Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლნისი და ერთ დღეში გადასახლებული გერმანელები


2017 წელს 200 წელი სრულდება საქართველოში გერმანელების ჩამოსახლებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ საქართველოში არსებული გერმანული მემკვიდრეობის აღწერა და სარესტავრაციო პროექტების შემუშავება დაიწყო. საქართველოში გერმანელების აშენებულია ქალაქი ბოლნისი (მაშინდელი ლუქსემბურგი, კატარინენფელდი) და კიდევ რამდენიმე დასახლება. რადიო თავისუფლება გერმანული მემკვიდრეობის დასათვალიერებლად ბოლნისში ჩავიდა.

200 წლის წინ ჩამოსახლებული გერმანელებიდან ბოლნისში მხოლოდ ორიოდე კაციღა დარჩა, ქალაქიც აღარ ჰგავს იმ ლუქსემბურგს, რომლის ფოტოებიც ადგილობრივ მუზეუმში ინახება. შენობები ჯერ კომუნისტურმა ხელისუფლებამ გადააკეთა, შემდეგ გერმანელების ნაცვლად შესახლებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ. დღეს ლუთერანული ტაძარი თითქმის შუაშია გადაჭრილი და იქ სპორტული კომპლექსი ფუნქციონირებს. ორღანი, რომელზეც ამ ტაძარში უკრავდნენ, კარგა ხანია დაიკარგა. სახლებს ბევრგან აღარც მუხის აივანი შერჩა და აღარც სხვენი, სადაც უგემრიელესი ლორი გამოჰყავდათ ხოლმე. თუმცა ქალაქს დღემდე ეტყობა, რომ აქ ოდესღაც გერმანელები ცხოვრობდნენ, გერმანულად საუბრობდნენ, ძალიან ბევრს მუშაოდნენ და ეს მიწა ისევე უყვარდათ, როგორც თავიანთი ძველი სამშობლო. აქაურობას ის ტრაგედიაც ეტყობა, რომელმაც შვაბები აიძულა რუდუნებით ნაშენები ერთ დღეში დაეტოვებინათ.

გერმანელების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ძეგლთა დაცვის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მანანა ვარძელაშვილის თქმით, შვაბები მეფის რუსეთის დროს ჩამოასახლეს. მათ მალევე ააშენეს სახლები, საწარმოები, მანუფაქტურები... საძირკვლის ჩასაყრელად გერმანელები ლეკებს ქირაობდნენ და, შესაბამისად, დღემდე გოთური სტილის სახლები ლეკურ ფუნდამენტზე დგას.

„მათ ჩამოიტანეს ძალიან დიდი ცოდნა. ასეთი ურბანული ქსოვილი, რომელიც შექმნეს ბოლნისში, წინასწარ დაგეგმარებული, გააზრებული და დაპროექტებული ქალაქები, ჩვენ ამ პერიოდისთვის არ გვქონდა. ეს არის სიახლე, რომელსაც ქართველი გერმანელების ჩამოსვლასთან ერთად გაეცნო“.

გერმანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის პირველი ეტაპი კულტურის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო ძირითადად ბოლნისსა და ასურეთში. მანანა ვარძელაშვილი ამბობს, რომ მოგროვებულ მასალას ორ ენაზე გამოსცემენ. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ათეულობით შენობას და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. კულტურის სამინისტროს დღეს უშუალოდ არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე აქვს ყურადღება გამახვილებული, მაგრამ სამომავლოდ, ტურისტების მოსაზიდად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაც იგეგმება.

უშუალოდ ბოლნისში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 12 შენობას მიენიჭა, ეს პროცესი კიდევ გრძელდება. ანზორ მამარდაშვილის სახლი ერთ-ერთია, რომელიც თითქმის ისეთივე დარჩა, როგორიც პატრონმა 1941 წელს ჩაიბარა. ექსპერტები ამბობენ, რომ გერმანული სახლები გამოირჩევა თავისი პრაქტიკულობით. ის გრილი სარდაფით იწყება. აქვს მოხატული აივანი, რომელიც ორივე მხარს გახსნილია, მანსარდა და მაღალი სხვენი, სადაც ხორბალს თუ სიმინდს აშრობდნენ. სხვენს პატარა სარკმლებიც აქვს დატანებული საგანგებოდ, მერცხლების შემოსაფრენად. ანზორ მამარდაშვილი დღემდე ინახავს გერმანელების დანატოვარ კარადას, უცნაური საკიდებით, უჯრებიან მაგიდას და უშველებელ რკინის ღუმელს, რომელიც კედელში ჩაშენების შემდეგ რამდენიმე ოთახს ერთდროულად ათბობდა. გერმანელები არც ღუმლიდან ამოსულ კვამლს კარგავდნენ, ღუმლის თავზე სხვენში ლორის ნაჭრები იყო გაკიდული. ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის გაერთიანების კურატორი ლია ბუბუტეიშვილი ამბობს, რომ ბევრი ბოლნისელი ლორს დღემდე ამ ტექნოლოგიით ამზადებს:

„ლორს შვაბური წესით ამზადებდნენ: კასრის ძირზე დაყრიდნენ ბევრ მარილს, ბარკლებს დასერავდნენ, დატენიდნენ დაფნით, ნივრით, წიწაკით... მჭიდროდ ჩადებდნენ კასრში, დაასხამდნენ წყალს და ორმოცი დღე ჰქონდათ ამ წყალში, შემდეგ შებოლავდნენ“.

ბოლნისში დღემდე აცხობენ გერმანულ ტკბილეულს, ლეიქუხას და ცუკერქუხს; დღემდე ბლომად იყენებენ მიხაკ-დარიჩინს, რომელიც გერმანელებს ძალიან უყვარდათ; დღემდე დგას ორასწლიანი ჭადრები გერმანელების მიერ გაყვანილ ქუჩებზე, რომელთაგან ერთს ყვავილების ქუჩა ერქვა, მეორეს - ბაღის ქუჩა, მესამეს - ცაცხვის ხეივანი. ბოლნისის მუზეუმის გამყოლი ნანა გავაშელი ამბობს, რომ გერმანელები მუშაობას დილიდანვე იწყებდნენ და ზამთარს სავსე სარდაფებით ხვდებოდნენ.

„ვიურტემბერგელები იყვნენ, 15 ათასი ოჯახი. აქედან 1600 სახლობდა კატარინენფელდში. მრავალი პროფესია ჰქონდათ, იყვნენ შრომისმოყვარეები და ზომაზე მეტად მოწესრიგებულები“.

ღვინის ქარხანა, რომელიც გერმანელმა კოლონიზატორებმა 1908 წელს ააშენეს, დღემდე მუშაობს. შემორჩენილია სარდაფი, სადაც ზამთარ-ზაფხულ 14 გრადუსი ტემპერატურაა. ყურძენსაც საკუთარი ტექნოლოგიით ამუშავებდნენ. პირველ რთველზე 15 ტონა ღვინო დაუწურავთ. კატარინენფელდში ძირითადად რქაწითელი იყო გავრცელებული.

დედაჩემი ჰყვებოდა, რომ ქრისტეს ტირილი იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთი. გვიანი შემოდგომა იყო, ორსართულიანი სარდაფები სავსე ჰქონდათ, ღორები უნდა დაეკლათ, ცხენებიც ჰყავდათ... ბღაოდა მშიერი საქონელი, ძაღლები ყეფდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენ...
ნათელა გრიგოლია

სახლი, სადაც ახლა ნათელა გრიგოლია ცხოვრობს, ადრე გერმანული მუსიკალური სკოლა იყო. ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახში ნათელამ ძველი ფისჰარმონია შენიშნა და სახლში ურმით მოიტანა. შემდეგ რესტავრატორიც ჩამოიყვანა თბილისიდან. ბოლნისში ახლაც ბევრს აქვს გერმანელების მიერ დატოვებული ანტიკვარები.

„მეზობლებმა მასხარად ამიგდეს, ფერდობში გადააგდე, ეს რა ჯღანი მოათრიეო. კლავიშებიც ამოვარდნილი იყო, რეესტრებიც - გაოხრებული“...

გერმანელები კომუნისტებმა ომის დროს შუა აზიაში, ცარიელ ტრამალებში გადაასახლეს მოულოდნელად და ძალიან სწრაფად. თან, ფაქტობრივად, არაფერი წაუღიათ. მათი შვილები, ვინც ბოლნისში გერმანელებთან ერთად ცხოვრობდა, გადასახლების დეტალებზე დღემდე სიმწრით ჰყვებიან.

„დედაჩემი ჰყვებოდა, რომ ქრისტეს ტირილი იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთი. გვიანი შემოდგომა იყო, ორსართულიანი სარდაფები სავსე ჰქონდათ, ღორები უნდა დაეკლათ, ცხენებიც ჰყავდათ... ბღაოდა მშიერი საქონელი, ძაღლები ყეფდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენ... დაიწყო ძარცვა“.

ამას ნათელა გრიგოლია იხსენებს, ლია ბუბუტეიშვილი კი ამბობს, რომ რადგან ციოდა, მისმა ბებიამ ღამე გაათენა წინდების ქსოვაში, გერმანელებისთვის რომ გაეტანებინა. ძაღლები პატრონებს მისდევდნენ, მარტო დარჩენილები კი, საჭმელს არ ჭამდნენ და კვდებოდნენ. ძალიან ძნელი იყო გემით მგზავრობა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ზოგიერთი დაიღუპა კიდეც და მშობლები იძულებულნი გახდნენ, ცხედრები ზღვაში ჩაეშვათ. საბოლოოდ, სხვადასხვა ადგილას გადასახლებული გერმანელები წერილებს ისევ ბოლნისში გზავნიდნენ და ერთმანეთს პოულობდნენ. ასე შეყვარებულებმაც კი იპოვეს ერთმანეთი და დაქორწინდნენ.

გადასახლებული გერმანელების სახლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ხალხი შევიდა. ამის შემდეგ განსაკუთრებით გაძნელდა იმ სტილისა და არქიტექტურის შენარჩუნება, რომელიც ქალაქს თავიდან ახასიათებდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ამბობს, რომ ძველი გერმანული უბნის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე პროექტი აქვთ მომზადებული.

„რეაბილიტირებულ კვარტალში მიწისქვეშა კომუნიკაციები აღდგენილია, ასევე აღდგენილია ძველი ქვაფენილი. შემდეგი ეტაპი იქ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ დახმარებისთვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ. ვფიქრობთ, რომ მათი დახმარებით გარკვეული სამუშაოების წარმოება შესაძლებელი გახდება. რასაც ჩვენ გავაკეთებთ პირველ ეტაპზე, არის ის, რომ ჩვენს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი შენობის რეაბილიტაციას განვახორციელებთ“.

მისი თქმით, ბოლნისში სულ, დაახლოებით, 500 სახლია გერმანული, თუმცა თავდაპირველად შეეცდებიან იმ თორმეტიოდე სახლის რეაბილიტირებას, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი უკვე მიენიჭა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG