Accessibility links

logo-print

მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტმა, რომელსაც ერთი წელია მე ვხელმძღვანელობ, ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს აკადემიური წრეებისთვისაც კი უჩვეულო ფორმატითა და სათაურით: "როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? - კულტურა, ისტორია, პოლიტიკა".

იტალიელი თეორეტიკოსის, ანტონიო გრამშის მიერ შემოტანილი ტერმინი „სუბალტერნი“, ჩვეულებისამებრ, „დაქვემდებარებულს“, „დაბალი რანგის“ სოციალურ ჯგუფებსა თუ ადამიანთა კატეგორიებს აღნიშნავს, ადამიანებს, რომელთა ხმა არ ისმის და არც არავის სურს მათი ხმის გაგონება. ძველ სამყაროში ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ მონები და ყმები, ახალ სამყაროში - პროლეტარიატი და გლეხები, თანამედროვეობაში - „დაბალ სოციალურ ფენებად“ წოდებულები - მაღაროელები და ქარხნების მუშები, რომლებსაც უმძიმეს, არაადამიანურ პირობებში უხდებათ მუშაობა და ცხოვრება; „პრეკარიატი“ - მომსახურეობის სფეროში მომუშავე ადამიანები (მარკეტების მოლარეები, ბანკების კონსულტანტები, მიმტანები, ტრანსპორტის კონტროლიორები და ა.შ.), რომლესაც მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ (თვეში 200-300 ლარი) ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის, უფრო ხშირად კი სიტყვიერი შეურაცხყოფების ატანა უხდებათ; რომლებსაც „მენეჯერები“ ისეთი სამუშაოს შესრულებას აიძულებენ, რომელიც ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული, ხოლო არშესრულების შემთხვევაში ხელფასს უმცირებენ ან სამუშაოდან ათავისუფლებენ; ემიგრანტები, რომლებსაც არც სამშობლოში აღარ დაედგომებათ და არც მათი მიღება სურს ვინმეს; უმცირესობები, რომელთა არსებობასაც ვერ ეგუება უმრავლესობა და მათი გამოჩენა თუ მათი ხმის გაგონება საკუთარი უფლებების შელახვად მიაჩნია; უუფლებო ქალები, რომლებსაც „ქმრებისთვის ფეხების ბანვა“ და უსიტყვო მორჩილება დაუწესეს და როცა მათ ეჭვიანობის თუ „ზედმეტი ხმის ამოღების“ ნიადაგზე კლავენ, ეს მამაკაცური ღირსების დაცვად საღდება.

სუბალტერნული ასევე შეიძლება ეწოდოთ მთელ ქვეყნებსაც და ხალხებსაც, ყოფილ კოლონიებს, „მესამე სამყაროს“ სახელით რომ მოიხსენიებენ და იაფ მუშახელად რომ იყენებენ განვითარებული სამყაროს მეწარმეები, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის გარეშე; რომლებსაც, უკეთეს შემთხვევაში, „ეგზოტიკურ ქვეყნებს“ უწოდებენ განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილ ეგზოტ ადგილობრივებთან ერთად ფოტოები რომ გადაიღონ და მათ სტუმართმოყვარეობაზე რომ ილაპარაკონ იმავე ტონით, როგორც უცნობ საჭმელსა თუ სასმელზე. მთელი ირონია ისიცაა, რომ ხშირად ადგილობრივებიც იმ ეგზოტიკური გარეგნობის მიღებასა და ნიშან-თვისებების გამოხატვას ცდილობენ, რაც მათ ყოფილმა კოლონიზატორებმა თუ თანამედროვე პირველი სამყაროს ტურისტებმა და ინვესტორებმა შეუქმნეს. ამდენად, ისინი, როგორც მეორე რანგის ქვეყნები თუ ადამიანები, ისტორიის წერაში არ მონაწილეობენ, ისტორია ზოგჯერ მაშინაც კი არ ახსენებს მათ, როდესაც მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს. ასეთ დროსაც კი ფონის შემქმნელი სტატისტების როლში არიან, ხოლო მთავარი ყურადღება ეთმობა, მაგალითად, ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირებას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც უკრაინასა თუ საქართველოში მიმდინარე ომები და კონფლიქტებია.

ამ პრობლემატიკის თეორიულ გააზრებასა და მის ქართულ რეალობაში განხილვას მიეძღვნა კონფერენციის პირველი დღე. მეორე დღეს კი გადავწყვიტეთ, მხოლოდ აკადემიურობით აღარ შემოვფარგლულიყავით და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს თანამედროვე ქართველ მწერლებთან, მხატვრებთან, ფოტოხელოვანებთან და აქტივისტებთან ერთად გველაპარაკა ხმა- და უფლებაწართმეული უმრავლესობის თემაზე. იმისათვის, რომ საუბრის საგანი მხოლოდ სიტყვებით არ წარმოსახულიყო, საკონფერენციო დარბაზში გამოვფინეთ იმ მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც თანამედროვე საქართველოში „დუმილისა და უენობის“ (ასე ერქვა გამოფენას) თემას ყველაზე უკეთ ასახავენ: ჭიათურის, ზესტაფონისა და კაზრეთის მუშების მდგომარეობის მაჩვენებელი ბექა წიქარიშვილის და ლუკა პერტაიას ფოტოდოკუმენტაციები, მხატვარ ქრისტინე რობაქიძის მიერ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტთა - დავიწყებულ და ზურგშექცეულ ადამინთა - ფერწერული პორტრეტები და ლია უკლებას ქალთა სახეები: ქალი საკერავ მანქანასთან უზარმაზარი ფაბრიკული დაზგების ფონზე, ორსული ქალი, ქალის ნაწამები, დასერილი სხეული, რომლის კისრიდანაც თავის ნაცვლად ყვავილები ამოიზრდება და ორსული ღვთისმშობელი საფეთქელზე მიბჯენილი პისტოლეტით ხელში - ერთადერთი გამოფენილი ნამუშევარი, რომელმაც საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც საკუთარ თავს მორწმუნესა და ქრისტიანს უწოდებს, ოთხსაათიანი გამოფენიდან ხუთი დღის შემდეგ ემოციები აღძრა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვა.

არც იმ სტუდენტს, რომელმაც კონფერენციაზე გამოფენილ სურათებში მხოლოდ ეს ნახატი დაინახა და მისი მობილურით გავრცელებული ფოტო მკრეხელობის საგანგაშო მაცნედ გადაიქცა; არც უფუნქციო პოლიტიკური გაერთიანებისა თუ ზნეობის დამცავ ორგანიზაციათა წევრებსა და სასულიერო პირებს, იმავე დღეს მუქარით რომ მოადგნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ექვსი დღის წინ ჩამოხსნილი ნახატის ჩამოხსნას რომ ითხოვდნენ; არც ტელეარხ „ობიექტივის“ ჟურნალისტს, ყველა მართლმადიდებლის სახელით რომ იდგა მკრეხელობისგან დაცვის სადარაჯოზე; არც კათალიკოს-პატრიარქს, რომელმაც ნახატი და მისი უნივერსიტეტში ჩვენება სარწმუნოებისა და საქართველოს შეურაცხყოფად გამოაცხადა; არც საპატრიარქოს, რომელიც თავისი განცხადებით, რომელშიც კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ლამის დამნაშავეებთან გათანაბრებული, და არც ქორეპისკოპოს იაკობს, მისთვის ჩვეული მუქარითა და ქურდულ-ძველბიჭური ტონით, მისი „ქადაგებების“ სმენით 90-იანი წლების პირველი ნახევარი, თავისი საძმოებითა და ადამიანების დაუთოებებით რომ არ დაგვავიწყდეს, არ შეუნიშნავს ჩაგრული, გაწამებული და დაუცველი, ხმაწართმეული და უფლებებშელახული ადამიანები. მათი ბედი და სატკივარი არათუ მეორეხარისხოვანი, არამედ ყურადღების ღირსიც არ აღმოჩნდა. მთავარია, „რელიგიური გრძნობები“ იყოს დაცული, დაუცველი და უპოვარი ხალხის გასაჭირი რა სალაპარაკოა?

სამაგიეროდ, საპატრიარქოს უყვარს ბანკირები და ბიზნესმენები, რომლებიც გულუხვი „შემოწირულობებით“ და ძვირფასი ძღვნით საკუთარ სულებს ითეთრებენ და „ქველმოქმედის“ შარავანდედით იმოსებიან დასაჩუქრებული სამღვდელოების ლოცვა-კურთხევით. ეკლესია მათი ქონებისა და ბიზნესინტერესების დაზღვევა და გარანტია. საპატრიარქოსგან ნაკურთხ ბიზნესმენს რომელი საგადასახადო აკადრებს უბატონოდ ხმის გაცემას?

ეკლესიას არ ეუხერხულება, უსასყიდლოდ მიიღოს მრავალ მილიონად ღირებული სამთავრობო რეზიდენციები, საუკეთესო მიწები, ტყეები, შენობები; ალბათ ბობოყვათის რეზიდენციაში თუ არ მოისვენა რომელიმე სასულიერო იერარქმა, ისე მისგან მადლის დინება დაიკლებს და დარჩება მრევლი მადლმოკლებული და სულიერად მშიერ-მწყურვალი. ეკლესიას არ ეთაკილება, იყოს ზეპრივილეგირებული, არ იხდიდეს გადასახადებს და ამით არათუ არ მონაწილეობდეს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, არამედ გადასახადების გადამხდელთა მილიონებს ითვისებდეს და სრულიად გაურკვეველი და ბუნდოვანი დანიშნულებით ხარჯოს. არ რცხვენია მის მიერ წმინდანად შერაცხული გაბრიელ ბერის ნეშტი კომერციულ ატრაქციონად გამოიყენოს. არც კათალიკოს-პატრიარქის ქადაგებების დამწერთ უჩნდებათ სინდისის ქენჯნა, მარხვის დროს ხიზილალაზე ხსნილის ნებართვას რომ აძლევენ საკუთარ მრევლს, რომლის უდიდესი ნაწილის თვიური შემოსავალი არ ეყოფოდა ერთი ქილა ხიზილალის ფასს; ან გაკიცხოს ქალები, რომლებიც საკუთარი ოჯახების გადასარჩენად იძულებული არიან საზღვარგარეთ გადაიხვეწონ და საქართველოში აგზავნონ მძიმე შრომით ნაშოვნი ფული, რომლის ნაწილიც მერე ყოველი სუპერმარკეტის სალაროსთან ეკლესიის შემოსაწირ ყულაბებში მოთავსდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ქვეყნის უდიდესი მიწათმფლობელი და ბიზნესკორპორაციაა, არის თანაავტორი და თანაშემოქმედი სოციალური ჩაგვრისა და ეკონომიკური ექსპლუატაციის იმ სისტემისა, რომელიც საქართველოში ბატონობს. ასეთ ფონზე მისი ამბიონებიდან გაჟღერებული ლოცვაც კი დაცინვაა ქვეყნისა და მისი გაძარცულ-დაკნინებული მოსახლეობისთვის.

არადა ქრისტიანობა იმ ხალხის მიერ და იმ ხალხისათვის შეიქმნა, ვის აღსანიშნავადაც თანამედროვე სოციალური მეცნიერებები ტერმინ სუბალტერნს იყენებს. დურგლის ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი იესო ნაზარეველი, ოქროსა და ძვირფასი თვლებით მოკაზმული ხატებით რომ გამოსახავს ეკლესია, არ ყოფილა არც ფუფუნებისა და ოქრო-ვერცხლის მოხვეჭის მქადაგებელი და არც მოძალადე-წამქეზებელი, როგორც ის განცხრომასა და ფუფუნებაში მცხოვრები სამღვდელოება, ქრისტეს მსახურებს რომ უწოდებს საკუთარ თავს. თუკი დღეს ვინმე გმობს ქრისტეს და მკრეხელურად შეურაცხყოფს მის სწავლებას, ეს სწორედ ისინი არიან, ვინც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის“ განგაშს ტეხენ, ხოლო გატანჯული და დამცირებული, ხმისა და ღირსეულად არსებობის უფლებაჩამორთმეულ ადამიანებს ვერ ხედავენ, მათი ბედი არ ანაღვლებთ, დანახვის ღირსადაც კი არ მიიჩნევენ მათ. „ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის“ (მათე 5, 11) - ამ სიტყვების ავტორის სწავლებაში არანაირი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ არ არსებობს და არც განკითხვისა და დასჯისკენ მოწოდებები. სახარების რწმენა არ იცნობს გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას და განსხვავებულად მოაზროვნეების ხმის ჩახშობას, არც ძალადობრივ ანგარიშსწორებასა და მუქარებს. ამგვარი რწმენის ხატებას ახალ აღთქმაში ქრისტეს ანტიპოდი - ანტიქრისტე განასახიერებს.

ლია უკლებას მკრეხელურად შერაცხული ნახატი სწორედ ამ უკეთურებასა და მანკიერებაზე სასოწარკვეთილებისა და პროტესტის გამოხატულებაა. სწორედაც რომ ორსული ღვთისმშობელი და არა რომელიმე უსახელო, უხმო ქალი, რომლის დანახვა და შემჩნევა ისედაც არავის სურს, ახერხებს თავისი შემზარავად რადიკალური ჟესტით ჩვენი გაქვავებული და გაყინული მგრძნობელობის შეჯანჯღარებას. ამასთანავე, ეს ნახატი ლაკმუსის ქაღალდიც აღმოჩნდა სოციალური უსამართლობისა და ჩაგვრის მიმართ სიბრმავისა და თვალთმაქცობის გამოსამჟღავნებლად. „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ - ბრალდება, რომელსაც ამ ნახატის სულ რაღაც ოთხი საათით გამოფენისათვის ვისმენთ - სწორედ ის ინსტრუმენტია ბრალმდებელთა ხელში, რომლითაც ყურადღება სოციალური კრიტიკიდან არარსებული პრობლემებისკენ უნდა იქნეს გადატანილი, რათა ადამიანებმა მათსავე ხარჯზე გამდიდრებულებში მათ სულებზე მზრუნველ-მხსნელები დაინახონ და საკუთარი გასაჭირისა და უსამართლო ჩაგვრის ნამდვილ მიზეზებზე დაფიქრება ვერ შეძლონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG