Accessibility links

logo-print

ბოლო დროს ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის წესს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და ამ დისკუსიებში სოციალური უთანასწორობის თემაც ახსენეს. სამწუხაროდ, საქართველოში საჯარო პირები სოციალურ უთანასწორობაზე ხშარად საუბრობენ ხოლმე შეურაცხმყოფელ კონტექსტში. ამ სტატიაში სწორედ ქართულ პოლიტიკასა და საჯარო სივრცეში სოციალური უთანასწორობის აღქმას განვიხილავ.

პირველ რიგში, სანამ უშუალოდ სოციალური უთანასწორობის აღქმების განხილვაზე გადავალ, თეორიულ ნიადაგს შევამზადებ. სოციალური უთანასწორობის და სოციალური ცვლილების მიმართ ორი მთავარი მიდგომა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც კონსერვატორული მიდგომა და ლიბერალური მიდგომა. კონსერვატორული მიდგომის მიხედვით, უთანასწორობის მიზეზი არის ინდივიდებს და სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული ფსიქოლოგიური და კულტურული განსხვავებები. მაგალითად, ღარიბებსა და მდიდრებს შორის განსხვავდება, ამ მიდგომის მიხედვით, იმაში მდგომარეობს, რომ ღარიბები ზარმაცები არიან, ხოლო მდიდრები - შრომისმოყვარეები (ან ღარიბები სულელები, მდიდრები - ჭკვიანები). შესაბამისად, ამ მიდგომის მხარდამჭერები თვლიან, რომ ნებისმიერ ღარიბს შეუძლია გამდიდრდეს, თუ გამოიჩენს საკმარის შრომისმოყვარეობას და/ან გამჭრიახობას.

ლიბერალური მიდგომის მიხედვით, ინდივიდებს შორის არსებულ სხვაობას სოციალური და სტრუქტურული ფაქტორები უფრო განაპირობებს და არა კულტურული. მაგალითად, სიღარიბეს განაპირობებს არა შრომისმოყვარეობის ან გამჭრიახობის ნაკლებობა, არამედ არათანაბარი სასტარტო პირობები და ეკონომიკურ სისტემაში არსებული პრობლემები.

ცხადია, სიმართლის მარცვალი ორივე მიდგომაში არის, მაგრამ კონსერვატორული მიდგომის რადიკალურ ვერსიას გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს მსოფლიოსთვის, ვიდრე რადიკალურ ლიბერალიზმს. ლიბერალურის უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს მულტიკულტურალიზმის გარკვეულწილად დამახინჯებული ფორმები, რომლებიც ხშირად თავად თანასწორობის იდეას ეწინააღდეგებიან (ასევე, მაგალითად, გენდერული თანასწორობის საკითხის უარყოფა გეტოებში და ღარიბ მოსახლეობას შორის). კონსერვატორული მიდგომის პირდაპირი შედეგი კი არის ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანების სისტემური ჩაგვრა და დამცირება.

რა შუაშია ეს თეორიული დისკუსია ქართულ პოლიტიკასთან? საქმე ის არის, რომ სოციალური უთანასწორობის მიმართ ქართველი პოლიტიკოსების ერთ ნაწილს უკიდურესად კონსერვატორული დამოკიდებულება აქვს. ეს დამოკიდებულება ჩანს არა მხოლოდ ტრადიციული კულტურული ელიტების, არამედ ასევე ახალი ელიტების გამოსვლებშიც.

სოციალური უთანასწორობის უკიდურესად კონსერვატორული აღქმა ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ჩანს „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის გამოსვლებში. 2014 წლის იანვარში, „იმედის კვირაში“ გუგული მაღრაძემ კომენტარი გააკეთა გარემოვაჭრეების მდგომარეობაზე. მაღრაძემ თავისი არგუმენტი ძირითადად ორი მიმართულებით წაიყვანა: ჯერ ერთი, მან აღნიშნა, რომ გარემოვაჭრე ქალებზე მათმა შვილებმა უნდა იზრუნონ და, მეორე, თუ მათი შვილები და ეს ქალები სხვა სამსახურს ვერ შოულობენ, ეს იმის გამოა, რომ მათ კვალიფიკაცია არ აქვთ. ეს გახლავთ სწორედ კლასიკური კონსერვატორული არგუმენტი. ამ არგუმენტის მიხედვით, ადამიანების გაჭირვება იხსნება არა სტრუქტურული ფაქტორებით (მაგალითად, სამუშაო ადგილების არარსებობით), არამედ ინდივიდუალური ფაქტორებით. კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიიღოს ახალგაზრდამ განათლება, თუ მის მშობელს ფული არ აქვს, ამავე გადაცემაში მაღრაძემ უპასუხა, რომ არსებობს უამრავი უფასო სასწავლო პროგრამა, სადაც მათ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. აქაც სიღარიბის მთავარ მიზეზად ისევ ღარიბებს შორის მონდომებისა და შრომისმოყვარეობის არქონა სახელდება.

მაღრაძისნაირად თავიანთ საქმეში წარმატებული ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსებიც, ხშირად ვერ იაზრებენ, რომ მათი წარმატება არა მხოლოდ პირადად მათი განსაკუთრებულობით აიხსნება, არამედ იმ გარემოთი, რომელშიც დაიბადნენ და იმ ცხოვრებისეული შანსებით, რაც მათ მიეცათ და სხვებს ვერ მიეცათ. თანაბარი სასტარტო პირობების არარსებობას ასეთი ადამიანები ან ვერ იაზრებენ, ან იაზრებენ, მაგრამ გამიზნულად უგულებელყოფენ.

მაღრაძის კომენტარები სოციალური უთანასწორობის არასწორად აღქმისა და გააზრების ყველაზე აშკარა შემთხვევაა, მაგრამ ეს ტენდენცია მხოლოდ მის მოღვაწეობაში არ ჩანს. ეს ქართული პოლიტიკისა და ქართული საჯარო სივრცის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ბოლო დროს სოციალურ ქსელში დაიწერა შეურაცხმყოფელი კომენტარები „არაპრესტიჟული პროფესიების“ ადამიანების შესახებ. მაგალითად, ტაქსის მძღოლები ერთი პერიოდი გახდნენ ასეთი ლანძღვის ობიექტი.

სოციალური უთანასწორობის ამგვარად აღქმა არა მხოლოდ მორალურად დამამცირებელია, არამედ ასევე ხელს უშლის სერიოზული დისკუსიის გამართვას პრობლემების რეალური გადაჭრის გზებზე. ასეთი დამოკიდებულება არასერიოზული და სასაცილოც არის და ადამიანის ვიწრო მსოფლმხედველობაზე მიანიშნებს. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როდესაც ასეთი დამოკიდებულება მოდის პოლიტიკოსებისგან, რომლებიც, წესით, მხოლოდ იმიტომ უნდა იყვნენ ჩვენზე გამორჩეულები, რომ სხვებს დაგვეხმარონ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG