Accessibility links

logo-print

„ანჯეი ვაიდა. რა იქნება შემდეგ?“ - ასეთი სათაურით მახსოვს პატარა სარედაქციო წერილი ჟურნალ „ისკუსტვო კინოში“ პოლონელი კინორეჟისორის, ანჯეი ვაიდას „რკინის კაცის“ პრემიერის შემდეგ. „სოლიდარობის“ ლიდერის, ლეხ ვალენსას ბიოგრაფიის თავისუფალ ეკრანიზაციას მაშინვე მოჰყვა რეაქცია საბჭოთა კავშირში. მოგვიანებით საბჭოთა კინოლექსიკონის რედაქტორმა მიამბო, როგორ გადამალა ვაიდას შემოქმედებისადმი მიძღვნილი თავი და ბოლო წამს, სტამბაში მიიტანა, რასაც მეორე დღეს მისი განთავისუფლება მოჰყვა. დიდი რეჟისორის ყველა ფილმი ამ დროისთვის თაროზე შემოდეს.

1988 წელს „ისკუსტვო კინოს“ ამ წერილის ავტორმა, ჟურნალის რედაქტორმა სურკოვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ვაიდას მოსკოვში ჩასვლა სწორედ სურკოვის დაღუპვას დაემთხვა. ამ დროისთვის პოლონეთი განთავისუფლების გზას დაადგა, პრინციპში, საბჭოთა კავშირიც. ვაიდას ყველა ფილმი დაუბრუნეს კინოთეატრებს. დადგა დრო პოლონური კინოს ნომერი პირველი ფილმის, „ფერფლი და ალმასის“ ახლებური გააზრებისა.

ანჯეი ვაიდა

ანჯეი ვაიდა

კაცმა რომ თქვას, „ფერფლი და ალმასი“ ყველას ისედაც კარგად ჰქონდა გააზრებული. სხვა საქმეა, რას წერდნენ და რას ამბობდნენ ფილმზე, რომელმაც, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთის ისტორია შეცვალა. „ფერფლი და ალმასი“ ნამდვილად იყო პოლონეთის ისტორიაში პირველი ანტიკომუნისტური თუ არა, „ანტიკონფორმისტული“ ფილმი. თავიდან ზბიგნევ ციბულსკის გმირს, მაცეკ ხელმიცკის „ანტიგმირი“ უწოდეს. აბა როგორ უნდა აეხსნათ სხვანაირად ის ფაქტი, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი, დამპყრობლისა და კოლაბორაციონისტების სიძულვილით აღსავსე მაცეკი მთელი მსოფლიოს, მათ შორის კომუნისტური პოლონეთის, მერე კი მთელი დანარჩენი „ვარშავის ბლოკის“ მაყურებლის სიმპათიას ბადებდა?

„ფერფლი და ალმასის“ პრემიერის შემდეგ ზბიგნევ ციბულსკი ნამდვილი სახალხო გმირი გახდა. მას ბაძავდნენ, რჩევას ეკითხებოდნენ, პოლონეთში მოდაში შემოვიდა „ციბულსკის სათვალე“, რომელიც ვაიდას ფილმში გენიალურადაა გათამაშებული - მაცეკისთვის სათვალე ნიღაბია. სათვალეში „ანტიგმირია“, უსათვალოდ კი - გმირი თუ არა, კაცი, რომელიც ეკრანიდან თვალებში გვიყურებს და ჩვენ გვეკითხება, როგორ უნდა მოიქცეს... ომის დროს პარტიზანების ჯგუფს შეუერთდა და პოლონეთის განთავისუფლებაში მათთან ერთად მონაწილეობდა. მაგრამ პატარა ქვეყანა „მსოფლიო გადანაწილების“ მსხვერპლი აღმოჩნდა. ერთი დამპყრობელი გააძევეს და მეორე შემოვიდა. მაცეკი, რომელიც ომის დროს ტყეში იბრძოდა, ისევ ტყეში დარჩა.

1958 წლის კომუნისტურ პოლონეთში ვაიდა იღებს ფილმს, რომლის მთავარი გმირი კომუნისტი ლიდერის მკვლელია. ვერაფერს მოუხერხებდა ცენზურა ფილმის ფინალს, ვერ გადააკეთებდა: მაცეკის დაღუპვის ეპიზოდი ხომ პრინციპულადაა გაჭიანურებული. ციბულსკის გმირი თეთრი ზეწრების ფონზე გარბის და ნაგავში კვდება... მაგრამ სურათი ამით არ მთავრდება - მაცეკის სიკვდილის შემდეგ ვაიდა მოულოდნელად გვიჩვენებს რესტორანს, რომელშიც ორი ოკუპაციის შედეგად გადარჩენილი პოლონელები ქეიფობენ. პიანისტი შოპენის პოლონეზის დაკვრას იწყებს. მოქეიფეები ერთმანეთს ხელს ჰკიდებენ და ცეკვას იწყებენ... მაცეკი ნაგავში მოკვდა, დანარჩენი პოლონეთი კი ცოცხალი, მაგრამ უღელში შებმული დარჩა.

საბედნიეროდ, სამუდამოდ არა. 70-იან წლებში ვაიდა გადაიღებს ჯერ ანტისტალინურ „მარმარილოს კაცს“, ხოლო 80-იან წლებში, როცა პოლონეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდება და „სოლიდარობის მოძრაობა“ აიკრძალება - „რკინის კაცს“. „რა იქნება შემდეგ?“ - კითხულობდა მოსკოვის მთავარი კინოჟურნალი... შემდეგ იქნება განთავისუფლებული პოლონეთი და, ყველასთვის მოულოდნელი, ანჯეი ვაიდას ახალი ფილმი „გოგონა არავინ“ („Panna Nikt“)... ვაიდა, რომელმაც პოლონეთის განთავისუფლების იდეას მთელი შემოქმედება მიუძღვნა, ახლა უკვე „ახალ პოლონელებს“ და დასავლეთის მიმართ მორჩილებას დასცინის. ქვეყანა განთავისუფლდა, მაგრამ განთავისუფლდნენ თუ არა თავად პოლონელები? აქაც, დიდი რეჟისორის საკმაოდ საშუალო ფილმში, ვუყურებთ ვაიდას გმირებს, რომლებიც თავიანთ სინდისთან მარტონი რჩებიან. არც ერთ ხელოვნებას არ შეუძლია გვიჩვენოს ადამიანი, რომელშიც ნელ-ნელა იღვიძებს სინდისი მაყურებლის თვალწინ. ასეთი ადამიანის სახე ვაიდას პოლონური „მორალური აღელვების კინოსთვის“ („Kino moralnego niepokoju“) ტიპურია. მაგრამ ვაიდა, ბევრი თავისი კოლეგისგან განსხვავებით, არ რჩება მხოლოდ ადამიანის „მორალური დამკვირვებლის“ დონეზე. „ფერფლი და ალმასისა“ არ იყოს ის ყოველთვის ცდილობს განაზოგადოს ისტორია და გადავიდეს პერსონაჟიდან - ხალხზე, კამერული დრამიდან - ეპოსზე. უფრო მეტიც, ვაიდას შედარებით ნაკლებად პოპულარული ფილმი „აღთქმული მიწა“ შესაძლებელია გავიგოთ, როგორც კარლ მარქსის „კაპიტალის“ ორიგინალური ეკრანიზაცია, ის, რისი განხორციელებაც ვერ მოასწრო სერგეი ეიზენშტეინმა.

პოლონელ რეჟისორებს უყვართ ისტორია და განსაკუთრებით გმირი, რომელსაც ისტორია იძულებულს ხდის, გააკეთოს არჩევანი. ვაიდა მუდმივად კითხულობს, როგორ განვითარდებოდა ისტორია მისი გმირი რომ განსხვავებულად მოქცეულიყო? რატომ არის დამოკიდებული ისტორიული პროცესები ერთი ადამიანის ქცევაზე და რას ნიშნავს „უხილავი გმირი“, რომელმაც შეცვალა ისტორია, მაგრამ ვერ მოხვდა ისტორიის წიგნში? ვაიდასთვის, როგორც კინემატოგრაფისტისთვის, სწორედ ეს უხილავი პერსონაჟია საინტერესო. ამათ ეძებს ისტორიაში. და ძებნის პროცესში არ ერიდება ისტორიულ გმირებსაც ჩამოაშოროს გმირის (თუ „ანტიგმირის“) ნიღაბი. ამ მხრივ სრულიად უნიკალური და, ჩემი აზრით, დაუფასებელია მისი ფილმი „დანტონი“. დღესაც მიკვირს, როგორ გაბედა და ფრანგული ფულით გადაღებულ ფილმში შეეხო ფრანგებისთვის წმინდათა წმინდას - რევოლუციას. გაბედა და თითქმის გროტესკული სახით, მწარე ირონიით (ზომიერების და გემოვნების ფარგლებში) წარმოგვიდგინა საფრანგეთის რევოლუციის გმირები. თანაც როდის? 1982 წელს, როცა პოლონეთში ფაქტობრივად დაწყებული იყო რევოლუცია. ესაა მთელი ვაიდა - რომანტიკული პათეტიკის ზღვარზე მისვლა და მოულოდნელი მუხრუჭი იმის შიშით, რომ თავად არ მოჰყვეს სიყალბის მორევში. და ეს ჩეხოვიცაა ალბათ, ვაიდას საყვარელი მწერალი.

დიდი რეჟისორის შემოქმედებაში ბევრია ძალიან კარგი, უბრალოდ კარგი და სუსტი ფილმი. მაგრამ გამორჩეულად მნიშვნელოვანი ვაიდას ბიოგრაფიაში მე მაინც „ყველაფერი გასაყიდად“ მგონია. ვაიდამ ეს სურათი ციბულსკის ხსოვნას მიუძღვნა. მეგობარი, რომელმაც ვაიდას სახელი და აღიარება მოუტანა მთელ მსოფლიოში, მოულოდნელად დაეღუპა... არადა კინოს გადაღებას იწყებდნენ. ჰოდა რა უნდა ქნას ამ დროს რეჟისორმა? გადაიღოს ფილმი გარდაცვლილ მეგობარზე? კარგი ფილმი გამოვა კარგ კაცზე, პოპულარულ კაცზე. იმდენად კარგი, რომ... კარგად გაიყიდება. სახელს და აღიარებას მოუტანს ავტორს.

აი, ესაა ანჯეი ვაიდას „რვანახევარი“. ფელინი იქ შემოქმედებით კრიზისს ყველას აბრალებდა - ცოლს, საყვარელს, კრიტიკოსებს, გამნათებლებს... ყველას, საკუთარი თავის გარდა. ვაიდამ კი აიღო და ახლა უკვე საკუთარ თავთან მიიტანა კინოკამერა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, როგორ იღვიძებს სინდისი და როგორ აქცევს ხელოვანს გმირად. სწორედაც რომ გმირად, რადგან ყველაზე ძნელია, გადმოატრიალო ყველაფერი, რაც შიგნით გაქვს, მოიხსნა ნიღაბი და შენს მაყურებელს ახლა უკვე უნიღბოდ შეხედო თვალებში.

რა სევდიანია, რომ ამ უსაშველო ნარცისიზმით მოცულ თანამედროვე კინოს აღარ ეყოლება ერთ-ერთი უკანასკნელი რომანტიკოსი - ანჯეი ვაიდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG