Accessibility links

logo-print

8 იანვარს გერმანიაში მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის თაოსნობით გამოდის ჰიტლერის წიგნის, „მაინ კამპფის“ („ჩემი ბრძოლა“) სამეცნიერო გამოცემა.

რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დაწერილი ყველაზე საშინელი წიგნის დღეს გამოქვეყნება? ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც „მაუსის ერთი მოსმით“ შეგიძლია ეს წიგნი პირდაპირ „გადმოქაჩო“ ან შეიძინო, წიგნის არგამოცემა აზრს კარგავს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ იურიდიული ასპექტი: ჰიტლერის სიკვდილიდან 70 წლის შემდეგ (2015 წლის დასასრულიდან), წიგნი საავტორო უფლებებისგან თავისუფალი ხდება და თეორიულად ნებისმიერი ადამიანი შეძლებს „მაინ კამპფის“ გამოქვეყნებას. (2015 წლის ბოლომდე წიგნის საავტორო უფლებები ეკუთვნოდა ბავარიის მთავრობას, რომელიც წიგნს არ გამოსცემდა.)

"მაინ კამპფის" კრიტიკული გამოცემა

"მაინ კამპფის" კრიტიკული გამოცემა

„მაინ კამპფის“ კრიტიკული გამოცემის განსახორციელებლად შეიკრიბა მეცნიერთა დიდი ჯგუფი, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის წამყვან ისტორიკოსებთან ერთად გაერთიანებული არიან ამ კონფლიქტიდან ერთი შეხედვით ისე დაშორებული სპეციალისტები, როგორებიც გახლავან გერმანისტები და გენეტიკოსები. მეცნიერთა ამ ჯგუფის მიერ კომენტირებულია ყველა ის აბსურდული დებულება, რომელიც „მაინ კამპფში“ ჰიტლერის მიერ არის ფორმულირებული. კომენტარების საერთო რაოდენობა 3 700-ზე მეტია.

„მაინ კამპფის“ კრიტიკულ გამოცემაში თავმოყრილია მთელი ის ცოდნა, რაც ბოლო სამოცდაათი წლის მანძილზე დააგროვეს ისტორიკოსებმა იმ დანაშაულებების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჰიტლერის წიგნთან. ამ დანაშაულებების უდიდესი ნაწილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა ჩადენილი: ვერმახტის მიერ ებრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქალების და ბავშვების, სისტემური განადგურება პირველად იწყება უკრაინის ტერიტორიაზე 1941 წლის გვიან ზაფხულს-ადრეულ შემოდგომას. შეგახენებთ ასევე, რომ „მაინ კამპფის“ რასისტული იდეოლოგიით გამსჭვალული გერმანელი სამხედროების კისერზეა 2,8-2,9 მილიონი საბჭოთა სამხედრო ტყვის სიკვდილი 1941-1942 წლის ზამთარში.

ჰიტლერმა „მაინ კამპფის“ ძირითადი ნაწილი 1924 წელს დაწერა ციხეში ჯდომისას. წიგნის პირველ ტომში არის ავტობიოგრაფიული ჩანაწერენი, რომლებიც მას საშუალებას აძლევს საკუთარი მსოფლმხედველობა - რასიზმი, ანტისემიტიზმი, - წარმოაჩინოს. წიგნის მეორე ტომი წარმოადგენს ჰიტლერის პოლიტიკურ რეცეპტებს გერმანიის ასაღორძინებლად. ერთი საინტერესო დეტალი: მიუხედავად ებრაელების სრული დიაბოლიზაციისა, მკითხველი ამ ორტომეულში ვერ ნახავს მათი მასობრივი განადგურებისაკენ პირდაპირ მოწოდებას. სამაგიეროდ საბჭოთა კავშირის (რომელსაც ჰიტლერი წიგნში რუსეთად მოიხსენიებს) სრული კოლონიზება, როგორც საშუალება გერმანიის აღორძინებისა, პირდაპირ არის განცხადებული „მაინ კამპფში“.

"მაინ კამპფის" 1940 წლის გამოცემა

"მაინ კამპფის" 1940 წლის გამოცემა

ეს წიგნი ხშირად განიხილება ჰიტლერის პოლიტიკურ პროგრამად. სინამდვილეში, როცა ჰიტლერი „მაინ კამპფს“ წერდა, იგი დარწმუნებული იყო, რომ როგორც პოლიტიკოსს, მას მომავალი არ გააჩნდა: ჰიტლერს მისჯილი ჰქონდა ხუთწლიანი პატიმრობა (და არ იცოდა, რომ 9 თვის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებდნენ), ხოლო მისი პარტია აკრძალული იყო. 1924 წლის 7 ივლისს ჰიტლერი ოფიციალურადაც კი გამოაცხადებს, რომ ტოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას და რომ მისი მიზანი „მაინ კამპფზე“ მუშაობაა. ასე რომ, „მაინ კამპფი“ ჰიტლერის პოლიტიკური ანდერძი უფრო არის, ვიდრე სამომავლო პოლიტიკური პროგრამა: „1924 წელს მე რომ მცოდნოდა, რომ ერთ დღეს კანცლერი გავხდებოდი, არასდროს არ დავწერდი ამ წიგნს“ - ეტყვის ჰიტლერი მოგვიანებით თავის თანამებრძოლ ჰანს ფრანკს. ჰიტლერი რომ გულწრფელი იყო, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისი 1928 წელს დაწერილი „მეორე წიგნი“ (წიგნი უსათაუროა და ცნობილია „მეორე წიგნის“ სახელწოდებით), მას არასდროს გამოუქვეყნებია.

1945 წლამდე „მაინ კამპფის“ საერთო ტირაჟმა მარტო გერმანულ ენაზე 12,5 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. რამდენად პოპულარული იყო ეს წიგნი გერმანელებს შორის? 1946 წლის თებერვალში და 1947 წლის ნოემბერში, გერმანიაში ამერიკის საოკუპაციო ჯარებმა ჩაატარეს ორი სოციოლოგიური კვლევა. პირველი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 7%, ხოლო მეორე კვლევის მიხედვით, მხოლოდ 5%-მა აღიარა, რომ წიგნი სრულად ჰქონდა წაკითხული. 14% და 16%-ს კი წიგნის მხოლოდ ნაწილის წაკითხვა მოუხერხებია. ეს გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ 800-გვერდიანი ეს წიგნი ძალიან აბდაუბდად და მძიმე ენით არის დაწერილი.

ნაცისტურმა იდეოლოგიამ ძალიან ცოტა ლიტერატურა შექმნა. ნაციონალ-სოციალისტებს უნდოდათ, რომ ბიბლია „მაინ კამპფით“ ჩაენაცვლებინათ და დღესაც ეს წიგნი საზოგადოებაში ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ბიბლიად აღიქმება. მაშინ, როცა წიგნის შინაარსი ფაქტობრივად უცნობია მკითხველისათვის, ამ წიგნის კრიტიკული გამოცემა შეძლებს დაანგრიოს ის მითები და სიმბოლოები, რომლებიც კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დაწერილი ყველაზე საშინელი წიგნის გარშემო არსებობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG