Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაირბეკ ვაჩაგაევი: თბილისმა უნდა გაიგოს, რომ ქისტები სისხლი და ხორცი არიან საქართველოსი


თურქეთის სპეცსამსახურების ინფორმაციის თანახმად, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში აფეთქების ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი გახლდათ. მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ აჰმედ ჩატაევი 2012 წლის 6 დეკემბერს თბილისში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას აქტიურად მოითხოვდნენ პანკისის ხეობის მკვიდრნი, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს წინ აქციებს მართავდნენ. ჩატაევის სახელთან ერთად დასავლეთის პრესაში კვლავ გაიელვა პანკისის ხეობამ, როგორც ტერიტორიამ, საიდანაც „ცალხელა აჰმედი“ სირიაში ჯიჰადისტებს აგზავნიდა. მე დავუკავშირდი პარიზში მოღვაწე ჩეჩენ ისტორიკოსს და ჩრდილო კავკასიის ექსპერტს, მაირბეკ ვაჩაგაევს, რომელიც კარგად იცნობს პანკისის ხეობას და ვთხოვე მოეთხრო რადიო თავისუფლების მკითხველისათვის, თუ რამდენად წარმოდგენილია ქართული სახელმწიფო პანკისის ხეობაში, რა პრობლემებით ცხოვრობენ იქაური მკვიდრნი, რამდენად არიან ქისტები ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, რამდენი პანკისელი იბრძვის დღეს სირიაში, რა როლი მიუძღვის აჰმედ ჩატაევს პანკისელების ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსთვის“ გადაბირებაში და ა.შ.

მაირბეკ ვაჩაგაევი:

„2005 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილია პანკისის ხეობაში. დღეს თქვენ პანკისის ხეობაში ვეღარ ნახავთ ვერც არაბებს, ვერც თურქებს და დუისში არსებული პოლიციის განყოფილება სიმბოლოა საქართველოს რესპუბლიკისა ამ ტერიტორიაზე. მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს ეს სიმბოლო ყველაფერს ვერ აკონტროლებს და, ჩემის აზრით, ამის მიზეზი პანკისის ხეობის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში თბილისის არჩართულობაა. პირველი, რაც თვალში გხვდებათ პანკისის ხეობაში, იქნება ეს ჯოყოლო თუ დუისი, ეს არის პატარა ქოხი სკოლის მაგივრად. ნუთუ ამ ხნის განმავლობაში ნორმალური სკოლის აშენება არ შეეძლო საქართველოს მთავრობას?! სპორტული დარბაზი ვაჰაბისტების აშენებულია; ბრიტანელებმა სტომატოლოგიური კაბინეტი და ინგლისური სკოლა გახსნეს; ფრანგებმა პანკისელებს ჭებზე დაუმონტაჟეს ძრავები წყლის საქაჩად; გერმანელებიც ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. და რა გააკეთა თბილისმა ბოლო ათი წლის განმავლობაში? თუ საქართველოს მასშტაბით უმუშევრობა 40%-ია, პანკისის ხეობაში იგი ორჯერ მეტია. სახელმწიფოს ერთი პატარა საწარმო არ გაუხსნია ამ ტერიტორიაზე. არა და ქისტები, როგორც კი ჩადიან ახმეტის ხეობაში, ხედავენ, იქ რა დიდი ინვესტიციები აქვს გაწეული სახელმწიფოს, რათა იქაური მკვიდრნი დაასაქმოს.

ეს არის უცნაური: სახელმწიფო იძახის, რომ ქისტები ნაწილია საქართველოსი, მთავრობის წარმომადგენლები შიგადაშიგ ჩადიან კიდეც ხეობის სოფლებში, ხვდებიან იქ უხუცესებს, ისმენენ მოსახლეობის პრობლემებს და ამით მთავრდება ყველაფერი. ძალიან მინდა, რომ ამჯერად მაინც შევცდე და დავინახო, რომ მთავრობა კონკრეტულად აკეთებს იქ რამეს.

მე, როგორ ჩეჩენს, თეთრი შურით მშურს, რომ ეს ეთნიკური ჩეჩნები თავის თავს არა ჩეჩნებად, არამედ ქართველებად თვლიან. ეს ხალხი როდესაც ბუნებაში გადის მწვადის შესაწვავად, ალკოჰოლს სვამს და მრავალჟამიერს მღერის. ასე რომ არაფერი მათ ჩეჩნის არ სცხიათ. საქართველომ უნდა გაიგოს, რომ ქისტები მისი სისხლი და ხორცი არიან და 200 წლის შემდეგ, რაც ეს ხალხი პანკისის ხეობაში ჩასახლდა, კარგი იქნება თუ თბილისი მათ ქართველებად აღიარებს.

სხვათა შორის, როდესაც დაიჭირეს ჯოყოლოს იმამი აიუფ ბორჩიშვილი, რომელიც ხეობაში თავს თარხან ბათირაშვილის (იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი) წარმომადგენლად ასაღებდა და ახალგაზრდებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბირებდა, 90% ქისტებისა ამართლებდა მის დაპატიმრებას, რაც ნიშანია, რომ იქ ახალგაზრდობა არ არის რადიკალიზებული. სალაფიზმი ჯერ კიდევ უცხო ხილია პანკისის ხეობისათვის, თუმცა, ქართული სახელმწიფოს პასიურობის შემთხვევაში, არის დიდი საშიშროება, რომ ერთ დღეს სალაფისტები ფეხს მოიკიდებენ იქაც. არ დაგავიწყდეთ, რომ სალაფისტებს ძალიან დიდი ფინანსური პოტენციალი აქვთ. მაგალითად, რუსეთის ტერიტორიიდან გადმოსული სალაფისტები მანქანით ასაჩუქრებდნენ ქისტს, თუ იგი სირიაში საბრძოლველად ოთხ მსურველს ნახავდა. მითხარით ახლა, უმუშევარ ახალგაზრდა ქისტს რა შეიძლება სხვა ოცნება ჰქონდეს გარდა შავი ჯიპისა და იარაღისა?!

ზოგადად ძნელია ზუსტად თქვას კაცმა, რამდენი ადამიანი წავიდა პანკისიდან სირიაში საომრად. თვითონ პანკისის ხეობის მოსახლეობა საუბრობს 70-დან 111 მებრძოლამდე. მათ შორის დაახლოებით ათი ჯიჰადისტი უკვე დაღუპულია. თუმცა ყველა მათგანი არ ომობს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ , ან ალ-ნუსრას (ანუ ადგილობრივი ალ-ყაიდა) დროშის ქვეშ.

მე ვახსენე თარხან ბათირაშვილი (იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი), ყველაზე ცნობილი პანკისელი და მინდა ორი სიტყვა მასზეც ვთქვა: მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებისა, დარწმუნებული ვარ, რომ აბუ ომარ ალ-შიშანი ცოცხალია - მამამისს არ გამოუცხადებია გლოვა და ჩემთვის ეს ყველაზე ზუსტი სიმპტომია, რომ იგი ჯერ არ მოუკლავთ. ზოგადად თარხან ბათირაშვილის სიკვდილი ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს პანკისის ხეობაზე, რადგან ის ახალგარზდები, ვინც სირიაში მიდიან საომრად, ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ჯიჰადისტები არიან, არამედ იმიტომ, რომ ალ-შიშანიში რომანტიულ გმირს ხედავენ. ასე მაგალითად, მარგოშვილის რაზმი, რომელიც ლატაკიაში იბრძვის და არ განეკუთვნება არც „ისლამურ სახელმწიფოს“ და არც ალ-ნუსრას, დატოვა ბევრმა ქისტმა, რათა შეერთებოდა თარხან ბათირაშვილს, რადგან ამ უკანასკნელის რაზმში მეომრობა უფრო პრესტიჟულად ითვლება...

რაც შეეხება აჰმედ ჩატაევს, ის არ იბირებდა პანკისელებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. ზოგადად, იმამ ბორჩიშვილის დაპატიმრების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა პანკისის ხეობაში მკვეთრად დაეცა. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ თბილისი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მაინც ჩაერთვება პანკისის სოციალურ-ეკონომიურ პროექტებში, რათა რადიკალური ისლამი საბოლოოდ გაქრეს ამ რეგიონში“.

მაირბეკ ვაჩაგაევი არის The Jamestown Foundation-ის მკვლევარი, კავკასიური კვლევების ასოციაციის პრეზიდენტი საფრანგეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჟურნალ Caucasus Survey-ს თანარედაქტორი. ასლან მასხადოვის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მაირბეკ ვაჩაგაევი ჯერ გახლდათ პრეზიდენტის პრესსამსახურის მდივანი, ხოლო შემდეგ დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გენერალურ წარმომადგენლად (de facto ელჩი) მოსკოვში. ცნობილი უცხოელ ჟურნალისტებს შორის, როგორც ერთადერთი ჩეჩენი, რომელიც ომის დროს იარაღს პრინციპულად არ ატარებდა, 1999 წლის 21 ოქტომბერს მოსკოვში ის დააპატიმრეს იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით. კულუარული ვაჭრობის შედეგად კრემლი იძულებული შეიქნა, 2000 წლის მაისში „შეეწყალებინა“ მაირბეკ ვაჩაგაევი. ამ პერიოდიდან მოყოლებული მაირბეკ ვაჩაგაევი ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG