Accessibility links

logo-print
ბობ ბროზმანის სახელი ბევრს არაფერს გეტყვით. “იუტუბზე” აკრეფ და ერთ წვეროსან, სათვალეებიან ჯეელს გადაეყრები: სცენაზე მოკალათებულა, გარშემო ათასი რჯულის გიტარა შემოუწყვია და მასტერ-კლასს ატარებს საშემსრულებლო ტექნიკაში - სლაიდით სიმებს ელამუნება და მღერის. დიდებულ მუსიკოსად რომ მოვიხსენიო - მოკვეთის ღირსი ვიქნები, მსგავსი პრეტენზია თავადაც არ აწუხებს. თუმცა მისი პიროვნება უფრო სხვა მხრივაა საინტერესო, რადგან დღესდღეობით ერთ-ერთი წამყვანი ეთნომუსიკოლოგი, მულტიინსტრუმენტალისტი და სულ მთლად პროფესორი ბრძანდება.



ორიოდე სიტყვას ბარემ ბიძამისზე, ბარნი ჯოზეფსონზეც ვიტყვი, ვინაიდან მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ამერიკული მუსიკის ისტორიაში. 1938 წელს „კოტონ კლაბს“ ჯიბრში ჩაუდგა და გრინვიჩ-ვილიჯში კლუბი „კაფე სოსაითი“ გახსნა, სადაც დემონსტრაციულად გააუქმა „მხოლოდ ფერადებისთვის“ განკუთვნილი სამარცხვინო სექტორი. მსმენელმა პირველად სწორედ ამ კლუბში დააგემოვნა ბილი ჰოლიდეის „უცნაური ხილი“ და ბარნის წყალობით გაიცნო ახალგაზრდა ლენა ჰორნი, სარა ვონი, ბიგ ჯო ტერნერი და რუთ ბრაუნი. ჰოდა, ამ კაცის დაჟინებული თხოვნით ბობმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩააბარა, ადრეული ბლუზური ტონებისა და სტრუქტურების კვლევას შეუდგა. უფრო კონკრეტულად კი, ამ აფროამერიკული მუსიკალური ჟანრის ფესვებით, 20-30-იანი წლების „სოფლური ბლუზით“ დაინტერესდა. წიგნიერების გასაღრმავებლად სამხრეთის შტატებში წლები მოგზაურობდა, კარდაკარ ეძებდა იმ მოხუცებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუკვალავდნენ გზას ბლუზური სევდის ხლართებში. ბუნებრივია, ამ გზამ აფრიკამდეც მიიყვანა. სადაც კი ოდესმე ხალხური სიმებიანი საკრავი გაუჩხაკუნებიათ, ყველა ის ქვეყანა მოიარა. ალჟირი, მალი, კამერუნი, სენეგალი, ლესოტო... - იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ზღვა თეორიული თუ აუდიომასალა დააგროვა და რამდენიმე სამეცნიერო შრომაც გამოაცხო. ერთ-ერთ მათგანში კი, რომელიც ბლუზური ტონების საფეხურებს ეხება, ამგვარ დასკვნას გადააწყდები: ევროპელებს ვერავინ შეედრება მუსიკალური ჰარმონიული ფორმების ცოდნასა თუ განვითარებაში, ხოლო, რიტმული სტრუქტურების თვალსაზრისით, ბებერი კონტინენტი საბავშვო ბაღს, აფრიკა და აღმოსავლეთი კი მეცნიერებათა აკადემიას მაგონებსო. ალბათ, ამიტომაც არაა გასაკვირი, საკუთარ დისკებზე მსოფლიოს ხალხთა მრავალფეროვან მუსიკალურ ენებზე რომ მეტყველებს. მაგალითისთვის „პოსტინდუსტრიული ბლუზიც“ გამოდგება, სადაც ინდური, აფრიკული და კარიბული მოტივები ბლუზურ კარკასზე აქვს მორგებული.



კოლეგები ბობ ბროზმანის, როგორც ფოლკლორისტის პროფესიონალიზმსა და წიგნიერებას შენატრიან, მსოფლიოს ხალხთა მუსიკის ცოდნაშიც ვერავინ ეცილება, ხოლო, საშემსრულებლო ხელწერის თვალსაზრისით, ზოგჯერ „გიტარის ოსკარ პიტერსონად“ მოიხსენიებენ. დიახ, ინსტრუმენტის ვირტუოზული ფლობა ბროზმანის მართლაც რომ საფირმო ნიშანია, დიდებული სლაიდტექნიკით გამოირჩევა. აქვე, შესაძლოა, გამზნიქოთ და მომაძახოთ: სლაიდის, ე.წ. „ბოთლნექის“ მისისიპელ ოსტატებთან - რობერტ ჯონსონთან ან მადი უოტერსთან - ეს ჩია კაცი რა მოსატანიაო, და ნაწილობრივ მართალიც იქნებით. ხსენებულ ბატონებს „სლაიდის“ ტექნიკით არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა, მუსიკალური შინაარსის თვალსაზრისით, ახლოსაც ვერ მივა - საიმპროვიზაციო მრავალფეროვნება და ის სიღრმე აკლია, ნაღდ ბლუზს რომ სჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ბობ ბროზმანი „ტეხნარია“. მსგავსი ტიპის არტისტებს ჩვენში ამგვარი ირონიული ფორმით ახსენებენ ხოლმე და რატომღაც არაფრად აგდებენ მუსიკოსთა მეცადინეობებს, როცა რუდუნებითა და უჩვეულო მუყაითობით ცდილობენ თავიანთი ოსტატობის სრულყოფას.



ჩემთვის კი ბროზმანი „ბლუზის კოლუმბია“, რომელიც აქამდე უცნობ, აუთვისებელ ბლუზურ ამბებს მომითხრობს და მსოფლიოს გარშემო მამოგზაურებს. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას კი, სრულიად განსაკუთრებული ბლუზი მაპოვნინა, რომელიც აფრიკას მოგვატარებს, შემდეგ ჰავაიზე დაგვასვენებს და, ბოლოს, მისისიპის ნაპირებზეც გაგვასეირნებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG