Accessibility links

logo-print

პრიაპოსი ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში აფროდიტესა და დიონისეს შვილია, რომელიც საქონელს და მოსავალს მფარველობს. ის ლოკალური შინაარსის სასოფლო-სამეურნეო ღმერთია, ამდენად, ერთი შეხედვით, ნაკლებად მნიშვნელოვანი ბერძნულ-რომაული რელიგიისათვის. თუმცა ამ ღვთაებამ სახელი გაითქვა არა თავისი უნარ-ფუნქციებით, არამედ ერთი გარეგნული ნიშნით: ესაა მისი გიგანტური, ერიგირებული პენისი, რომელიც ანტიკური ხანიდან მოყოლებული ლიტერატურული თუ სამეცნიერო ინსპირაციების საგნადაა ქცეული. პრიაპოსის პენისი ნაყოფიერებასა და მამაკაცურ პოტენციასაც აღნიშნავდა და სიცილის მომგვრელ გროტესკულობასაც, მას შურითა და განცვიფრებითაც უყურებდნენ და ირონიითაც. თანამედროვე მედიცინაში, კერძოდ სექსოპათოლოგიაში კი არსებობს ტერმინი პრიაპიზმი, რომელიც მამაკაცის სასქესო ორგანოს ერექციული ფუნქციის დარღვევას აღნიშნავს. ესაა ხანგრძლივი და უწყვეტი ერექციის მდგომარეობა, რომელიც მამაკაცის სექსუალურ დაკმაყოფილებას შეუძლებელს ხდის. ამდენად, გიგანტური პენისი და უწყვეტი ერექცია არა იმდენად ულევი პოტენციისა თუ უსაზღვრო სექსუალური უნარების, არამედ დაუკმაყოფილებელი სურვილებისა და სექსუალობის ინფლაციის ნიშანიცაა, რომლის შედეგიც პოტენციის დაკარგვა და თვითგანადგურებაა. ამით პრიაპოსი „მამაკაცურობის“ ინფლაციას განასახიერებს. ნიშანდობლივია, რომ თავად ლათინური სიტყვა „ინფლაცია“ (inflatio) ერთგვარი პრიაპული შინაარსისაა და ის გაბერვას, უზომოდ გაზრდას ნიშნავს. ესაა პრიაპიზმის არა სამედიცინო, არამედ სიმბოლური მნიშვნელობა. სიმბოლურ მნიშვნელობაში როგორც ცნობიერი, ასევე არაცნობიერი შინაარსები იგულისხმება. თუ ცნობიერად ადამიანი საკუთარ თავს შეგნებულად აიგივებს რომელიმე სიმბოლოსთან, არაცნობიერი მის ფარულ სურვილებს გამოხატავს და მას ხშირად არარსებულის ან ნაკლოვანების ზეკომპენსაციის ფუნქცია აქვს.

სიმბოლო გაუმთლიანებელი ნაწილია იმ უხილავი მთელის, რომელიც მის უკან იმალება. ის საკუთარი გამოსახულების გარდა, ყოველთვის კიდევ სხვა ისეთ შინაარსსაც მოიცავს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგულისხმება. მაგალითად, პრიაპოსის ერიგირებული პენისი არა მხოლოდ მამაკაცის ბიოლოგიურ ფუნქციას, არამედ კიდევ უფრო მეტად ბიოლოგიისგან ერთობ შორს მყოფ თვისებებს განასახიერებს. ამიტომაც, ტერმინოლოგიურად მამაკაცის სასქესო ორგანოს სიმბოლური მნიშვნელობით ფალოსი ეწოდება და ეს სიმბოლო უძველეს რელიგიურ წარმოდგენებში გაჩნდა. ანტიკურ სამყაროში ფალოსი იყო მისტერიული კულტმსახურების ნაწილი, რომელიც ლოგოსსა და გონებას განასახიერებდა, რაც საიდუმლო ცოდნასთან არანაზიარებთათვის მიუწვდომელი იყო.

იმ მრავალ მნიშვნელობათაგან, რომელსაც ფალოსი ანტიკურობიდანვე გამოხატავს, ყველაზე გამორჩეული ძალაუფლება და მაღალი სოციალური სტატუსია, ანუ ფალიკური სიმბოლიკით ადამიანი საკუთარი აღმატებულებისა და მნიშვნელოვნების ხაზგასმას ცდილობს. სიმპტომატურია, რომ სრულიად ღიად ფალიკური ღვთაება პრიაპოსი ჯერ ალექსანდრე მაკედონელის უზარმაზარ საბრძანებელში, შემდეგ კი რომის იმპერიაში აღზევდა და ვიწრო აგრარულ-გლეხური მნიშვნელობიდან იმპერიულ სიმბოლოდ იქცა. ამით მსოფლიო იმპერიებმა საკუთარი თავი გიგანტურ ფალოსებად წარმოსახეს.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ სექსი ცოდვად შერაცხა და გენიტალიების გამოსახვა საჯარო სივრცეში ალაგმა, ფალოსი ფალიკურ, ანუ ფალოსთან მიმსგავსებულ ფორმებში გადასახლდა, თუმცა თავისი სიმბოლური მნიშვნელობები არ დაუკარგავს: ხილვადი სფეროდან გაძევებული შენიღბული დაბრუნდა სიდიდისა და ბუმბერაზობისკენ სწრაფვაში, რომელმაც ახალი სიმძლავრე შეიძინა მოდერნულობის ხანაში, როდესაც ინდუსტრიალიზაციით გამდიდრებული და გაძლიერებული თანამედროვე სამყარო ფალიკური ფორმის ნაგებობების ლანდშაფტად იქცა.

ფალიკურის სიმბოლურობა განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა პოპულარულ თემად, რაც XX საუკუნის დამდეგს გაჩენილი ახალი მოძღვრება, ფსიქოანალიზი, მასზე რეფლექსიას შეუდგა. ფსიქოანალიზის მიერ შემოტანილმა ცნებამ, „პენისის შურმა“, რომელიც ამ მოძღვრებაში „კასტრაციის კომპლექსს“ უკავშირდება, ფალოსი პრივილეგირებულობის აღმნიშვნელად განსაზღვრა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ფალოსი ფლობად-დაკარგვადია. ფალოსის ფლობა და მისი დაკარგვის შიში კი არაცნობიერი ფსიქიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მექანიზმია.

ამასთანავე ინდუსტრიულმა რევოლუციამ სიმბოლური ფორმებიც რადიკალურად შეცვალა. სიმბოლიზაციის ერთ-ერთი ასეთი გამორჩეულად ახალი ობიექტი მოდერნის ეპოქის პროდუქტი - მანქანა და მექანიზებული თუ ელექტრონული ხელსაწყოები გახდა. 1930 წელს ზიგმუნდ ფროიდი წერდა, რომ ადამიანი პროტეზების ღმერთად გადაიქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელსაწყოები მისი სხეულის ნაწილები თუ გაგრძელებებია. ადამიანმა ტექნიკა და ინსტრუმენტები ისე გაითავისა, რომ ისინი მის სხეულს დაემატა და სიმბოლიზაციის ახალი ფორმები წარმოშვა. ამასთანავე, თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ სახელმწიფო ან ადამიანთა სხვა კოლექტიური ერთიანობის ფორმა განასახიერებს საკუთარ „სიდიადეს“, არამედ დიდი ინსტიტუციების მონოპოლია ძალაუფლებასა და სიდიადეზე დაიშალა და „გადემოკრატიულდა“, რამაც ყველა ადამიანს გაუხსნა თვითგანდიდების გზა. ბაზარი და კაპიტალბრუნვა ყველას აძლევს ფალიკური თვითგამოხატვის საშუალებას, თუკი ისინი დიდი და ვეებერთელა საგნების მფლობელები გახდებიან.

ტრადიციული ფორმებისგან განსხვავებით, თანამედროვე ფალიკური სიმბოლიკა გარეგნულად აღარაა აუცილებელი, რომ ფალოსს წააგავდეს. უცვლელი მხოლოდ პრინციპია: ფალიკური მიმართულია უსაზღვრო გაბერვა-გადიდებისა და, საბოლოო ჯამში, ინფლაციისაკენ. ეს მოვლენა საყოველთაოა და უშუალო კავშირშია თანამედროვე კაპიტალიზმის სამომხმარებლო იდეოლოგიასთან, რომელიც შეძენით, ფლობით და შენაძენის დემონსტრირებით მიწიერი სამოთხისა და ბედნიერების ილუზიას უქმნის მომხმარებლებს. ერთადერთი ღირებულება, რომელსაც ბაზრის იდეოლოგია აწარმოებს, საყოველთაო და ტოტალური მატერიალიზმია.

თანამედროვე საქართველო ამ ტოტალური მატერიალიზმის კარიკატურული ნიმუშია, რომელშიც ე.წ. სულიერებაც კი, ყიდვადია და მხოლოდ მატერიალური საგნების ფლობით გამოიხატება. ვაჭრობასა და კაპიტალბრუნვაში ეკლესია, რომელიც „სულიერებაზე“ საავტორო უფლებას იჩემებს, წარმატებულ კონკურენციას უწევს სუპერმარკეტებსა და ბანკებს. ეკლესია ვაჭრობს „სულიერებით“, რომელიც მატერიალურია: ხატები თუ სხვა „წმინდა“ საგნები ან შემოწირულობები, რომლებიც მრევლს „სულის“ ხსნას ჰპირდება. შესაბამისად, „მორწმუნეთათვისაც“ ამ „სულიერების“ გამოხატულება ძირითადად „სულიერი“ საგნების ფლობაა, თანაც რაც შეიძლება მეტი და დიდი ზომის. მატერიალისტურია წარმოდგენა, რომ თუ სახლს ხატებით გაავსებ, ამით საკუთარ თავს ღვთისმოსაობას შესძენ.

რელიგია, რომელიც თანამედროვე გაფურჩქვნად კაპიტალისტურ საქართველოში მეფობს, პრიაპიზმის ნაირსახეობაა, რომელიც დიდი და ძვირფასი ნივთების ფლობითა და მათი საყოველთაო ეგზიბიციონიზმით გამოიხატება. გიგანტური ჯიპები, რომლებიც უფრო ტრაქტორებს ან სატვირთო მანქანებს ჰგავს და თავისი მოცულობით სრულიად შეუფერებელია ქალაქური გარემოსათვის, ერთი მხრივ, მათი მფლობელის სასოფლო-სამეურნეო მენტალიტეტზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი დეფიციტური ფალიკურის ზეკომპენსაციად უნდა იქნეს გაგებული. ვეებერთელა მანქანა, რომლის ზომასაც ფაქტობრივად არანაირი საჭიროებითი ფუნქცია არ გააჩნია, წმინდად პრიაპისტული სიმბოლოა და ის პოტენციის ინფლაციას განასახიერებს. გიგანტური მანქანა-ფალოსების ეგზიბიციონიზმი, რომლის არენაც მთელი საქართველო, განსაკუთრებით კი თბილისია, კასტრირებული ფალოსების მუზეუმია. ამავე დროს ეს ზრდასრული ასაკის ქართველების ბავშობის ნოსტალგიაცაა: აბა „პასპორტი“ მაჩვენე!

ამ პრიაპისტულ რელიგიაში საკრალური ნიშნებიც არაა დავიწყებული: წრეში ჩახატული ბოლნური ჯვარი, ან ავტომობილის უკანალზე წარწერა - „უფალო შეგვიწყალე“ - მფლობელობაში მყოფი ფალიკური სიმბოლოს ნაკურთხობას, მის საკრალურობას განასახიერებს. შეძენასა და ფლობაზე დამყარებული ღირებულებები, რომელთა კრიტერიუმიც მხოლოდ რაოდენობისა და მოცულობის მატებაა, უკვე ღირებულებათა ინფლაციისა და, შესაბამისად, ამ რელიგიის კვდომის ნიშანია.

XS
SM
MD
LG