Accessibility links

logo-print

თბილისის წიგნის დღეები - აქცენტი წიგნზე, როგორც ხელოვნების ნიმუშზე


27-30 ნოემბერს საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის დღეებს მასპინძლობს. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ, ეს უკვე მეორე მასშტაბური ფორუმია, რომელზეც გამომცემლები, მწერლები, ილუსტრატორები და მკითხველები ერთმანეთს ასობით წიგნის გარემოცვაში ხვდებიან: იყიდება წიგნები, იმართება დისკუსიები და საჯარო ლექციები, დაგეგმილია არაერთი საინტერესო ვორკშოფი და, რაც მთავარია, პირველად საქართველოში, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, გაიმართება ქართველი და უცხოელი ილუსტრატორების გამოფენები. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ასევე საქართველოში გოეთეს ინსტიტუტისა და წიგნის ხელოვნების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართული ეს ღონისძიება, როგორც მისი ორგანიზატორები იმედოვნებენ, ყოველ წელს ჩატარდება.

აქცენტი ილუსტრაციაზე, აქცენტი წიგნზე, როგორც ხელოვნების ნიმუშზე - ესეც თბილისის წიგნის დღეების მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, აქცენტი, რომელიც მას თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისგან გამოარჩევს. „ექსპო ჯორჯიას“ რამდენიმე პავილიონში გამართული გამოფენების ჩამონათვალიც მოწმობს, რომ დამთვალიერებელს წინ საინტერესო სანახაობა ელის: ახალგაზრდა უკრაინელ ილუსტრატორთა გამოფენა, ირანული ილუსტრაციების გამოფენა - „როსტამი კვლავაც ცოცხალია“, 1910-1920-იანი წლების თბილისური ავანგარდული წიგნის გამოფენა, უკრაინული ფოტოწიგნები, ექსპერიმენტული წიგნი, ქართველი საბავშვო ილუსტრატორების გამოფენა, წიგნის ლაბორატორიის და კიდევ სხვა, სულ 11 გამოფენა, მათ შორის, სამი - საბავშვო წიგნების ილუსტრაციებისა.

წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი და თბილისის წიგნის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ოთარ ყარალაშვილი, რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ 2018 წლამდე დარჩენილი რამდენიმე წელი საქართველომ შეიძლება ძალიან აქტიურად გამოიყენოს და თავისი გამორჩეული ადგილი დაიმკვიდროს:

„მე ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან სერიოზული საერთაშორისო დიალოგის პლატფორმა შეიძლება გახდეს, იმიტომ რომ მთელი აღმოსავლური კულტურა - და მასში პოსტსაბჭოთა სივრცესაც ვგულისხმობ - რეალურად დასავლეთს მოწყვეტილია. საქართველომ შეიძლება აიღოს დამაკავშირებლის როლი“.

ოთარ ყარალაშვილის განცხადებით, გამოფენაზე 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ არტწიგნებს, ბუკლეტებს, ჟურნალებსა და გაზეთებს, კომიქსებსა დასხვადასხვა არტისტული პროექტის ფარგლებში შექმნილ წიგნებს ვიხილავთ. თბილისის წიგნის დღეებს წელს რამდენიმე მაღალი რანგის სტუმარიც ეყოლება, მათ შორის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი, ფინეთის წიგნის გამოფენის კურატორი (ფინეთი გახლდათ წელს სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე), ასევე კიევის წიგნის არსენალის მთავარი კურატორი და სხვები. გეტყვით იმასაც, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 100 000-ევროიანი დაფინანსება სწორედ გოეთეს ინსტიტუტისა და წიგნის ხელოვნების ცენტრის ერთობლივ პროექტს გამოუყო და თბილისის წიგნის დღეებიც სწორედ ამ გრანტის დახმარებით იმართება.

თბილისის წიგნის დღეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა, რომლის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტის ფარგლებში მომზადებული ეს ღონისძიება შეიძლება განვიხილოთ როგორც მზადება „ფრანკფურტი 2018“-ისთვის, როდესაც საქართველო ფრანფურტის წიგნების ბაზრობაზე საგანგებო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება:

„ვფიქრობ, ეს ღონისძიება ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დიდი ინტერესი არსებობს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კულტურისადმი. ეს დღეები გამორჩეულია იმითაც, რომ მის ფარგლებში არაერთი საინტერესო დისკუსია და სემინარია დაგეგმილი“.

როგორც წიგნის ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი ნუცა მეტრეველი მოგვითხრობს, საკუთარ ნამუშევრებს 36-მდე ილუსტრატორი წარმოადგენს. წიგნის დღეების ფარგლებში გაიმართება ჩინური კალიგრაფიის, აფრიკული ცეკვის, ილუსტრაციის ვორკშოფები, საჯარო ლექციები და დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ხომ თავისთავად ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება.

ალი ბუზარი ირანელი ილუსტრატორია, რომელიც პირველად მონაწილეობს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენაში - ირანული ილუსტრაციების შესახებ ლექცია უნდა წაიკითხოს, მისივე ორგანიზებულია ირანული მითოლოგიური გადმოცემებისა და ლეგენდების კრებულის, „შაჰნამეს“ ილუსტრირებული გამოცემების გამოფენაც. რა არის მთავარი წიგნის ილუსტრირებისას? - ვეკითხებით ალის:

„ვფიქრობ, ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ილუსტრატორისათვის. პირველი, ცხადია, არის ტექსტი, რადგან სწორედ ის გეუბნება, რა და როგორ უნდა დახატო: გააჩნია რას ასურათებ - ზღაპარს, მითოლოგიურ ტექსტს თუ რას. და მერე, ეს არის მითხველი: რა ასაკისაა ის, ვისთვისაც ვხატავთ. ცხადია, ბევრი სხვა დეტალიცაა გასათვალისწინებელი, რაც ილუსტრატორს ეუბნება, თუ როგორ უნდა დაასურათოს ტექსტი“.

ალი ბუზარი გვეუბნება, რომ ქართულ და ირანულ კულტურებს ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა, მიუხედავად ქვეყნების სიახლოვისა, ერთმანეთის კულტურის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით:

„ბევრი ირანელი მოგზაურობს საქართველოში. როგორც ვიცი, ბიზნესმენებიც ჩამოდიან, მაგრამ როცა საქმე კულტურას შეეხება, აქ ბევრი არაფერი ვიცით ერთმანეთზე. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი დასაწყისია იმისათვის, რომ ქართველებს ირანული კულტურა გავაცნოთ და, პირიქითაც. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ეს პროექტი გავაგრძელოთ და ის იქცეს ერთგვარ გაცვლით პროექტად, რომ შემდეგში უკვე ქართული ილუსტრაციების გამოფენა ირანში გაიმართოს. ასევე, იქნებ მოხერხდეს და ქართული საბავშვო ილუსტრირებული წიგნებიც ჩამოვიდეს ირანში“.

სხვა გამომცემლობების გვერდით, ტრადიციულად, თბილისის წიგნის დღეებში მონაწილეობს გამომცემლობა „ინტელექტი“, რომლის წარმომადგენელი, ზვიად კვარაცხელია, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქართველი გამომცემლებისათვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ დიდ ფორუმში მიიღონ მონაწილეობა. წიგნის დღეებშიც „ინტელექტი“ მკითხველს ახალ წიგნებსა და სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს:

„გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ წარადგენს ახალ წიგნებს, აქვს განსაკუთრებული ფასდაკლებები სხვადასხვა სერიებზე და ყველას ვეპატიჟებით შეიძინონ წიგნები დაბალ ფასად. ასევე დეკემბრის თვეში იგეგმება წიგნის საახალწლო ფესტივალი „თბილისი მოლში“, რომლის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. ეს იქნება კიდევ ერთი ფორუმი, სადაც ქართველ მკითხველს ექნება შესაძლებლობა ყველა გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნი ერთ სივრცეში იხილოს. ამით ნამდვილად კარგ ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი“.

თბილისის წიგნის დღეები 30 ნოემბრამდე გრძელდება. ასე რომ, ვინც სამუშაო დღეების გამო აქამდე მისვლა ვერ მოახერხა, წინ წიგნების შაბათ-კვირაა.

XS
SM
MD
LG