Accessibility links

logo-print

ფეისბუკისა და სხვა სოციალური ქსელების ლიბერალი იუზერების უმრავლესობა, რომელიც სიტყვით მძლავრად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, უეცრად დაირაზმა და თავს დაესხა საქართველოში გარკვეული კატეგორიის წამლების ექიმის რეცეპტის გარეშე გაყიდვის იდეას.

ეს რომ რომელიმე მემარცხენე პარტიას ან პოლიტიკოსს გაეკეთებინა, არავის გაუკვირდებოდა. მაგრამ პროევროპელი ლიბერალები რომ პროგრესის წინააღმდეგ ილაშქრებენ, ეს უკვე საგანგაშოა. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს იგივე განმეორდა სავალდებულო ტექდათვალიერების ხელახლა შემოღებისა და პარკირების მოწესრიგების მიზნით ქუჩებში სპეციალური სალარო-აპარატების დამონტაჟების შემთხვევაში, როდესაც ლიბერალები მემარცხენე პოლიტიკური პარტიების იდეურ მხარდამჭერებად მოგვევლინენ და ერთობლივი ძალებით დაასამარეს „დრაკონული რეგულაციების ამოქმედების“ იდეა.

მაგრამ ახლა კალენდარზე 2014 წლის აგვისტოა, ძალაშია შესული ევროპასთან ასოცირების შეთანხმება, რასაც უნდა გაეძლიერებინა ინფორმირებულობაც და პასუხისმგებლობაც. თუმცა ბევრი ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს, იწოდებოდეს ევროპული ფასეულობების მატარებლად, ისეთი კატეგორიულობით ლაპარაკობს ახალ რეგულაციებზე, რომ ჩანს, წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა ხდება ევროკავშირში და რა წესებთან მოუწევთ მომავალში შეგუება ევროპასთან ასოცირებულ საქართველოს მოქალაქეებს.

მედიკამენტების თემას რომ მივუბრუნდეთ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მცირდება იმ წამლების რაოდენობა, რომლების ყიდვაც თავისუფლად შეიძლება. და მაშინაც კი, როდესაც თავისუფალ გაყიდვაშია, პაციენტი ამჯობინებს, რომ ექიმის რჩევით შეიძინოს პრეპარატი, რაც მის ინტერსებში შედის, რადგან ხშირი მოხმარების გამო ადმიანის ორგანიზმს გარკვეულ მედიკამენტზე უმუშავდება რეზისტენტულობა და მისი მიღება მიზანშეწონილი არ არის.

თუ აზრს გავაგრძელებთ, მაშინ უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ უბილეთოდ მგზავრობის გამო დაგაჯარიმებენ და ამისთვის კონტროლიორი არ უნდა ვლანძღოთ და ვცემოთ, როგორც ეს საქართველოში ხდება.

უნდა შევეგუოთ იმას, რომ კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო გიჩივლებენ და თუ ქირას და საურავს არ გადაიხდი, სახლიდან გამოგასახლებენ;

უნდა შევეგუოთ იმას, რომ იმიტომ, რომ შენი კარის მეზობელი „ჯიგარია“, ღამის 10 საათის შემდეგ სახლში არ უნდა იხმაურო და ქუჩაში არ უნდა ასიგნალო მანქანის საყვირი;

უნდა შევეგუოთ იმას, რომ სადარბაზო იქნება, ლიფტი თუ სახურავი, მისი მოვლა ყველას მოვალეობაა და არა მხოლოდ იმის, ვისაც სამეზობლოში სხვებზე მეტი შემოსავალი აქვს. ხოლო ვისაც ურბანული ურთიერთობები მძიმე ტვირთად აწვება, კეთილი უნდა ინებოს გაყიდოს ბინა და საცხოვრებლად სოფელში გადავიდეს;

თუმცა, სოფლებში მცხოვრებლებსაც მოუწევთ იმასთან დამშვიდობება, რასაც შეგუებულნი არიან. ისინი ვალდებულნი იქნებიან, არაყსა და ღვინოზე დაზოგონ ფული, გაერთიანდნენ და გაწმენდითი ნაგებობები ააშენონ, რომ მათი ფეკალიები და ნაგავი მათსავე გარემოს არ აბინძურებდეს;

გლეხებს იმასთანაც მოუწევთ შეგუება, რომ ე.წ. ფეხსალაგების ნაცვლად შესაბამისი სამსახურები მათ ნორმალური ტუალეტის აშენებას და კანალიზაციის შეყვანას მოსთხოვენ;

პერსპექტივაში, ქალაქსა თუ სოფლად მცხოვრებლებს ენერგეტიკული კომპანიები დენის და გაზის ფულის არათუ დროულად, არამედ წინასწარ, დეპოზიტის სახით გადახდასაც მოსთხოვენ, როგორც ეს ევროპაშია;

დეველოპერები კი გვარიანად დაჯარიმდებიან მშენებლობის ნორმებისა და ვადების დარღვევისათვის და მათ ვერ უშველით პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა თუ მერების ახლო ნათესაობა;

თავის მხრივ, მთავრობის წევრები უნდა შეეგუონ იმას, რომ მათ არა მხოლოდ კანონის დარღვევის გამო მოუწევთ სავარძელთან და პოლიტიკურ კარიერასთან გამომშვიდობება, არამედ ერთი შეხედვით უწყინარი პლაგიატისათვის, როგორც ეს 2011 წელს დაემართა გერმანიის თავდაცვის მინისტრს, კარლ თეოდორ ცუ გუტენბერგს;

დაბოლოს, ქართველ ლიბერალთა და ექსპერტ-ანალიტიკოსთა არმია უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული ყველა ინიციატივის კრიტიკა არ ნიშნავს „კაი ტიპობას“, ხოლო კანონმორჩილება - „ჩმორობას“.

მოკლედ, ბევრ რამეს უნდა შევეგუოთ, რადგან ამ რეგულაციებისა და წესების, ასეთი ურთიერთობის გარეშე ევროკავშირი უბრალოდ მითია.

და თუ კი ეს მარტივი ამბავი ასე ძნელად ესმის ჩვენს ზოგიერთ პროევროპელ ლიბერალს, ეს ნიშნავს, რომ აქლემი უფრო მალე გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG