Accessibility links

logo-print

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება რეფერენდუმი, რომელშიც ბრიტანეთის მოსახლეობა ხმას მისცემს თავისი ქვეყნის დარჩენას ევროკავშირში ან მის დატოვებას. გაზეთ „გარდიანის“ წინასწარი მონაცემებით, ევროკავშირის დატოვების მომხრეები მცირედით მეტნი არიან, ვიდრე მასში დარჩენის. ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვების ინიციატივას ხელისუფლებაში მყოფი კონსერვატორული პარტიის პოლიტიკოსები და ამ პარტიასთან ასოცირებული საჯარო პირები უდგანან სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბრიტანეთის პრემიერი, კონსერვატორი დევიდ კამერონი დარჩენის მომხრეა. ბრიტანეთში მიმდინარე დებატები შეიძლება საინტერესო და ყურადსაღები გამოდგეს ჩვენთვის, ანუ ქვეყნისთვის, რომელსაც ასევე სურს სუპრანაციონალურ ერთობაში - ევროკავშირში გაწევრიანება (ტერმინი „სუპრანაციონალური“ აღნიშნავს ინტერნაციონალური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეს). ამ სტატიაში სწორედ იმის მტკიცება მსურს, რომ თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში მარტო დარჩენილ ქვეყნებს ნაკლები შანსი აქვთ, გაუძლონ კონკურენციას გლობალურ ბაზარზე და ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანება გადარჩენის ყველაზე რეალისტური შანსია.

დავიწყებ იმით, რომ სტატიის სათაური შემთხვევით არ ამირჩევია და ის წარმოადგენს ერთგვარ პერიფრაზს პიტერ კატცენსტაინის აწ უკვე კლასიკად ქცეული ნაშრომის სათაურისა „პატარა ქვეყანა მსოფლიო ბაზრებზე: ინდუსტრიული პოლიტიკა ევროპაში“. ამ ნაშრომში კატცენსტაინი ამტკიცებს, რომ ევროპის პატარა ქვეყნებს თავის დროზე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, არ ჰქონდათ საშუალება, მსოფლიო ბაზარი გაეკონტროლებინათ ან მისგან თავი დაეცვათ (მაგალითად, დაეწესებინათ პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა). ამის გამო ამ პატარა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ისეთი ინდუსტრიული პოლიტიკის წარმართვა სახელმწიფო დონეზე, რომელიც მოერგებოდა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებს. კატცენსტაინის აზრით, ასეთმა სტრატეგიამ გაამართლა.

კატცესტაინის წიგნის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 30 წელი გავიდა. დღეისათვის ის პატარა ქვეყნები, რომლებსაც იგი სწავლობდა, როგორც ვიცით, რეგიონულ სუპრანაციონალურ ერთობაში - ევროკავშირში არიან გაწევრიანებული (შვეიცარიის გამოკლებით, რომელიც ამის მიუხედავად თავისებურად, ფინანსური ინსტრუმენტებით არის მორგებული მსოფლიო ბაზარს). ამავე დროს ისინი განაგრძნობენ იმავე ლოგიკით სიარულს, რომლითაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში ხელმძღვანელობდნენ: საერთაშორისო ბაზართან ბრძოლის ნაცვლად, ცდილობენ მას მოერგონ. ამ სტრატეგიამ მეტ-ნაკლებად გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ქვეყნები დიდი ქვეყნების, განსაკუთრებით კი დომინანტური გერმანიის ჩრდილში მოექცნენ, ისინი მაინც ახერხებენ იმას, რომ მსოფლიო ბაზარზე რელევანტურობა არ დაკარგონ.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც ცნობილი ევროსკეპტიკოსი, ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი გვთავაზობს, ის არის, რომ ბრიტანეთი თავისითაც შეძლებს „ფეხზე დადგეს“, ისე, რომ ბრიუსელს არ გადააბაროს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ჯონსონი ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენის მომხრე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პასუხად სწერს: „არსებობენ დამარცხების მენტალიტეტის მქონე ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ, მართალია, ევროკავშირი ანტიდემოკრატიულია, მაგრამ ჩვენ ძალიან პატარა და სუსტი ვართ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გადავრჩეთ. მე არ ვიცი, რომელ ქვეყანაზე საუბრობენ ისინი. ბრიტანეთი, რომელსაც მე ვხედავ, არის დედამიწაზე სიდიდით მეხუთე ეკონომიკა, მსოფლიო ლიდერი 21-ე საუკუნის ყველა სახის ეკონომიკურ სექტორში, დედაქალაქით, რომელიც ბევრი თვალსაზრისით, მსოფლიოს დედაქალაქია.“

ბრიტანეთზე ჯონსონის აღნიშნული არგუმენტიც კი არასერიოზულად გამოიყურება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ისეთი მოთამაშეები გაჩდნენ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, განსაკუთრებით კი ჩინეთის სახით, რომლებმაც დიდწილად შეისრუტეს მსოფლიოს ინდუსტრიული პოტენციალი. ჟურნალ „ეკონომისტის“ 2015 წლის შეფასებით, მარტო ჩინეთი ახლა მსოფლიო ინდუსტრიული პროდუქციის დაახლოებით ნახევარს აწარმოებს. ეკონომიკური რესურსების განაწილების ამ სისტემაში ბრიტანეთის შანსებიც კი იმისა, რომ გადარჩეს საერთაშორისო ბაზარზე, უკიდურესად მცირეა.

ცალკეულ სახელმწიფოებზე მსოფლიო ეკონომიკის გავლენა განსაკუთრებით კარგად ჩანს რუსეთის ეკონომიკაზე დაკვირვებით. 2014 წელს, რუსეთის ეკონომიკას მცირედი ზრდა ჰქონდა - 0,6 %. მაშინ, როდესაც 2015 წელს ეკონომიკა 3,5 %-ზე მეტით შემცირდა. რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის მიზეზი მრავალია: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის უეცარი ვარდნა; დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები; არასტაბილურობა რეგიონში და 2008-2009 წლების ეკონომიკური რეცესიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის ნარჩენები. ისეთი დიდი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაც კი, როგორიც რუსეთია, განმარტოებით და იზოლაციით ვერ აღუდგება წინ გლობალური ბაზრის მოთხოვნებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას სულ უფრო და უფრო ნაკლები შანსი აქვს იმისთვის, რომ გლობალიზებულ მსოფლიოში დამოუკიდებლად გადარჩეს. ისეთი იზოლაციონისტური და ანაქრონისტული ეკონომიკის ქვეყანაც კი, როგორიც კუბაა, ბოლო პერიოდში ცდილობს, რომ აშშ-სთან მოაწესრიგოს სავაჭრო ურთიერთობები.

დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით, ევროკავშირში ინტეგრაციით ჩვენ შევძლებთ მოვიპოვოთ მეტი ინვესტიცია და სტაბილურობა. ასევე, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან თანაშრომლობით, შევძლებთ, რომ მომავალში გავაუმჯობესოთ მსოფლიო ბაზარზე რესურსების განაწილების წესები. ბევრი მემარცხენე და არა მხოლოდ მემარცხენე ეკონომისტი აკრიტიკებს ეკონომიკურ გლობალიზაციას, როგორც უკიდურესად უთანასწოროს. ამავე დროს გააზრებული უნდა გვქონდეს ისიც, რომ ამ კრიტიკაზე ჯეროვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია მხოლოდ ნაციონალურ, ერი-სახელმწიფოს დონეზე, ვინაიდან საქმე ინტერნაციონალური, გლობალური ინსტიტუტების რეფორმირებას ეხება. შესაბამისად, ერთადერთი გზაც გადარჩენისთვის ამ ინსტიტუტებში ჩვენი მონაწილეობის ხარისხის გაზრდაა.

XS
SM
MD
LG