Accessibility links

logo-print

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასავლეთზე შოკივით იმოქმედა ჯერ ენტონი ბერჯესის წიგნმა “მექანიკური ფორთოხალი” და შემდეგ ამ წიგნის კუბრიკისეულმა ეკრანიზაციამ. მალკოლმ მაკდოულის გმირის ფინალში ნათქვამი ფრაზამ “მე განვიკურნე!” შეიძლება ითქვას დაანგრია დანაშაულთან და ძალადობასთან ბრძოლის ყველა თეორია. თითქოს აზრი აღარ ჰქონდა (ქალბატონი ეკა ბესელიას სიტყვა რომ გავიხსენოთ) “მიზეზის” კვლევას, რადგან ყველა მიზეზი ასე თუ ისე გამოკვლეული იყო - ასტროლოგებიც კი ჩაერთნენ ძალადობასთან ბრძოლის პროცესში, მაგრამ ვერავინ შეძლო “მექანიკური ფორთოხლის” გმირის, ალექსის ჩაკვლა ადამიანის გულსა და ტვინში. არ უშველა არაფერმა ალექსებს - არც დანაშაულის პრევენციამ, არც მკურნალობამ, არც ბეთჰოვენმა!

“მექანიკური ფორთოხლის” პრემიერიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ დასავლეთის ეკრანებზე გამოდის კიდევ ერთი ფილმი მალკოლმ მაკდოუელით მთავარ როლში - ლინდსი ანდერსონის “იღბლიანი”. აქ ალექსს უკვე მაიკლ ტრევისი ჰქვია. ის არ ძალადობს. ის ძალადობის მსხვერპლია.

ლინდსი ანდერსონის “ანტიკუბრიკულ “ სურათში მაიკლიც ხვდება ციხეში. იგი მარქსისა და გორკის თხზულებების კითხვას იწყებს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ "სოციალისტური სამოთხე" არადა არ გამოდის. მაიკლი სიკეთეს, სოლიდარობას ქადაგებს, მას დასცინიან და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის მის იდეებს ზიზღით და ძალადობით უპასუხებს სწორედ ის ხალხი, ვისი ინტერესების დამცველის როლსაც იღებს თავის თავზე. გამოსავალი არც აქ არსებობს თითქოს - “ალექსი” შეიძლება მოკლა შენს თავში, მაგრამ მაინც ჭანჭიკი დარჩები ძალადობის სისტემაში, რომელსაც თუკი წინააღმდეგობას გაუწევ, აუცილებლად დაიღუპები.

მაგრამ ფინალში ტრევისი მოულოდნელად ხვდება კინოგადაღებაზე, სადაც ლინდსი ანდერსონი მას მთავარ როლზე ამტკიცებს. ტრევისი ისევ იღიმება. იწყება "იღბლიანის" გადაღება.

რა გამოდის? რომ განთავისუფლების ხსნა მხოლოდ ბალ-მასკარადში ყოფილა? რომელ გზას გვთავაზობს ლინდსი ანდერსონი ძალადობის, ზიზღის, მონობის წინააღმდეგ საბრძოლველად?

ამ მძიმე დღეებში, როცა ისედაც შეშინებული ქართული საზოგადოება ქალებზე ძალადობის ამაზრზენი ფაქტების მოწმე გახდა, შეამჩნიეთ ალბათ, რომ შეშფოთებული ხალხის ორი დიდი ჯგუფი გამოიკვეთა. პირველმა ასე თუ ისე გაიზიარა ეკა ბესელიას მოწოდება და ძალადობის მიზეზებზე დაიწყო მსჯელობა. მეორემ, უფრო მეტად გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაახლოებულმა, დანაშაულის პრევენციას, ბატონი ჭიკაიძის გადაყენებას დაუჭირა მხარი და, როგორც მოსალოდნელი იყო, ლამის ყველაფერი საქართველოს მთავრობას დააბრალა.

მიზეზებზე თუ ვიმსჯელეთ, ცხადია, შორს წავალთ. პირადად ჩემთვის ყველაზე უფრო გასაგებია ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას პოზიცია, გამოთქმული ემოციურ ბლოგპოსტში. ქართველი მამაკაცები ვერ ურიგდებიან ქალების ემანსიპაციას, მათ - ამ დაუსაქმებელ, სტრესებისგან დაღლილ, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ, სულიერად დასაჭურისებულ “ალექსებს” - თვითგამოხატვის ერთადერთი იარაღი რჩებათ - თოფი და დანა, რომელსაც კულტურისგან ყველაზე დაუცველ, მაგრამ ამავე დროს გამოღვიძებულ და მეტ-ნაკლებად განთავისუფლებულ არსებებს, ქალებს უმიზნებენ. მაგრამ მიზეზი ბევრი უნდა იყოს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ალბათ, თავისი მიზეზი აქვს. იქნებ ასტროლოგებსაც დავეკითხოთ, რა ვიცით, რა ხდება “ზევით”. ასე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიებებში, ქალების კვლის ეპიდემია შესაძლებელია უკვე კონკრეტულად იმ სივრცეში გავრცელდეს, რომელშიც ყოველი ჩვენგანი ტრიალებს.

ჰოდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენს გარეთ მიზეზის დადგენა უფრო ადვილია. უფრო... მაპატიეთ და, “სასიამოვნო” პროცესია. მით უმეტეს, თუ მთავარი დრაკონის როლს ამ აბსტრაქტულ დამნაშავეს, “კულტურას” მივანიჭებთ. ანდა მხოლოდ მამაკაცების დაუსაქმებლობაზე ვილაპარაკებთ. ანდა... რა ვიცი, ბატონ ჭიაკიძეზე, თუნდაც. რამდენი საუკუნე დასჭირდება იმ პოლიციის რეფორმას, რომელსაც გულგრილობაში ვადანაშაულებთ ქალების ხოცვის გამო? აბა, წარმოიდგინეთ, მაგალითად, ქართველი ტრანსსექსუალი, რომელიც მაღალ ქუსლებზე, შეღებილი ტუჩებით და ხელოვნური მკერდით, პოლიციას აკითხავს იმიტომ, რომ მეზობელი ემუქრება. დაწერენ ოქმს, შეიძლება მეზობელიც გააფრთხილონ. მაგრამ ახლა იმ პოლიციელების სახეებიც დავინახოთ, რომლებიც ოქმს ადგენენ. ისიც წარმოვიდგინოთ, რას იტყვიან პოლიციელები მას შემდეგ, რაც ეს ქართული საზოგადოებისგან ყველაზე გარიყული არსება განყოფილებას დატოვებს... არა, მათ შესაძლებელია მიმართონ პრევენციას! მაგრამ “ზიზღის სიტყვა” და “ზიზღის მზერა” აუცილებლად იტრიალებს სივრცეში. ჰოდა, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ მიზეზებზე, სიძულვილს ვერაფერს მოვუხერხებთ, თუკი ეს სიძულვილი არ შეგვძულდება.

ქართული საზოგადოება შეძრწუნებულია დანაშაულის მომატების გამო, მაგრამ მას არ სძულს სიძულვილი. ეს ჩანს ყველგან: სიძულვილის ენით ლაპარაკობს მთავრობა, სიძულვილის ენით მეტყველებენ პოლიტიკოსები, პოლიცია. სიძულვილის ენით გვესაუბრება მღვდლის სამოსში გამოწყობილი ზოგიერთი “მამაო”. ადამიანები, მაშინაც კი, როცა სიყვარულზე, თანასწორობაზე, სოლიდარობაზე, მშრომელთა ინტერსების დაცვაზე ლაპარაკობენ, სიძულვილის მზერას ვერაფერს უხერხებენ. ქართული მედია რეიტინგის აკრეფას ცდილობს სწორედ სიძულვილის ტირაჟირებით. აგერ ინგა გრიგოლიამ თავის “რეაქციაში” დაუძახა იმ ხალხს, ვინც “იდეოლოგიური მტრის ხატებით” ცხოვრობს და ამ მტერზე საუბრისას ისე უბრწყინავს თვალები, როგორც ექსტაზში მყოფ ელ გრეკოს პერსონაჟებს. თუმცა ვინ უნდა მოეწვია სხვა, როცა სიძულვილის ეპიდემია მძვინვარებს ქვეყანაში, მთელი ქართული პოლიტიკა სიძულვილის დისკურსზეა აგებული და სწორედ ეს სიძულვილია, რომ კლავს და ანადგურებს.

საქართველოში სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არაა. არავინ კრძალავს სიძულვილს, გამოხატულს სიტყვასა და თვალებში. ბევრი ამას დემოკრატიის მონაპოვრად მიიჩნევს და არანაირად არ უნდა დაიჯეროს, რომ სიტყვას ზუსტადაც შეუძლია, რომ მოკლას ადამიანი, ანდა სიტყვით დაიწყოს და თოფით დამთავრდეს.

რეალურად სიძულვილის ენის აკრძალვა შეუძლებელიცაა. ჩვენ იმიტომ ვართ განსხვავებულები, რომ რაღაცები გვიყვარს, რაღაცები კი არ მოგვწონს, შეიძლება გვძულს კიდეც. მაგრამ ყოველ ჩვენგანს ერთი რამ აერთიანებს - ადამიანს, თუკი სერიოზულად არაა ავად, უნდა, რომ იყოს ბედნიერი, უნდა, რომ მისი შვილები იყვნენ ბედნიერი. არავის უნდა, ციხეში გაატაროს ცხოვრება. უნდა, რომ უყვარდეს, ყველაფერს ეზიაროს, რაც ლამაზია და რაც გაახარებს. ერთადერთი, რაც ადამიანებს ხშირად არ ესმით, ისაა, რომ სიძულვილი, რომელსაც ისინი ატარებენ, შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ მაინც ვრცელდებოდეს ჰაერში და წამლავდეს მას. უფრო მეტიც, არ ესმით, რომ სიძულვილის ყველაზე უმტკივნეულო გამოვლინება ახალი დანაშაულის მიზეზი შეიძლება გახდეს.

აგერ კვირას, ყაზბეგის ქუჩაზე მოვლენის გაშუქებისას ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა გვითხრა, “ჯერ ესროლა ოჯახის უფროსმა”... წამოსცდა! ელაპარაკე ახლა ამ ჟურნალისტს თანასწორობაზე და ჩაუტარე ტრენინგები! აზრი არა აქვს, სანამ არ მიხვდება, რომ მის მიერ წამოსროლილმა სიტყვამ, ნასესხებმა “ძალადობრივი კულტურის ლექსიკონიდან” შეიძლება გაარღვიოს სივრცე და ახალი დანაშაულის მიზეზი გახდეს.. აზრი არა აქვს, სანამ არ მიხვდებიან იგივე “რეაქციის” სტუდიაში მოკალათებული ბატონები და ქალბატონები - ვერ მიხვდებიან, რომ ზიზღი, რომელსაც ისინი ატარებენ, აუცილებლად გავრცელდება ახლა უკვე ტელემაყურებლის სივრცეში. თანაც ისე შეიძლება გავრცელდეს, რომ ადამიანის მკვლელობის მიზეზი გახდეს.

ჰოდა, რადგან ყველას გვინდა ვიყოთ ბედნიერები, რადგან ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანის მოკვლა დანაშაულია, მოდით მივმართოთ ლინდსი ანდერსონს და დავფიქრდეთ გამოსავალზე, რომელსაც დიდი ბრიტანელი რეჟისორი გვთავაზობს.

მაიკლ ტრევისი “განკურნა” შემოქმედებამ! სინამდვილეში ბალმასკარადი, რომელსაც “იღბლიანის” ფინალში ქმნის ანდერსონი, არის ის, რასაც ქართულ ენაზე “შემოქმედება” ჰქვია და რაც გულისხმობს მოქმედებას და შრომას, პირველ რიგში... საკუთარ თავზე. დაახლოებით ის, რაც შესანიშნავად აღწერა ლევან ცუცქირიძემ.

დიახ, ასეა. სიძულვილს ვავრცელებთ პირველ რიგში ჩვენ. არ გადის ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღეც კი, რაღაცაში რომ არ გამოვლინდეს ჩვენი სიძულვილი. ადამიანებს მთელი იდეოლოგიები აქვთ აწყობილი მათგან განსხვავებულებზე, რომლებიც ხელს უშლით, იყვნენ ბედნიერები. არადა, ბედნიერებას ვერავინ გვაჩუქებს და ვერანაირი სიძულვილი ვერ გაგვხდის ბედნიერს, თუკი თავად სიძულვილი არ შეგვძულდება და ყურადღებით თუ არ ვიქნებით, როცა სიტყვას ვავრცელებთ ჰაერში, ჩვენი ჟესტის, ჩვენი მზერის მიმართ თუ არ ვიქნებით ყურადღებიანები. ვერანაირი ბეთჰოვენი ვერ განკურნავს ამ სიძულვილს, თუკი ჩვენ თავად არ გავხდით ჩვენი ცხოვრების ბეთჰოვენები.

ამიტომ, ჩემო ძვირფასო ქალებო, სანამ საპროტესტო აქციას გავმართავთ ლოზუნგით “მე აეროზოლი ვერ დამიცავს”, იქნებ ყველამ ერთად ჩამოვწეროთ, დღის განმავლობაში რამდენჯერ ვიგრძენით ჩვენს თავში ეს დამანგრეველი სიძულვილი. პირადად მე მოქმედებისთვის სულ სხვა სიტყვებს შემოგთავაზებდით, ინგლისელი ექიმის, ჰევლოკ ელისის სიტყვებს, რომლებითაც მან ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება შეაფასა: “ლეონარდო არ იყო კაცობრიობის მეგობარი. მაგრამ იგი კაცობრიობის მტრის მტერი იყო”... ანუ სძულდა სიძულვილი?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG