Accessibility links

logo-print
გასული წლის ბოლოსა და წლევანდელის დასაწყისში დებიუტანტების პიკი იყო ქართულ ლიტერატურაში. ახალ წლებს ახალი, სადებიუტო წიგნები დაემთხვა და სწორედ ამის გამოა, რომ მიმაჩნია - 2011 წელი კარგად დაიწყო ქართული ლიტერატურისთვის.

ასეთი იმედიანი ბოლოს 7-8 წლის წინ ვიყავი. მკითხველისთვის არაფერია უფრო სასიხარულო, ვიდრე ახალი სახელები და ახალი წიგნები. კარგია, თუმცა ძალზე იშვიათია, როდესაც წიგნიდან პირველად იგებ ავტორის სახელს, რომელიც აქამდე არასდროს შეგხვედრია პერიოდული პრესის ფურცლებზე და ისიც კარგია, როცა რამდენიმეწლიანი მუშაობის, ან ყოყმანის შემდეგ რომელიმე ავტორი სადებიუტო წიგნად უყრის თავს ნაწერებს ან სულაც ერთ გაბმულ ტექსტს გთავაზობს.

გასული წლის ბოლოს გამომცემლობა "დიოგენემ" ერთდროულად რამდენიმე ავტორის სადებიუტო წიგნი გამოსცა, მათ შორის, თამთა მელაშვილის "გათვლა", მიშა ბახსოლიანის მოთხრობები და დათო ყანჩაშვილის ლექსები. მათგან აუცილებლად გამოვარჩევდი თამთა მელაშვილის ვრცელ მოთხრობას, რომელიც ძალიან დიდი სიახლე აღმოჩნდა ბევრი მკითხველისთვის და სწორედ ეს ნაწარმოები გახდა საფუძველი იმისათვის, რომ დღეს დებიუტზე, დებიუტანტებზე და გაბედულების ამ სრულიად განსხვავებულ ფორმაზე მესაუბრა.

გაბედულება რადგან ვახსენე, ერეკლე დეისაძის პირველ კრებულსაც ვერ გავექცევით. იგი და მისი მიმართულება, რამდენიმე თვის წინ დავახასიათე ერთი სახუმარო კალამბურით - "ელემენტარული ლაწირაკები" - და მათში დეისაძის გარდა ზოგიერთი სხვა დამწყები მწერალიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ. მათზე უფრო კონკრეტულად სხვა დროს დავწერ, როცა ქმედების გარდა თავიანთი ნაწერითაც დაიმსახურებენ ამას, მანამდე კი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დეისაძის დებიუტი შედგა, ზედმეტად ხმამაღალი დებიუტიც. მართალია, ბევრის აზრით, მან დაიწყო და დაამთავრა კიდეც თავისი კარიერა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინაა, რადგან ერეკლემ მხოლოდ პირველი, ელემენტარული ნაბიჯები გადადგა და დროთა განმავლობაში მისი რისხვა, ლაწირაკობა და თუ გნებავთ, ეშმაკობა, უფრო მეტ შედეგს მოიტანს ავტორისთვისაც და მკითხველისთვისაც.

გასულ წელს გამოვიდა ირაკლი კაკაბაძის ლექსების პირველი კრებულიც "წერილები და მავთულხლართები" (იმ ირაკლის არა, ამერიკაში რომაა, ირაკლი ზურაბის ძის, არამედ დებიუტანტი ირაკლის), "ლიტერატურა - ცხელ შოკოლადში" დაიბეჭდა ვახო მოსიაშვილის სადებიუტო პუბლიკაციები, გამოვიდა ირმა არჩუაშვილის კარგი კრებული, გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსის ანთოლოგია, მანამდე იყო გურამ მეგრელიშვილის, რატი რატიანისა და მაკა ლდოკონენის პროზაული და გიორგი კეკელიძის, დიანა ანფიმიადისა და ალექსანდრე ლორთქიფანიძის პოეტური კრებულები. ყველას რა ჩამოთვლის...

მოკლედ, ბოლო ერთი წელი დებიუტის წელი იყო ჩვენთან. ახალი ავტორების გამოჩენის, დაფასებისა და არდაფასების, აღნიშვნისა და დამკვიდრების, ახალი სახელების დამახსოვრების წელი. ასეთი რამე მხოლოდ 1996-1999 წლებში მახსოვს, მაშინ "არილის" ყველაზე მნიშვნელოვანი წლები იყო, სწორედ მაშინ დავბეჭდეთ ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე პირველად ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, ბესო ხვედელიძე, ლელა სამნიაშვილი და ბევრი სხვა ახალგაზრდა ავტორი. მახსოვს, ლაშას მამამისი მოჰყვა, რატის ლექსები გვანცა ჩხენკელმა მოიტანა რედაქციაში, ბესო ხვედელიძე თვითონ მოვიდა, ჰენრი მილერის ცხელ-ცხელი გავლენებით, ლელა სამნიაშვილის ლექსები, თუ არ ვცდები, ზვიად რატიანმა მოგვაწოდა.

ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როცა ესა თუ ის დებიუტი, პირველი პუბლიკაცია, დიდხანს გაწელილა იმის გამო, რომ ავტორთან მუშაობამ წაიღო დრო. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სასიკეთო გავლენას ახდენდა ავტორებზე, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჩვენი შენიშვნები ან დაწუნებული ნაწარმოებები სხვა გამოცემაში დაუბეჭდავთ. ცალკეა გამოსარჩევი ის ავტორები, რომლებიც დავიწუნე, ჩემთან არ დავბეჭდე, მაგრამ 1 წლის ან სულაც რამდენიმე თვის შემდეგ სხვა გამოცემაში შედგა მათი წარმატებული დებიუტი სულ სხვა ნაწარმოებით. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით სასიამოვნოა ხოლმე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დებიუტის სიამოვნება უკვე შენ აღარ გეკუთვნის, ზუსტად იცი, რომ შენმა პრინციპულობამ, რომელიც ბევრს უყურადღებობა ჰგონია ხოლმე, რაღაც შედეგი გამოიღო. ზუსტად ასე მოხდა თამთა მელაშვილის შემთხვევაში, ვინაც ერთი წლის წინ გამომიგზავნა თავისი მოთხრობა, რომელიც მაშინ ვერ დავბეჭდე, სამაგიეროდ, აგერ ახლახან მან ისეთი ნახტომი გააკეთა, რომ ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ ეს ავტორი თვეების წინ მეჩხერ ტექსტებს წერდა.

ლიტერატურული პერიოდიკის და გამომცემლობების გარდა ახალი ავტორების გამოჩენაში, რა თქმა უნდა, კონკურსებმაც ითამაშა განსაკუთრებული როლი. რაც არ უნდა სკეპტიკურად ან ირონიით უყურებდეს ზოგიერთი მკითხველი "პენმარათონს" ან ლიტერატურულ კონკურს "წეროს", ერთი რამ ფაქტია, ეს კონკურსები ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი, უწყინარი და ნათელი წერტილია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში, რადგან აქ არავინ არაფერს ხლართავს, არაა ინტრიგები, განაწყენებულიც არავინ რჩება, არავინ ხსნის თავის კანდიდატურას კონკურსიდან, იმის შიშით, აქაოდა, გამარჯვების შანსი არა მაქვს და სახელი გამიტყდებაო. თან ორივე კონკურსის სახელში ძალიან კარგი ქვეტექსტები იკითხება, ორივე ირონიულია, თვითირონიულიც კი, ერთი მარათონის რეჟიმს გულისხმობს მწერლობაში და ეს უკვე გახალისებს, მეორე კი წეროს უკავშირდება, წეროს მიერ ახალშობილის, ანუ ახალი ავტორის "მოტანას", რითაც მხიარულ ნაყოფიერებას ესმება ხაზი.

ზემოთ სახელის გატეხა ვახსენე. საქმე ისაა, რომ დებიუტანტები სახელზე მეტად ერთმანეთზე ზრუნავენ, გამოცდილებას იღებენ, გულშემატკივრობენ და, რაც მთავარია, კითხულობენ ერთმანეთს. არავინაა ისეთი ინტერესიანი და გახსნილი მკითხველი, როგორც დამწყები მწერალი. გავა დრო და ისინიც ჩაიკეტებიან, ისინიც გახდებიან დიდი და ეჭვიანი მწერლები, მანამდე კი ვენდოთ დამწყებებს, დებიუტანტებს, და დავტკბეთ იმის ყურებით, თუ როგორ იბადება ჩვენს თვალწინ ახალი ლიტერატურა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG