Accessibility links

logo-print

საქართველოს განვითარების სტრატეგიებზე საუბარში ხშირად მესმის ხოლმე ფრაზა „გამოსავალი არის კონკურენციაში.“ ეს განსაკუთრებით მემარჯვენეების მიერ არის აღიარებულ ურყევ ჭეშმარიტებად, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი, აკადემიურ სფეროში მოღვაწე ეკონომისტების უდიდესი ნაწილი აღიარებს, რომ თავისუფალ ბაზარს აქვს ჩავარდნები (Market Failures), პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი მემარჯვენეებისთვის საბაზრო ჩავარდნის გაგება სრულიად უცხოა. ამის ნაცვლად, მემარჯვენეები საუბრობენ იმაზე, რომ სინამდვილეში ჩავარდნები აქვს მხოლოდ სახელმწიფოს (Government Failures). თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი კონკურენცია არ შეიძლება, რომ „ჩავარდებოდეს“, ის ყოველთვის იდეალურად მუშაობს.

ეკონომიკაში რამდენიმე სახის საბაზრო ჩავარდნაა ცნობილი. საბაზრო ჩავარდნა არის მდგომარეობა, როდესაც ბაზარი რესურსებს ეფექტიანად ვერ ანაწილებს. ერთი ასეთი შემთხვევა არის მონოპოლია. მონოპოლისტი ფირმა ფასებს თვითნებურად აწესებს და ეს ფასები არ ასახავს ბაზარზე არსებულ მოთხოვნისა და მიწოდების მდგომარეობას. მაგალითად, თუ მე ვარ მონოპოლისტი ფირმა, მე შემიძლია, რომ გაცილებით უფრო ძვირად გავყიდო ჩემ მიერ წარმოებული პროდუქცია, ვიდრე მისი ფასი არის სინამდვილეში. ვთქვათ, თუ ვარ პურის ერთადერთი მწარმოებელი მსოფლიოში და პური არის კვების რაციონის აუცილებელი კომპონენტი ბევრი ადამიანისთვის, მაშინ თავისუფლად შემიძლია, რომ მისი ფასი თვითნებურად გავზარდო ისე, რომ მომხმარებლები მაინც ვაიძულო, მოიხმარონ ჩემი პროდუქცია.

მონოპოლისტური ფასები ხშირია ფარმაცევტულ ბიზნესში, სადაც სწორედ ისეთ პროდუქციას ყიდიან ფირმები, რომელთა გარეშეც ადამიანი ჯანმრთელობას ვერ შეინარჩუნებს. ამ ბიზნესში მონოპოლიის ნაცვლად, ხშირად გვაქვს ოლიგოპოლიები. ოლიგოპოლია არის მონოპოლიის ფორმა, როდესაც პროდუქციაზე დამახინჯებულ ფასს ერთის ნაცვლად რამდენიმე ფირმა აწესებს ერთმანეთთან შეთანხმებით. ასევე, მონოპოლისტურ და ოლიგოპოლისტურ ფასებს ხშირად აწესებენ ფირმები და სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ამოწურვადი და შეზღუდული რაოდენობის ენერგორესურსებით ვაჭრობენ.

მონოპოლიები ხშირად ბუნებრივად ჩნდება. დროთა განმავლობაში პროდუქციისთვის აუცილებელი რესურსების უდიდეს ნაწილს ერთი ფირმა ეპატრონება და თითქმის შეუძლებელი ხდება ამ ფირმისთვის კონკურენციის გაწევა. ცხადია, თეორიულად შესაძლებელია ასეთ შემთხვევაშიც კი გაჩნდეს კონკურენცია, მაგრამ რეალურად, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია (და ხშირად მხოლოდ განსაკუთრებულად რევოლუციური ტექნოლოგიური გარღვევების შედეგად ჩნდება).

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ორი შემთხვევა: რკინიგზა და სატრანსპორტო გზები. რკინიგზის სფეროში, კონკურენტული გარემოს შექმნას დასჭირდება ბევრი კომპანიის რკინიგზის ბიზნესში ჩართვა, რომლებიც ალტერნატიულ რკინიგზის ხაზებს ააშენებენ. ალტერნატიული რკინიგზის ხაზების აშენება უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის გაღებაც მხოლოდ ძალიან მდიდარ კომპანიებს შეუძლიათ. ბევრი კომპანია უარს იტყვის ინვესტირებაზე, თუ მოგება, რომელსაც ნახავენ, არ იქნება იმხელა, რომ გაწეული ხარჯები მოკლე დროში ანაზღაურდეს. კონკურენციაში ჩაბმის მსურველი კომპანიები შეიძლება მაინც გამოჩდნენ, მაგრამ კონკურენტების რაოდენობა იმდენად შეზღუდული იქნება, რომ ოლიგოპოლიური გარიგებებებისგან და დამახინჯებული ფასებისგან მაინც ვერ დაიცავს მომხმარებელს. იმავე სურათს მივიღებთ, თუ გავყიდით გზებს (ამ შემთხვევაში, კონკურენტ ფირმებს ალტერნატიული გზების შენება მოუწევთ).

ამის მიუხედავად, ხშირად ბუნებრივ მონოპოლიებს, როგორიცაა რკინიგზა და სხვა სახის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მთავრობები მაინც ყიდიან, მაგრამ ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო კერძო კომპანიებს უწესებს გარკვეულ შეზღუდვებს იმისთვის, რომ მიწოდებულ პროდუქციაზე არ გაზარდონ ფასები და შეინარჩუნონ პროდუქციის მინიმალური სტანდარტები. რეგულაციების არსებობის მიუხედავად, ბუნებრივი მონოპოლიების გაყიდვა მაინც პრობლემური საკითხია, როგორც ამას მართებულად ამტკიცებს ბრიტანული „გარდიანის“ მიმომხილველი ჯორჯ მონბიო თავის საავტორო სვეტში, რომელიც ქართულადაც ითარგმნა. მონბიო წერს, რომ იმის გამო, რომ ზოგიერთი სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისის „ჩავარდნა“ შეუძლებელია (ეს სერვისები იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, რომ მათი მიწოდება არ უნდა შეწყდეს), სახელმწიფო იძულებული ხდება, რომ მოსალოდნელი კრახის წინ, მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებელი კერძო ფირმა გადაარჩინოს. ასეთმა კერძო ფირმამ შესანიშნავად იცის, რომ სახელმწიფო ყველა შემთხვევაში დაეხმარება და ამიტომ გაუმართლებელ რისკებზეც შედარებით ხშირად მიდის, ვიდრე ამას თავისუფალი კონკურენციის შემთხვევაში იზამდა.

საბაზრო ჩავარდნების კიდევ ერთ კატეგორიას მიეკუთვნება ის, რასაც ეკონომისტები უწოდებენ ექსტერნალიებს (Externalities), ანუ გარე ეფექტებს. ე.წ. ნეგატიური ექსტერნალიის გავრცელებული ტიპია კერძო კომპანიების მიერ გარემოს დაბინძურება. როგორც ამერიკელი ეკონომისტი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი შენიშნავს, გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ექსტერნალიაა, რომელიც მომხმარებლებს აიძულებს, მეტი გადაიხადონ კომპანიის მიწოდებულ სერვისებში. როდესაც კომპანია აბინძურებს გარემოს, გარემოს დაბინძურების ხარჯები მთლიანად სახელმწიფოს და საზოგადოებას ეკისრება. თუ ქვეყანაში არ არსებობს გარემოს დაცვის რეგულაციები, ამას უკიდურესად უსამართლო განაწილებამდე მივყავართ, რომელიც, როგორც კრუგმანი მართებულად აღნიშნავს, თავისუფალი ბაზრის საბაზისო ლოგიკიდან გამომდინარეც კი არ არის გამართლებული.

დაბოლოს, საბაზრო ჩავარდნის კიდევ ერთი გავრცელებული ტიპია ინფორმაციული ასიმეტრიები, რაც ყველაზე დეტალურად აღწერა ეკონომიკაში ნობელის პრემიის ამერიკელმა ლაურეატმა ჯოზეფ სტიგლიცმა. ასეთი ასიმეტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მიმწოდებელი უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს პროდუქციაზე, ვიდრე მომხმარებელი. ამგვარი შემთხვევები კი, მოგეხსენებათ, ძალზედ ხშირია. სწორედ ინფორმაციული ასიმეტრიის გამოსასწორებლად, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში დაწესებულია საკვები პროდუქციის მინიმალური სტანდარტები, რომელთა დარღვევაც კომპანიებს ეკრძალებათ. ვინაიდან თითქმის შეუძლებელია მომხმარებელმა იცოდეს, რომელი საკვები პროდუქცია რეალურად რას შეიცავს და რამდენად მავნებელია მისი შემცველი ესა თუ ისე კომპონენტი, სახელმწიფო ერევა ბაზრის მუშაობაში და აწესებს მინიმალურ სტანდარტებს, რომელთა გათვალისწინებაც სავალდებულოა ყველა კომპანიისთვის.

ერთი სიტყვით, „კონკურენცია ყველაფერს დაარეგულირებს“ მცდარი მტკიცებაა, რომელიც ცუდ სახელმწიფო პოლიტიკამდე მიგვიყვანს. საბაზრო კონკურენცია არის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური განვითარების მექანიზმი, რაც კაცობრიობას შეუქმნია, მაგრამ ის არ არის უპირობო და უნივერსალური. მას სჭირდება კონტექსტი იმისთვის, რომ შეძლოს ფუნქციონირება და დაეხმაროს საზოგადოებას განვითარებაში. სამწუხაროდ, მემარჯვენეებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მემარცხენეობა მკრეხელობად ითვლება (პოსტსაბჭოთა კომპლექსების გამო), ხშირად არ ესმით ეს.

XS
SM
MD
LG