Accessibility links

logo-print

26 მაისს იაპონიაში დაიწყო „დიდი შვიდეულის“ ორდღიანი სამიტი. აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და მასპინძელი იაპონიის ლიდერები მსჯელობენ გლობალური მასშტაბის პრობლემებზე, როგორიც არის მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისი, ტერორიზმი და საზღვაო უსაფრთხოება. თუმცა იაპონიაში უცხოელი ლიდერების ამ ვიზიტისას არანაკლებ ყურადღებას იწვევს ერთი ღონისძიება, რომელიც არ არის კავშირში უშუალოდ „დიდი შვიდეულის“ სამიტთან: აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლა ქალაქ ჰიროსიმაში.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა 27 მაისს ეწვევა ჰიროსიმას. ეს იქნება შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქალაქში, რომელსაც საზარელი ტრაგედია დაატყდა თავს 1945 წლის 6 აგვისტოს, როცა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა მასზე ატომური ბომბი ჩამოაგდო. ადგილზევე დაიღუპა ათასობით ადამიანი. წლის ბოლოს გარდაცვლილთა რიცხვმა 140 ათასს მიაღწია.

„რაც ყველაზე მეტად სურთ ჰიროსიმის დაბომბვის მსხვერპლთ, არის ის, რომ ეს ტრაგედია მთელ მსოფლიოში აღარსად და აღარასოდეს განმეორდეს! ვფიქრობ, ჰიროსიმაში პრეზიდენტ ობამას ვიზიტი უეჭველად მისცემს იმპულსს ძალისხმევას, რომ მივუახლოვდეთ მსოფლიოს ბირთვული იარაღის გარეშე“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ პრესკონფერენციაზე, რომელიც 25 მაისს - „დიდი შვიდეულის სამიტამდე“ ერთი დღით ადრე - გაიმართა ქალაქ შიმაში.

1945 წელს ჰიროსიმაზე ბომბის ჩამოგდებას, როგორც ცნობილია, სამ დღეში, 9 აგვისტოს, მოჰყვა ქალაქ ნაგასაკის დაბომბვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ჰიროსიმაში მისი ჩასვლა ცხადყოფს, რამდენად მეგობრულია ურთიერთობა ყოფილ მტრებს შორის. თუმცა ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას...

ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

როგორც ობამამ აღნიშნა იაპონიაში ჩასვლამდე ამ ქვეყნის ტელევიზიასთან ინტერვიუში, რეალობა ისეთია, რომ ზოგჯერ ლიდერებს მძიმე არჩევანის გაკეთება უწევთ კონფლიქტის დროს. 25 მაისს მან უკვე იაპონიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ერთ-ერთი რამ, რისი გააზრების იმედიც მაქვს, როცა ჰიროსიმაში ვიქნები, - და ის, რაზეც მართლაც ვფიქრობდი ვიეტნამში ყოფნისას, - არის იმის შეხსენება, რომ ომს ტანჯვა მოაქვს. ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც შევძლებთ, მის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, როგორც ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისშიც ვთქვი, როცა ოსლოში ვიყავი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისაღებად, მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელსაც ზოგჯერ ძალიან რეალური საფრთხეები ემუქრება - წარმოსახვითი საფრთხეები კი არა! - და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგჯერ მივმართოთ ზომებს ამერიკელი ხალხის დასაცავად“, - განაცხადა ობამამ იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

ამერიკელების დიდ ნაწილს სჯერა, რომ იაპონიის ქალაქების დაბომბვა აუცილებელი იყო ომისათვის ბოლოს მოსაღებად და უამრავი ამერიკელისა და იაპონელის სიცოცხლის დასაზოგად. თუმცა ამ შეხედულებას სკეპტიკურად აფასებს მრავალი ისტორიკოსი და იაპონიაში, რა გასაკვირია, დიდ უმრავლესობას სრულიად გაუმართლებლად მიაჩნია ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვა.

საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ კორესპონდენტის შეფასებით, ის გარემოება, რომ ობამა ბოდიშს არ მოიხდის, იაპონიას კვლავ მისცემს შესაძლებლობას, თავი ძირითადად მსხვერპლად წარმოსახოს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც თვითონაც საზარელი დანაშაულები აქვს ჩადენილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG