Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, ვინც ჰიროსიმაში ჩავა და, აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს დიდი აჟიოტაჟი ახლავს დასავლეთის პრესაში. უკვე ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბოდიშს არ მოიხდის ჰიროსიმის დაბომბვის გამო (თუმცა გაურკვეველია, რატომ უნდა მოეხადა). მიუხედავად ამისა, მონანიების და მაზოხიზმის სინდრომით შეპყრობილ დასავლური პრესის ნაწილში არ ცხრება სპეკულაციები, თუ რას და როგორ იტყვის ამერიკის პრეზიდენტი.

მეორე მსოფლიო ომი სავსეა მითებით და არაა გასაკვირი, რომ ჰიროსიმა და ნაგასაკი ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. საინტერესო ისაა, თუ როგორ გადაიხლართება ჰიროსიმა-ნაგასაკის გარშემო ორი - ანტიამერიკული და პროამერიკული - მითი ერთმანეთში.

მოარული ანტიამერიკული მითის მიხედვით, იაპონია 1945 წლის ზაფხულში უკვე დამარცხებული იყო და ჰიროსიმისა და ნაგასაკის წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენებას არავითარი აზრი ჰქონდა. კონსპირაციული თეორიების მოყვარულები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ თითქოს პრეზიდენტმა ტრუმენმა ატომური ბომბი იაპონიაში გამოიყენა, რათა ეჩვენებინა სტალინისთვის, თუ რა იარაღი გააჩნდა ამერიკას.

სინამდვილეში ამერიკის ჯარების მიერ იაპონიის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციები, სულ სხვა სურათს გვიხატავს. მაგალითად, 1945 წლის თებერვალ-მარტში პატარა (21 კვადრატული კილომეტრი ფართობის) კუნძულ ივო-ძიმის აღებისას აშშ-ის საზღვაო ქვეითთა შენაერთების დაკარგავს 27 ათას სამხედროს. ოკინავის კუნძულის აღებისას ამერიკელები დაკარგავენ კიდევ 39 500 ჯარისკაცს.

კუნძულ ოკინავაზე ბრძოლების დროს ამერიკული საზღვაო ფლოტი იაპონელი კამიკაძეების მთავარი სამიზნე გახდება. 1945 წლის მხოლოდ აპრილ-ივნისში, იაპონიის იმპერატორი სიკვდილზე გაუშვებს 3 800-ზე მეტ ახალგაზრდა-ახალბედა მფრინავ-კამიკაძეს, რომლებსაც ბომბად გადაქცეული თვითმფრინავის საშუალებით უნდა დაეზიანებინათ ამერიკული გემები (აღსანიშნავია, რომ ამერიკულ წყაროებში მოხსენიებულია მხოლოდ 2 200 კამიკაძე-თვითმფრინავი. რიცხვებს შორის განსხვავების მიზეზია ამ თვითმფრინავების გაუმართაობა და არასაკმარისი საწვავი, რის გამოც სასიკვდილოდ დაპროგრამებული მფრინავების თითქმის ნახევარი სამიზნემდე მიუღწევლად ჩავარდება წყალში). აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მონაცემების მიხედვით, კონფლიქტის ბოლო ცხრა თვის მანძილზე, კამიკაძეების ანგარიშზე იქნება წყნარ ოკეანეში მიმდინარე მთელი კონფლიქტის მანძილზე ჩაძირული 21% და დაზიანებული 48% ამერიკული ხომალდისა. კამიკაძეების ამ აქტებისგან ამერიკელები დაკარგავენ ასევე 16 761 სამხედროს.

ასე რომ, იაპონელები არ აპირებდნენ ასე უბრალოდ დანებებას. იაპონიის როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ლიდერები არ იყვნენ უგუნური ხალხი და მშვენივრად იცოდნენ, რომ ამერიკული სამხედრო მანქანის წინაშე მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ. უბრალოდ, მათ ჰქონდათ უაღრესად დიდი ზიზღი დასავლური ლიბერალური დემოკრატიისა. იაპონიის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საზოგადოებრივი აზრი დიდხანს ვერ გაუძლებდა საკუთარი ერის ასეთ დიდ „სისხლდენას“ და აიძულებდა ვაშინგტონს, ტოკიოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო.

აშშ-ის მთავარსარდლობას კარგად ჰქონდა ეს გაცნობიერებული და ატომური ბომბის არგამოყენების (კონვენციური იარაღით ომის გაგრძელების) შემთხვევაში, იაპონიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები გაწერილი ჰქონდა მთელ 1946 წელზე. ამერიკელი სტრატეგების აზრით, კუნძულ კუისიუსა და ჰონსიუს (ყველაზე დიდი იაპონური კუნძულის) აღებისას ამერიკელებში მსხვერპლის რიცხვი შეიძლება ასიათასობით გაზრდილიყო, ხოლო ამერიკის სავარაუდო დანაკარგების საერთო რაოდენობა 1 მილიონ (!) სამხედროდ იყო შეფასებული.

„არ მომწონს მე ეს იარაღი“, დაწერს ახლადგამომცხვარი პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ატომურ ბომბზე 1945 წლის მაისში თავის დღიურში (ვიცე-პრეზიდენტი ტრუმენი კონსტიტუციის მიხედვით ხდება პრეზიდენტი 12 აპრილს პრეზიდენტ რენკლინ რუზველტის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ. ატომური ბომბის შესახებ პირველ ინფორმაციას ტრუმენი სამხედრო მინისტრისგან მხოლოდ 25 აპრილს მიიღებს). თუმცა პრეზიდენტის მოწონება-არმოწონებას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა: პრეზიდენტთან არსებული დროებითი კომიტეტი (რომელიც დაკომპლექტებული იყო სამხედროების, მეცნიერების და პოლიტიკოსებისგან), ერთსულოვნად ურჩევს ტრუმენს, გამოიყენოს ატომური ბომბი იაპონიის წინააღმდეგ.

26 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიას წარუდგენს უპირობი კაპიტულაციის ულტიმატუმს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი იაპონიას „სწრაფ და ტოტალურ განადგურებას“ ჰპირდებოდა. ტოკიო მკვახე უარს განაცხადებს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს ტრუმენი, მიმართოს ატომურ ბომბს და ამჯერადაც, სამიზნე ქალაქების არჩევისას, ამერიკელები ძალიან პასუხისმგებლობით მოიქცევიან. ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ვაშინგტონის არჩევანი გაჩერდება ორი მიზეზის გამო: ამ ქალაქებში იყო თავმოყრილი ის ინდუსტრიული ცენტრები, რომლებიც იაპონიის სამხედრო მანქანაზე მუშაობდა და, მეორეც, არც ერთი ამ ქალაქთაგანი არ წარმოადგენდა ისტორიულ ღირსშესანიშნაობას.

ასე რომ, თუ დღეს ამერიკული პრესის ნაწილი მონანიების სინდრომითაა დაავადებული და იწადის, რომ ობამამ ბოდიში მოიხადოს, ეს მისი პირადული ფსიქიური პრობლემაა და მას არაფერი აქვს საერთო 71 წლის წინ განვითარებულ ისტორიულ მოვლენებთან.

მეორე მოარული მითი (რომელიც ფართოდ დომინირებს იაპონიასა და აშშ-ში პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ფენებში) კიდევ უფრო საინტერესოა. ამ მითის მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ ჰიროსიმისა (6 აგვისტო) და ნაგასაკის (9 აგვისტო) დაბომბვამ აიძულა ტოკიო, 15 აგვისტოს კაპიტულაცია გამოეცხადებინა.

ამ მითის სათავეში დგას თვით იაპონიის იმპერატორი ჰიროჰიტო. ჰიროჰიტო იქნება პირველი, ვინც 15 აგვისტოს საკუთარი ერისადმი მიმართვაში გამოაცხადებს, რომ იაპონია, რათა გადაარჩინოს ცივილიზებული კაცობრიობა ატომური ბომბებისგან, იძულებულია წერტილი დაუსვას საბრძოლო მოქმედებებს (იმპერატორი თავის სიტყვაში არც ერთხელ არ წარმოთქვამს სიტყვა კაპიტულაციას). უცნაური განცხადებაა იმპერატორისაგან, რომელიც 1945 წლის აპრილ-ივნისში, მხოლოდ ოკინავის ბრძოლის დროს, სიკვდილზე გაუშვებს 4 000 მდე ახალგაზრდა კამიკაძედ ქცეულ სტუდენტს. ასევე უცნაური განცხადება იმპერატორისაგან, რომლის მხარდაჭერა ფანატიზებულ მოსახლეობაში ამერიკული ბომბების პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა.

რატომ უბიძგა მაინც და მაინც 9 აგვისტოს პატარა ნაგასაკის დაბომბვამ ჰიროჰიტოს კაპიტულაციისკენ და არა, მაგალითად, 1945 წლის მარტში ტოკიოს დაბომბვამ, როცა იაპონიის დედაქალაქში ორჯერ მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე ნაგასაკიში ატომური ბომბის აფეთქების შედეგად? ახსნა შეიძლება ვნახოთ მესამე, დავიწყებულ მოვლენაში, რომელიც ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვებს შორის განვითარდა და რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა იმპერატორის მიერ 15 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღებაში.

ნაგასაკის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე 1,5-მილიონიანი წითელი არმია დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას იაპონიის 700-ათასიანი კვანტუნის ჯარების წინააღმდეგ მანჯურიაში (იაპონიის მიერ ოკუპირებული ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორია) და კორეაში. წითელი არმია ერთ კვირაში „გადათელავს“ იაპონიის ამ უკანასკნელ საჯარისო ნაწილებს, რის შედეგადაც იაპონიისკენ მას გზა სრულიად გახსნილი ექნება.

ზუსტად ეს ფაქტი გამოიწვევს პანიკურ შიშს იაპონიის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებში, რადგან ისინი მიხვდებიან, რომ იაპონიის ტერიტორიაზე დამდგარი „წითელი ჩექმა“ გამოიწვევდა ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის კარდინალურ მეტამორფოზას. ზუსტად ამის გამო 1945 წლის 15 აგვისტოს ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში იმპერატორი საკუთარი გადაწყვეტილების ასახსნელად, ერთი სიტყვითაც არ მოიხსენიებს მანჯურიასა და კორეაში განცდილ კატასტროფას. სამაგიეროდ ისაუბრებს ატომურ ბომბზე, როგორც „კაცობრიობის ცივილიზაციის სრული გაქრობის“ საშინელ რისკზე. სწორედ იმპერატორის ამ ფრაზაში იმალება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთი ახსნა-განმარტება: მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროჰიტოს რეჟიმს ჰქონდა ჩადენილი საშინელი დანაშაულებები (რომლებიც ბარბაროსობით მხოლოდ ნაცისტებისას თუ ჩამორჩება) და ამერიკული ატომური ბომბი ჯალათ იაპონიას უცბად მსხვერპლის პოზაში ჩააყენებს. ჰიროჰიტოსთვის ეს იყო შანსი საიმისოდ, რომ არა მარტო ჩადენილი დანაშაულებებისგან პასუხისმგებლობა ჩამოერეცხა, არამედ ასევე ვაშინგტონისგან შეექმნა ბარბაროსის ხატი.

აქ საინტერესო მეორე ასპექტია: რატომ აიტაცეს ამერიკელებმა ჰიროჰიტოს ეს მითი? ტრუმენს ამის უამრავი მიზეზი ჰქონდა: მან იცოდა, რომ ეს მითი იაპონიაზე გამარჯვების „დაფნის გვირგვინით ამკობდა“ მხოლოდ ამერიკულ თავს, რაც თეთრ სახლს დაეხმარებოდა, თავიდან აეცილებინა კრემლის მონაწილეობა ომისშემდგომი იაპონიის მართვაში. მკითხველს შევახსენებ, რომ ჩინეთის და ნაწილობრივ კორეის „გაწითლების“ გამო ცივი ომი აზიაში უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე ევროპაში და ვაშინგტონისათვის იაპონია გახდებოდა აზიაში ამერიკული თავდაცვითი სისტემის დედაბოძი. ჰიროჰიტოს მითის ატაცებით ვაშინგტონს ასევე გაუჩნდა საშუალება, თავი გაემართლებინა მოსახლების წინაშე, რომელიც წლების მანძილზე აფინანსებდა ძალზედ ძვირადღირებულ ატომურ პროექტს, და დაენახვებინა მათთვის, რომ ეს ფული წყალში კი არ იქნა გადაყრილი, არამედ ასიათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გადარჩენას მოხმარდა.

პოლიტიკოსებს რომ ზოგადად სჩვევიათ, ჯერ შექმნან მითები და შემდეგ გახდნენ ამ მითების მძევლები, უცნაური ამაში არაფერია. გასაკვირი მხოლოდ ისაა, თუ რატომ ებმება ამ "პოლიტკორექტულ ფერხულში" ასე აქტიურად დასავლეთის ჟურნალისტიკის ნაწილი.

XS
SM
MD
LG