Accessibility links

logo-print

ყოველი მორიგი ხოცვა-ჟლეტის მოწყობის შემდეგ ტერორისტი სოციალურ ქსელში დატოვებულ საკუთარ „ანდერძში“ აცხადებს, რომ მან ტერორისტული აქტი ღმერთის სახელით განახორციელა. ყოველი მორიგი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ამავე რელიგიის ღვთისმსახურები თუ რელიგიური ავტორიტეტები იკრიბებიან და აცხადებენ, რომ ღმერთს ამ ტერორისტულ აქტებთან არაფერი აქვს საერთო და რელიგიის არსი მშვიდობაშია.

ვინ იძახის მართალს? ვინ ტყუის? ვინ არიან ის ღმერთები, ვისთვისაც საუკუნეების მანძილზე ადამიანებმა აღმართეს ულამაზესი ტაძრები და დღეს ამ ღმერთების სახელით ხალხს ხოცავენ? რა არის საბოლოოდ რელიგიის არსი? ან საერთოდ რა არის ეს რელიგია, რომელიც, გვინდა თუ არ გვინდა, ფუნდამენტალური ანთროპოლოგიური ფენომენი გახლავთ?

სიტყვა რელიგია მოდის ლათინური სიტყვიდან religio და მას ორი ეტიმოლოგიური საფუძველი აქვს: relegere და religere. თუ პირველი ნიშნავს ფეხზე დგომას, თვალების ცისკენ აღმართვას, მეორე ნიშნავს დაკავშირებას, სხვასთან გაერთიანებას. პირველი ეტიმოლოგიური საფუძველი ვერტიკალურია, ხოლო მეორესი - ჰორიზონტალური. თუ პირველის საშუალებით ადამიანი ცდილობს, შეიცნოს უხილავი და ტრანსცენდენტული, მეორე მას საშუალებას აძლევს სხვებთან ერთად შექმნას ერთიანი სოციალური სხეული.

ზოგიერთის აზრით, ეკონომიკური გლობალიზაცია საფრთხეს სწორედ ამ სოციალურ სხეულს უქმნის. (თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ თვით გლობალიზაციის კონცეფცია პირველად პროზელიტურმა რელიგიებმა - ქრისტიანობამ და ისლამმა - შექმნეს... ).

ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგად ხდება პლანეტის უნიფიცირება: ნიუ-იორკიდან ქაბულამდე ყველა მოზარდი ერთსა და იმავე მუსიკას უსმენს და ოცნებობს ერთი და იმავე მარკის მაისური, კედები და მობილური ტელეფონი ჰქონდეს.

ამ ეკონომიკური გლობალიზაციის პერიფერიაზე მყოფ ადამიანებს აქვთ შიშის განცდა და ისინი თავშესაფარს ტრიბალურ, საგვარტომო ე.წ. „ტრადიციებში“ ნახულობენ. „ტრადიციებში“, რომელიც ხშირად „გუშინ“ წესად გადაქცეული „გუშინწინ“ შეძენილი ჩვევაა...

ვინაიდან რელიგია ყველაზე მდგრადი იდენტობის ღერძს წარმოადგენს, გლობალიზაციის შიშით შეპყრობილი ადამიანი ცდილობს რელიგიის ხარჯზე გაუწიოს წინააღმდეგობა მომხმარებლურ უნიფიკაციას. შესაბამისად, იგი Nike-ს და Apple-ს საკუთარ „ტრადიციებს“ უპირისპირებს, რათა ამგვარად თემის „იდენტობა“ გადაარჩინოს. ასე, ნელ-ნელა, რელიგიური იდენტობა გადაიქცა პოლიტიკურ იდენტობად, რომელიც თავის მხრივ ტოტალიტარული გახდა, ტოტალიტარული, რადგან ყოველთვის მოინახება უფრო „წმინდა“, უფრო „ავთენტური“, უფრო „ჭეშმარიტი“.

XX საუკუნეში, პირველი და მეორე მსოფლიო ომის შედეგად, ეთნიკური და რასობრივი სიწმინდის დევიზმა, ევროპის (პირველ რიგში პოლონეთი) და აზიის (თურქეთი) ტერიტორიიდან გააქრო კულტურის მთელი ფენები (მარტო იდიშის ან გერმანულენოვანი ებრაული ლიტერატურის სრული გაქრობა რად ღირს?!).

XXI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში რასობრივი და ეთნიკური სიწმინდე ჩაანაცვლა კონფესიურმა სიწმინდემ. ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანებს, შიიტებს ან იეზიდებს დევნიან არა იმიტომ, რომ ისინი ქრისტიანები, შიიტები ან იეზიდები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი რელიგიური ან კონფესიური უმცირესობები არიან. ამგვარად, ფუნდამენტალისტები ცდილობენ რელიგიურ უნიფიცირებას პლანეტის იმ რეგიონებისა, რომლებიც არასდროს არ ყოფილა რელიგიურად ერთგვაროვანი. მათი აზრით, თუ პოლონეთში (რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე ერთ-ერთი ყველაზე მრავალეთნიკური იყო ევროპაში), ჰიტლერისა და სტალინის დახმარებით მოხერხდა ყველაზე მონოეთნიკური ნაციის შექმნა დასავლეთში, მათ რატომ ვერ უნდა შეძლონ ეს?!

ციცერონი წერდა, რომ რელიგია არის ადამიანის უნარი თავიდან, ახლებურად წაიკითხოს (relegere ) ტექსტი (კიდევ ერთი ეტიმოლოგია სიტყვა religio-სი). ამგვარად, საუკუნეების მანძილზე, ახლებურად კითხვით, რელიგია ცდილობდა რელიგიიდან გამოსულიყო, რათა კულტურა გამხდარიყო. როგორც ერთმა ფილოსოფოსმა ძალიან ზუსტად აღნიშნა, „თუ ვინმე არსებობს, ვინც ყველაფერს იოჰან სებასტიან ბახს უნდა უმადლოდეს - ეს ღმერთია“.

მაგრამ სალაფიტებს და ვაჰაბიტებს სურთ კულტურის უკან, რელიგიაში დაბრუნება; მათ სურთ სამყაროს „ბედუინიზაცია“, ოღონდ ისეთი „ბედუინიზაცია“, სადაც აქლემებს დიდი ჯიპები ჩაანაცვლებენ.

ანდრე მალრომ იწინასწარმეტყველა, რომ XXI საუკუნე რელიგიური იქნებოდა. ფრანგი მწერალი მწარედ შეცდა: XXI საუკუნე აღმოჩნდა არა რელიგიური, არამედ რელიგიური ხოცვა-ჟლეტის საუკუნე... იმ რელიგიური ხოცვა-ჟლეტის საუკუნე, სადაც ფრონტის ხაზი კულტურაზე გადის...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG