Accessibility links

logo-print
“ახლა კი საშინელ რაღაცებზე ვილაპარაკოთ“.
სტენდალი, „პარმის სავანე“


ხუთი წლის ვიქნებოდი, როდესაც შევესწარი, როგორ ჰყვებოდნენ მეზობლები ერთ უცნაურ ამბავს. დასავლეთ საქართველოს რომელიღაც სოფელში ჭირისუფლების ოჯახს სავარაუდო დამნაშავე, ახალგაზრდა კაცი დაეჭირა. დატყვევებული დაბმული ჰყავდათ. ჭირისუფალი კაცი ტყვეს მდუღარე წყალს ასხამდა, ხოლო ქალი პუტავდა: ცოცხლად აგლეჯდა ხორცს დამდუღული ადგილებიდან. მთელი სოფელი კი იქვე იდგა და სეირს უყურებდა. ტყვეს რა ჩაედინა, არ ვიცი, მაგრამ ამბავი დამამახსოვრდა.

ათასჯერ ნათქვამი, კედელზე დაწერილი, ნამღერი, ნაყვირი, „სისტემა უნდა დაინგრეს!“ შარშანდელი შემოდგომის სულისკვეთებას გამოხატავდა. „სისტემა უნდა დაინგრეს“ ნიშნავდა, რომ აღარ გვინდა ის, რადაც მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მმართველობა გადაქცეულიყო: რეჟიმად, რომლის თანამედროვე ფასადი ვეღარც კი ნიღბავდა ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებულ ძალაუფლებას და კეთილდღეობას სხვების ჩაგვრის, დამცირების, დაშინების და, როგორც მერე გამოჩნდა, წამების და გაუპატიურების ხარჯზე.

პირველი ოქტომბრის მერე 9 თვე გავიდა, საკმარისი დრო იმისათვის, რომ დაბადებულიყო ახალი და ამ ახლის სამშობიარო ტრავმებიც გამოჩენილიყო. ახალმა მთავრობამ „სისტემის დანგრევა“ „სამართლიანობის აღდგენით“ ჩაანაცვლა. ოღონდ ამ სამართლიანობის აღდგენამ უცნაური ფორმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანისათვის სამართლიანობის აღდგენა არა იმდენად სამართალთან არის დაკავშირებული, რამდენადაც სააკაშვილის რეჟიმის „სახეების“, ანუ იმათ დაჭერასთან, ვინც მიიზიდა ათიათასობით საქართველოს მოქალაქეთა ზიზღი და აღშფოთება. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული „დაჭერა“, როგორც სასჯელი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სასამართლო.

განსხვავება დასჯასა და სამართალს შორის ალბათ უფრო ნათელი გახდება, თუ ნიურენბერგის პროცესების ისტორიას გავიხსენებთ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის სამაგალითოდ დასჯის მომხრეები მოიშველიებენ ხოლმე. მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, სტალინისეული სამართლიანობის იდეა იყო ესესის და ვერმახტის შემთხვევით შერჩეული გერმანიის 50 000-100 000 შტაბის ოფიცრის სამაგალითო დახვრეტა. ბრიტანელებმა კი სასამართლო პროცესის ჩატარება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარის სასამართლოს პრაქტიკა იქამდე არ არსებულა და თავისი იდეა გაიტანეს კიდევაც. სწორედ ამიტომ, დღეს ნაციონალ-სოციალისტური დანაშაულის სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სამართლის და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ნაწილია და არა შურისძიების მსოფლიო ისტორიაში ალბათ ყველაზე მასშტაბური აქტი, რომელიც თავად იქცეოდა დანაშაულად. ყველა, ვინც დამნაშავეთა დასჯას ითხოვს (და არა მათ გასამართლებას) ალბათ ვერც კი აცნობიერებს, რამდენად ღრმად გაიდგა მასში ფესვი ამ საბჭოთა, სტალინურმა წარმოდგენამ სამართლინობაზე.

იმისათვის, რომ ვიღაც გაასამართლო, სულაც არ არის საჭირო, რომ ადამიანი წინასწარ დააპატიმრო. სწორედ წინასწარ პატიმრობას იყენებენ რეპრესიული რეჟიმები, როგორც დაშინების და რეპრესიების საშუალებას. სააკაშვილის მთავრობაც უხვად სარგებლობდა ამ ინსტრუმენტით. ახალი მთავრობა აქ, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა სფეროში, სააკაშვილის მთავრობის საქმის გამგრძელებელი გახდა. სწორედ ეს წინასწარი პატიმრობა და არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იწვევს პოლიტიკური დევნის ეჭვს ევროპასა და ამერიკაში.

კიდევ ერთი აჩრდილი, რომელიც დღემდე გვდევნის, კოლექტიური სასამართლოა. ნიურენბერგშიც კი ასამართლებდნენ არა პარტიას, არამედ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულისათვის. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება დღესაც კი კოლექტიური დანაშაულის კატეგორიებით აზროვნებს.

ძალიან ცოტა ხნის წინ ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი იყო ადამიანი გეწამებინა და მისთვის აღიარებითი ჩვენება გამოგეძალა. ეს იყო „სამართალი“. სამართლიან სასამართლოში ბრალის დამტკიცება რთული და შრომატევადი საქმეა. ამიტომ, როდესაც აღმოჩნდა, რომ დამნაშავეთა პროცესები იმდენად სწრაფად და ეფექტიანად არ მიმდინარეობს, რამდენადაც ხალხი ან ხალხის განსაკუთრებით ტრავმატიზებული ნაწილი მოითხოვს, გამოჩნდა გაუპატიურების ვიდეოები, რომლებიც რჩეულ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჩვენეს. ეს ვიდეოები უნდა გამხდარიყო სააკაშვილის რეჟიმის ხატი და ხალხის თვალში და გულში მაინც ჩაენაცვლებინა სასამართლო პროცესი. ეს იყო სასამართლოს სახალხო სამსჯავროთი ჩანაცვლება.

ეს არც სამართლიანობის აღდგენაა და არც სისტემის დანგრევა.

დამნაშავეთა დასჯა, თუნდაც არა სამართლის, არამედ რეპრესიების მეშვეობით, სისტემის დანგრევისათვის საკმარისი არ არის. მით უმეტეს დაუშვებელია სისტემის დანგრევის დამნაშავეთა დასჯით ჩანაცვლება.

სისტემის დანგრევა არ ნიშნავს, რომ კვერცხის ბიზნესიდან წამოსულმა ფულმა ერთი პარტიის ჯიბიდან მეორე პარტიის ჯიბეში გადაინაცვლოს. სისტემის დანგრევა არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის რექტორს პრეზიდენტის მაგივრად პრემიერ-მინისტრი ან მთავრობა ნიშნავდეს.

სისტემა რომ არ დანგრეულა, გვიჩვენებს სიმპტომები, რომლებიც ვიღაცას შეიძლება პატარად და უმნიშვნელოდ მოეჩვენოს. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა მოხდა, თუ 20 კაკალ „პიდარასტს“ და მათ მხარდამჭერს „სპრავედლივი ხელი“ მოხვდა ან თუ სადმე ქართულ სოფელში „თათარს“ ან „გათათრებულ ქართველს“ არ ალოცებენ ან თუნდაც მოლას ცოლი გაილახა. მთავარი ხომ ის არის, რომ მართლმადიდებელი ქართველების ღირსება აღდგა (რომელიც თურმე სხვისი დაჩაგვრის უფლება ყოფილა).

სამართლიანობა არ არის ჯალათების პერსონალის გამოცვლა. სამართლიანობა იქ არის, სადაც კანონი დიდისთვის და პატარისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ერთნაირად კანონობს. სამართლიანობა იქ არის, სადაც არ არის პრივილეგირებულთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია კანონი პირადი, ნათესაური, ჯგუფური, კლანური, პარტიული, ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ინტერესის გამო ფეხებზე დაიკიდოს. არც ნაციონალურ მოძრაობას დაუწყია ციხეში წამებით და გაუპატიურებით. სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ მაშინ გამოაჩინა, რომ სახელმწიფო აპარატს აპარატის თანამშორმელი ურჩევნია „ჩვეულებრივ“ მოქალაქეს. 17 მაისი და სამთაწყარო დღეს აჩვენებს, რომ დღევანდელი მთავრობა სისტემას კი არ ანგრევს, არამედ პრიორიტეტებს თავიდან ანაწილებს. უკვე გავიგეთ, რომ ჰეტეროსექსუალი (მით უმეტეს ეკლესიური) უფრო მეტს იწონის, ვიდრე ჰომოსექსუალი, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანს მეტი უფლება აქვს, ვიდრე მუსულმანს. ეს დასაწყისია: დღეს უკვე ვიღაცას კვერცხის ბიზნესი უნდა, ვიღაცას უნივერსიტეტი. დღეს იწყება გადანაწილება, რომელსაც სამართლიანობის აღდგენასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს, უფრო სწორად, სამართლიანობაა იმდენად, რამდენადაც სამართალი ყოველთვის იმის ხელშია, ვის ხელშიც ძალაა.

სამართლიანობა კი ბოლო თითქმის უკვე 100 წლის განმავლობაში ჩვენი საქმე არ ყოფილა. ამიტომაც ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა მგონია აუცილებელი სამართლიანობის აღდგენისათვის: ფართო უფლებებით აღჭურვილი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს და პოლიტიკურ შეფასებას მისცემს ყველა პოლიტიკურ ან პოლიტიკასთან დაკავშირებულ დანაშაულს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და შემდეგ საქმეებს გამოსაძიებლად გადასცემს პროკურატურას ან, შესაბამის შემთხვევაში, პირდაპირ სასამართლოს. ამ კომისიის მუშაობა დიდხანს და ზოგ შემთხვევაში პროკურატურის მუშაობის პარალელურად გაგრძელდება, მაგრამ სამართლიანობა მყარ საფუძველზე უნდა იდგეს და არა ცხელ გულზე.

დასაწყისში მოყოლილ ამბავს დავუბრუნდები: შურისძიების და სამართლიანობის გარჩევა ხანდახან ძნელი ხდება ხოლმე. მაგრამ ეს ზღვარი თუ წაიშალა, თვითონაც კი ვეღარ შეამჩნევ, როგორ გადაიქცევი უფრო საზარელ, სადისტ და დაუნდობელ ჯალათად, ვიდრე ის, ვისაც სამართლიანად სჯი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG