Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში გაიმართა ახალი წიგნის პრეზენტაცია, სახელწოდებით „პუტინის სტრატეგია - ევრაზიული კავშირი და მისი მოწინააღმდეგენი“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ევრაზიული კავშირის თემა წინა პლანზე კიდევ ერთხელ წამოსწია. რამდენიმე ხნის წინ ამერიკის და ევროპის წამყვანმა ექსპერტებმა გადაწყვიტეს, პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკური სტრატეგიის შესახებ გამოეცათ წიგნი, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გაიმართა. წიგნში „პუტინის სტრატეგია - ევრაზიული კავშირი და მისი მოწინააღმდეგენი“ საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებასაც შეეხება. ერთ-ერთი თავის „საქართველო და მოლდოვა აღებულ კურსს აგრძელებენ“ ავტორია პროფესორი მამუკა წერეთელი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის კვლევების დირექტორი.

ის ამბობს, რომ „ავტორების ამოცანა პირველ რიგში იმაში მდგომარეობდა, რომ დაენახვებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც პოლიტიკას ქმნის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში და მთელ მსოფლიოში, თუ რა არის რუსეთის პრეზიდენტის და რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგია, მათი მთავარი მიზნები. პროცესები, რომლებიც ახლა ვითარდება რუსეთის სამეზობლოში, არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ქვეყნებით, რომლებიც დღეს ესაზღვრებიან რუსეთს, არამედ სავსებით დასაშვებია, რომ ეს პროცესები გავრცელდეს აღმოსავლეთ ევროპის და მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებზეც“. ამას გარდა, პროფესორ წერეთლის თქმით, ვინაიდან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული რუსეთის მხრიდან სხვადასხვა სახის ზეწოლისგან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქვეყნის ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ის ძალა, ის ენერგია, ის ინსტრუმენტები, რომელიც რუსეთს გააჩნია, რომ მას საკუთარი პოლიტიკა დაუპირისპიროს.

წიგნის რედაქტორი და თანაავტორი პროფესორი სვანტე კორნელი ამბობს, რომ „პუტინს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს, მაგრამ საქმე ძალიან კარგად კოორდინირებულ სტრატეგიასთან გვაქვს. რუსეთის მთავრობა ნებისმიერ გზას მიმართავს, დიპლომატიით დაწყებული, გადატრიალებით დამთავრებული; ლიდერების პოლიტიკული კორუმპირებით, თუ ენერგეტიკული და ეკონომიკური ომის გამოცხადებით; დისიდენტების უცხოეთში მოკვლით და კიბერომის ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით.

რუსეთი სამხედრო ძალასაც მიმართავს, იქნება ეს ნახევრად გასამხედროებული, სამხედრო ფორმის გარეშე შეიარაღებული ადამიანები, თუ სრული აღჭურვილობით მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესია. ეს მეთოდები ადაპტირების შედეგად ფორმას იცვლის. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, აქედან რამდენიმე ინსტრუმენტის ერთდროულად გამოყენება ხდება, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში მოწმე ვართ მემარჯვენე ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის“.

პროფესორი კორნელი სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რუსული ენა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჯერ კიდევ კარგად იციან და რუსეთიც შესაბამისად საკუთარ მედიას და პროპაგანდას მათზე ზეწოლის საშუალებად იყენებს. ეფექტი, ანალიტიკოსის აზრით, იმდენად დიდია, რომ რუსულ დეზინფორმაციას პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმაც ხშირად ვაწყდებით. ამაში რუსეთის ხელისუფლება მილიონობით დოლარის ინვესტიციას აკეთებს.

პროფესორი სტივენ ბლენკი - ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი და წიგნის თანაავტორი - ამბობს, რომ ევრაზიულ კავშირს მომავალი არ აქვს, თუმცა გაძლიერების შემთხვევაში ის საქართველოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველი იქნება. „არ ვფიქრობ, რომ მას გაძლიერება უწერია, მაგრამ თუ ეს მოხდა, [ევრაზიული კავშირი] იქნება ინსტრუმენტი, რომლითაც ყველა მონაწილე ქვეყანა რუსეთის ქვეშევრდომი გახდება. ამ სახით ის საქართველოსთვის უშუალო საფრთხის შემცველი იქნება. რუსეთი აშკარად არ ცდილობს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკუთარ საზღვრებში მოქცევას. ის საქართველოზე ზეწოლის ბერკეტს ინარჩუნებს“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მას ეთანხმება პუტინის შესახებ გამოცემული წიგნის კიდევ ერთი ავტორი, პროფესორი ფრედერიკ სტარი. „დარწმუნებული ვარ, ბატონ პუტინს ესიზმრება, რომ ევრაზიული კავშირი ძლიერი ერთობა გახდება, არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურად და კულტურულადაც. ეს არ მოხდება, განწირული პროექტია. იმის უფრო გვეშინია, რომ მის კოლაფსამდე დიდი ზიანი არ მოხდეს, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს. ვნახეთ 2008 წელს საქართველოში... ახლა უკვე უკრაინაშიც.

საბოლოო მარცხის მიუხედავად, გვაწუხებს კონკრეტულად საქართველოს და აზერბაიჯანის ბედი კავკასიაში. რა თქმა უნდა, სომხეთისაც... ის, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკური პროექტი არ არის, ამის თქმა ქართველებს ჩემგან არ სჭირდებათ, რადგან ბევრად უკეთ მოეხსენებათ. საბოლოო ჯამში, ფაქტია ის, რომ ეს ყოველივე რეგიონის აბსოლუტურ დესტაბილიზაციას ემსახურება“ - აღნიშნავს პროფესორი სტარი. მისი თქმით, ყველაზე ცინიკური ის არის, რომ რუსეთის საზღვრებთან მიმდინარე მთელი ეს დესტაბილიზაციური პროცესები სწორედ სტაბილურობის კონცეფციით და მისი სახელით ხორციელდება. ის დასავლეთს ურჩევს, საბოლოოდ შეწყვიტოს თავის მოტყუება და შესაბამისი ზომები რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს.

XS
SM
MD
LG