Accessibility links

logo-print

ამ ზაფხულს ჯაზური სამყარო კიდევ ერთ დიდებულ არტისტს გამოეთხოვა.

15 აგვისტოს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ვიბრაფონისტი ბობი ჰატჩერსონი.

რობერტ "ბობი" ჰატჩერსონი 1941 წელს დაიბადა ქალაქ პასადენაში. ბავშვობაში ფორტეპიანოზე უკრავდა და პიანისტობასაც აპირებდა. ერთხელაც, უბანში სეირნობისას, ფირფიტების მაღაზიას ჩაუარა, საიდანაც სრულიად უცხო, ჯადოსნური სილამაზის ბგერები მოესმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი ყურადღება მილტ ჯექსონის ვიბრაფონის ჟღერადობამ მიიპყრო. ჰოდა, Modern Jazz Quartet-ის დამაარსებლის ჩანაწერმა თავდაყირა დააყენა ბობის საფორტეპიანო მისწრაფებები, ფულის შეგროვება დაიწყო და, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, შეიძინა არცთუ იაფი ინსტრუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ეჭვის თვალით უყურებდა შვილის ახირებას და ხშირად მწარედაც ეხუმრებოდა ამ არატრადიციული საკრავის არჩევის გამო, მომავალი არტისტი არ ნებდებოდა, ბევრს შრომობდა და დამოუკიდებლად ხვეწდა საშემსრულებლო ტექნიკას. შედეგმაც არ დააყოვნა - ჰატჩერსონი ახალგაზრდა ერიკ დოლფის ანსამბლის წევრი გახდა. მათი თანამშრომლობის დიდებული მაგალითია 1964 წლის ალბომი "Out to Lunch!", რომელიც 60-იანი წლების ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ და მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.

ერიკ დოლფის გარდა, ბობი ჰატჩერსონი ისეთი არტისტების პროექტებში ჩაება, როგორებიც არიან საქსოფონისტი ჯეკი მაკკლინი და ჯო ჰენდერსონი, მესაყვირე ლი მორგანი, დრამერი ტონი უილიამსი, გიტარისტი გრანტ გრინი და სხვები. ეს ბატონები ხმის ჩამწერი ლეიბლის, "Blue Note"-ის, ქოლგის ქვეშ იღწვოდნენ და ვიბრაფონისტიც ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ლეიბლის მაშინდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, აქცენტი მეტწილად ჰარდბოპზე კეთდებოდა. მიუხედავად ამისა, ჰატჩერსონი მაინც ახერხებდა ჟანრობრივი შეზღუდვები დაერღვია და საკუთარი საშემსრულებლო უნივერსალობა ისეთ მიმდინარეობებშიც წარმოეჩინა, როგორიცაა, მაგალითად, ჯაზ-ფანკი და აფროლათინური მუსიკა. რაც შეეხება სოლო პროექტებს, ვიბრაფონისტმა სადებიუტო დისკი, სახელწოდებით "დიალოგი", 1965 წელს გამოსცა, პიანისტ ენდრიუ ჰილის, მესაყვირე ფრედი ჰაბარდისა და საქსოფონისტ სემ რივერსის მონაწილეობით. არანაკლებ წარმატებული იყო მომდევნო ალბომი, "Stick-Up!", რომლითაც დაიწყო ჰატჩერსონისა და მაკკოი ტაინერის მრავალწლიანი თანამშრომლობა.

1967 წელს ბობი ჰატჩერსონის ნიუიორკული კარიერა მოულოდნელად დასრულდა. არტისტი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობის გამო მანჰეტენის ცენტრალურ პარკში დააკავეს და ქალაქის კლუბებში დასაკრავად აუცილებელი ლიცენზია ჩამოართვეს. ვიბრაფონისტიც იძულებული გახდა კალიფორნიაში გადაბარგებულიყო და იქ გაეგრძელებინა მუშაობა. დასავლეთ სანაპიროზე მრავალი დისკი გამოსცა. მათ შორის გამოვყოფდი ალბომებს Un Poco Loco-სა და Farewell Keystone-ს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფანკური თხზულება, სახელწოდებით "Ummh", რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად და საცეკვაო ჰიტად იქცა.

2010 წელს ამერიკული ხელოვნების ნაციონალურმა ფონდმა ბობი ჰატჩერსონს ჯაზის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის "ჯაზის ოსტატის" საპატიო ტიტული მიანიჭა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, მუსიკოსი ერთ-ერთი პირველი ვიბრაფონისტი გახლდათ, რომელმაც საკრავი ჟანრის იმპროვიზაციულ ენაზე აამეტყველა და ინსტრუმენტის ტემბრული შესაძლებლობები გააფართოვა, ჰარმონიული სვლების - ე. წ. "აკორდული ჯაჭვის" - ტექნიკას ჩაუყარა საფუძველი და, რაც მთავარია, უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ვიბრაფონისტების საშემსრულებლო ხელწერის ჩამოყალიბებაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG