Accessibility links

logo-print

13 თებერვალს გაიფიცნენ ტყიბულის ქვანახშირის მომპოველი მინდელის სახელობისა და ძიძიგურის სახელობის შახტების მუშები. მალე მათ შეუერთდნენ ახალგაზრდული მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისიდან. მაღაროელებმა გაფიცვა მხოლოდ 1 მარტს შეწყვიტეს, როცა მაღაროს მფლობელმა კომპანიამ მათ, პირველ ეტაპზე, ხელფასების 7%-ით გაზრდა შესთავაზა.

პარალელურად, დღემდე მიმდინა რეობს მუშების გაფიცვა მცხეთის რაიონის დაბა ქსანში მდებარე მინის ტარის ქარხანაში, სადაც მუშები ჯერ კიდევ 5 თებერვალს გაიფიცნენ და დღემდე გაფიცულები არიან (ამ შემთხვევაში, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და შესაძლო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე საუბრობენ. ორივე შემთხვევაში, მუშების მთავარი მოთხოვნებია ხელფასის მომატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება (მაღაროებში უსაფრთხოების გაუმჯობესებას ტყიბულის მაღაროების მუშებიც ითხოვდნენ). გარდა ამისა, მინის ტარის ქარხნის მუშები ითხოვენ კოლექტიური შეთანხმების დადებას საწარმოს მფლობელებთან და საწარმოს ტერიტორიაზე პროფკავშირისთვის ოთახის გამოყოფას.

ქსნის მინის ტარის ქარხნების მუშებზე მეტი ყურადღება საზოგადოების მხრიდან ტყიბულელი მაღაროელების გაფიცვამ მიიქცია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მაღაროელები განსაკუთრებით მძიმე სამუშაოს ასრულებენ. 2009 წლიდან 2013 წლამდე 14 მაღაროელი შეეწირა მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში მუშაობას (2013 წლიდან დაღუპულთა რიცხვმა კიდევ იმატა). ზოგადად, საწარმოო ტრავმებით გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში 2011-2015 წლებში 212-ია, დაშავებულთა რიცხვი - 691.

საზოგადოებაში მაღაროელთა გაფიცვის ფაქტს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ერთმა ნაწილმა სოციალურ ქსელებში იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ასეთი გაფიცვები საფრთხეს უქმნის ბიზნესს და ინვესტიციებს, მეორე ნაწილმა დაიწყო მინიშნებების გაკეთება საბჭოთა წარსულზე. ზოგმა ისიც თქვა, თბილისიდან ჩასული აქტივისტები „არაგულწრფელები“ არიანო.

გაფიცვების საბჭოთა კავშირთან ან საბჭოთა ნოსტალგიასთან დაკავშირება, სულ ცოტა, უახლესი წარსულის უცოდინრობაა. საბჭოთა კავშირის ისტორიაში მსგავსი გაფიცვები იშვიათობას წარმოადგენდა და მხოლოდ ე.წ. „პერესტროიკის“ დროს დაიწყო. მანამდე ყველაზე ცნობილი გაფიცვა იყო ნოვოჩერკასკის გაფიცვა 1962 წელს, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა სასტიკად დაარბია. ამ დარბევამ 26 გაფიცულის სიცოცხლე შეიწირა. გაფიცვები ყველაზე ხშირად სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, და არა ავტორიტარულ სახელმწიფოებში. მუშების გაფიცვას ისევე არ აქვს საერთო საბჭოთა კავშირთან, როგორც პრესის თავისუფლებას ან დემოკრატიულ არჩევნებს. ამგვარ ანალოგიას მხოლოდ იმიტომ ავლებენ, რომ ან ისტორია არ იციან, ან შეგნებულად სურთ მუშების კანონიერი მოთხოვნების დისკრედიტაცია.

რაც შეეხება ინვესტორების დაფრთხობის არგუმენტს, აქ მორალურ და ფაქტობრივ შეცდომასთან გვაქვს საქმე. მორალური გადმოსახედიდან, ჩვენ მეტ ინვესტიციებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ღირსებას ვერ შევწირავთ. ემპირიულ, ფაქტობრივ დონეზეც, გაფიცვა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაკლები ინვესტიციები ჩაიდება. ბევრს ჰგონია, რომ ჩინეთმა ამდენი უცხოური ინვესტიცია იმიტომ მოიზიდა და ასე იმიტომ განვითარდა, რომ ჩინელი მუშები უსიტყვოდ ემორჩილებიან ინვესტორებს. ამ მოსაზრების გამზიარებლებს ჩინეთის მუშათა გაფიცვების სტატისტიკაზე წარმოდგენა არ აქვთ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მუშების მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომ ინვესტიციებზე არ უნდა ვიფიქროთ. ცხადია, იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ბიზნესებში, მათი ეფექტიანობის ასამაღლებლად. ჩვენს შემთხვევაში იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ამ კომპანიების მოგება მთლიანად მუშების ხელფასების გაზრდას მოხმარდეს (რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი იქნებოდა), არამედ იმას, რომ სამართლიანად და ეფექტიანად განაწილდეს მოგების ის ნაწილი, რომელიც ხელფასებსა და რეინვესტირებას ხმარდება, და აქციონერების ჯიბეში მიდის.

აქტივისტების გულწრფელობა-არაგულწრფელობას რაც შეეხება, ამის გაზომვა ამ ეტაპზე შეუძლებელია და ეს არც არაფერს მოგვცემს. ნებისმიერ პროტესტში შეიძლება ჩაერთონ ადამიანები, რომელთაც სინამდვილეში ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ. ამისგან დაზღვეული არც ერთი სოციალური მოძრაობა არ არის. ხშირად საქართველოში მართლაც ხდება ხოლმე ისე, რომ პროტესტში ერთვებიან კარიერესტები და ფარისევლები, რომლებიც ხელისუფლებაში მოხვედრისთანავე ივიწყებენ იმ იდეალებს, რომელთა სახელითაც იბრძოდნენ. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცინიკური დამოკიდებულება უნდა გამოვიმუშავოთ ზოგადად სოციალური პროტესტის მიმართ და პოლიტიკაზე უარი ვთქვათ (და ამით ირიბად მჩაგვრელების მხარე დავიჭიროთ).

დღეს მუშებისთვის მხარდაჭერა არ ნიშნავს რეალიზმზე უარის თქმას და უტოპისტური მოთხოვნების დაყენებას. პირიქით, ეს ნიშნავს ყველაზე რეალური და ყველაზე არაუტოპისტური დღის წესრიგის შემოტანას პოლიტიკაში და საჯარო ცხოვრებაში. რეალური პოლიტიკის კეთება სწორედ ამგვარი ხელშესახები სოციალური მოთხოვნების მხარდაჭერას და გაძლიერებას ნიშნავს - იმ მოთხოვნებს, რომელთაც გამუდმებით უგულებელყოფა უწევს მეინსტრიმული მედიაც და მთავრობაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG