Accessibility links

logo-print
რუსეთის მთავრობას დამოუკიდებელი საქართველო რომ არ უყვარს, დიდი საიდუმლო არ უნდა იყოს. დემარშები - დაწყებული საზღვრის გადმოტანიდან და დამთავრებული სხვადასხვა ჩინოვნიკის გამოხტომებით, რომელთაც ქართულად სახელი არ ვიცი რა ჰქვია და რუსები хамский-ს ეძახიან - თითქმის ყოველდღიური გახდა.

უკანასკნელი ასეთი დემარში იყო სოჭის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში (რომელიც, სხვათა შორის, უკვე მეხუთედ ჩაქრა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეობისათვის დაჯილდოებული სამხედრო მფრინავის, ვინმე ივან ნეჩაევის მონაწილეობა.

ამ ამბავმა ქართველი ერის ფეისბუკში აქტიური ნაწილის უჩვეულოდ ერთსულოვანი აღშფოთება გამოიწვია. ერთი ძველი ანეკდოტის არ იყოს, რომელსაც 90-იანი წლების ქართველი “პატრიოტები” ოსებზე ჰყვებოდნენ, თავზე დაგვაჯვეს, დროა პირი გავაღოთო. თვითგვემამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ, იფიქრებ, თბილისში ერთ დროს პოპულარული შახსეი-ვახსეი არსად გამქრალა, უბრალოდ ფერი (და ფორმა) იცვალაო.

ბევრისაგან განსხვავებით მე ვფიქრობ, რომ ასეთი დემარშები -კარასინის და ონიშჩენკოს წამოკივლებებით დაწყებული და ოლიმპიური მეჩირაღდნეებით დამთავრებული - რუსეთის უუნარობის სიმპტომია, რაიმე ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურსზე. უსუსურობის ნერვიული გამოხატულებაა და ასეთი რამე გასაბრაზებელია, თუ პირიქით, უკვე მკითხველისთვის მიმინდვია.


რა უნდა და რა შეუძლია რუსეთს?

რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის აღდგენა სურს, თან ისე, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტი მაქსიმალურად იყოს მიახლოებელი ნომინალურს. ამ გეგმას რუსეთი ისეთ ქვეყნებშიც კი ვერ ახორციელებს, როგორიც ბელორუსიაა, მაგრამ იმედს და მონდომებას მაინც არ აკლებს. რუსეთის (მცდარი) აზრით, სამხრეთ კავკასიაში ის და “დასავლეთი” ნულოვანი ნაშთის თამაშს (zero-sum game) თამაშობენ: რამდენსაც შენ დათმობ, იმდენს მოიგებს მოწინააღმდეგე. შესაბამისად, რაც უფრო მეტად დაუახლოვდება, ვთქვათ, საქართველო ნატოსა და ევროპის კავშირს, მით უფრო ნაკლები იქნება მასზე რუსეთის გავლენა. აქედან გამომდინარე, რუსეთის პირველხარისხოვანი ამოცანაა, არ დაუშვას საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ნელ-ნელა შემოაბრუნოს ევრაზიული კავშირისაკენ.

ამ სტრატეგიული გეგმის შესასრულებლად რუსეთის რესურსები შეზღუდულია. განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს საგარეო (და შიდა) პოლიტიკაზე პირდაპირი ზემოქმედების მექანიზმები მას არ აქვს. საპატრიარქოს ერთმორწმუნეობისა და ანტიდასავლურობის პროპაგანდის კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებში კონვერტაციას საკმაო დრო სჭირდება. ამიტომაც რუსეთი შეეცდება ისევ იმ გზით იაროს, რომლითაც მან საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩათრევა მოახერხა. ეს არის არა პირდაპირი აგრესიის, არამედ პროვოკაციების გზა, რომელიც საქართველოს იქით გამოაჩენს აგრესორად და რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორად.

ქართული მედიისათვის მგონი შეუმჩნეველი დარჩა, რომ ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი და “სუვერენული დემოკრატიის” დოქტრინის ავტორი, კვლავ დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად, ამჯერად სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობების საკითხში. დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი ამ მიმართულებით სერიოზულად ემზადებოდეს. არ ვიცი, რამდენად კარგია, როდესაც ქართული მხრიდან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობას შესაძლოა კარგი “ენჯეოშნიკი”, მაგრამ ადეკვატურობას სრულიად მოკლებული მინისტრი ზაქარეიშვილი უძღვება.


რა უნდა და რა შეუძლია საქართველოს?

საქართველოს საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია რუსეთის სარკისებური ანარეკლია: ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც (რუსეთისაგან) დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნების ამჟამად ერთადერთი შესაძლებლობაა. მაგალითად, ხელშეკრულება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, რომელსაც ვილნიუსის სამიტზე უნდა მოეწეროს ხელი, ნულოვანი ნაშთის თამაშში რუსეთის დამარცხებას ნიშნავს.

ის, რაც ჩვენში “ევროინტეგრაციად” არის მონათლული, ერთი მხრივ და დიდწილად დამოკიდებულია ევროკავშირის და ნატოს სურვილზე, აღიაროს საქართველო იმ ფასეულობების და სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც თვითონ აქვს დაწესებული, მეორე მხრივ კი, საქართველოს უნარზე, დაუმტკიცოს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს ამ სტანდარტებისადმი შესაბამისობა. ამ ორ მხარეს შორის დამთხვევა ავტომატური არაა: საქართველომ რომც მიაღწიოს სერიოზულ წარმატებებს დემოკრატიზაციასა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში, ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს მაინც შეიძლება არ ჰქონდეთ პოლიტიკური ნება, გაუღონ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის კარი. რუსეთი, რომელსაც ჩვენ ბოროტების იმპერიას ვეძახით, თითქმის ყველა დიდი საერთაშორისო კლუბის წევრია, ყველაზე გავლენიანი ორგანოს, უშიშროების საბჭოს ჩათვლით. მოდი, სხვა დროს ვილაპარაკოთ იმაზე, რამდენად სამართლიანია იალტისშემდეგი მსოფლიო წესრიგი და რეალობიდან გამოვიდეთ. რუსეთს შესწევს ძალა ევროკავშირის და ნატოს წევრებზე სერიოზული და ანგარიშგასაწევი გავლენა იქონიოს. რუსეთთან შედარებით საქართველოს გავლენა ნატოს და ევროკავშირის წევრებზე მინიმალურია, მაგრამ მთლად ნულის ტოლიც არ არის.

როგორც არ უნდა ვეცადოთ, რუსეთთან საქართველოს დაპირისპირებაში ერთი იარაღი აქვს, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერა. სწორედ ამ იარაღმა შეაჩერა რუსეთი 2008 წელს. რამდენად და როგორ შეუძლია საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მომხრობა? როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და დიდ საჭადრაკო დაფაზე თავისი პატარა პარტია ითამაშოს?

ეს არის პატარა, დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს მაშენებელი, მშვიდობიანი სახელმწიფოს პარტია, რომელსაც მტკიცე უარი აქვს ნათქვამი ყოველგვარ ძალადობრივ აქციებზე, კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზებს ცნობს და კეთილმეზობლური ურთიერთობებისაკენ მიილტვის, თუნდაც ისეთ მეზობელთან, როგორიც რუსეთია. ეს “იმიჯი” საქართველომ მაქსიმალურად უნდა დაამკვიდროს “დასავლეთში” ყველა დონეზე: დაწყებული კულტურულით და დამთავრებული დიპლომატიურით.

ამისათვის საქართველომ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა. არჩევნების გზით შეიცვალა მთავრობა, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ მზადყოფნა გამოითქვა. ადამიანი მაინცა და მაინც ტალეირანი არ უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ მიმხვდარიყავი, ქართულ-რუსული ურთიერთობების ნამდვილი გადატვირთვა შეუძლებელია იქამდე, სანამ რომელიმე მხარე საკუთარ პოზიციებს არ დათმობს. რადგანაც საქართველოს, მიუხედავად წინა მთავრობის მხარდამჭერთა შიშებისა, ასეთი ნაბიჯები არ გადაუდგამს, რუსეთი კვლავ უბრუნდება თავის ჩვეულ სტრატეგიას: საქართველოს პროვოციერებას ისეთ რამეზე, რაც მან შეიძლება გამოიყენოს საბაბად მცირე ან დიდი ზომის კონფლიქტისათვის.

რისი გაკეთებაც დღეს საქართველოს შეუძლია, საკუთარ შეცდომებზე სწავლა და საკუთარი სტრატეგიული გეგმის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელებაა, ოღონდ რუსეთთან შეძლებისდაგვარად კარგი ურთიერთობების გარეგნულად შენარჩუნებით. გარეგნულად იმიტომ ვამბობ, რომ სერიოზულად არავის სჯერა ამ ურთიერთობების გამოსწორების შესაძლებლობაზე.

სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოსათვის მეათეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ისიც უნდა წყდებოდეს არა ემოციების და ჩვეული ურაპატრიოტიზმის დონეზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის ღირსების ერთადერთი საზომი არსებობს: შეეძლოს საკუთარი სტრატეგიული მიზნების განხორციელება, ოღონდ არა ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, არამედ საკუთარი და სხვისი თავისუფლების ფასეულობაზე დაყრდნობით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG