Accessibility links

logo-print

2 ივნისს ბუნდესტაგმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტას გენოციდად აღიარებს. გერმანიის პარლამენტი ამ გადაწყვეტილებით შეუერთდა იმ სამ ათეულამდე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, რომლებმაც უკვე ეს გზა გაიარეს.

ამ „ხსოვნის რეზოლუციის“ მიღებით გერმანელ პარლამენტარებს უნდოდათ სიმბოლური აქტის განხორციელება და მათ ეს შეძლეს კიდეც აღესრულებინათ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კანონში არ აქვს ადგილი სიმბოლურ აქტს.

„ხსოვნის“ კანონების მიზანია დააკმაყოფილოს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მეხსიერება, „მალამო დაადოს მის ჭრილობას“. ეს კონკრეტული ჯგუფის უფლებაა. მაგრამ ხსოვნა ესაა ემოცია და კანონში არც ემოციას და არც მალამოს არ აქვს ადგილი.

„ხსოვნის“ კანონების და რეზოლუციების მიღებით პარლამენტარებს უნდოდათ რეტროაქტიულად მიეცათ სახელი მოვლენისათვის: გენოციდი, როგორც იურიდიული კონცეფცია, მხოლოდ 1948 წლიდან არსებობს, ხოლო სომხების მასობრივი და სისტემური გაწყვეტა მოხდა 1915 წელს. ამ გადაწყვეტილებით გერმანელმა პარლამენტარებმა ჩაიდინეს ისტორიის უზენაესი დანაშაული - ანაქრონიზმი - ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

თუ ისტორია რაიმეს გვასწავლის (და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ისტორია), ეს ისაა, რომ არც ერთი ისტორიული ფაქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნებული სახელმწიფო განკარგულებაზე. და არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, პოლიტბიუროს თუ დემოკრატიული სახელმწიფოს პარლამენტების განკარგულების საფუძველზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

თვით ისტორიული სიმართლის ძიება წინააღმდეგობაშია სახელმწიფო ძალაუფლებასთან. ისტორიული სიმართლის ძიებას არ სჭირდება არც კანონმდებელი, არც პოლიცია და არც სასამართლო. ისტორიული ფაქტების დადგენას სჭირდებიან მხოლოდ ისტორიკოსები.

„ხსოვნის“ კანონები პირდაპირ ემუქრება ისტორიკოსებს. ამგვარი „ხსოვნის“ კანონების შედეგად - და არ აქვს მნიშვნელობა, ლაპარაკი იქნება ებრაელების, სომხების თუ სხვა ეთნიკური ჯგუფის მასობრივ და სისტემურ გაწყვეტაზე - შესაძლებელია დასავლეთში ისტორიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეთნიკური ჯგუფის მასობრივი და სისტემური განადგურების აღსანიშნავად არ უნდა, სიტყვა „გენოციდი“ გამოიყენოს. სიტყვა, რომელიც ძალიან პოლიტიზებული გახდა, რომელმაც დაკარგა ნეიტრალურობა, ანუ სიტყვა, რომელსაც ისტორიკოსის ლექსიკონში არ აქვს ადგილი.

ასე მაგალითად, საფრანგეთში თავისუფლად შეიძლება ამერიკელი ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ნეგაციონიზმის ბრალდებით. ამის უბრალო მიზეზი ისაა, რომ სნაიდერი თავის ნაშრომში „სისხლიანი მიწები“ ებრაელების მასობრივ და სისტემურ გაწყვეტაზე საუბრისას არც ერთხელ არ ხმარობს სიტყვა გენოციდს.

(„სისხლიანი მიწები“, წიგნი, რომელიც დღეს უკვე ლეგენდარული გახდა, არის მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების მასობრივ განადგურებაზე დაწერილ ნაშრომებს შორის ყველაზე უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, რაც დღემდე შეუქმნიათ ისტორიკოსებს. ტიმოთი სნაიდერთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ აქვს აღებული რადიო თავისუფლებისათვის ლუკა კალანდარიშვილს).

ის, რომ „ხსოვნის“ კანონების შედეგად ტიმოთი სნაიდერის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი შეიძლება, ეს არ არის ჩემი ფანტაზიის წყარო: 1995 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორს, ამერიკელ ისტორიკოსსა და ისლამის დიდ სპეციალისტს, ბერნარდ ლუისს, პარიზის სასამართლომ ძალიან დიდი ჯარიმა გადაახდევინა იმის გამო, რომ თავის ნაშრომში გენოციდად არ მოიხსენია სომეხთა მასობრივი დახოცვა ოსმალეთის იმპერიაში.

ასე რომ, ისმის კითხვა: ძალუძთ დღეს ისტორიკოსებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ხსოვნის ტირანიას? როდესაც უყურებ „ხსოვნის“ კანონების ნიაღვარს, რომელიც ისტორიკოსებს დაატყდა თავზე დასავლეთში, ადამიანი ხვდება, რომ ისტორიკოსების წინაშე მძიმე ამოცანა დგას.

დაბოლოს: ამ საკითხზე წერისას არ შეიძლება, არ შევეხო 2011 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას. მართლაც რომ მხოლოდ ძალზედ „ორიგინალურად“ მოაზროვნე Homo Sovieticus-ი პარლამენტარის თავში შეიძლება დაბადებულიყო იდეა, რომ რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან ჩერქეზების ოსმალეთში განდევნა (და არა მასობრივი გაწყვეტა) გამოაცხადო გენოციდად, მაშინ როცა ამ ხალხმა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მოხვედრისას აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხების მასობრივ და სისტემურ გაწყვეტაში...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG