Accessibility links

logo-print

ირლანდიური როკ-ჯგუფი U2 გამოდის მოთხოვნით აზერბაიჯანმა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ამ მოთხოვნის გამოსათქმელად გლობალური პოპულარობის მქონე ჯგუფმა ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე ტურნე გამოიყენა.

ჯგუფის სოლისტმა ბონომ 12 და 13 ივნისს ჩატარებულ კონცერტებზე სიმღერა „Pride (In The Name OF Love)“-ის შესრულებისას მსოფლიოში მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დამცვლებს მიაგო პატივი - მათ შორის, აზერბაიჯანელ აქტივისტებს.

„ჩვენი ექვსი მეგობარი ახლა ციხეში ზის. მათი დანაშაული ისაა, რომ თავიანთი აზრი გამოთქვეს ღიადო“, - განაცხადა ბონომ და სახელებით მოიხსენია ემინ ჰუსეინოვი, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ხადიჯა ისმაილოვა, ანარ მამადლი, ლეილა იუნუსი, რასულ ჯაფაროვი და ინტიგამ ალიევი. ბონოს სიტყვების პარალელურად, უზარმაზარ ეკრანზე ექვსივე პირის ფოტოები გამოისახა.

ჩვენ ვეუბნებით ბატონ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს: ჩვენი მეგობრებიდან რომელიმეს რამე თუ დაუშავდა, პასუხისმგებლობას თქვენ დაგაკისრებთო, განაცხადა ბონომ, აუდიტორიის ოვაციების ფონზე.

სავარაუდოდ, როკ-ჯგუფის წევრებს კონცერტის მომენტში ჯერ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩამოთვლილი ექვსეულიდან ერთ-ერთი, ემინ ჰუსეინოვი, აზერბაიჯანიდან შვეიცარიამ გაიყვანა. 35 წლის აქტივისტი ბაქოში შვეიცარიის საელჩოს 10 თვის განმავლობაში აფარებდა თავს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. ეს დევნა ბევრმა აღიქვა შურისძიებად მისი ოპოზიციური საქმიანობის გამო. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნიდან მის გაყვანას წინ უძღოდა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებული მოლაპარაკება.

დანარჩენი ხუთი აქტივისტი კი აზერბაიჯანის ციხეებში რჩება. მათ ნაწილს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, ნაწილი კი ხანგრძლივ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ჯგუფის ვებსაიტზე ბონოს მიერ აზერბაიჯანელი აქტივისტების მხარდასაჭერ განცხადებას „კონცერტის ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი“ უწოდეს.

ჯგუფმა ისიც განაცხადა, რომ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას, „ამნესტი ინტერნეიშენალს“, უფლება არ მისცეს დასწრებოდა ევროპულ თამაშებს, რომელიც ბაქოში 12 ივნისს გაიხსნა.

ბონოს განცხადებით, გამოსვლა სთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციამ, სახელწოდებით „სპორტი უფლებებისთვის“.

ორგანიზაციის პრესმდივანი რებეკა ვინსენტი აცხადებს, რომ კოალიცია ძალიანაა გახარებული ბონის გამოსვლით აზერბაიჯანელი აქტივისტების დასაცავად - მათ შორის, კოალიციის დამაარსებელ რასულ ჯაფაროვის დასაცავად.

მსოფლიომ იცის, რა ხდება რეალურად აზერბაიჯანში და გაჩუმებას არავინ აპირებსო, - განაცხადა რებეკა ვინსენტმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG