Accessibility links

logo-print

რუმინელ რეჟისორს, კრისტიან მუნჯუს მაინც და მაინც არ მოეწონა, როცა ჩემმა ქართველმა კოლეგებმა უთხრეს, თქვენი ფილმი ამათ შეიძლება ვერ გაიგონ, ეს სურათი პირველ რიგში ჩვენთვის, პოსტკომუნისტურ სივრცეში აღმოჩენილებისთვისაა ახლობელიო. რა თქმა უნდა, დიდი ხელოვნება არ უნდა იყოს გასაგები მხოლოდ ერთი რეგიონისთვის, მაგრამ, მართალი გითხრათ, მეც არ ვიცი, როგორ შეაფასებს თუნდაც ფრანგი მუნჯუს ახალი ფილმის, “კურსდამთავრებულის” (ეს თარგმანი პირობითია და არც თუ ისე ზუსტი) მთავარი გმირის, 50 წლის პროვინციელი ექიმის რეაქციას, როცა რომეო (სწორედ ასე ჰქვია მუნჯუს გმირს) გაიგებს, რომ მისი 18 წლის ქალიშვილი აღარაა ქალიშვილი. მაინც გაუკვირდება მგონი - რატომ შეიძლება მამა ასე ააღელვოს ამ ამბავმა?

“კურსდამთავრებული” მუნჯუს მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია. პირველი, “4 თვე, 3 კვირა და 2 დღე”, 2007 წელს სტივენ ფრირზის ჟიურიმ კანის “ოქროს პალმით” აღნიშნა. ეს იყო ფილმი ძალადობაზე ტოტალიტარულ რუმინეთში, მეორე - “გორაკებს მიღმა”, მგონი მაინც მუნჯუს საუკეთესო ფილმი, გვიამბობდა რელიგიაზე, როგორც ძალადობაზე. მუნჯუს ახალი ფილმი კვლავ ძალადობაზე განსჯაა. ამჯერად ძალადობაზე ოჯახში, თანაც სიყვარულით ძალადობაზე.

სხვათა შორის, “გორაკებს მიღმას” ის პერსონაჟები, რომლებიც კლავენ, მონასტრის მღვდელი კი პირველ რიგში, ასევე სიყვარულის სახელით მოქმედებენ. მუნჯუ დარწმუნებულია, რომ სიყვარულითაც შეიძლება მოკლა. მამას უყვარს თავისი ქალიშვილი, ყველაზე ძალიან უყვარს ამ ქვეყანაზე, მზადაა, თავი გაწიროს შვილის მომავლისთვის, გაუშვას ინგლისში სასწავლად, რომელიმე კარგ უნივერსიტეტში, რათა მოაცილოს კორუფციის ჭაობს, რომელშიც ცხოვრობს თანამედროვე რუმინეთი, მოაშოროს ამ მახინჯ ხრუშჩოვკებს, მიშენებული ლოჯიებით (ფილმის მოქმედება ჩრდილოეთ რუმინეთის პატარა ქალაქში ხდება), ამ ერთფეროვნებას, ამ ნაცრისფერ გარემოს. და სწორედ ეს სიყვარული ხდება აქ დრამის მიზეზი - ახალ თაობას აღარ მოსწონს, როცა ვინმე აპროგრამებს მათ ცხოვრებას, თუნდაც საყვარელი მამა. ახალი თაობა სხვა სისტემის შვილია, სხვა ეპოქის. დრამის მიზეზი კი ისაა, რომ ერთ ოჯახში და ერთ ქვეყანაში ცხოვრობს სხვადასხვა სისტემაში გაზრდილი თაობა... მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთი ჯერ კიდევ ვერ იშორებს ძველი სისტემის ნარჩენებს და განვითარება უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ აქაურ სკოლებში ჯერ კიდევ კიდია კედელზე კომუნისტური ეპოქის სურათები (დევიზით “სწავლა სინათლეა!), ახალი თაობა აღარ ემორჩილება ცხოვრების ძველ წესს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კონფლიქტს ოჯახში.

საგულისხმოა, რომ კრისტიან მუნჯუს ფილმი ძმები დარდენების კინოკომპანიის ფულითაა გადაღებული. გრძელი, დაუნაწევრებელი კადრები და ნერვიული კამერა, რომელიც სიღრმეში იჭრება და პერსონაჟების მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავს (“ღმერთია”?) სწორედ ადრეული დარდენების სტილია. მაგრამ მუნჯუმ ეს კინო მაინც შეცვალა - ის ახერხებს გააჩეროს კადრი და კამერა, მაგრამ მიზანსცენას ისე აწყობს, რომ დაძაბულობა მუდმივად იგრძნობა ეკრანზე. შეიძლება იმიტომ, რომ ყოველთვის კარგი ოპერატორი ჰყავს, შეიძლება ტექსტის დამსახურებაა (ყოფითი დიალოგები ყოველთვის “სასპენსზეა” აგებული)... ასეა თუ ისე, კრისტიან მუნჯუს ფილმებზე ნამდვილად ვერ მოიწყენ.

თუმცა მოწყენა იქით იყოს, ყველაფერი, რაც ჩანს რუმინელი რეჟისორის ფილმებში, იმდენად ნაცნობია ჩვენთვის, ქართველებისთვის, რომ შეიძლება გეგონოთ კიდეც, რომ ფილმი ჩვენმა თანამემამულემ გადაიღო.

მაგრამ ამაზე ჯერ მხოლოდ უნდა ვიოცნებოთ.

ერთ რამეს დავაკვირდი კანის ფესტივალის პროგრამაში. ფესტივალის პირველივე ფილმში, კრისტი პუიუს “სიერანევადაში” გამოჩნდება მღვდელი, რომელიც ოჯახის თავის ორმოცზე ქადაგებს რაღაცებს. მაგრამ ეს იქნება არა “მღვდელი”, როგორიც წარმოგვიდგენია, როგორიც ვიცით და, როგორც საქართველოში უყვართ ხოლმე თქმა, “პრადვინუტი რეჟისორი” გამოხატავს, “კარიკატურულად”, რომ გავიცინოთ და დავუფასოთ ავტორს ცინიზმი. მღვდელი იქნება ადამიანი, რომელსაც თავისი სიმართლე აქვს. აი, ზუსტად ისეთი, მინჯუს რომ ჰყავდა ფილმში “გორაკებს მიღმა” - ის მღვდელი, გოგონას რომ კლავს სიყვარულით.

კანის პროგრამის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში, კენ ლოუჩის სურათში, “მე დენიელ ბლეკი” საროსკიპოს პატარა ეპიზოდია ჩართული. აქაც ველოდებით მეძავებს, ისეთებს, როგორც წარმოგვიდგენია, როგორც საუკუნეების მანძილზე ხატავდა მათ კულტურა და როგორც გამოხატავენ ხოლმე მათ ქართველი რეჟისორები. მაგრამ დენიელს კარს უხსნის ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქალი. ისე რომ, დასაწყისში ვერც მიხვდებით, რომ ეკრანზე საროსკიპოს ხედავთ.

ის, ვინც დაძლევს კლიშეებს, დაიმკვიდრებს ადგილს კარგ კინოში. და სადაც არ უნდა ხდებოდეს ფილმის მოქმედება, ვისთვისაც უფრო მტკივნეული არ უნდა იყოს თემები, რომელთა შესახებ გვიამბობს ავტორი, ყოველივე დამკვიდრებულზე (და “დამყაყებულზე”) უარის თქმას აუცილებლად დააფასებს მაყურებელი, ისიც კი, ვისაც ეს თემები შეიძლება დიდად არც აღელვებდეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კარგი კინო ააღელვებს ჯორჯ მილერის ჟიურისაც, რომელმაც კვირას საღამოს კანის 69-ე კინოფესტივალის შედეგები უნდა გაგვაცნოს.

XS
SM
MD
LG