეს „ისტორიულობა“ მას გამოარჩევს სხვა მეზობლების და სხვა სახელმწიფოების რიგიდან და სრულიად არაჩვეულებრივ, ბედისწერით როლს შესძენს. ეს „არაამქვეყნიური“ „ბედისწერითი“ როლი ხელს გვიშლის იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ რუსეთის წინაშე სულაც არ ვართ უძლურნი და შეგვიძლია საკუთარი ინტერესების ფორმულირება, სტრატეგიული მიზნების შემუშავება და მათი განხორცილებაც კი. განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეგვიძლია აღვწეროთ ტერმინით Ressentiment, რომელიც გერმანელ ფილოსოფოს ფრიდრიხ ნიცშეს ეკუთვნის. ეს ცნება ქართულად ალბათ შეფარულ, უძლურ ბოღმად გადმოითარგმნება. ნიცშე წიგნში „ადამიანური, ერთობ ადამიანური“ (1878-1880) წერს: „გწყუროდეს შურისძიება და შურს იძიებდე, ნიშნავს უცებ აგიწიოს სიცხემ, რომელიც მერე გაგივლის: მაგრამ გწყუროდეს შურისძიება, იმის გარეშე, რომ მისი განხორციელების ძალა ან გამბედაობა შეგწევდეს, ნიშნავს სული და ხორცი მუდმივად მოწამლული გქონდეს“.

საერთაშორისო პოლიტიკის ენაზე ასეთი „შურისძიების“ ეკვივალენტი საკუთარი სახელმწიფო ინტერესების განხორციელებაა. მე მგონია, რომ ამ ინტერესების რაციონალური ჩამოყალიბება და განხორციელება შეუძლებელი იქნება, სანამ ა) რუსეთს „განსაკუთრებულ“ მნიშვნელობას მივანიჭებთ გინდა დადებითი და გინდა უარყოფითი ნიშნით და ბ) სანამ Ressentiment-ს ვეყოლებით შეპყრობილები.

დავიწყოთ ფაქტებით: ფაქტია, რომ დღეს რუსეთი საქართველოს მტერი სახელმწიფოა. მას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი და ცდილობს საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნებას.

ჩვენი რუსული პოლიტიკის მიზანია ა) რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან; ბ) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება; გ) საქართველოს სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის ცნობა საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში და დ) პირველი სამი მიზნის შესრულების შემდეგ რუსეთთან მეგობრული თუ არა, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება.

არა მგონია, ამ მიზნებთან დაკავშირებით ვინმეს დიდად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს. სამაგიეროდ განსხვავებები შეიძლება არსებობდეს ამ მიზნების მიღწევაში. აი რამდენიმე:

1) ურაპატრიოტული: მე ვიცეკვებ, შენ იმღერებ და პრობლემები მოგვარდება. ურაპატრიოტიზმზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ოღონდ შევნიშნავ, რომ „კარგ“ შემთხვევაში ის მხოლოდ ემოციის გამოხატვას და საკუთარი თავის პატრიოტად წარმოჩენას, „ცუდ“ შემთხვევაში კი ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება საზოგადო ინტერესის საზიანოდ.

2) კახა ბენდუქიძისეული: „წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის მაგივრად არის ოკეანე“. ეს შემოთავაზება ჭკუასთან ახლოსაა, რადგანაც მოგვიწოდებს ვაკეთოთ საკუთარი საქმე, დავივიწყოთ ნოსტალგია და შევეცადოთ სხვაგან ვიპოვნოთ ის, რაც რუსეთში „დავკარგეთ“. მისი მინუსი იმაშია, რომ რადგანაც პრობლემის არტიკულირებას ვერ ახერხებს, მას არარსებულად მიიჩნევს და შესაბამისად მისი მოგვარებისათვის არ გამოდგება.

3) ნაციონალური მოძრაობისეული: არანაირი ან მინიმალური დიალოგი რუსეთთან, რუსეთის პრობლემის მოგვარება უცხოელი პარტნიორების მეშვეობით. ეს ტაქტიკა, მართალია, ახერხებს სტრატეგიული მიზნის ფორმულირებას, მაგრამ, ფაქტობრივად, საკუთარ უძლურობას აღიარებს. მისი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პარტნიორები რუსეთის პარტნიორებიც არიან და ჩვენს ინტერესებს მხოლოდ იმდენად დაიცავენ, რამდენადაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება. ჩვენი საკუთარი რესურსი და აქტივობა ნულოვანია და უქმად იხარჯება. მარტო პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებენ. მეორე მინუსი შეგვიძლია მეზობელი სომხეთის მაგალითზე განვიხილოთ. სომხეთი წლების განმავლობაში წარმატებულად იბრძვის გენოციდის აღიარებისათვის. მაგრამ ამ, ერთი მხრივ, წარმატებულმა ბრძოლამ ა) ვერ მიაახლოვა სომხეთი სტრატეგიულ მიზანს ბ) რეგიონალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების გზა ჩაუკეტა და, ფაქტობრივად, რუსეთის ამარა დატოვა. ჩვენს შემთხვევაში კარგი და აუცილებელია საერთაშორისო სამართალზე აპელირება და აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციის ცნების დამკვიდრება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზანი არა ვერბალური აღიარება, არამედ რეალური რეინტეგრაციაა. (ფრჩხილებში დავამატებდი, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემა რუსეთის ფაქტორის მოხსნით სულაც არ გადაწყდება ავტომატურად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზები და ოსები ჩვენ მიგვიჩნევენ „ოკუპანტებად“.)

4) ქართული ოცნებისეული: რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობა. მისი მინუსი მდგომარეობს იმაში, რომ სტრატეგიული მიზნის ფორმულირებას სათანადოდ მკაფიოდ ვერ ახერხებს, ამიტომ მისი ტაქტიკა, ცოტა არ იყოს, ქაოტურად გამოიყურება და საზოგადოებას აბნევს. მიუხედავად ამისა, სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნა, რიტორიკის შერბილება და ეკონომიკური კავშირების აღდგენა, ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯები იყო.

არა მგონია, ვინმეს ილუზია ჰქონდეს, რომ რუსეთის დღევანდელი მთავრობა აფხაზეთიდან და ოსეთიდან ჯარს გაიყვანს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს. რა უნდა და არ უნდა გავაკეთოთ არსებულ პირობებში? - წინასწარ შევნიშნავ, რომ არ ვარ საგარეო და უსარფრთხოების პოლიტიკის სპეციალისტი (დიპლომიც კი არ მაქვს) და რასაც ვამბობ, ვამბობ დაინტერესებული დილეტანტის პოზიციიდან.

- არ უნდა ვიხელმძღვანელო ემოციებით: არ მიკვირს, რომ ვინმეს შეიძლება გული ერეოდეს პელმენის დანახვაზე, დოსტოევსკის კითხვამ ფაღარათი დამართოს ან შოსტაკოვიჩის მოსმენამ შაკიკი. საგარეო პოლიტიკა ვერ იქნება ემოციაზე და Ressentiment-ზე დამყარებული.

- არ უნდა ვიყოთ პასიურები: რელისტური პოლიტიკა გვკარნახობს, რომ დღეს დღევანდელი შესაძლებობლები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მზად ვიყოთ იმ მომენტისათვის, როდესაც „შესაძლებლობების ფანჯარა“ გაიღება (მაგ. გერმანია ამ მომენტს 40 წელი ელოდა, ოღონდ ისე არა, რომ ამ ხნის განმავლობაში გულხელდაკრეფილი ყოფილიყო). ეს კი კონტაქტების არსებობას გულისხმობის იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შესაძლებელია, ოღონდ ისე, რომ საბოლოო მიზანი განზე არ დაგვრჩეს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ საქართველომ საერთაშორისო კონიუნქტურა ისე უნდა გამოიყენოს, რომ მუდამ ჩანდეს დიალოგის ინიციატორად და რუსეთი თავისათვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმისაკენ (შეძლებისდაგვარად) აიძულოს.

- აქტიურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი: მაგ. რუსეთში ქართველების მილიონიანი დიასპორა, რომელიც ებრალიძეების იმედადაა მიტოვებული. რუსეთის ელექტორალურ რესურსს დღეს დიდი მნიშვნილებო შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ ეს მუდამ ასე არ იქნება.

- უნდა ვიყოთ მეტად თავდაჯერებულები: დღეს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში, როგორც მინიმუმ, ერთი იარაღი აქვს, რომელიც, ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ეს იარაღი რბილი ძალაა. თანაც, ეს რბილი ძალა, სამხედრო ძალისაგან განსხვავებით, რუსეთისას ბევრი არაფრით ჩამოუვარდება. „რბილი ძალის“ გამოყენების მიზანი უნდა იყოს საქართველოს, როგორც თანამედროვე, წარმატებული, დემოკრატიული, კორუფციისაგან (მათ შორის ელიტური კორუფციისაგან) თავისუფალი სახელმწიფოს წარმოჩენა. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ რუსეთსაც და სხვა „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნებსაც, რომ საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება შესაძლებელია არა მარტო ნატოს და ევროკავშირის წევრი ბალტიის ქვეყნებისათვის, არამედ ყოველი ჩვენთაგანისათვის. სწორედ ეს ალტერნატიული მოდელი უნდა გახდეს ჩვენი მთავარი საექსპორტო მასალა რუსეთში.

ამისათვის: აუცილებელად უნდა მივცეთ ქართულ ფირმებს რუსეთში ბიზნესის და ფულის კეთების საშუალება (ისევე, როგორც ამის საშუალებას რუსულ ფირმებს საქართველოში ვაძლევთ). კარგია, რომ რუსულ ბაზარზე უკვე „ახალი“ ქართული ღვინო შევა, რომელიც უკვე საბჭოთა კი არა, ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.

კარგია, რომ ქართველი არტისტები გამოდიან რუსეთში. ის, რომ ეს „სამშობლოს ღალატია“, მხოლოდ Ressentiment-ით დაავადებულ ცნობიერებას შეიძლება მოელანდოს. კარგია, რომ რუსეთის მოსახლეობამ საქართველო გაიცნოს როგორც მრავალმხრივი, არა მარტო ძველი, არამედ ახალი, თანამედროვე კულტურის მატარებელი ქვეყანა.

კარგია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი რუსი ტურისტი ჩამოდიოდეს და თავად იქმნიდეს საკუთარ, პროპაგანდისტული ხატებისაგან თავისუფალ, წარმოდგენას საქართველოს შესახებ.

ეს ყველაფერი რუსეთის მოსახლეობას, რომელიც, მართალია, ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დიდ როლს არ ასრულებს, მიეხმარება სტერეოტიპების დანგრევაში. ასეთი კონტაქტები, პრაქტიკულ ენაზე რომ გადმოვთარგნოთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია - ისეთი, რომელიც უკუგებას დღეს და ხვალ არ მოგვცემს, მაგრამ, ვთქვათ, ათ წელიწადში შეიძლება ძალიან გამოგვადგეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG